„ბაჩო ახალაიასთვის იდეალური ციხის გამოძებნა რთულია“

„ბაჩო ახალაიასთვის იდეალური ციხის გამოძებნა რთულია“

საკანში მყოფი ბაჩო ახალაია კვლავაც შეწუხებულია, ამჯერად იგი ციხეში ამტყდარ ხმაურს უჩივის. ყოველ შემთხვევაში, ასე ირწმუნება თეა თუთბერიძე. თუთბერიძის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია იმყოფება, გვიან ღამით ყვირილისა და აგრესიული შეძახილების ხმა ისმოდა. კერძოდ, ბაჩო ახალაიას მისამართით აგრესიულ შეძახილებს ე.წ. კანონიერი ქურდები გამოთქვამდნენ.

ამიტომ, თეა თუთბერიძე გაოცებულია, რით ვეღარ გაარემონტეს „მატროსოვის“ ციხე, რომ ბოლოს და ბოლოს ახალაია იქ გადაიყვანონ?! თუთბერიძის აზრით, ეს ხალხი არ არის ის კატეგორია, რომ მხოლოდ შეძახილებით შემოიფარგლონ.

თავის მხრივ, სოზარ სუბარი ბაჩო ახალაიას სხვა ციხეში გადაყვანას არ გამორიცხავს. არც იმ ინფორმაციას უარყოფს, რომ გლდანის მე-8 დაწესებულებაში საკანალიზაციო მილი დაზიანდა და ახალაია ამიტომაც სხვა საკანში გადაიყვანეს, რომ სუნს არ შეეწუხებინა.

„რა ვქნა, ეს ციხე ჩემი კი არა, მისი მინისტრობის დროსაა აშენებული და მილის დაზიანებაზე პასუხს მე ვერ ვაგებ“, - აცხადებს სოზარ სუბარი.  end_of_the_skype_highlighting

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს ბაჩო ახალაიას ჩივილი ანდრეს ბრეივიკის ჩივილს აგონებს, რომელმაც ნორვეგიაში 80-მდე ადამიანი მოკლა და კიდევ აცხადებს, ციხეში საკმარისი რაოდენობის კანფეტები არ მოაქვთო.

„რას ვიზამთ ახლა? საერთაშორისო სტანდარტები ამას ითვალისწინებს. ბაჩო ახალაიაც საქართველოსთვის, იმ პატიმრების მონათხრობიდან გამომდინარე, რომლებმაც მისი და მის მიერ დაარსებული სისტემის ხელში გაიარეს, დაახლოებით იმავე დონის ბოროტმოქმედია. მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმპციას, თუმცა როგორც ვიცი, იგი დაახლოებით 20-30 მეტრის დაშორებით არის დანარჩენი პატიმრებისგან იზოლირებული. არ აქვს მნიშვნელობა, იქ კანონიერი ქურდი იჯდება თუ სხვა სტატუსის მქონე პატიმარი. მით უფრო, რომ იქ დაახლოებით, 20-მდე კანონიერი ქურდია და 15 - დანარჩენი პატიმარი. მთლიანობაში კი სულ 35 პატიმარი ზის“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი For.ge-სთან საუბარში.

მისივე თქმით, ამ რაოდენობაზე ნაკლები პატიმარი არცერთ ციხეში არ არის და იქ, სადაც უფრო მეტი პატიმარი იქნება, აგრესია ბაჩო ახალაიას მიმართ უფრო მომეტებული იქნება. ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი სტატუსის მქონე პატიმარი იხდის სასჯელს - კანონიერი ქურდი თუ ჩვეულებრივი პატიმარი. უფრო მეტიც, ადვოკატის თქმით, ძალიან ძნელია, ასეთი იდეალური ციხე ახალაიასთვის გამოიძებნოს. თუმცა, თუკი ახლა სხვა პატიმრებისგან 20-30 მეტრის დაშორებით ზის ბაჩო ახალაია, შეიძლება, კიდევ ათიოდე მეტრიც მოამატონ და 40 მეტრის დაშორებით ჩასვან, რათა არ შეწუხდეს.

ამასთან, გელა ნიკოლაიშვილს სიმპტომატურად ეჩვენება, რომ მხოლოდ ეს პრეტენზია აქვს ბაჩო ახალაიას და არანაირად სხვა რამით არ წუხდება. მით უფრო, რომ მას მიღების საათებიც აქვს და დღე და ღამ საკუთარ თანაგუნდელებსა და მეგობრებს შეუძლიათ მისი ნახვა.

„ახლა შეადაროს, მის დროს თუ იყო ასეთი ფუფუნება?! რა თქმა უნდა, ე.წ. მატროსოვზეც შეაწუხებს ხმაური. უბრალოდ, მას თავის თანამზრახველებთან, ე.წ. „პადძელნიკებთან“ სურს ყოფნა. ამიტომაც, თუ გადაიყვანენ მას მატროსოვზე, ასევე, იზოლირებული უნდა იყოს და თანამზრახველებთან შეხვედრის საშუალება არ უნდა ჰქონდეს“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.  

„კეთილი ინებონ და ახლა შეძახილები მაინც მოითმინონ“, - აცხადებს ადვოკატი ლალი აფციაური ბაჩო ახალაიას ჩივილებთან მიმართებით. მისი თქმით, სხვაგანაც რომ გადაიყვანონ ახალაია, გადაძახილები იქაც იქნება და ანალოგიური გადაძახილები მას ნებისმიერ ციხეში შეაწუხებს.

ამიტომ For.ge-სთან საუბარში ლალი აფციაური გამოსავალს ერთ რამეში ხედავს - ნაციონალებისთვის ციხეს ცალკე თუ ააშენებენ. ამდენად, იგი ნაციონალებს წინასწარ ურჩევს, საკუთარი ხარჯებით აიშენონ კერძო ციხე, რადგან ეს დაწესებულება მაინც დასჭირდებათ, სადაც მარტო ნაცმოძრაობის წევრებს მოათავსებენ.

„სხვა შემთხვევაში, მათ ქვეყანაში იმხელა პრობლემები შექმნეს და იმდენ ადამიანს გაუმწარეს სიცოცხლე, რომ კიდევ გადაძახილებზე აქვთ პრეტენზიები? უკაცრავად რა, ძალიან დიდი პრეტენზიები აქვთ თუნდაც მე-7 საპყრობილეში მყოფ პატიმრებს, რომლებიც უშუალოდ ბაჩო ახალაიამ უმოწყალოდ სცემა და ახლა გადაძახილების მოსმენაც აღარ უნდათ?“ - კითხულობს ლალი აფციაური.

ამასთან, ლალი აფციაურის აზრითაც, მატროსოვზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიყვანონ ბაჩო ახალაია, რადგან ციხის თანამშრომლები და ძალოვანი უწყების სხვა პირები სწორედ ამ ციხეში არიან დაკავებულნი.

ლალი აფციაურის შეხედულებით, ყველაზე უსაფრთხო სწორედ ქართული ციხის ის ტერიტორიაა, სადაც ამჟამად ბაჩო ახალაია იმყოფება, რადგან იქ არ ხდება ადამიანების ისეთი მოძრაობა, რაც სხვა ციხეებში, პატიმრების გადაადგილებაც შეზღუდულია და ცოტაა პატიმართა რაოდენობა. თუმცა ადვოკატი კვლავაც მიიჩნევს, რომ ბაჩო ახალაიას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება თვით „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ამის მიზეზი ისაა, რომ ახალაია ძალიან დიდი ინფორმაციის მქონეა. თანაც, გასათვალისწინებელია ის მუქარა, რომელსაც ჩეჩნები მის მიმართ ღიად და დაუფარავად აცხადებენ.

„ვინმე მკურნალიძე და სხვა ცნობილი გვარები უშუალოდ ბაჩო ახალაიას სამეგობროდან არიან ე.წ. მატროსოვის დაწესებულებში მოთავსებულნი. არ ვიცი, ახალაიას მათთან შეხვედრის თუ სხვა სურვილი ამოძრავებს, მაგრამ, ვფიქრობ, მისი გადაყვანა არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს,“  -აცხადებს ლალი აფციაური.