საქართველომ ეს გზა ერთხელ უკვე გაიარა, როდესაც იქმნებოდა სხვადასხვა ფონდები, რათა ქვეყნის ეკონომიკას და კონკრეტულად რომელიმე დარგს შვება ეგრძნო. მაშინ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. იმედია, ამჯერად მილიარდერი პრემიერ-მინისტრი უფრო მობილიზებული აღმოჩნდება და მისი გუნდი ჯერ შექმნის, ხოლო შემდგომ მიზანმიმართულად გამოიყენებს ამა თუ იმ ფონდს.
ჯერჯერობით კი ბიძინა ივანიშვილის მიერ გახმოვანებულ საინვესტიციო ფონდზე მუშაობა „მხოლოდ მოსაზრებების დონეზეა“. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პაატა კვიჟინაძის ინფორმაციით, კომიტეტში აღნიშნული საკითხი განსახილველად ჯერ არ შესულა და მის შექმნაზე მხოლოდ საუბრები მიმდინარეობს.
რამდენიმე დღის წინათ პრემიერ–მინისტრმა თავის პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეიქმნება საინვესტიციო ფონდი, რომელშიც მდიდარ ქართველებს ნებაყოფლობით შეეძლებათ თანხის ჩარიცხვა, შემდეგ ფონდი დაეხმარება ყველა ბიზნესმენს, რომელსაც საინტერესო პროექტი აქვს და ამ პროექტის მინიმუმ 25%-ს თავად აფინანსებს.
„ყველა მდიდარმა ქართველმა, ვისაც სურვილი ექნება მიიღოს მონაწილეობა ამ ფონდში. აქ არცერთ შემთხვევაში არ იქნება დაძალება. ვფიქრობ, შეიძლება საინტერესო თანხების მობილიზება. ეს ფონდი დაეხმარება ყველა კერძო ინვესტორს და იქნება პარტნიორი, ვისაც გაუჩნდება სურვილი – ეს იქნება საქართველოს მოსახლე თუ უცხოელი ინვესტორი... ნებისმიერ ინვესტორს – საქართველოში მოსახლე იქნება თუ საქართველოს გარეთ – მინიმუმ 25%–ის ინვესტიციას თუ განახორციელებს და ექნება საინტერესო პროექტი ამ ფონდიდან ეყოლება პარტნიორი,“ – განაცხადა ივანიშვილმა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ «კომერსანტს» განუცხადა, რომ „საინვესტიციო ფონდში“ თანხებს ადგილობრივი ბიზნესმენების გარდა, უცხოელი ინვესტორებიც ჩადებენ. მისი თქმით, ფონდის კონკრეტული მიმართულებები მოგვიანებით განისაზღვრება.
შედარებით უკეთ მიდის სოფლის მეურნეობის ერთმილიარდიანი ფონდის საქმეები, თუმცა კონკრეტული იქაც ბევრი არაფერი გარკვეულა. ჯერჯერობით მხოლოდ ფონდის ამოცანები განისაზღვრა. დადგინდა, რომ ფონდი შემდეგი მიმართულებით იმუშავებს: მცირემიწიანი ფერმერების ხელშეწყობის პროგრამა, სასოფლო–სამეურნეო კორპორაციების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის განვითარება, სოფლის მეურნეობაში ჩართული კომპანიების იაფი კრედიტებით უზრუნველყოფა, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინასების უზრუნველყოფა და სასოფლო–სამეურნეო დაზღვევის ხელშეწყობის განხორციელება.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მუშაობა მიმდინარეობს პრემიერის მიერ გახმოვანებულ უპრეცედენტო ხვნა–თესვის პროგრამის შექმნისთვის, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებენ.
«ზუსტი ვადების თქმა რთულია, როდის შეიქმნება და ამოქმედდება, თუმცა ფონდი იქნება უწყებათაშორისი. ეს იმდენად დიდი დატვირთვის მქონე სტრუქტურაა, რომ მას ეყოლება საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ფონდის საბჭოში შევა ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო. არ გამოვრიცხავ, ჩაერთოს გარემოს დაცვის სამინისტრო“, – აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე.
მისი თქმით, ფონდი რეალურ ქმედებას 2013 წლიდან დაიწყებს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სტრუქტურა დეკემბერში ან ახალი წლის დასაწყისში შეიქმნას.