რა დაუჯდება საქართველოს პალესტინის, როგორც დამკვირვებელი–სახელმწიფოს, აღიარება

რა დაუჯდება საქართველოს პალესტინის, როგორც დამკვირვებელი–სახელმწიფოს, აღიარება

2012 წლის 29 ნოემბერს გაერომ პალესტინისთვის გაეროს დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე არათუ იმსჯელა, კიდეც მიანიჭა. 138-მა ქვეყანამ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, 9 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 41-მა თავი შეიკავა. მხარდამჭერთა შორის არიან: საფრანგეთი, ავსტრია, ნორვეგია, პორტუგალია, დანია, რუსეთი, ბელორუსია, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი. უკრაინას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო მოლდოვამ, ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, ხორვატიამ და რუმინეთმა თავი შეიკავეს. ამერიკის შეერთებული შტატები და, ბუნებრივია, ისრაელი წიანაღმდეგნი იყვნენ (აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ჯერ კიდევ 1992 წლის 25 აპრილს დაგვიჭერია მხარი პალესტინის დამოუკიდებლობისთვის).

2012 წლის 29 ნოემბერს გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ გაერო „კიდევ ერთხელ ადასტურებს პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის უფლებას პალესტინის ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია 1967 წლიდან (რაც უნებლიეთ აჩენს ასოციაციას – ამ ლოგიკით, ვითომ აფხაზ ხალხს რატომ არ უნდა ჰქონდეს თვითგამორკვევის უფლება, თუ, როგორც რუსთაველი იტყოდა – „იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უდევს დიდი ზღვარი“?! მ.ბ.)“

საქართველოს ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია, ყოველ შემთხვევაში, 3 დეკემბრამდე, რამაც, თავისთავად, დაბადა ეჭვი, რომ შესაძლოა, გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა, ალექსანდრე ლომაიამ „ოცნების“ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, „ნაციონალი“ პრეზიდენტის მითითებით. ეს ვერსია აქტიურად განიხილებოდა ქართულენოვან სოციალურ ქსელებში და არცთუ მცირერიცხოვანი საზოგადოებრივი აუდიტორია ითხოვდა როგორც ელჩის, ისე - საქართველოს მიერ საკუთარი თანხმობის გამოწვევას. ეჭვს ისიც ამძაფრებდა, რომ ის პოლიტიკოსები თუ სახელმწიფო ჩინოვნიკები, რომლებსაც ეს საკითხი ეხება, სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ, თუმცა, საბოლოოდ, გაირკვა, რომ გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს, თანაც, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან შეთანხმებით, რომელიც თავად იმ კონკრეტულ კენჭისყრაზე ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას.

იმას, თუ როგორ აღიქვა ებრაულმა საზოგადოებამ საქართველოს ქმედება პოლიტოლოგი აბრაამ შმულევიჩი გვიამბობს, ხოლო ამ გადაწყვტილების არგუმენტებს კი თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი განგვიმარტავს (ის ერთადერთი იყო, ვინც ჩვენს სატელფონო ზარს უპასუხა).

რა რეზონანსი გამოიწვია ისრაელში საქართველოს მიერ გაეროში პალესტინისთვის დამკვირვებელი-სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებამ?

აბრაამ შმულევიჩი: ძალიან მეპარება ეჭვი, რომ გაეროში საქართველოს ელჩს ხმა მიეცა საქართველოს საგარეო უწყების მითითების გარეშე. მით უფრო, რომ იმავე პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ეს რომ არ ყოფილიყო შეთანხმებული გადაწყვეტილება, ელჩს მაშინვე გამოიწვევდნენ. ასეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ელჩი, როგორც წესი, ყოველთვის ასრულებს არსებული მთავრობის დავალებას. ამას გარდა, ჩვენ ვიცით, რა დაძაბულობა იყო ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის სააგარეო ასპარეზზე და, თუ სააკაშვილმა უბრძანა ელჩს ამერიკის წინააღმდეგ ხმის მიცემა, ეს ინფორმაცია მაშინვე უნდა მიეწოდებინათ დასავლელი პარტინორებისთვის. ეს არ მომხდარა, ესე იგი, ლომაიამ არსებული მთავრობის პოზიცია გამოხატა. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო მთელი მსოფლიოსთვის აღიქმება, როგორც ერთიანი ქვეყანა, ამიტომაცაა მისი ეს პოზიცია პალესტინის მიმართ სენსაციური…

დიახ, „ჰამასმააღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.

– პალესტინა ვირტუალური სახელმწიფოა, ის ორი ნაწილისგან შედგება: ღაზას სექტორს მართავს „ჰამასი“, დანარჩენს – პალესტინის გამათავისუფლებელი მოძრაობა და მათ ჰყავთ კოალიციური მთავრობა. სავარაუდოდ, „ჰამასი“ გახდება პალესტინის ავტონომიის მმართველი, ის კი ეს ერთ-ერთი ორგანიზაციაა მცირედთა შორის, რომელმაც აღიარა აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“. ანუ, როდესაც საქართველო ხმას აძლევს პალესტინის დამოუკიდებლობას, ამით სხვებს აძლევს სიგნალს აფხაზეთისა და „იუჟნაია სოეტიას“ დამოუკიდებლობის აღიარებაზე. თავდაპირველად, ივანიშვილის პირველი სიგნალი იყო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება...

ეს საკითხი ამოიწურა უკვე.

– მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალურად არ თქმულა, რომ საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაში.

კულტურის მინისტრმა თქვა.

– გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი, ამდენად, მინისტრის განცხადება გარე დამკვირვებლისთვის არაფერს ნიშნავს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ გამოაცხადებს დიქტორი: აფხაზეთის გუნდი გამოდისო. ნებისმიერ რამეზე დავნაძლევდები, რომ რუსები ამას გააკეთებენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პროტოკლში ეწერება რუსი სპორტსმენებიო, მაინც გამოაცხადებენ - აფხაზი სპორტსმენებიო.

ეს ჩვენც ზუსტად ვიცით.

– და თქვენ აძლევთ სახელმწიფოს სტატუსს ორგანიზაციას, რომელიც აღიარებს თქვენს სეპარატისტულ რეგიონებს. გაიხსენეთ, რომ მსოფლიოში არსებობს დაპირისპირება რუსეთთან, რადგან რუსეთი ცდილობს, გააფართოოს აღიარების პროცესი. საქართველოს მიერ მიცემული ხმით კი ახლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრეებს მთავარი არგუმენტი ეცლებათ. თუ გადავხედავთ გაეროს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მიღებული რეზოლუციების კენჭისყრას, საქართველოს ყოველ ჯერზე უწევს რუსეთთან დიპლომატიური ომის წარმოება.

ძირითადად, ამერიკის ერთებული შტატები იბრძვის.

– და ისრაელიც ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე. ამასთან, ისრაელი იმ მცირერიცხოვან სახელმწიფოებს შორისაა, რომელმაც აღიარა ნეიტრალური პასპორტები. აღარაფერს ვიტყვი ამერიკაზე, რომელიც საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა. რომ არა ამერიკის პოზიცია, რუსეთი რეზოლუციის თავის ვარიანტს გაიტანდა.

ცნობილი ფაქტია, რომ  საქართვლოს ტერიტორილი მთლიანობა დგას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ჩვენი ტერიტორილი მთლიანობის აღიარებაზე. იმის თქმა გინდა, რომ საქართველომ ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ ითამაშა?

– ბევრმა თავი შეიკავა კენჭისყრისგან. თუმცა, მაგალითად, საფრანგეთის პოზიცია არ შეცვლილა. საფრანგეთი ტრადიციულად ცდილობს, თავისი განსაკუთრებული ურთიერობა დაამყაროს არაბულ სამყაროსთან.

საფრანგეთი, ზოგადად, ძალიან ორიგინალურია ხოლ თავის გადაწყვეტილებებში...

– ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ქმედება სენსაციურია: მან დემონსტრაციულად შეცვალა თავისი ორიენტაცია. მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ არაბულ და მუსლიმანური ქვეყნებს კენჭისყრისას არასდროს დაუჭერიათ მხარი საქართველოსთვის. არც ისრაელის პოზიციის იგნორირება მგონია კარგი, რადგან ისრაელი ყოველთვის ითვლებოდა საქართველოს მოკავშირედ.

ებრაელი საზოგადოების განწყობა როგორია?

– დიდი განხიბვლაა ისრაელის საზოგადოებაში. ადამიანები ამბობენ, ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს ბოლო ომში, მაგრამ თუ კიდევ იქნება ომი, ამბავს აღარ ვიკითხავთო. საქართველოს მიერ ამ ნაბიჯის გადადგმით იმ ქვეყნებს, რომლებიც თავს იკავებდნენ აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიასთან“ კულტურული თუ ეკონომიკური კავშირების დამყარებისგან, ხელ-ფეხი ეხსნებათ. საქართველოს ერღვევა მთელი ის თავდაცვის სისტემა, რომელიც არაღიარებისკენ იყო მიმართული. ისრაელის საზოგადოებრივი აზრი საქართველოს განიხილავს, როგორც მოღალატეს. ეს რომ იყოს აზერბაიჯანი, რომელსაც ჰყავს მუსლიმანური  მოსახლეობა, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ საქართველოს, რომელიც ანტიებრაულ ნაბიჯს დგამს, ისრაელი მხარს არ დაუჭერს. რუსეთს აქვს თავისი გავლენის ბერკეტები და ველი აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ აღიარებების ჯაჭვს. ვფიქრობ, რომ საქართველომ დათმობები დაიწყო. ამის დასტურია მინისტრ ზაქარეიშვილის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან პირდაპირი დიალოგის დაწყებისთვის, ესე იგი, მათი მხარეებად აღიარებისთვის მზადყოფნა.

მაგრამ, თუ არ დაელაპარაკე, ისე როგორ გადაწყვეტ პრობლემას? რუსეთის თანდასწრებით ლაპარაკს ხომ არანაირი აზრი არ აქვს?

– მე ყოველთვის ვურჩევდი საქართველოს წინა ხელისუფლებას, რომ პირდაპირი კონტაქტები აუცილებელი იყო, მაგრამ თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ეს კონტაქტი არ იყოს აღქმული, როგორც აღიარება.

ნამდვილად ვერ დავიჯერებ, რომ პაატა ზაქარეიშვილს საქართვლოს ტერიტორუილი რღვევის სურვილი აქვს.

– გადავხედოთ მოვლენებს: სეპარატისტული რეგიონების მოლაპარაკების მხარეებად აღიარება; სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება; ბოლოს, ხმის მიცემა გაეროში. ეს ყოველივე მთელი მსოფლიოსთვის არის სიგნალი. ისარელის ხმა კი ერთ-ერთი მთავარია მსოფლიოსთვის. თუ უახლოეს მომავალში მკაფიო ქმედება არ იქნება საქართველოს მხრიდან, პირადად მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველო დათმობებზე წავიდა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ლავროვმა თქვა ამას წინათ, რომ უხლოეს მომავალში ზოგიერთი სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“.

For.ge ირაკლი სესიაშვილსაც ესაუბრა.

ბატონო ირაკლი, თქვენ გარდა შეუძლებელი აღმოჩნდა სხვასთან კაშირება. მართალია, თქვენ არ გეხებათ უშუალოდ, მაგრამ თუ იყო თქვენთვის ცნობილი, რომ საქართველო პალესტინის სახელმწიფოებრიობის გულშემატკივარი ყოფილა? იცოდით, რომ ელჩი ლომაია აპირბდა ამ რეზოლუციისთვის ხმის მიცემას?

– რა თქმა უნდა, ეს ცნობილი იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამ საკითხის შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და რაც გაკეთდა, ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს ინტერესი, რამდენადაც მომავალში ჩვენ გვჭირდება გარკვეული მხარდაჭერა, როდესაც ჩვენი საკითხის განიხილვა დაიწყება.

ვისგან გვჭირდება მხარდაჭერა?

– იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ რეზოლუციას პალესტინასთან დაკავშირებით.

ამერიკის შეერთებულ შტატებს არ დაუჭერია მხარი.

– ჩვენს პარტნიორებს ავუხსენით ჩვენი პოზიცია და ეს იყო შეთანხმებული. ეს არ ყოფილა შეუთანხმებელი პოზიცია. ჩვენ ავუხსენით ჩვენი მოტივაცია და ჩვენთვის პალესტინის შესახებ რეზოლუციისთვის მხარდაჭერის მნიშვნელობა. ამ რეზოლუციას მხარი ევროპულმა ქვეყნებმაც დაუჭირეს. რომ არ მომხდარიყო რამე გაუგებრობა, ჩვენს საგარეო უწყებას შესაბამის ქვეყნებთან ჰქონდა კონსულტაციები და ეს გაკეთდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

ჰამასმააღიარა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. იქნებ აგვიხსნათ, ჩვენს რა ინტერესზეა საუბარი. მე ვერ ვიგებ, რა ინტერესია ასეთი, რომელიც ღირს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ინტერსების წინააღმდეგ წასვლად.

– ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. საუბარია იმაზე და თქვენც ხვდებით, რომ გაეროში ჩვენ გვჭირდება სხვადახვა ქვეყნის მხარდაჭერა. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვქონდა კონსულტაციები. ეს არ გაგვიკეთებია მათთან შეთანხმების გარეშე და ჩვენ გვჭირდება არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა, მათ შორის - არაბული ქვეყნების მიერ.

ესე იგი, იმედოვნებთ, რომჰამასიუკან წაიღებს თავის აღიარებას, რადგან ჩვენ პალესტინის რეზოლუციას მხარი დავუჭირეთ?

– „ჰამასი“ არ არის სახელმწიფო.

რა თქმა უნდა, მაგრამჰამასიარის ორგანიზაცია, რომლიც მხარს უჭერს პალესტინის დამოუკიდებლობის იდეას და ეს მისი სასიცოცხლო ინტერესია.

– ჩვენს გარდა ბევრმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი ამ რეზოლუციას.

ვიცი, ვნახე გაეროს ოფიციალურ გვერდზე მონაცემები. მართლაც ბევრია..

– ამიტომ, რასაც გეუბნებით, მინდა, რომ ჩაწვდეთ.

ვცდილობ...

– არაღიარების პოლიტიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ პალესტინის ამ რეზოლუცისა მხარდაჭერა გამოუცხადეს არაბულმა ქვეყნებმა. ჩვენი სურვილია, გვქონდეს კარგი ურთიერთობა არაბულ ქვეყნებთან, რომ მათი მხარდაჭერის იმედი ვიქონიოთ ჩვენთვის მნიშვნელოვან სხვა რეზოლუციებთან დაკავშირებით. ჩვენი მხარდაჭერით არაფერი იცვლებოდა, რეზოლუცია მაინც გავიდოდა და ჩვენ შეიძლება, რომელიმე ქვეყანასთან გაგვფუჭებოდა ურთიერთობა.

არ შეიძლებოდა, არ წრებოდი სხდომას?

– მას შემდეგ, რაც კონსულტაციები გავიარეთ და პოზიციები გავცვალეთ, როგორც ამას ჩვენი საგარეო უწყება აცხადებს, მე ვერ ვხედავ პრობლემას.

მაშინ, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ამით არაბული ქვეყნების მიერ არაღიარების პოლიტიკას ეწყობა ხელი, მეორე მხარე ამბობს, რომ საქართველოს მიერ გადადგმული ამ ნაბიჯით მოქმედების თავისუფლება ენიჭება იმ ქვეყნებს, რომლებიც ორჭოფობენ, აღიარონ თუ არა ჩვენი სეპარატისტული რეგიონები. ბელორუსმა რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ შესაძლოა გადახედოს თავის არაღიარებას და აღიაროს აფხაზეთი და ცხინალის რეგიონი. ლოგიკურიცაა: თუკი საქართველო მიესალმება პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას, რატ არ აქვს იგივე უფლება აფხაზებს?

– არასწორია, რომ პალესტინა შევადაროთ საქართველოს ან აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“.

ჩვენ იმასაც ვამბობდით, რომ არასწორია, კოსოვო შევადაროთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონსო, მაგრ რუსეთმა მშვენივრად შეადარა.

– არ მგონია, რომ ბელორუსთან მიმართებაში პრობლემა შეგვექმნას.

არც რომელიმე სხვა ქვეყანასთან?

– მე თავიდანვე გითხარით, რომ ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. ჩვენ ვერ ვიქნებით ორი კურდღლის მადევარი. აუცილებლად უნდა ვეცადოთ ჩვენი ინტერესების დაცვას. თუ ბელორუსთან გაჩნდა პრობლემა, იქაც დავიცავთ ჩვენს ინტერესებს.

ისრაელთან არ გავიფუჭეთ ურთიერთობა?

– საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ ჩვენს პოზიციას გაგებით ეკიდებიან ჩვენი პარტნიორები, რადგან ჩვენ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ ვმოქმედებთ.