გივი თარგამაძე რევოლუციით გვემუქრება

გივი თარგამაძე რევოლუციით გვემუქრება

რუსეთის მოძრაობა „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორის სერგეი უდალცოვისა და კიდევ ორი ოპოზიციონერის წინააღმდეგ მასობრივი არეულობების ორგანიზების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საფუძველი გახდა დოკუმენტური ფილმი „პროტესტის ანატომია 2“, რომლის თანახმად, ოპოზიცია ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, სავარაუდოდ,  ძალადობრივი გზით აპირებდა. ფილმის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ უდალცოვი და რამდენიმე რუსი ოპოზიციონერი, უცხოეთიდან მიღებული ფულითა და ინსტრუქციებით, ძალაუფლების ხელში ჩაგდებას აპირებდნენ. ფილმში ნაჩვენებია ფარულად გადაღებული კადრები, რომლის თანახმად, უდალცოვი ინსტრუქციებს ქართველი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძისგან იღებდა.

თარგამაძე, რა თქმა უნდა, რუსულ ოპოზიციასთან კონტაქტს უარყოფს, თუმცა „Новая газета“-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ „თუ საქართველოში რომელიმე ხელისუფლება იმაზე წავა, რომ რუსეთს გადამცეს, მაშინ უნდა გავიმეოროთ ის, რაც 9 წლის წინ 23 ნოემბერს გავაკეთეთ“.
მართლაც საინტერესოა, თუ რუსული გამოძიება დაადასტურებს, რომ მოსკოვში სახელმწიფო გადატრიალებას ქართველი დეპუტატი აწყობდა, ემუქრება თუ არა გივი თარგამაძეს რაიმე საფრთხე. ქართული კანონმდებლობით, ასეთი საფრთხე გამორიცხულია, ეს თავად თარგამაძემაც კარგად უნდა იცოდეს, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ეს სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ საქართველოს მორიგი რევოლუციით დაემუქროს.
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მსგავსი რამ აბსურდია, არც მოხდება და ვერც მოხდება, რადგან გივი თარგამაძე არის საქართველოს მოქალაქე და მას საქართველოს კონსტიტუცია იცავს.

„არავის არ აქვს უფლება, საქართველოს მოქალაქე რომელიმე სხვა ქვეყანას გადასცეს. და იგი არ გადაეცემა უცხო ქვეყნის სახელმწიფოს“, - აცხადებს ლორთქიფანიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განმარტებით, იმისათვის, რომ გივი თარგამაძის გადაცემა მოითხოვოს რუსეთმა, საჭიროა, გამოძიება ჩაატაროს და დაუსწრებლად რაღაც მიუსაჯოს.

„ამისი მსგავსი არაფერი ყოფილა და რატომ უნდა განვიხილოთ? ჩემი გადასაწყვეტი რაც იქნება - ყოველთვის წინააღმდეგი ვიქნები საქართველოს მოქალაქის რუსეთისთვის გადაცემას, გივი თარგამაძე იქნება ეს თუ თენგიზი. არ დგას ეს საკითხი და არც დადგება არასოდეს. არ არის ასეთი მნიშვნელოვანი ფუგურა ბატონი გივი, რომ ამდენი დრო დაიხარჯოს მასზე“,- აცხადებს ბერძენიშვილი.

დიმიტრი ლორთქიფანიძის განმარტებით, ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის გამოცხადდა კიდეც პერსონა ნონ-გრანტად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, იგი უბრალოდ ვერ შევა ამ ქვეყანაში“, - აცხადებს ლორთქოფანიძე.

გივი თარგამაძის ამ განცხადების კომენტირებაზე თავს იკავებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ხათუნა ოჩიაური, რომელიც ამბობს, რომ მას არ მოუსმენია თარგამაძის განცხადება და ამიტომ, კომენტარს ვერ გააკეთებს.

გივი თარგამაძის, როგორც ფერადი რევოლუციების ექსპორტიორის რეკლამირება „ნაციონალური მოძრაობისთვის“, როგორც ჩანს, თავის დროზე სასარგებლო იყო. დღეს კი მსგავსი განცხადებები თუკი იმისი ხაზგასმაა, რომ თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ დასჭირდა, რევოლუციას კიდევ მოახდენს, ნაკლებად სავარაუდოა,  რომ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვოს.

ლევან ბერძენიშვილის შეფასებით: „არაჯანსაღი ლაპარაკია და საერთოდ არ ჰგავს პარლამენტის წევრის ლაპარაკს. ჩემი აზრით, ბატონი გივი ალბათ დაიბნა. რა პირობებს აყენებს არ ვიცი, არავინ არ აპირებს გივი თარგამაძის არავისთვის გადაცემას. ამის შესახებ არავისგან არაფერი არ მსმენია, მაგრამ ამ ვითარებაში, როცა არ არის რევოლუციური სიტუაცია საქართველოში, გივიმ რევოლუცია რომ მოახდინოს, არ არის ეს სერიოზული“,- აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

„რომელ დეპუტატზეა ლაპარაკი, რომელმაც 2007 წელს ხალხს მიმართა, სულს ამოგხდითო? მე პირადად, წინა მოწვევის პარტლამენტშიც არ ვთვლიდი დეპუტატად ადამიანს, რომელიც უფლებამოსილების ძალიან დიდ  პერიოდს ატარებდა ქვეყნის გარეთ. რა მისიით, ვინ უხდიდა ჯამაგირს, როგორ ფინანსდებოდა მისი ეს მისიები და რა საბოლოო მიზანი ჰქონდა, ჩემთვის უცნობი უყო. თუმცა დღეს იკვეთება, რომ იგი კონკრეტული მისიით, სწორედ ფერადი რევოლუციების ექსპორტით იყო დაკავებული პოსტსაბჭოთა სივრცეში“,- აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ლევან ბერძენიშვილს ისიც არ სჯერა, რომ გივი თარგამაძე სადმე რევოლუციას აწყობდა. „მართალი გითხრათ, ეს ინფორმაციები, გივი თარგამაძის რევოლუციური საქმიანობის შესახებ მოდის იმ ორგანიზაციებიდან, რომელსაც მე არ ვენდობი. ბატონი გივი ამ შემთხვევაში სრულიად დაცულია, რადგან არ მჯერა, რომ ისეთ „დიდ ფიგურასაც“ კი, როგორიც გივი თარგამაძეა, სადმე რევოლუციის მოწყობა შეეძლოს. ცოტა უფრო გაზვიადებულია ეს ამბავი და ვფიქრობ, რომ თვითონაც და სხვებიც, უბრალოდ, ამის რეკლამირებას ახდენდნენ.

რევოლუცია ვერ ხდება ერთი და თუნდაც ჩვიდმეტი კაცის სურვილით. რევოლუცია გაცილებით სერიოზული ისტორიული გზაშესაყარია, ამიტომ, გივის რა დანაშაულიც აქვს, ის ეყოფა. და ახლა დავაბრალოთ, რომ სადმე რევოლუციებს აწყობს, უკვე ზედმეტია - მორალურ დანაშაულზე ვლაპარაკობ, „სულს ამოგხდით“, აგენტებად ხალხის მოხსენიება და სხვა“,- აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, გივი თარგამაძეს სურს, ოკუპანტი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მის მიერ განხორციელებული რაიმე მოქმედებები გმირობად  გამოიყვანოს. „ამ ფაქტთან დაკავშირებით არავის გაუკეთებია განცხადებები და როგორც ჩანს, ბატონმა გივიმ ჩათვალა, რომ სჯობს საკუთარ თავს თავადვე გაუწიოს პოპულარიზაცია და რეკლამირებით ეს თემა გაააქტიუროს“, - თვლის ლორთქიფანიძე.

კითხვები ამ ოდიოზური დეპუტატის მიმართ ნამდვილად არის. ისიც ფაქტია, რომ გივი თარგამაძე ნამდვილად იყო უკრაინაში, ბელორუსში, ყირგიზეთში და გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ფერადი რევოლუციების ექსპორტით იყო დაკავებული. ასევე საინტერესოა, ვინმეს დავალებით მოქმედებდა თუ საკუთარი ინიციატივით.

„ძალზე სერიოზული სკანდალია, რა თქმა უნდა, არ ვარ იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ იგი ხელმძღვანელობდა მხოლოდ იმ დავალებებით, რომელსაც იღებდა ჩვენი ქვეყნის ყოფილი ხელისუფლებისგან. ვფიქრობ, რომ უფრო შორსმიმავალ და ფართომასშტაბიან პროცესებზეა საუბარი, რომელიც ქვეყნის გარედან იმართებოდა და, როგორც ჩანს, ამ კონტექსტში ბატონი თარგამაძე იყო სანდო დასაყრდენი მავანისთვის. აქ უფრო კონსპირაციის თეორიებზეა ლაპარაკი, მაგრამ მე მათ რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც ამ შეთქმულების თეორიების სჯერა“,- აცხადებს ლორთქიფანიძე.

განსაკუთრებით საინტერესოა თარგამაძის ხანგრძლივი მივლინებების ოფიციალური მიზანი, დაფინანსების წყარო კი ლეგიტიმური ეჭვის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ბიუჯეტია. ალბათ, ეს კითხვები ოდესმე აუცილებლად დაისმება, თუმცა როგორც ჩანს, თავად გივი თარგამაძეს ეჩქარება.

„გივი თარგამაძე ნარინჯისფერი რევოლუციის უკრაინაში ექსპორტირების პროცესშიც მონაწილეობდა და ფერადი რევოლუციების ექსპორტირების მისიით ყირგიზეთშიც იყო მივლინებული, ბელორუსშიც. როგორც ჩანს, ბოლო ვიზიტი საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციაში. თავად თარგამაძემ კი გამოასწრო, მაგრამ, ალბათ, უნდა იკითხოს ადამიანმა, როგორ მოახერხა თავის დაღწევა იმ პროცესებისგან, რომლის შედეგადაც სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა საკმაოდ გავლენიანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ“,- აცხადებს ლორთქიფანიძე.

ისიც საინტერესოა, იმოქმედებს თუ არა გივი თარგამაძის საეჭვო მისიები ქვეყნის იმიჯზე. დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ეს ასე არ იქნება. „ნამდვილად არ მინდა გავაიგივო გივი თარგამაძის პერსონა საქართველოსათვის ნდობა-არნდობის გამოცხადების საკითხთან. თარგამაძე რიგითი პაიკია, რომელიც კონკრეტული სამსახურების კონკრეტულ მითითებებს ასრულებს“, - მიიჩნევს ლორთიფანიძე...

მისივე შეფასებით, ეს არის ადამიანი, რომელსაც კონკრეტული მისია ჰქონდა დაწყებული, თავისუფლების ინსტიტუტის წევრად მოვლინებით და დასრულებული სადეპუტატო მანდატით. დიმიტრი ლორთქიფანიძე თვლის, რომ არის თემები, რის მიმართაც ქართველმა სამართალდამცველებმა შეიძლება გამოიჩინონ ინტერესი.

„ჩვენ  ძალიან კარგად გვახსოვს ფარული ჩანაწერები ვინმე კოტესთან, დონეცკში, როდესაც იგი ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში ემუქრება მთელ დონეცკს, რომ  თუ სასურველი შედეგის მიღება არ მოხდება არჩევნებში, მთელ ქალაქს თავზე დაახურებს მოსახლეობას. კარგად გვახსოვს ტიმოშჩენკოსთან დაკავშირებული თემა, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ამშვიდებს ტიმოშენკოს, რომ აქედან ჩამოვა თვითმფრინავი და ჩამოიყვანს დამხმარე ძალას, რაც აღსრულდა კიდეც და პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, როგორ მიფრინავდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები - სინამდვილეში კი ჩვენი კუდისა და სოდის ოფიცრები.

2000 ადამიანზე იყო ლაპარაკი. ეს არის სერიოზული ინფორმაცია იმისათვის, რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მომავალში დაინტერსდნენ, რა მასშტაბის იყო ეს პროცესი, ვინ იყვნენ მასში ჩართული და რა მიზანს ემსახურებოდა საქართველოს  ხელისუფლების წარმომადგენელთა ასეთი აქტიური ჩართულობა უცხო, სუვერენული ქვეყნის საშინაო საქმეებში. ვინ აფინანსებდა ამ ადამიანებს, რა ლეგიტიმური მიზანი მიიღწეოდა მათი მივლინებით. მარტო თვითმფრინავის ბილეთების ღირებულება ორი მიმართულებით რა თანხას შეადგენდა და ვინ გადაიხადა. ხომ არ იკვეთება კეთილშობილი საქციელის საფარქვეშ უცხო ქვეყნის შეფარული პოლიტიკურტი დივერსიის ნიშნები“,- მიიჩნევს ლორთქიფანიძე.

ინტერვიუში გივი თარგამაძე უკრაინის ამბებსაც ყვება: „...დიახ, იქ იყო შსს-ს რამდენიმე წარმომადგენელი იმისთვის, რათა ეს მასა როგორღაც ნორმალურ მდგომარეობაში შეენარჩუნებინათ. მე პირადად შევთავაზე დონეცკის ხელისუფლებას, რომ ვიდრე პოლიციის წარმომადგენლები აქ იმყოფებიან, მოდით, „კანონიერ ქურდებთან“ დაკავშირებული სიტუაცია გადავწყვიტოთ, მოვაშოროთ ყველა „კანონიერი ქურდი“, მე კი შემიძლია, გითხრათ, სად ცხოვრობენ ისინი. „მოდით, წავიდეთ“! - „არა, ჩვენთან „კანონიერი ქურდები“ არ არიან“. „არის! მაგრამ მათ „რეგიონების პარტია“ იცავს. ერთად წავიდეთ და დავაპატიმროთ“! - „არა“.

დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია, რომლითაც უნდა დაინტერესდეს ჩვენი ხელისუფლება. სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს იმ კუთხითაც, თუ რა დონის დისკრედიტაცია მოახდინა ქართული სახელმწიფოსი.

„მიმაჩნია, რომ გივი თარგამაძე ნამდვილად იმსახურებს სამართალდამცავი ორგანოების ყურადღებას. თუმცა იგი საქართველოს მოქალაქეა და მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით უნდა მოხდეს მისი მოქმედებების შეფასება. პირველ რიგში, იმ მოქმედებების, რომელსაც შეიძლებოდა, ზიანი მოეტანა ქართული სახელმწიფოსთვის“,- აცხადებს ლორთქიფანიძე.

როდესაც ორიოდე წლის წინ საერთაშორისო ასპარეზზე იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით მორიგი სკანდალი აგორდა, (ტაილანდში აშშ-ისა და კორეის სპეცსამსახურებმა დააკავეს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 40 ტონა საბრძოლო ტექნიკა იყო) უცხოურმა პრესამ თვითმფრინავის დაკავების გაშუქებისას ყურადღება საქართველოსაც დაუთმო. იმ პერიოდში საქართველოშიც გავრცელდა სკანდალური ინფორმაციარომ რობერტ კოკოითმ (.. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ძმამ) გივი თარგამაძის მეშვეობით საქართველოს 120 მილიონი დოლარის იარაღი მიჰყიდა, თუმცა ქართული მხრიდან მაშინ კითხვები უფრო „ატკატებთან“ დაკავშირებით გაჩნდა.

მთელ ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რატომღაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თავად ცდილობენ, სამართალდამცველებს თავი შეახსენონ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, გივი თარგამაძის „საგმირო საქმეების“ გადახედვა ასე საჩქარო იყოს. ალბათ, ამ შემთხვევაში პროკურატურას თავისუფლად შეუძლია, დეპუტატს მოღვაწეობა მისი სადეპუტატო იმუნიტეტის ამოწურვამდე შეუფერხებლად „აცალოს“, პარლამენტს კი, ალბათ, მისი მომავალი მივლინებების გაკონტროლებაც არ გაუჭირდება.