გაეროს გენერალური მდივანი კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ გამოწვევად აფასებს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ანტონიო გუტერეშმა გაეროს მიერ COVID 19-ის სოციო-ეკონომიკური გავლენის შესახებ ანგარიშის წარდგენაზე გააკეთა.
მისი თქმით, ვირუსს შესაძლოა ისეთი რეცესია მოჰყვეს, რომლის მსგავსიც ახლო წარსულში არ ყოფილა.
„COVID 19 უდიდესი გამოწვევაა, რომლის წინაშეც ჩვენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსების შემდეგ აღმოვჩნდით“, – განაცხადა გუტერეშმა.
მან მდიდარ ქვეყნებს ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოების დახმარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექცია ტყის ხანძარივით გავრცელდება. გაეროს ანგარიშით, პანდემიის შედეგად მსოფლიოში სამსახურს 24 მილიონამდე ადამიანი დაკარგავს.