მცხეთაში საპატრიარქოს მიერ წმინდა ადგილად შერაცხული სიდონიას სამოსახლო და წმინდა ნინოს მიერ მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ნათლობის ადგილი ნადგურდება და იქ რესტორანი და გასართობი დაწესებულება შენდება. ამის უკან კი, უფლებადამცველთა ინფორმაციით, ცეზარ ჩოჩელი და ყოფილი ხელისუფლება დგას. ეს ისტორიული ადგილი მოქცეულია ძველ მოგვთა ხიდსა და პომპეუსის, ანუ სამანქანო ახალ ხიდს შორის.
„უფლებამდამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 2010 წელს საპატრიარქომ დაადგინა, რომ ზუსტად აღნიშნულ ტერიტორიაზე გახლდათ პირველ საუკუნეში მცხოვრები ელიოზ მცხეთელისა და მისი დის სიდონიას სამოსახლო ადგილი, რომელმაც უფლის კვართი ჩაიკრა და სული განუტევა. სწორედ აქ მონათლა წმინდა ნინომ მეფე მირიანი და დედოფალი ნანა და ამას ისტორიკოს ეკა ჯაფოშვილისა და არქიტექტორ გია პარკაიას კვლევაც ადასტურებს.
- ამ ადგილას გახლდათ მეფეთა სანათლაო. ჩვენი უწმინდესის მიერ ოფიციალურ ბლანკიან ქაღალდზეცაა დადგენილი, რომ ეს არის წმინდა ადგილი და ამის დოკუმენტაცია მოგვეპოვება. ეს არის პომპეუსის ხიდთან, მცხეთაში შემავალი საავტომობილო ხიდიდან 200 მეტრში, პომპეუსის ხიდის მოპირდაპირე მხარეს. თავის დროზე ამ ტერიტორიას მართლზომიერ მფლობელობაში ფლობდა იქაური მკვიდრი ეთერ მრევლიშვილი. როდესაც ამ ქალბატონმა შეიტყო, რომ ეს წმინდა ადგილი იყო, სურდა, დაეკანონებინა და გადაეცა საპატრიარქოსთვის. თუმცა მცხეთის გამგეობამ მას უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ეს წყლის ფონდის მიწააო. ამ დროს კი გამგეობამ თვითონვე გაიტანა ეს ადგილი აუქციონზე და რუსეთში მოღვაწე პიროვნებას - ომარ ფერცულიანს კანონის დარღვევით ჩატარებული აუქციონის შემდეგ გადასცა. ჩვენი ინფორმაციით, ამ პიროვნების უკან ცეზარ ჩოჩელი იდგა, რადგან ასეთი ადგილი მცხეთაში ასე უბრალოდ არ გაიცემა. ჯერ ერთი, წმინდა ადგილია, თანაც, ულამაზესი ხედით.
ამათ ჰქონდათ ბიზნესგეგმა, რომ გაეკეთებინათ რესტორანი და დაიწყეს კიდეც ამის აშენება. როდესაც შევიტყვეთ, რომ გასართობ ადგილს ამ წმინდა ადგილას აშენებდნენ, დავიწყეთ ბრძოლა. მცხეთის რეტავრაციის ცენტრშიც გვქონდა შეხვედრები, ვუთხარით ამ ხალხს, რომ ეს წმინდა ადგილია, პროკურატურაშიც შევიტანეთ სარჩელი, „მწვანეთა პარტია“ ჩართული იყო ამ საკითხში, ბატონი გიორგი გაჩეჩილაძე, მაგრამ მაინც არ გაჩერდნენ. მოგვიანებით ომარ ფერცულიანი გარდაიცვალა. შემდეგ მისმა შვილმა განაგრძო მშენებლობა და ისიც ვალებში ჩავარდა. ეტყობა, ღვთის რისხვა დაატყდათ, რადგან, როდესაც საპატრიარქო და ჩვეულებრივი ადამიანები გეუბნებიან, რომ ეს წმინდა ადგილია და მაინც არ უჯერებ, ეს უკვე სხვა რამეა. თუმცა, ახლა უკვე შეჩერებულია მშენებლობა. ამის თაობაზე არაერთხელ მიემართა პროკურატურას, გამგეობას, კულტურის სამინისტროს, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. მიტროპოლიტმა ალავერდელმაც თავისი წერილით დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომელიც ამავე დროს, ხუროთმოძღვრებისა და რესტავრაციის ცენტრის თავმჯდომარეცაა.
ფიქრობთ, რომ ამ პრობლემას ახალი ხელისუფლება გადაწყვეტს?
- ვინაიდან ხელისუფლება შეიცვალა, ახლა წამოვწიეთ ეს თემა. ბიძინა ივანიშვილმა არაერთი ეკლესიის რესტავრაცია განახორციელა, ბოლოს და ბოლოს, სამება ააშენა, ამიტომ გვინდა, ჩაერიოს ამ საქმეში. ჩვენი სურვილია, წმინდა ადგილის სტატუსი აღდგეს და დაცული იყოს ეს ტერიტორია. პატარა სამლოცველოც შეიძლება აიგოს. წარმოიდგინეთ, ეს როგორი ადგილია, დედოფალი ნანა და მეფე მირიანი მონათლა წმინდა ნინომ და, ამავდროულად, სიდონიას სამოსახლო ადგილია. ანუ სვეტიცხოვლის შემდეგ ერთ-ერთ წმინდა ადგილად შეიძლება ჩაითვალოს მცხეთაში. ახლა, როცა აქ გასართობი ცენტრი შენდებოდა და სხვა ინფორმაციებიც გვქონდა, რომ საუნის, კაზინოს და ამ ტიპის მშენებლობებს აპირებდნენ, ეს დაუშვებელია.
თავის დროზე გარდაცვლილი ომარ ფერცულიანის მემკვიდრეს არ შესთავაზეს ალტერნატიული ფართი?
- მას შეიძლება მიეცეს ალტერნატიული ფართი, ან კომპენსაცია. ამის შესახებ იყო კიდეც საუბარი, რომ სხვა ტერიტორიას მისცემდნენ, მაგრამ არ გაითვალისწინა. ეს ნახევრად მშენებარე ობიექტია, ჯერ არ დამთავრებულა. აქ მთელი რიგი დანაშაულები მოხდა და მცხეთის გამგეობა და ცეზარ ჩოჩელი არიან ამ საქმეში ჩარეულნი. თითქოს შენობის რესტავრაცია დაარქვეს, ბანერია გამოკრული და აწერია - მიმდინარეობს შენობის რეკონსტრუქცია. ამ დროს კი სრულიად ახალი ნაგებობა შენდება. ეთერ მრევლიშვილის საკუთრების უფლებაც დაირღვა, რომელსაც მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდა ეს ტერიტორია და არ დაუკანონეს. მოგვიანებით კი არქიტექტურული ნორმებიც დაარღვიეს, კლდეც ჩამოშალეს და გარემოს დაცვის კუთხითაც არის კიდევ დარღვევები. მთელი რიგი ბარბაროსობაა აქ ჩადენილი. ყველაფერ ამის მოთავე კი იყო ცეზარ ჩოჩელი, რომელიც ლობირებდა ამ პიროვნებას და გვაქვს ინფორმაცია, მის უკანაც ის იდგა. ამის გამო, სარჩელს შესაბამის უწყებებში შევიტანთ. ეს თავხედები საპატრიარქოსაც გადაახტნენ და მაინც თავიანთი გაიტანეს. ნახევარი წელია, მშენებლობა შეჩერებულია, თუმცა შენობის ნახევარზე ცოტა მეტი უკვე გაკეთებულია. მის დასრულებას კიდევ დიდი თანხები სჭირდება.
მშენებლობის შეჩერების რეალური მიზეზი მართლაც თანხების უქონლობაა?
- შესაძლოა, ეშინიათ და ამიტომაც ვერ აგრძელებენ. ამის თაობაზე სასულიერო პირებსაც შევხვდი. პატრიარქი რასაც ეუბნებოდა, სამწუხაროდ, ესენი უკუღმა აკეთებდნენ. ამიტომ რეალური იმედი ახლა გაჩნდა, ბიძინა ივანიშვილსაც ამიტომ მივმართეთ, რომ ამ საკითხით დაინტერესდეს. სააკაშვილის პირობებში ვერაფერს მივაღწიეთ.
ჩვენ დავუკავშირდით არქიტექტორ გია პარკაიას. ისიც აღშფოთებას ვერ მალავდა, რომ „ეს წმინდა ადგილი აბსოლუტურად წარყვნეს და მთელი რელიეფი მოშალეს“.
„ეს ისტორიული ადგილია. გარდა იმისა, რომ ეს ტერიტორია წმინდაა, პომპეუსის ხიდის ადგილიცაა და ათასწლოვანი ისტორია აქვს. როგორ შეიძლებოდა, ამის გაკეთება? ეს პირდაპირ არქიტექტურული თავხედობა და უზნეობაა. ეს ნაგებობა რელიეფზეა მორგებული, უცნაური არქიტექტურაა, არანაირი ღირებულება არ გააჩნია, სასტიკად დამახინჯდა ისტორიული ადგილი. ამ ადამიანებს ამას ხომ ვიღაც აკეთებინებს? და სწორედ ის ვიღაცები არიან, რაც სვეტიცხოველს აკადრეს და გარშემო პოლიციის სასახლეები აუშენეს და კიდევ იუსტიციის სისულელეები. რასაკვირველია, ამ ადგილის მნიშვნელობას ვერც მიხვდებოდნენ, რადგან, ეტყობა, სულით არ არიან ქრისტიანები“.
გია პარკაიას არ უკვირს, რომ ისინი, როგორც მკვლევრები, ვერაფერს გახდნენ, რადგან ამ მშენებლობის აღსაკვეთად საპატრიარქოც უძლური აღმოჩნდა. ამასთან, არქიტექტორი მიიჩნევს, რომ ის ადგილი, სადაც მირიან მეფე და ნანა დედოფალი წმიმდა ნინომ მონათლა, ერის საკუთრებაა და არა კონკრეტული პირის, გინდაც მილიარდერის. ამიტომ მისი აზრით, ეს ადგილი საპატრიარქოს საკუთრება უნდა გახდეს და იქ უნდა აშენდეს წმინდა სიდონიას სახელობის თუნდაც მცირე ზომის სამლოცველო. თანაც, ეს უნდა გაკეთდეს ლანდშაფტის გათვალისწინებით, როგორც ის ადგილი მოიხდენს.
„ამას სპეციალისტები სჭირდება და არა ვიღაც მოხალისეები. ამის გამო გაიმართა ხელჩართული ომი. მთელს გამგეობას, დაწყებული რიგითი არქიტექტორიდან, დამთავრებული მცხეთის გამგეობით, ხმალთა კვეთება ჰქონდა ჩემთან მიმართებით. ეს ხდებოდა 2010 წელს საპატრიარქოს რეზიდენციაში. მამაოები დაშინებულები იყვნენ იმ საბჭოში და წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. მარტო მე მიწევდა ჩხუბი და ომი, ფიზიკურ შეხებაზეც იყო საუბარი. ხერხემალში უნდა გადაგტეხოთო, ასეთ სისულელეებს იძახდნენ თვითონ მეუფეებთან და მიტროპოლიტთან“, - იხსენებს 2010 წლის დაპირისპირებას გია პარკაია.
ამასთან, მიიჩნევს, რომ მცხეთა, რომელიც მეორე იერუსალიმად იწოდება, ქართველი ერისთვის უდიდესი საგანძურია. ეს განძი რომ ჰქონდეთ ჩვენს მეზობლებს - სომხებს, აზერბაიჯანლებს, ან გინდაც ინგლისელებს, ფრანგებს, არავინ დაუშვებდა და არ წაბილწავდა საკუთარ ისტორიას.
უფრო მეტიც, არქიტექტორის თქმით, მცხეთაში ახლად აღმოჩენილი ეს ადგილი იმდენად დიდი ღირებულებისაა, რომ, სავარაუდოდ, საპატრიარქოსაც არ აქვს კარგად გააზრებული, რამხელა საუნჯეზეა საუბარი.