აშშ ვენესუელაში გარდამავალი მთავრობის შექმნის ინიციატივით გამოდის

აშშ ვენესუელაში გარდამავალი მთავრობის შექმნის ინიციატივით გამოდის

აშშ-ის ხელისუფლება გამოდის ინიციატივით, ვენესუელაში გარდამავალი მთავრობა შეიქმნას, რომელსაც ხელისუფლება და ოპოზიციაც აღიარებს, რის შემდეგაც არჩევნები გაიმართება და ქვეყანას სანქციები მოეხსნება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა,

„დღეს წარმოვადგენთ ახალ მექანიზმს, „გზა დემოკრატიისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს ვენესუელაში შექმნილი კრიზისის დარეგულირებას“, - განაცხადა პომპეომ.

მისი განმარტებით, აშშ ინიციატივით გამოდის შეიქმნას სახელმწიფო საბჭო, რომელიც გარდამავალი მთავრობის ფუნქციებს შეითავსებს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე. აღნიშნული საბჭოს შემადგენლობაში შევლენ როგორც ნიკოლას მადუროს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

„ეროვნული ასამბლეის არჩეული წევრები, რომლებიც ორივე მხარეს წარმოადგენენ, შექმნიდნენ სახელმწიფო საბჭოს, რომელიც გარდამავალი მთავრობის როლს შეასრულებდა, ვიდრე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შესაძლებელი გახდებოდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს 6-12 თვის განმავლობაში შეიძლება მოხდეს“, - აღნიშნა მაიკ პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩარჩო პირობები შესრულდება, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები მოიხსნება.