„ეს ელჩები რა გახდა ისეთი, რომ მათი დათმობა გიჭირს“?!

„ეს ელჩები რა გახდა ისეთი, რომ მათი დათმობა გიჭირს“?!

"ნაციონალური მოძრაობა“ კვლაც ცდილობს, პოლიტიკური მსხვერპლის იმიჯი მოირგოს და მთელ მსოფლიოს დაანახოს, რომ ახალი ხელისუფლებსის ზეწოლის პირობებშია. საპარლამენტო უმცირესობამ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებაც საქართველოს ახალი ხელისუფლების კრიტიკად აღიქვა, თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ გაცილებით მწვავე კრიტიკაც მოუსმენიათ აშშ-ს მხრიდან სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ.

„ვიმედოვნებთ, რომ სავარაუდო დამნაშავეების საქმეების გამოძიება ხდება გამჭვირვალედ და კანონის და პროცედურული ნორმების შესაბამისად“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა. 
შეძლებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ დასავლეთის განწყობა საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ ისე შეიცვალოს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელისუფლებაში დაბრუნება გამარტივდეს, ძნელი სათქმელია, თუმცა ყოფილი ხელისუფლება ამას ყველა ძალის და მეთოდის გამოყენებით ცდილობს. რა სჭირდება საქართველოს იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას აღარ ჰქონდეს კითხვები და ეჭვები, ამის შესახებ ექსპერტი კახა კახიშვილი გვესაუბრება.

ბატონო კახა, იყო თუ არა ჰილარი კლინტონის ეს განცხადება ისეთი მწვავე, როგორადაც უნდოდათ წარმოეჩინათ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს?

- გაცილებით მკაცრი რიტორიკა იყო როგორც ქალბატონი ჰილარი კლინტონის, ასევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტანმენტის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებული დაპატიმრებების შესახებ. გვახსოვს, არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას გაუკრიტიკებია „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ისინი აცხადებდნენ, რომ მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციებზე დაყრდნობით აკეთებენ ასეთ განცხადებებსო.

სახელმწიფო დეპარტამენტზე კი საერთოდ თქვეს, ფაქტები ვერ გადაამოწმა და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაეყრდნოო. ეს ერთი საკითხია, მაგრამ მეორე ის არის, რომ  კლინტონის მხრიდან არაფერი თქმულა ისეთი, რასაც არ ვიმეორებთ ჩვენ, საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები.

იმედს ვიტოვებთ, რომ ნებისმიერი ბრალდება, რომელიც წაყენებულია კონკრეტული პირების მიმართ, პროკურატურის მხრიდან, იქნება დასაბუთებული არსებითი განხილვის დროს. ჩვენ არ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც გაგრძელდება ისევ ისეთი მიდგომები პროკურატურის მხრიდან, როგორი მიდგომებიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, როდესაც საკმარისი იყო პროკურორს ნებისმიერ ადამიანზე მოეთხოვა აღმკვეთი ღონისძიება, სასამართლო უაპელაციოდ იზიარებდა მას და არსებითი განხილვის დროს, ხშირ შემთხვევაში, პროკურატურას არანაირი მყარი მტკიცებულებები არ ჰქონდა ბრალდების დასადასტურებლად. ამის მიუხედავად კი, სასამართლოს მაინც გამოჰქონდა გამამტყუნებელი განაჩენები.

რეალურად, ამ ყველაფრის გამო აიკრძალა სასამართლოებში ფოტო და ვიდეო გადაღება მხოლოდ იმიტომ, რომ სტრასბურგში საქმეების გადაგზავნის შემთხვევაში, საქართველოში გამართული სასამართლო პროცესები არ  ქცეულიყო მტკიცებულებად, თუ როგორ ხდებოდა არასაკმარისი მტკიცებულებებით ადამიანების დაპატიმრება.

დღეს მთელი საზოგადოება ითხოვს მიუკერძოებელ სამართალდამცავ სისტემას. სრულიად ვეთანხმები ქალბატონ კლინტონს და მეც ველოდები, რომ თითოეული ბრალდება იქნება დასაბუთებული, თავიდან ბოლომდე აგებული იქნება უტყუარ მტკიცებულებებზე. ამაში ცუდი არაფერი არ არის. როგორც ჩანს, ქალბატონ კლინტონს უტყუარი მტკიცებულება ჰქონდა იმის შესახებ, რომ საქართველოში 8 წლის მანძილზე პროკურატურის ბრალდებები დასაბუთებული არ იყო და აცხადებს, რომ იმედს იტოვებს, ამის შემდეგ უკვე დასაბუთებული იქნებაო. მე მაგალითად, შემიძლია, ასეთი კუთხით გავიგო მისი განცხადეება.

როგორც აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვიქტორია ნულანდმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შშ-ის სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარ საჯარო განცხადებაში, რომ საქართველოს საერთაშორისო საზოგადოება თვალყურს ადევნებს. თუმცა, ნულანდმა ეს განცხადება ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ასეთი იყო: ეს ყველაფერი ხომ არ ჰგავს იმას, რაც ხდებოდა უკრაინაში, რაზეც თქვენ ბევრად უფრო ხისტ კომენტარებს აკეთებდით. რა მიზეზია, რომ თქვენს უკმაყოფილებას უფრო მკაცრად არ გამოთქვამთ?

- ყოფილ ხელისუფლებას ჩვენი ბიუჯეტის საფუძვლებზე კარგად რომ ჰქონდა საქმე აწყობილი საერთაშორისო მედიასთან, კარგად ვიცით და ამიტომაც არის გასაიდუმლოებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწლიდან მრავალი მილიონის ბედი.

ასეთი შეკითხვები, თუნდაც ის მაპროვოცირებელი იყოს, ძალიან კარგია, რადგან თუ ვინმემ არაობიექტური ინფორმაცია მიიღო და გადამოწმებას ცდილობს, მისასალმებელია.

მეორე - არანაირი პარალელი უკრაინასთან არ იკვეთება. დარწმუნებული ვარ, ნაცმოძრაობის სტრატეგია თავიდანვე იყო მცდელობა, პარალელი გავლებულიყო უკრაინასთან, ანუ დემოკრატიული ხელისუფლება არჩევნებში დამარცხდა და მოვიდა დიქტატურული ხელისუფლება. შესაძლოა, ამიტომაც ჩამოვიდა სასწრაფოდ ახალაია და ითხოვდა, დამაპატიმრეთო.

ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვის რგოლებია, იმ პიარ-გეგმისა, რომელიც დაწერილია ძლიერი ტექნოლოგების მიერ და მისი უზრუნველყოფა ხდება ზუსტადაც ლობისტებისა და ელჩების დიდი ნაწილის მეშვეობით, რომლებიც დღესაც პოლიტიკური ნიშნით მუშაობენ. იმის უზრუნველსაყოფად მუშაობენ რომ ყოფილ ხელისუფლებას პიარი გაუკეთონ.

თუმცა, გვინდა თუ არა, ყოფილი ხელისუფლების ეს გეგმა მუშაობს და ეს დასავლეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებებითაც კარგად ჩანს...

- ახალმა ხელისუფლებამ ამ ყველაფერს შეიძლება მხოლოდ ერთადერთი რამ დაუპირისპიროს - პროფესიონალიზმი, მასალების დროულად მიწოდება, ისეთი ძიების განხორციელება, რომელზედაც არ დარჩება კითხვის ნიშნები არც ქართულ და არც საერთაშორისო საზოგადოებას.

სხვათა შორის, კარგა ხანია, გიგი უგულავაც სწორედ იმას ცდილობს, ეგებ როგორმე დააპატიმრებინოს თავი...

- იციან, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ისეთი პირობები აღარ არის, როგორც მათი მმართველობის დროს იყო და ამიტომაც ითხოვენ დამაპატიმრეთო. სხვათა შორის, ცოტა მიკვირს იმ თანამდებობის პირების გადაწყვეტილება, რომლებმაც მათ მეკავშირეებს - თანაპარტიელებს ციხეში ულიმიტოდ შესვლის უფლება მისცეს. ცოტა გაუგებარია, როგორ შეიძლება ულიმიტოდ შეხვიდე პატიმართან, რომელიც იმყოფება წინასწარ გამოძიებაში. მაშინ, როდესაც გამოძიებაში მყოფ ქათმის ქურდს საკუთარ მშობლებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ.

მითუმეტეს, ეს (ულიმიტოდ შესვლა ციხეში) ვერავის ვერ ააცილებს კრიტიკას. აქ მთავარი საქმეების არსებითი განხილვისას პროკურატურის მხრიდან არსებითი მტკიცებულებებია, რომელიც ბრალის საფუძველი გახდება.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ყურადღებას არ მიაქცევს, რა იწერება უცხოურ პრესაში და გააგრძელებს იმ დაკვეთის შესრულებას რაც ხალხისგან მიიღო და ეს არის სამართლიანობის აღდგენა. ისევ ხომ არ არის მოსალოდნელი, კრიტიკის ახალი ტალღა წამოვიდეს უცხოეთიდან?

- ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, გვაქვს კონსტიტუცია, გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო და გვაქვს სურვილი, ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც ყველაფერი იქნება აგებული არა პოლიტიკურ შეთანხმებებზე, არამედ კანონზე, სადაც თანამედებობის პირები არ გადაწყვეტენ, როდის და როგორ უნდა იმოქმედოს კონკრეტულმა საკანონმდებლო ნორმამ, არამედ კანონი დაავალდებულებს, ნებისმიერმა ჩინოვნიკმა მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებნში იმოქმედოს.

ამიტომაც, სრულიად გასაგებია ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომ ის ახორციელებს მმართველობას საქართველოს კანონდებლობის მოთხოვნების საფუძველზე. ჩვენი კანონმდებლობა კი ითხოვს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სად და როდის მუშაობდა ადამიანი,  თუ აქვს ჩადენილი დანაშაული, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი.

 საქართველოში უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ თანამდებობა არ იძლევა ინდულგენციას დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. ეს უნდა იცოდნენ ახალი ხელისუფლების თანამდებობის პირებმაც.

რა თქმა უნდა, სუვერენული სახელმწიფო ვართ და ყველაფერი ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, მაგრამ ყველაფერი უნდა ჩაჯდეს იმ ფარგლებში, რა კურსიც გვაქვს არჩეული და ეს არის ევროპული ღირებულებებისკენ წასვლა, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოა.

როდესაც ბერლუსკონის, ან ისრაელის ყოფილ პრეზიდენტს ასამართლებდნენ, იქ კითხვის ნიშნები არავის არ გასჩენია, რატომ ასამართლებდნენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს. პროკუტარურამ დაასაბუთა, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ასე რომ, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ქვეყანაში აუცილებლად უნდა იყოს.

მეორეა, რომ ამ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას სჭირდება რეალური მტკიცებულებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბსოლუტურად ყველა ბრალდება იყოს კარგად დასაბუთებული, რადგან დარწმუნებული ვარ, ის სასამართლო, რომელიც ამდენ ხანს პოლიტიზირებული იყო, დღესაც ამ პრაქტიკას აგრძელებს.

ახლა მეორე ეტაპი დაიწყება პიარისა - თუ არსებითი განხილვების დროს პროკურატურას ექნება შედარებით სუსტი მტკიცებულებების ბაზა, სასამართლო გამამართლებელ განაჩენებს გამოიტანს კონკრეტული მსჯავრდებულების მიმართ. რის შემდეგაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეცემა საშუალება, ილაპარაკოს - ნახეთ, ამათ ამდენი ხალხი დაიჭირეს, მაგრამ ვერ დაასაბუთეს და სასამართლომ გაამართლა. იტყვიან, რომ ეს ზუსტად ის არის, რასაც ვიძახდით, პოლიტიკური მოტივაციით აპატიმრებდნენ და არა რეალურ მტკიცებულებებზე დაყრდნობითო. ეს იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დამაგვირგვინებელი პიარ-კამპანია.

ამიტომაც ვურჩევდი პროკურატურას, კარგად მოემზადოს თითოეული ბრალდების დაყენებამდე და შს სამინისტრომ ნაკლებად დაუშვას ისეთი შეცდომები, რომლის მიმართაც საზოგადოებაში ეჭვები ჩნდება.

მაგალითად?

- თუნდაც ის, რომ კალანდაძის დაკავების ფორმა მისაღები არ არის. ამავდროულად ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონოდ ტარების საფუძველზე დაპატიმრებები ეჭვს იწვევს.

გუნავას გულისხმობთ?

- დიახ, ამ 8 წლის მანძილზე იმდენად მოტივირებული იყო ასეთი დაპატიმრებები, რომ მსგავსი ქმედება მაშინვე ეჭვს ბადებს საზოგადოებაში.

ისე, ის კი მიკვირს, როდესაც დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ ადამიანს ორი იარაღის ტარების უფლება ჰქონდა, მას როგორ შეიძლება აღმოუჩინო მესამე იარაღი, რომელსაც უკანონოდ ატარებდა და ეს ხომ ცხადყოფს, რომ იარაღი ჩაუდესო. ერთი გადახედონ, ამ 9 წლის მანძილზე რამდენი ადამიანია ისეთი, რომელსაც ოფიციალურად ჰქონდა იარაღის ტარების უფლება და სულ სხვა იარაღით დააპატიმრა ნაცმოძრაობის დროს შს სამინისტრომ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვიცხოვროთ „Сам - дурак“ -ის პრინციპით.

ჩვენი ამოცანაა საზოგადოებას ნაკლები კითხვები გაუჩნდეს სამართალდამცველების მოქმედებაზე, კიდევ რომ არ გამძაფრდეს კრიტიკა სამართალდამცველების და შესაბამისად, საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ. მითუმეტეს, იმ ხალხის მიმართ, ვის მიმართაც პროკურატურას კითხვები უჩნდება, იმდენი კითხვები არსებობს საზოგადოებაში კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომ პრიორიტეტი არ უნდა იყოს იარაღის უკანონოდ ტარება და ნარკოტიკები.

ბოლო ერთი თვის მანძილზე ევროპა იყო შედარებით ხისტი საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ამერიკა - ამას რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს?

- ეს აიხსნება მარტივად. ბრიუსელში „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრად უფრო ძლიერი ლობისტები ჰყავს. ამის გარდა ივანიშვილმა სულ ახლახანს მიმართა ლობისტურ კომპანიებს, მაგრამ ნაცმოძრაობა ამ ლობისტურ ჯგუფებთან ურთიერთობს უკვე 15 წელია. გარდა ამისა, მათ ჩამოუყალიბდათ პირადი კონტაქტები, კონკრეტულ ჩინოვნიკებთან და ამ კონტაქტებიდან გამომდინარე, მათ ამათი სჯერათ.

შესაძლოა, ვინმესთან ოფიციალური შეხვედრა გამართო, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი პირად კონტაქტებზეა აგებული და წლების მანძილზე ერთად კარგი დრო აქვთ გატარებული, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების მიმართ სიმპათიებიც აქვს და ინფორმაციასაც სხვანაირად იღებენ.

ამას ემატება ზოგიერთი ელჩის მოქმედება,  როდესაც ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ბიძინა ივანიშვილისგან მტრის ხატს, „ქართული ოცნებისგან“ კი რუსეთის შპიონურ ორგანიზაციას ხატავდნენ, ეს ელჩები ახლაც იმავე რიტორიკით აგრძელებენ მუშაობას. ვხედავ იმასაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი ცოცხალი თავით არ ცვლის ელჩებს.

პრეზიდენტის სიჯიუტე რამდენად ადასტურებს იმას, რომ ელჩები ახალი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობენ და მათ ახლა ესგანსაკუთრებულიმისია აქვთ შესასრულებელი?

- ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ახლად დანიშნულ პრემიერს როდესაც ბრიუსელში ვიზიტისას ელჩი არ ხვდება, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ამ ელჩს არ უნდოდა პრემიერთან შეხვედრა, რადგან ის ასრულებდა სხვა გუნდის პოლიტიკურ დაკვეთას.

ამ ელჩების საუბრებს თუ გავაანალიზებთ არჩევნებამდე, გგონიათ, მას შემდეგ რამე შეიცვალა? - არაფერი.

საქართველოში საჯარო სამსახურში რიგით მოხელედ ვერ დაინიშნებოდი, თუ არ იტყოდი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი იყავი. ისე ელჩად ვინ დაგნიშნავდა, ვიდრე არ დარწმუნდებოდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც იყვნენ და პირადად მიხეილ სააკაშვილის ფანატებიც და არა პროფესიონალები.

მე ვსაუბრობ არა ყველა ელჩზე, მაგრამ ძირითად ნაწილზე. ასე რომ, ისინი დღესაც აგრძელებენ ამ მოღვაწეობას. სააკაშვილის სიჯიუტეც ამით აიხსნება - ბოლოს და ბოლოს, შინაგან საქმეთა სამინისტრო დათმე, პროკურატურა დათმე და ეს ელჩები რა გახდა ისეთი, რომ მათი დათმობა გიჭირს... თუ რეალურად გადაეცი ხელისუფლება, ელჩი არის ნაწილი საგარეო საქმეთა სამინისტროსი.

გამოდის, რომ ელჩების თემაში ყოფილი ხელისუფლების პირდაპირი და საკმაოდ სერიოზული ინტერესები იკვეთება...

- ნაცმოძრაობამ, ერთი მხრივ, აღიარა არჩევნებში დამარცხება, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მან დაინახა უპრეცენდენტო მხარდაჭერა „ქართული ოცნებისა“. დღეს ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ არჩევნების შედეგები აღიარეს. რომ არ ეღიარებინათ, კარგად ვიცით, როგორც განვითარდებოდა მოვლენები, ასე დემოკრატიულად ვეღარ წავდოდა პროცესები - ხალხი ვერ მოითმენდა რომ ეთქვათ, არჩევნები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგოო. ერთის მხრივ, ნაციონალები მოიქცნენ ტაქტიკურად და აღიარეს არჩევნების შედეგები. შემდეგ გააგრძელეს არჩევნების შედეგების გაყალბება და ამცირებდნენ სხვაობას უმცირესობასა და უმრავლესობას შორის. ამავე დროს, როდესაც მმართველმა გუნდმა აღიარა არჩევნების შედეგები, ამით დემოკრატიის გვირგვინი მოირგეს და ეს ყველაფერი გათვლილი იყო დასავლეთზე. გათვლილი იყო იმაზე, რომ  შემდგომში სხვადასხვა ბერკეტებით მოახერხებდნენ იმ აზრის ფორმირებას დასავლეთში, რომ ახალი ხელისუფლება საერთოდ უუნაროა. დღეს ამას ისინი მიზანმიმართულად აკეთებენ.

გამოდის, რომ რასაც დასავლეთი ითხოვს, ანუ ოპოზიციასთან თანამშრომლობა, სწორედნაციონალური მოძრაობის“ ინტერერსებიდან გამომდინარე, სულ უფრო შეუძლებელი ხდება...

- დღეს, როდესაც ამბობენ, რომ არიან ოპოზიციაში, რეალურად, ასე არ არის - ისინი ფლობენ საპრეზიდენტო ბერკეტებს, რომელიც ძალიან დიდია და ადგილობრივ თვითმმართველობას თავიდან ბოლომდე, ამას ემატება სასამართლო ხელისუფლება.

მე რომ მკითხო, დღეს „ქართული ოცნება“ უფრო ნაკლებ ბერკეტებს ფლობს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა ამ ყველაფერს უნდა დაუპირისპირდეს მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი, რომელსაც არ შეეშლება რაღაც ისეთი, რომ ნაცმოძრაობამ, იგივე ლობისტების მეშვეობით, მიიტანოს საერთაშორისო საზოგადოებამდე.

წარმოიდგინეთ, რამდენი ხალხი მუშაობს ნაცმოძრაობაზე - ლობისტები, საელჩოები, მართული არასამთავრობო სექტორი, რომლებსაც წლების მანძილზე ხელისუფლების წარმომადგენლები უჭრიდნენ არხებს დასავლეთის სტრუქტურებში და მედია.

როდესაც ოთხი წყარო გაწვდის ერთსა და იმავე ინფორმაციას და პლუს ქვეყნის პრეზიდენტიც იგივეს იმეორებს,  ბუნებრივია, აზრის ფორმირება უცხოეთში ხდება ისეთი კუთხით, რა კუთხითაც მათ სურთ.

ამას ისეთი ტექნოლოგიები უნდა დაუპირისპირო, რაც მათ აქვთ. ამის გარდა, სუფთა უნდა იყო შენს გადაწყვეტილებებში. ამისათვის კი პროფესიონალებია საჭირო და უნდა შეეცადო შეცდომები ნაკლებად დაუშვა. იმ შეცდომებს, რაც უკვე იყო, ღრმა ანალიზი სჭირდება. ისეთ რეჟიმში უნდა ჩაჯდნენ, რომ ჯერ განცხადებები არ აკეთონ და შემდეგ არ დაფიქრდნენ ამას რა მოჰყვება - არ არის მაინც და მაინც მიზანშეწონილი, ოფიციალურად გაკეთებული განცხადებების რამდენჯერმე შეცვლა.