„პავლე მოციქულის სიტყვებია, ჩვენ ყველანი არ მოვკვდებით, მაგრამ ჩვენ ყველანი შევიცვლებით“

„პავლე მოციქულის სიტყვებია, ჩვენ ყველანი არ მოვკვდებით, მაგრამ ჩვენ ყველანი შევიცვლებით“

„ამ ეტაპზე საქართველოსა და ნატოს დაახლოება ყველაზე რეალურია“, - აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ვანო მაჭავარიანი და მიიჩნევს, რომ საქართველომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის დადებითი ტენდენცია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ერთ-ერთ მძლავრ იარაღად უნდა გამოიყენოს.

ვანო მაჭავარიანის თქმით, მსოფლიო პანდემიის ფონზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოსთან კიდევ უფრო დაახლოების მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია საქართველოსთან და უკრაინასთან პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს. სტოლტენბერგის ამ განცხადების შემდეგ მაჭავარიანი ხელისუფლებას ურჩევს, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვას და სტრატეგიულ პარტნიოებთან ურთიერთობა გაააქტიუროს.

მართალაც, გვეძლევა თუ არა შესაძლებლობა, უფრო მეტად დავუახლოვდეთ ნატოს, თუ კორონას გადამკიდე, ყველაფერი უკვე აზრს კარგავს და მომავალი მსოფლიო სულ სხვა ღირებულებების გარშემო იქნება დარაზმული?

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუ განვიხილავთ იმ პროცესებს, რაც დასავლეთში მიმდინარეობს, აშკარაა, დასავლეთს თვითონ აქვს დიდი პრობლემები, თუნდაც იმავე ბერგამოში და იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში. იტალიაში, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა, ახლა უკვე რუსები ჩავიდნენ და ისინი ეხმარებიან. ამიტომ თამარ კიკნაძეს რეალისტურად არ ეჩვენება რიტორიკა იმის შესახებ, რომ მსოფლიო პანდემიის ფონზე საქართველოს ნატოსთან დაახლოების მეტი შანსი ეძლევა.

„კორონავირუსის შემდეგ ჩვენ ვნახავთ, მსოფლიო აბსოლუტურად შეიცვლება. ამ მხრივ პავლე მოციქულის სიტყვები მინდა მოვიყვანო, ჩვენ ყველანი არ მოვკვდებით, მაგრამ ჩვენ ყველანი შევიცვლებით. ჩვენ აღმოვჩნდებით სრულიად ახალი რეალობის წინაშე. პირველ რიგში, ეს ვირუსი არტყამს ევროპას, ამიტომ შრომის განაწილებაც იქნება სრულიად შეცვლილი, ის ძირითადი წამყვანი დარგები, როგორიც იყო ტურიზმი და სხვა, სულ სხვა სახით მოგვევლინება. ძალიან კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ალღო აუღო ამ ყველაფერს და, რაც ჩვენ ვერ შევძელით მანამდე, რომ ადგილობრივი მრეწველობა გაგვევითარებინა, ასეთ პირობებში ჩვენ უკვე აგვენთო მწვანე შუქი.

შეიძლება ჩვენს ხელისუფლებას ძალიანაც უნდოდა ამ გზით წასვლა, მაგრამ საერთაშორისო კონიუნქტურა მას არ აძლევდა ამის საშუალებას. დღევანდელ პირობებში კი მათ გზა გაეხსნათ და ძალიან მსიამოვნებს, როდესაც გამოდიან და ხალხს სუბსიდიას, ყველანაირ ხელშეწყობას ჰპირდებიან ადგილობრივი დარგების განსავითარებლად“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ნატოს მინისტერიალზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს საკითხი მართლაც წამოიწია, რაც კარგი საშუალებაა ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით.

„შემთხვევითი არც ის არის, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო კარგი რეზოლუცია კორონავირუსთან საერთაშორისო ბრძოლის შესახებ და თუნდაც ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში ბუნებრივი მოვლენაა. მით უმეტეს, ამ ორი ინიციატივის აღსრულება და ჩვენი ნატოელი მეგობრების დახმარება აუცილებელი იქნება. მათ გააჩნიათ ის გამოცდილება, რაც ჩვენ არ გვაქვს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

შეგახსენებთ, ნატოს ისტორიულ მინისტერიალზე, რომელიც უპტეცედენტო იყო ნატოს 70-წლიანი ისტორიის მანძილზე იმით, რომ უსაფრთხოების დაცვის გამო ონლაინ გაიმართა, საქართველოსთვისაც მოიცალეს. ერაყისა და ავღანეთის მისიებისა და კოვიდ-19-ის გარდა, მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერაზეც ისაუბრეს.

კონკრეტულად, მინისტერიალზე მიიღეს გადაწყვეტილება შავ ზღვაში დაგეგმილ სწავლებებსა და წვრთვნებში საქართველოსა და უკრაინის უფრო აქტიურად ჩართვის შესახებ. საქართველოს შესთავაზეს ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს რუსეთიდან მომავალ ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლაში თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოს ჩართვას შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სარადარო მონაცემთა გაცვლის პროგრამაში.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან, მათ შორის, წვრთვნებით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში, ასევე, ჰიბრიდულ ომთან ერთად ბრძოლით და საჰაერო მოძრაობის რადარების მონაცემების გაზიარების საშუალებით, რათა საჰაერო სივრცე ყველასთვის უსაფრთხო იყოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მინისტერიალამდე ერთი დღით ადრე კი, ასევე, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა. კერძოდ, შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ნატოში, კეი ბეილი ჰატჩისონმა განაცხადა, რომ აშშ რჩება მისი პარტნიორების, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ერთგული, რომელთა სუვერენულ უფლებებსაც რუსეთი ზღუდავს. ხოლო საქართველოს, უკრაინის, ბოსნია-ჰერცოგოვინის ნატოში წევრობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ჰატჩისონმა აღნიშნა, რომ აშშ-ს თითოეული მათგანის წევრობა სურს.