აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სულით ავადმყოფია. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
გასულ კვირას წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული ზომების გამო და აღნიშნა, რომ თავიდან პრეზიდენტი უარყოფდა ქვეყანაში ამ პრობლემის არსებობას.
„ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩემი აზრით, ნენსი პელოსი სულით ავადმყოფია. მას უამრავი პრობლემა აქვს. იგი ქვეყნის და მისი ოჯახის სირცხვილია. რა საშინელი განცხადება გააკეთა. ერთადერთი, რაზეც ყოველთვის კონცენტრირდებოდა, იმპიჩმენტი იყო. პანდემიასთან დაკავშირებით არასოდეს უთქვამს რამე. იმპიჩმენტი წააგო და სულელივით გამოიყურებოდა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ში COVID-19-ით, ბოლო მონაცემებით 2513 ადამიანი დაიღუპა. სტატისტიკას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
აშშ-ში კორონავირუსით სულ 143 ათასი ადამიანი დაინფიცირდა. ყველაზე მეტი 776 ადამიანი ინფექციას ნიუ-იორკში ემსხვერპლა, მეორე ადგილზეა ქალაქი კინგი ვაშინგტონის შტატში, სადაც კორონავირუსით 144 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.