ხელისუფლებამ ეკონომიკის სტიმულირებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოყო, მაგრამ პრიორიტეტები ჯერ არ განუსაზღვრავს. რას მოხმარდება მომავალში თანხა, მოგვიანებით გაირკვევა. მანამდე კი ბიზნესმენები და სპეციალისტები რამდენიმე ძირითად მიმართულებას ასახელებენ.
ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიაჩნიათ ფერმერთა ასოციაციაში. მისი ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე ფიქრობს, რომ უნდა გაძლიერდეს ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის მიმართულებით არსებობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ის პროექტები, რომელიც არსებობს პროექტების მართვის სააგენტოში და იმავდროულად, დაემატოს პროექტები, როგორებიც არის ერთწლიანი კულტურების წარმოება, რაც შექმნის სწრაფ ეფექტს და მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევამციროთ იმპორტი ქვეყანაში. ვფიქრობ, ექსპორტისგან სხვა ქვეყნებიც შეიკავებენ თავს თავიანთი სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე. აუცილებელია, უფრო მეტი ფერმერისთვის გახდეს ხელმისაწვდომი ის პროექტები, რომლებიც აქამდე მიმდინარეობდა“, - აცხადებს ნინო ზამბახიძე.
როგორ დაეხმარება ხელისუფლება კორონავირუსის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად, ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ბიზნესს ამაზე საკუთარი მოსაზრებები აქვს. რესტორატორთა ასოციაცია ძირითადად პოსტკრიზისულ პერიოდზე აკეთებს აქცენტს. შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ არც ერთ ბიზნესს არ აქვს იმდენი დანაზოგი, რომ მაგალითად, 6 თვის შემდეგ ნულიდან დაიწყოს მუშაობა, ამიტომ გამოყოფილი 2 მილიარდი ლარი სწორედ ამ პერიოდისთვის უნდა იყოს განსაზღვრული.
„ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს გასტანს ეს მდგომარეობა და როდის დადგება პოსტკრიზისული მდგომარეობა, იქნება ეს 2-3 თუ 6 თვე? აქედან გამომდინარე, იქნება განსახილველი, რა დახმარება სჭირდება ბიზნესს.
დღეს პრობლემაა ის, რომ ბიზნესს ისევ და ისევ გადასახდელი აქვს კომუნალური გადასახადები და ასევე პრობლემურია სურსათი, რომელიც გაუფუჭდა სასტუმროებისა და რესტორნების ნაწილს, თუმცა, ეს მაინც გადალახვადი პრობლემებია.
უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი, როცა ეს თანხა უნდა დაიხარჯოს, არის პოსტკრიზისული პერიოდი. არსებულ სიტუაციაში ზოგიერთმა შეიძლება 2-3 თვე გაძლოს, მაგრამ ვერავინ გაძლებს ისე, რომ 6 თვის შემდეგ ნულიდან დაიწყოს ოპერირება. ყველას მინუსიდან ექნება დასაწყები“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ბურჯანაძემ.
ისევე როგორც მეწარმეები, ეკონომისტებიც ფინანსებთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე ამახვილებენ ყურადღებას.
ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია იმ მიმართულებებზე საუბრობს, რომელიც სახელმწიფოსათვის პრიორიტეტი უნდა იყოს. აუცილებელია დახმარება როგორს სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების, ასევე იმ ბიზნეს სუბიექტებისთვისაც უნდა გამოიყოს, რომლებმაც დიდი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს.
„პირველ რიგში, სოფლის მეურნეობას უნდა დაუჭირონ მხარი, მიუხედავად იმისა, რომ ამ დარგს პირდაპირი ზიანი ნამდვილად არ მისდგომია კორონავირუსის შედეგად. ეს იქნება პროგრესზე ორიენტირებული მხარდაჭერა. რაც შეეხება კომპანიებს, რომლებიც დაზარალდნენ, გარკვეული კრიტერიუმები უნდა მიუყენონ. აქედან ორია მნიშვნელოვანი: პირველი - რა მოცულობით დაზარალდა და რა შესაბამისი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ მათ, ვისაც მეტი ზარალი აქვს. მეორე - მხედველობაში მივიღოთ კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა. იმ კომპანიებმა, რომლებმაც შეძლებისდაგვარად დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, როგორც სახელმწიფოს, ასევე საკუთარი თანამშრომლების მიმართ, მეტი დახმარებაც უნდა მიიღონ.
განსაკუთრებული პირობები დაუწესდეთ მათ, ვინც შეძლო და საკუთარ თანამშრომლებს არ შეუჩერა ხელფასების გადახდა. ასეთ კომპანიებს შეიძლება შეუმსუბუქდეს ან საერთოდ გაუუქმდეს საშემოსავლო გადასახადი“, - აღნიშნა ჭარაიამ.
ამ მოსაზრებას ემხრობიან ბიზნესმენებიც. მათი აზრით, შეღავათი ისეთ კომპანიებზე უნდა გავრცელდეს, რომლებიც ხელფასებს გასცემენ. „ჯი დი ჯი ჯგუფის“ დამფუძნებლის ბეჟან წაქაძის აზრით, საქართველოს მთავრობის მხრიდან სწორედ ეს იქნება ბიზნესის სტიმულირება.
„ჩემი აზრით, საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაუვადონ იმ კომპანიებს, რომლებიც ხელფასებს გასცემენ. მოგების, საშემოსავლოს თუ დააბრუნებენ ძალიან კარგი იქნება. მას შემდეგ, რაც ესტონური მოდელი ამოქმედდა, მოგების რეინვესტიციას ვაკეთებ და ბიზნესი განვითარებას ვცდილობ. ახლა სულ სხვაგვარი ვითარებაში აღმოჩნდა ქყვეყანაც და ეკონომიკაც“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.
მთავრობამ ახლავე უნდა მიხედოს სოფელს. ხალხი დაბნეულია. თუ ყურადღბა არ იგრძნო უიმედობაში ჩავარდება და ქალაქის კი არა საკუთარ გამოსაკვებ სარჩოსაც ვერ მოიყვანს.
დღეს ვირუსს სახლებში ვემალებით, მაგრამ შიმშილს სად დავემალოთ? ამას ხელისუფლება სამ- ოთხ თვეში კარანტინით ვეღარ უშველის.
სწორედ ახლაა საჭირო უფასო ხვნა-თესვა, სათესლე მასალა და სასუქები სოფლისათვის. თანაც მხოლოდ ნატურით გასანაღდებელი ვაუჩრებით.
კომუნალური გადასახადებიდანყველა კი არა მხოლოდ სოციალურად დაუცველები უნდა გაეთავისუფლებინათ.
რესურსების უმეტესი წილი სასურსათო უზრუნველყოფაზე უნდა იქნას მიმართული და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის ყველა საწარმო უნდა ამუშავდეს, რა თქმა კარანტინის წესების სრული დაცვით.
ჭირისაგან საყოველთაო დამალვის პოლიტიკამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. ახლა უკვე უფრო დეტალიზებული წესების შემოღებაა საჭირო, რომ თან საქმეც ვაკეთოთ.