„ნაცმოძრაობას“ საკმაო ფული აქვს დაგროვილი და ჩარიცხონ თანხები ბიზნესომბუდსმენთან შექმნილ ფონდში, მაშინ გასაგები იქნება მათი გულუხვობა“

„ნაცმოძრაობას“ საკმაო ფული აქვს დაგროვილი და ჩარიცხონ თანხები ბიზნესომბუდსმენთან შექმნილ ფონდში, მაშინ გასაგები იქნება მათი გულუხვობა“

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობა მოქალაქეების დახმარებას გეგმავს. კორონავირუსის გამო გამიზნულია უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარება და სამი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადების დაფარვა. საამისოდ ბიუჯეტიდან ორი მილიარდი ლარი გამოიყოფა. ცალკე თანხა-351 მილიონი ლარი კი „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ ბრძოლასა და ინფექციის გავრცელების შეჩერებას მოხმარდება.

ოპოზიცია ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმით უკმაყოფილოა. თავდაპირველად ისინი დაუყოვნებლივ მოითხოვდნენ, ხელისუფლებას ანტიკრიზისული გეგმა დაედო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს გეგმა გაჩნდა, ოპოზიციამ მორიგი უკმაყოფილება გამოხატა და მოითხოვა განმარტება, თუ რომელ ბიუჯეტს ჩამოეჭრა ეს თანხები.

„ნაცმოძრაობა“ და ცალკეული ოპოზიციური პარტიები თითოეული ოჯახისთვის 1000 ლარის დარიგებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ საბერძნეთმა უკვე დაიწყო თითოეულ ოჯახზე 800 ევროს გაცემა, ტრამპმა თითოეულ ამერიკელს 1000 დოლარი გამოუყო, დიდმა ბრიტანეთმა - 2500 ფუნტი სტერლინგი.

„ლეიბორისტების“ თქმით, დავირუსებულ მსოფლიოში ყველამ გამონახა მატერიალური საშუალება საკუთარი ხალხის დასახმარებლად. „ლეიბორისტები“ აკონკრეტებენ კიდეც, საიდან შეიძლება ნახევარი მილიარდი ლარის აკუმულირება. კერძოდ, თანხები შეიძლება გამოიყოს მეწარმეობის განვითარების ფონდიდან, სადაც 57 მილიონი ლარია მობილიზებული, ასევე, მთავრობის სამივლინებო ხარჯებიდან (საუბარია 60 მილიონ ლარზე), ვინაიდან მთავრობას აღარ უწევს საზღვარგარეთ ვოიაჟებში ფულის ფლანგვა. გარდა ამისა, შეიძლება გამოიყენონ ტურიზმის განსავითარებლად არსებული 31,5 მილიონი ლარი, რადგან დღეს ტურიზმისთვის არავის სცხელა. ასევე, ელენერგიითა და ბუნებრივი აირით მოსახლეობის უზრუნველყოფის თანხებიდან შეიძლება 62 მილიონ 800 ათასის ათვისება და ა.შ.

პოლიტანალიტიკოსი ვაკა გორგილაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ იმისთვის, რომ მსგავსი პროგრამა განეხორციელებინა აშშ-ს, ტრამპს მოუწია ოფიციალური ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ხაზინისთვის მიმართვა, რომელთაც მოახდინეს ამ თანხის უზრუნველყოფა. საუბარია 3 ტრილიონ დოლარზე. ამის შემდეგ ტრამპს შეეძლება, თითოეულ ამერიკელს 1000 დოლარი დაურიგოს. ვაკა გორგილაძის განმარტებით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არის ყველაზე მდიდარი და ძლიერი ქვეყანა, ზესახელმწიფო, რომელსაც აქვს ფუფუნება, თვითონ დაბეჭდოს საკუთარი ფული ისე, რომ არ ავნოს საკუთარ ეკონომიკას.

რაც შეეხება ქართველი ოპოზიციონრების რეკომენდაციებს, ვაკა გორგილაძე მიიჩნევს, რომ ამ ტიპის პოპულისტური განცხადებების ნაცვლად აჯობებს, ყველა იმ პარტიამ იზრუნოს ჩვენს მოსახლეობაზე, რომელიც ხალხს ახლა სოლიდურ და გულუხვ დახმარებას ჰპირდება ბიუჯეტის ხარჯზე. განსაკუთრებით, საუბარია იმ პარტიაზე, რომელიც 10 წლის წინ თავად წარმოადგენდა ხელისუფლებას.

„ნაცმოძრაობას“ საკმაო ფული აქვს დაგროვილი, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აქვს დაფინანსება მიღებული, აქვს სხვადასხვა გრანტები და ა.შ. ამიტომ მათ შეუძლიათ, კონკრეტული ქმედებები განახორციელონ, ჩარიცხონ თანხები ბიზნესომბუდსმენთან შექმნილ ფონდში, მოახდინონ თანხების აკუმულირება და მაშინ გასაგები იქნება მათი გულუხვობა. რაც შეეხება ჩვენს სახელმწიფოს, უამრავ ინტერვიუში, რომელიც ჩამორთმეული მაქვს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან, მათ შორის, სოზარ სუბართან, არის ნათქვამი, რომ კონკრეტული სოციალური პაკეტები სხვადასხვა ჯგუფებზე (პენსიონრებზე, მარტოხელებზე, დროებით უმუშევრად დარჩენილებზე) აუცილებლად განხორციელდება. ეს იქნება ადრესირებული სოციალური დახმარებების ინიციატივა. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს მინიმალური სოციალური მოთხოვნების დამაკმაყოფილებელ სტრატეგიას“, - აღნიშნა ვაკა გორგილაძემ.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანზორ მესხიშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებლია თანხების დარიგება მოსახლეობისთვის. ალბათ, ახლა 1000 ლარს თითო მოსახლეს ვერ დაურიგებენ, მაგრამ რაც შესაძლებლობა აქვთ, მაქსიმალური უნდა გააკეთონ.

„ბიუჯეტი თავიდან უნდა შედგეს. ბიუჯეტში არსებულ კაპიტალურ ობიექტებზე ცოტა ხნით თავი შევიკავოთ და ხალხი შიმშილით არ დავხოცოთ. წარმოიდგინეთ, 2500 სამარშრუტო ტაქსის მძღოლი უმუშევარია, რომელიც ყოველდღიურ ფულს შოულობდა. მათ თუ არ დავეხმარეთ, თბილისში დაიწყება ბანდიტობა, ქურდობა. მშიერი ხალხი, ახალგაზრდები იძულებულნი გახდებიან, ცუდ გზას დაადგნენ. მოსალოდნელია თბილისში ძველი მხედრიონი აღდგეს და 1992 წელი დაიწყოს. ხოლო სექტემბერ-ოქტომბერში თუ მოსავალი არ მივიღეთ, ბანდიტობა იქნება საქართველოში“, - აცხადებს ანზორ მესხიშვილი.

 

Katana . მააშ, იმ ჭკუაზე არიან სწორედ, "ქოცების სახელმწიფოს" დაეხმარონ კრიზისის დაძლევაში! :)
4 წლის უკან
ლაზი მთავრობამ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს მოსახლეობისათვის დახმარებების გაწევისას. ეს ძალიან რთული პროცესია, თან სოციალური სამართლიანობაც უნდა იქნას დაცული, რადგან ისე არ უნდა მოხდეს, დასეტყვის კომპენსაციებით ზოგი მერსედესებს რომ ყიდულობდა, ხოლო ზოგმა საერთოდ ვერ მიიღო ვერაფერი და თანაც მიმოქცევაში მიწოდების არათანაზომადი ფული არ გავიდეს.
4 წლის უკან