მთავრობა ქართული წარმოების განახლებაზე ალაპარაკდა

მთავრობა ქართული წარმოების განახლებაზე ალაპარაკდა

15 დაინფიცირებული და 28 გამოჯანმრთელებული. საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281 მოქალაქე რჩება. საქართველოში პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს კი, საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი და კომენდანტის საათი გამოაცხადა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თუ ასე გაგრძელდა ზომიერი და კონტროლირებადი ციფრებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს დიდი პრობლემა დიდი დანაკლისის გარეშე დასრულდეს. ეზუგბაიას თქმით, ეს ციფრები აბსოლუტურად მისაღებია, ნორმაში ეტევა და კატასტროფა არ არის.

„როცა შიდა გადაცემა გვაქვს, დღეში თუნდაც 18–20 ახალი შემთხვევა ტრაგედია არ არის. ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია და იმედია, ასე დავამათავრებთ. ამ ეტაპზე ჩვენთან 40 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, დანარჩენები სხვა დაწესებულებებში გადანაწილდნენ. სულ ათი დაწესებულებაა მიმღები, ესენი გადანაწილებული არიან სხვა დაწესებულებებში.

სხვა პაციენტების წყარო ჩემთვის უცნობია, რადგან ჩვენი ორი პაციენტი ჩვენთან არსებული პაციენტების კონტაქტია. ახალი პაციენტებიდან ხუთს აქვს პნევმოვნია, დანარჩენებთან არ არის პნევმონია. შეიძლება ითქვას, დაავადება საშუალოდ  მიმდინარეობს. გვყავს ორი კრიტიკული პაციენტი, მაგრამ სტაბილიზაციის რაღაც ელემენტები შეიმჩნევა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

გაზრდილი საფრთხის პარალელურად, არსებულ სიტუაციასთან გასამკლავებლად მზადა არის პირველადი ჯანდაცვის სისტემა. ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 20 კლინიკაა სრულიად მობილიზებული იმისთვის, რომ მიიღოს კორონავირუსისა და ასევე ცხელების ნიშნების მქონე პაციენტები. ორშაბათიდან ამ რაოდენობას კიდევ 9 კლინიკა დაემატება. გარდა ამისა, კორონავირუსის მქონე და ცხელებიანი პაციენტების მიღების პროცენტში ეტაპობრივად 31 საავადმყოფო ჩაერთვება რეგიონებში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, დაძაბულ რეჟიმში კიდევ დიდხანს ვიცხოვრებთ. შესაბამისად, იმნაძე მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მოვუფრთხილდეთ ერთმანეთის ფსიქიკას.

„ხალხი არის დაძაბული და კიდევ დიდი ხანი ვიცხოვრებთ ასეთ რეჟიმში. ერთი და იგივე კითხვები ძაბავს მოსახლოებას, ფსიქიკას - კიდევ უფრო. ჩვენ ისედაც ყველა დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში ვართ. მე მგონი, მოსახლეობასაც მობეზრდა და მეც მრცხვენია უკვე, ერთსა და იმავე კითხვაზე, ერთი და იგივე პასუხი რამდენჯერ შეიძლება გავცე. მოვუფრთხილდეთ რა, ერთმანეთის ფსიქიკას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

სიტუაცია რომ მძიმეა, ამაზე საუბრობს პრემიერ–მინისტრი. გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების მზაობის შესამოწმებლად ორდღიანი ვადა მისცა. პრემიერის განცხადებით, საქართველო ორ ფრონტზე იბრძვის – პირველი არის ჯანდაცვა, მეორე – ეკონომიკა. გიორგი გახარიას განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ რომელიმეზე დამარცხდებიან. მთავრობის მეთაურის განცხადებით, სულ უფრო და უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ნაწილზე.

„ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიიღეთ დავალებად საკრედიტო–საგარანტიო სქემების ამუშავება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან კრიზისის შემდეგ გლობალური კონკურენცია დაიწყება ქვეყნებს შორის, როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას. ეკონომიკის სამინისტრომ უკვე წარმოადგინა გეგმა, რაც მოწონებულია მთავრობის მიერ და ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქართული წარმოების განახლებაზე, მაგალითად ისეთ წარმოების, როგორიც არის „აგარის შაქარის“ თავიდან ამუშავება.

ეკონომიკის სამინისტროს ევალება, შეიმუშაოს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის სქემები, არა მხოლოდ პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სადაც სერიოზულად გაუმჯობესებული კრიტერიუმები იქმნება ადგილობრივი წარმოების დასაკრედიტებლად, არამედ სხვა მიმართულებებითაც“, –აღნიშნა გიორგი გახარიამ.

2 მილიარდი ლარი, რომელიც მოცემულ პერიოდში მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერაზე მიიმართება, გამოყოფილი იქნა ბიუჯეტიდან, ასევე დონორების მხარდაჭერითა და სხვადასხვა სახელმწიფო ხარჯების გადალაგების შედეგად.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აღნიშნული პაკეტის ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია საკრედიტო–საგარანტიო მექანიზმის უზრუნველყოფა.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იმ დახმარების პაკეტით, რაც ქართულ ბიზნესს უკვე შევთავაზეთ, პირველ რიგში, ბიზნესი სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ბიზნესის მხრიდან სოლიდარული მონაწილეობის შედეგად, მარტში ბევრი ადამიანი არ გვეყოლება, რომელმაც შესაძლოა, სამსახური დაკარგოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შევძლებთ, დახმარების მოცულობა, დახმარების მიმღები პირების რაოდენობა მხოლოდ მას შემდეგ შევაფასოთ, რაც კონკრეტული ციფრები გვეცოდინება“, – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში აამოქმედებენ ეკონომიკის სფეროში არსებულ ყველა ბერკეტს და პროგრამას. მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უკვე დაიწყო მუშაობა პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე, ანუ ეკონომიკის აღორძინებაზე მას შემდეგ, რაც ქვეყანა დაამარცხებს კორონავირუსის გამოწვევას.

„ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ცნობილია, რომ რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ მოვლენებს და სწორედ ამიტომაც ვართ ერთ–ერთი სამაგალითო სახელმწიფო, რომელიც უმკლავდება ამ გლობალურ გამოწვევას – კორონავირუსს. რაც შეეხება ეკონომიკას, აქაც ასე მოვიქცევით. მართალია, ჯერ კიდევ შუა ეტაპზე ვართ და პრეკრიზისულ პერიოდში, მაგრამ მზად უნდა შევხვდეთ იმ ეტაპს, როდესაც დავამარცხებთ ვირუსს და დავეხმარებით ქართულ ეკონომიკას კვლავ ამოიქოქოს, მიაღწიოს წინა ნიშნულებს და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.