ციხის ბუნტმა, შესაძლოა, ახალაიას საქმე დაამძიმოს

ციხის ბუნტმა, შესაძლოა, ახალაიას საქმე დაამძიმოს

მაშინ, როდესაც ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ბაჩო ახალაია ჯარისკაცების ცემის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო არის დაკავებული, საზოგადოებაში ჩნდება სრულიად ლეგიტიმური კითხვა - ნუთუ პროკურატურა აპირებს ბაჩო ახალაია ამ რაღაც სულელური ბრალდებით გაასამართლოს და მის ნამოქმედარს, რასაც აქამდე მთელი ქართული საზოგადოება ედავებოდა, არასოდეს აეხდება ფარდა?

უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ ბაჩო ახალაიას გასასამართლებლად მხოლოდ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეც კმარა.

შეგახსენებთ, 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში არეულობა მოხდა. ოფიციალური ვერსიით, პატიმრები, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ციხიდან გაქცევას აპირებდნენ. მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, გია ქავთარაძემ 27 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით ასეთი განცხადება გააკეთა:

„დღეს, გამთენიისას, დაახლოებით 02:30 საათზე სასჯელაღსრულების დაწესებულების მე-5 საპყრობილეში ადგილი ჰქონდა ბუნტს და გაქცევის მცდელობას... ეს კარგად დაგეგმილი ამბოხება „კანონიერი ქურდების“ მიერ იყო ორგანიზებული... ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს დილით ჩვენი დედაქალაქი რეალური საფრთხის წინაშე იდგა, რომ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ადამიანები გაქცეულიყვნენ ციხიდან... სპეცდანიშნულების რაზმმა რამდენჯერმე გააფრთხილა მეამბოხეები, რომ თუკი არ დაწყნარდებოდნენ და არ დაუბრუნდებოდნენ თავიანთ საკნებს, აუცილებლად დაიწყებოდა ოპერაცია. სამწუხაროდ, ამ გაფრთხილებამ შედეგი ვერ გამოიღო. დაიწყო ოპერაცია, რომელმაც დაახლოებით 2 საათს გასტანა. ოპერაციის შედეგად არიან გარდაცვლილები. ასევე, დაჭრილია ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმის ორი თანამშრომელი, ხოლო 10 თანამშრომელს მიყენებული აქვს სხვადასხვა დაზიანება“, - ამბობდა მაშინ ქავთარაძე.

იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სამართალდამცავებს დაგეგმილი ბუნტის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 25 მარტს ჰქონდათ და ამის დასამტკიცებლად მან ფარული კამერით გადაღებული ვიდეოფირი გაავრცელა. ფირზე აღბეჭდილი იყვნენ პატიმრები მალხაზ ზედელაშვილი და პლატონ მამარდაშვილი (რომლებსაც იუსტიციის მინისტრი კრიმინალურ ავტორიტეტებად მოიხსენიებდა) და ციხეში ბუნტის მოწყობის შესახებ ისინი მითითებებს კიდევ ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს ზურაბ ვიბლიანს აძლევდნენ.

ორთაჭალის ციხეში სპეც-რაზმის შეჭრას და აღნიშნულ სპეც-ოპერაციას შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. ციხის ბუნტი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ბაჩო ახალაიას მიერ იყო პროვოცირებული. უფლებადამცველები მაშინ აცხადებდნენ, რომ ახალაია ე.წ. „რეზბალნიცაზე“ უგონოდ მთვრალი მივიდა, საკნებიდან რამდენიმე ე.წ. კანონიერი ქურდი გამოიყვანა და მათი წამება დაიწყო, რასაც ე.წ. „შუმოკი“ მოჰყვა და არანაირი ბუნტი რეალურად არ ყოფილა, უბრალოდ პატიმრებმა პატიმრებისავე წამების წინააღმდეგ პროტესტი ხმაურით გამოხატეს, რასაც სისხლიანი სპეცოპერაცია მოჰყვა.

ციხის ბუნტთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ჩანაწერი მოიპოვება სახალხო დამცველის აპარატის არქივში.

„პრაქტიკულად, ამბოხების დღესვე გამოძიებამ საზოგადოებას წარუდგინა ამბოხთან დაკავშირებული ოპერატიული მასალა - პატიმრების ზურაბ ვიბლიანის, მალხაზ ზედელაშვილისა და პლატონ მამარდაშვილის საუბრის 25 მარტის ფარული ვიდეო ჩანაწერი და სატელეფონო საუბრების ჩანაწერები უკრაინაში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდთან ტარას ფოცხვერიასთან. ეს ჩანაწერები წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას, რომ 27 მარტის ამბოხი წინასწარ იყო დაგეგმილი და ორგანიზებული. ამ ფაქტზე ბრალდებულია 7 პიროვნება.

27 და 28 მარტს სახალხო დამცველმა და მისი აპარატის თანამშრომლებმა ინახულეს პატიმრები ნიკოლოზ მახარაძე, ზურაბ ვიბლიანი, მალხაზ ზედელაშვილი, პლატონ მამარდაშვილი, ლევან ცინდელიანი და გიორგი ავალიანი, რომლებიც ამბოხების დაწყებისთანავე გადმოიყვანეს სამკურნალო დაწესებულებიდან მე-7 საპყრობილეში. ისინი სასტიკად იყვნენ ნაცემი, პატიმარ მამარდაშვილს კი ნაწილობრივ ჰქონდა თავი აპარსული. იმავე დღეს სახალხო დამცველმა ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ადამიანის წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა, მოითხოვა გამოძიების დაწყება წამების ფაქტზე და ექსპერტიზის ჩატარება. სამწუხაროდ, ექსპერტიზა არ ჩატარდა და საბოლოოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მხრიდან ხელის შეშლის მიუხედავად, სახალხო დამცველის ოფისმა თავად ჩაატარა ექსპერტიზა ფაქტიდან მხოლოდ 3 კვირის შემდეგ.

მაშინვე გაჩნდა ეჭვები ამბოხის ორგანიზებასთან დაკავშირებულ უმთავრეს მტკიცებულებასთან - 25 მარტის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რადგან პატიმრები ზედელაშვილი და მამარდაშვილი მოთავსებული იყვნენ აბსოლუტურად იზოლირებულ საკნებში, სადაც ადმინისტრაციის ნების გარეშე ვერაფრით მოხვდებოდა პატიმარი ვიბლიანი. ამჟამად ეს ფარული ჩანაწერი მთლიანად გაშიფრულია სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ და საკმაოდ ძნელია, ამ ჩანაწერიდან ამბოხის ორგანიზების რაიმე კვალი გამოიკვეთოს.

ჩანაწერში საუბარია ისეთი პატიმრის მოძებნაზე, რომელიც თვითდაზიანებას მიიყენებდა და იტყოდა, თითქოს იგი სცემა დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბაჩო ახალაიამ, თუმცა, ამბოხის ორგანიზებაზე მასში არაფერია ნათქვამი. 27 და 28 მარტს სახალხო დამცველის მიერ მონახულებული პატიმრები აცხადებდნენ, რომ ამბოხი დაიწყო სპონტანურად, მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაიამ და სპეცრაზმის წევრებმა სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს რამდენიმე პატიმარს. ისინი იმთავითვე გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ 25 მარტის ფარული ჩანაწერის ორგანიზებაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციას ე.წ. კანონიერი ქურდი პლატონ მამარდაშვილი ეხმარებოდა.

5 ივნისს, პ.მამარდაშვილმა სახალხო დამცველს მისცა აღიარებითი ახსნა-განმარტება, რომ იგი თებერვლის თვეში რამდენჯერმე იმყოფებოდა ბაჩო ახალაიას კაბინეტში (იგი დეტალურად აღწერს მის კაბინეტს), სადაც მას დაავალეს აღნიშნული ჩანაწერის ორგანიზება. მისი თქმით, ამ შეხვედრებში მონაწილეობდნენ უშუალოდ ბაჩო ახალაია, მისი მოადგილე ნუკრი ხუხუა, მე-7 საპყრობილის მაშინდელი ხელმძღვანელი მეგის ქარდავა, მისთვის უცნობი ორი პიროვნება, რომელთა ამოცნობა მას შეუძლია და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ორი თანამშრომელი. მამარდაშვილის თქმით, დავალება იყო შემდეგი: ერთ-ერთ პატიმარს უნდა მიეყენებინა თვითდაზიანება, შემდეგ კი უნდა ეთქვა, თითქოს ეს დაზიანება მას მიაყენა თავად დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბაჩო ახალაიამ. საბოლოოდ კი, როცა საზოგადოება ამ ჩანაწერს მოისმენდა, დარწმუნდებოდა, რომ ხმები ციხეებში არსებული ძალადობის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და ეს იყო ე.წ. კანონიერი ქურდების კამპანია ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ.

მამარდაშვილის თქმით, წინასწარ დაგეგმილი სცენარი მაშინ შეიცვალა, როდესაც ერთ-ერთმა პატიმარმა, გიორგი ავალიანმა, მას შემდეგ, რაც მას ხელი გაარტყა ბაჩო ახალაიამ, თვითონაც იმავე ქმედებით უპასუხა. ამის შემდეგ სამკურნალო დაწესებულების დირექტორის ოთახში მყოფი ოთხივე პატიმარი, ავალიანი, ვიბლიანი, ცინდელიანი და მამარდაშვილი სასტიკად სცემა სპეც-რაზმმა, რასაც მოჰყვა ხმაური ჯერ სამკურნალო დაწესებულებაში, შემდეგ კი ამბოხი მე-5 საპყრობილეში.

რაც შეეხება თავად პლატონ მამარდაშვილს, მისი თქმით, თანამშრომლობის სანაცვლოდ ჰპირდებოდნენ თავისუფლებას (მას საოლქო სასამართლოს მიერ 8 წელი აქვს მისჯილი და ამჟამად საქმე საკასაციო სასამართლოშია), თუმცა, საბოლოოდ, როცა მოვლენები სხვა სცენარით განვითარდა, მას თავისუფლების ნაცვლად ახალი ბრალდება - ამბოხის ორგანიზება წაუყენეს. ამის შემდეგ მან გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა გადაწყვიტა.

ჩვენ არ ვიცით, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ის, რასაც მამარდაშვილი ამბობს თავის ახსნა-განმარტებაში, თუმცა, მივიჩნევთ, რომ ეს ფაქტები გამოძიებისთვის საყურადღებო უნდა იყოს. ამავე დროს, მივმართავთ გენერალურ პროკურატურას, დაუყოვნებლივ ჩამოართვას ჩვენება პლატონ მამარდაშვილს, სანამ მასზე განხორციელდება ზეწოლა, ასევე უზრუნველყოფილი იქნას მისი პირადი უსაფრთხოება“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის არქივში შენახულ მასალებში.

პატიმარ ზედელაშვილის უფლებების დამცველი, გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ციხის ბუნტთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობის განსაზღვრა ორი თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ. ერთი არის ის, საქმის მასალებით თუ იკვეთება ბაჩო ახალაიას, ან სხვა რომელიმე ჩინოვნიკის ბრალეულობა, ხოლო მეორე არის ის, რაც რეალურად მოხდა. აქვე ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მხოლოდ პატიმრების ბრალეულობა იკვეთება, მაგრამ რეალურად ეს იყო პროვოცირებული ე.წ. ბუნტი და შესაძლოა, ინსცენირებულიც, რადგან როგორც გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, ამ ე.წ. ბუნტის შედეგად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დამკვიდრდა მართვის ის სისტემა, რომელიც შემდეგ ხელკეტებითა და ცოცხებით პატიმრების გაუპატიურებამდე მივიდა.

2006 წლის 27 მარტის მოვლენებს გელა ნიკოლაიშვილი ასე იხსენებს: ციხის სამკურნალო დაწესებულების ზედა სართულიდან დირექტორის კაბინეტში სამი პატიმარი, ავალიანი, ცინდელიანი და ვიბლიანი ჩაიყვანეს. იმავე სართულზე იყო განლაგებული ის საკანი, სადაც აბსოლუტურ იზოლაციაში იმყოფებოდნენ ე.წ. კანონიერი ქურდები ზედელაშვილი, მახარაძე, „ჩაი“ (რომლის სახელი და გვარიც ადვოკატს არ ახსოვს) და პლატონ მამარდაშვილი. ეს უკანასკნელი საკნიდან გამოიყვანეს, შეიყვანეს დაწესებულების დირექტორის კაბინეტში და თმის გადაპარსვა დაუწყეს.

„ეს იყო პატიმრის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა. მართალია, ავალიანი, ცინდელიანი და ვიბლიანი კანონიერი ქურდები არ იყვნენ, მაგრამ პატიმრებში გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობდნენ. პლატონ მამარდაშვილს თმას ბაჩო ახალაია პარსავდა. ამ დროს ციხის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი იღებს ვიდეო-კამერას და იწყებს ჩაწერას, კამერა მიაქვთ ავალიანთან და ბაჩო ახალაია ეკითხება მას - დღეს რა რიცხვიაო. ავალიანმა არ იცის, რატომ აკეთებენ ამ ჩანაწერს, ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის თავს იზღვევს და პასუხობს, რომ არ ახსოვს, რა რიცხვია. ამაზე ახალაია მას პასუხობს - მაშ მტყუნის დედაო, შემდეგ პირადად ავალიანს დედის მისამართით აგინებს და სახეში ურტყამს, რის საპასუხოდაც მას ავალიანიც ხელს უბრუნებს. ის საკმაოდ ძლიერი ბიჭია და ახალაიას რომ დაარტყა, ეს უკანასკნელი ძირს დაეცა“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.

მისი თქმით, ამაზე ახალაია სულ გაგიჟდა, ავალიანს დაუწყო ცემა, გადატენა იარაღი და მიუშვირა მას. ამის გამო ახალაიას სპეც-რაზმელები ეცნენ - არ შემოგაკვდესო და მისი დამშვიდება სცადეს, თუმცა შემდეგ თავად სპეც-რაზმელებმა სამივე პატიმარი ისე სასტიკად სცემეს, რომ ახლა უკვე ბაჩო ახალაია აფრთხილებდა მათ, რომ პატიმრები არ მოეკლათ. ადვოკატის თქმით, ნაცემი პატიმრები ყველას დასახანად ციხის სამკურნალო დაწესებულების ეზოში დაყარეს, რამაც სხვა პატიმრების პროტესტი გამოიწვია. ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ როდესაც ეზოში დაყრილი ეს ცოცხალ-მკვდარი ადამიანები პატიმრებმა დაინახეს, მათ არც იცოდნენ, ისინი ცოცხლები იყვნენ თუ არა, რადგან ნაცემი პატიმრები უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ადვოკატის თქმით, პროტესტის გამოსახატად პატიმრებმა ატეხეს ხმაური, რასაც ციხის ენაზე „შუმოკი“ ჰქვია. კერძოდ, ისინი კოვზებს, ჯამებს და სხვადასხვა რკინის ნივთებს ერთმანეთს ურტყამდნენ. ამას კი ციხის სამკურნალობ დაწესებულებაში სპეც-რაზმის შეყვანა და თითქმის ყველა პატიმრის ცემა მოჰყვა.

ამ ხმაურს იქვე მდგომი სასჯელაღსრულების N5 დაწესებულების პატიმრებიც აჰყვნენ და იქ შესულმა სპეც-რაზმელებმა უკვე ავტომატები გამოიყენეს, პატიმრებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ოფიციალურად შვიდი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტი იყო.

„სასამართლოზე ჩვენ დავკითხეთ ბაჩო ახალაია, ისევე, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოცამდე თანამშრომელი. ისინი თუთიყუშებივით იმეორებდნენ დაზეპირებულ ჩვენებებს, თითქოს, მათ პატიმრებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, უბრალოდ ინფორმაცია ჰქონდათ, რომ რაღაც იგეგმებოდა და ამიტომ შევიდნენ იქ. როგორც აღმოჩნდა, ამის მადასტურებლად მათ მამარდაშვილის დახმარებით რაღაც ფარული ჩანაწერიც გააკეთეს, რომელიც შემდეგ გამოაქვეყნეს. პატიმრების დაკითხვაზე სასამართლომ კატეგორიული უარი გვითხრა. ავალიანმა, ეს ყველაფერი, რაც მოგიყევით, სასამართლოზე თქვა, მაგრამ ახალაიამ ყველაფერი უარჰყო და პატიმრების პოზიცია საერთოდ არ იქნა გაზიარებული“, - აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.

აქვე იგი ამატებს, რომ მახარაძის ადვოკატმა პატიმრის გარდაცვალების შემდეგ (სანამ სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა, მახარაძე დაიღუპა) ევროსასამართლოში მოიგო საქმე და სტრასბურგმა აღიარა, რომ მახარაძე არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო. ახლა კი ციხის ბუნტთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა რთული იქნება, რადგან ე.წ. კანონიერი ქურდები ჩვენებას არ მისცემენ. პლატონ მამარდაშვილი კი ციხის ადმინისტრაციასთან შეკრული იყო. ამიტომ, მან ჩვენება რომც მისცეს, ის მაინცდამაინც სარწმუნო არ იქნება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციხის ბუნტის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, პატიმარ პლატონ მამარდაშვილს ერთ-ერთი პროცესისთვის მომზადებული ჰქონდა ჩვენება, სადაც იგი დეტალურად აღწერდა, როგორ აიძულა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციამ მასთან ეთანამშრომლა და როგორ დაიყოლიეს იმ ფარული ჩანაწერის გაკეთებაზე, რომელზეც სახალხო დამცველის მოხსენებაშიც იყო საუბარი. მამარდაშვილი პროცესზე აპირებდა, რომ მომხდართან დაკავშირებით სიმართლე ეთქვა, მაგრამ მას ამის საშუალება არ მისცეს. სასამართლო პროცესზე გამოცხადდა შესვენება, პატიმარი გაიყვანეს და ცოტა ხნის შემდეგ რაღაც ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი შემოიყვანეს. იგი ფეხზე ძლივს იდგა და ნორმალურად ვერ აზროვნებდა და კვლავ ბრალდების მხარისათვის სასურველი ჩვენება მისცა. თუმცა, როგორც იტყვიან თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა. პროკურატურის არქივში ბევრი ისეთი მტკიცებულებაა დაცული, რაც ციხის ბუნტთან ბაჩო ახალაიას და კიდევ რამდენიმე ჩინოვნიკის კავშირს ნათელს მოჰფენს. ამიტომ ვნახოთ, რას მოიმოქმედებს კბილაშვილის უწყება.