კორონავირუსი მთელ მსოფლიოში უკვე 230 000-მდე ადამიანმა დაამარცხა

კორონავირუსი მთელ მსოფლიოში უკვე 230 000-მდე ადამიანმა დაამარცხა

კორონავირუსის გავრცელება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად ახალ მასშტაბებს იძენს- დიდ ქვეყნებში ყოველდღიურად ანტირეკორდი ფიქსირდება ვირუსის გავრცელების. მთავარ ეპიცენტრს ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 277 522, ხოლო დაღუპულთა რიცხვი კი 7403-ია. უმძიმესი მდგომარეობაა ნიუ-იორკში, სადაც კოვიდ 19-ით დაავადების ძალზე დიდი რიცხვია მედიკოსებშიც. ამერიკაში ბოლო მონაცემებით 5787 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება- უმრავლესი მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

მძიმეა ვითარება აგრეთვე იტალიაშიც, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში აშკარად შეიმჩნევა ვირუსის ახალი შემთხვევების კლება. ქვეყანაში 120 000-მდე დაინფიცირების და 14 681 გარდაცვალების შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი უკვე თითქმის 20 000-ს შეადგენს.

განკურნებული პაციენტების რიცხვით ამ დრომდე ჩინეთი ლიდერობს, სადაც ინფიცირებულთა 90 %-ზე მეტი განკურნეს და 76 755 ადამიანი საავადმყოფოდან გაწერეს. მილიარდ ნახევრიან ქვეყანაში ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის მხოლოდ 1558 ადამიანი რჩება საავადმყოფოებში.

დაავადებისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ ესპანეთი ლიდერობს, სადაც ინფიცირებულთაგან 30 513 ადამიანი განკურნეს.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადების გავრცელება ძალზე სწრაფად ხდება და ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 1 მილიონზე მეტია, იზრდება აგრეთვე იმ ადამიანთა რაოდენობაც, რომელთაც ვირუსი დაამარცხეს- 229 245 ადამიანი საავადმყოფოებიდან გაწერეს.