ჰესები ხელაღებით აშენების დრო წარსულს ჩაბარდა

ჰესები ხელაღებით აშენების დრო წარსულს ჩაბარდა

დიდი თუ საშუალო ჰესები აგრერიგად მშენებლობის დრო და ჟამი წარსულს ჩაბარდა. თუმცა, მშენებლობას ვამბობთ, თორემ სინამდვილეში ესა თუ ის „ინვესტორი“ წამოიწყებდა სამუშაოებს, შემდეგ მიატოვებდა და მის ასავალ-დასავალს კაციშვილი ვერ პოულობდა.

გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის განცხადებით, არც ერთი ჰესი არ უნდა აშენდეს ღრმა ანალიზისა და შესწავლის გარეშე. მისი თქმით, იგი პირადად ჩავა ყველა ცხელ წერტილში და სიტუაციას ადგილზე გაეცნობა.

„ჰესების საკითხი ძალზე მწვავეა, ამ საკითხს სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. უნდა მოხდეს ფინანსურ-ეკონომიკური და გარემოს შესწავლა, შემდეგ კი ობიექტური დასკვნების გამოტანა, რომ გარემოზე რაღაც შეუქცევადი გავლენა არ მოხდეს. ყველა დასკვნა საკითხის ფუნდამენტურად და ძირფესვიანად შესწავლის შემდეგ იქნება მიღებული“, - განაცხადა გოგალაძემ.

საერთოდ, გარემოსდამცველები დიდი ჰესების მშენებლობის პროექტების შეჩერებას უკვე კარგა ხანია ითხოვენ.  რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ“ ამ თემაზე დისკუსია მოაწყო.

გარემოსდამცველების განცხადებით, 2012 წელს დაგეგმილი 15 ჰესის მშენებლობა, რომელთა შორის რამდენიმე დიდი ჰესია, ბიუჯეტსა და მოსახლეობას სარგებელს არ მოუტანს.

ქოჩლაძის ინფორმაციით, იმ კომპანიებს, რომელებიც ჰესებს აშენებენ, ათასობით ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგული და ტყის მასივი ინვესტორებს სიმბოლურ თანხად, 1 დოლარად გადაეცემათ. ეს პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას ხელს არ უწყობს და არ ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფს.

ჯერჯერობით, ქვეყანაში საქმე იქითკენ მიდის, რომ ჰესების აშენება (გარემოსდამცველების აქტიურობის გარეშეც) ისედაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში მტკვარიჰესის შემდეგ, მეორე დიდი ჰესის მშენებლობაც შეჩერდა. მტკვარიჰესიდან ინვესტორები გავიდნენ, ფარავნის ჰესი კი ერთ-ერთმა თურქულმა მშენებარე კომპანიამ „ილ ჯიმ“ დატოვა, ამიტომ ჰესის მშენებლობა გაჩერდა. გვირაბისთვის გასათხრელი 14 კილომეტრიდან 13 გაყვანილია, თუმცა აქედან დაბეტონებული მხოლოდ ერთი კილომეტრია.

„ილ ჯის“ მშენებლობის მენეჯერი ვაჰაპ ჰადიგიუზლი აცხადებს, რომ საქართველოდან მიდის: „ზარალზე წავედით. ნიადაგი სხვანაირი აღმოჩნდა, ტექნიკა გაგვიფუჭდა. თანხა რაც იყო გათვლილი, იმაზე მეტი დაგვჭირდა, დამატებით ხარჯს დამკვეთი კომპანია არ გვინაზღაურებს. ვერ მოვრიგდით და მშენებლობას ვწყვეტთ“.

დამკვეთ კომპანია „ჯორჯიან ურბან ენერჯიში“ მშენებელ კომპანიასთან უთანხმოების შესახებ არ საუბრობენ. „

ეგ ჩვენი საქმე არაა, რა ვიცით მათ რატომ იზარალეს?!“ - ამბობს „ჯორჯიან ურბან ენერჯის“ თანამშრომელი.

აჭარაში, მაჭახელის ხეობაში კი ადგილობრივი მოსახლეობა ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება. მათი თქმით, ჰესების მშენებლობა ზიანს მიაყენებს ეკოლოგიას.

სოფლის მოსახლეობამ სპეციალური მიმართვა შეიმუშავა, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს გადაეცემა. მიმართვას ხელს ორასამდე ადამიანი აწერს.

„ჰესების მშენებლობა გამოიწვევს ადამიანის საარსებო გარემოზე ზემოქმედებას, მდინარე მაჭახელას გაქრობას, ეროზიული პროცესების გააქტურებას, მოსახლეობის ტრადიციული ცხოვრების წესის შეცვლას. ჩვენთვის კატეგორიულად მიღებელია მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ ჰესების მშენებლობა, რომელიც ჯერჯერობით არ არის დაწყებული, გთხოვთ დროულად შეჩერდეს აღნიშნულ პროექტზე მუშაობა“, - აღნიშნულია მიმართვაში.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობიდან მიიღო დაპირება, რომ ამ საკითხს შეისწავლიან.

რაც შეეხება გარემოს დაცვის მინისტრს, ხათუნა გოგალაძე აცხადებს, რომ სამინისტრო აპირებს ამ თემის ღრმად შესწავლას.  მისი ინფორმაციით, ჰესის მშენებლობაზე ლიცენზიის გაცემა არ მომხდარა.