ასტანაში ეუთოს სამიტზე გამოსვლისას სომხეთის პრეზიდენტმა მთიანი ყარაბაღის შესაძლო „აღიარებაზე“ ისაუბრა. სერჟ სარგსიანს ბაქოდან პასუხობენ, რომ მეორე ყარაბაღული ომი ერევნისთვის ბოლო იქნება. „თუკი სერჟ სარგსიანს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება სურს, მაშინ ეს დაუყოვნებლივ გააკეთოს. ამით იგი მეორე ყარაბაღულ ომს მიიღებს, რომელიც სომხეთისთვის ბოლო იქნება“, – ეს განცხადება პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა მუბარიზ ახმედოღლუმ გააკეთა.
მისი თქმით, სომხური პროპაგანდა არ იღლება და განაგრძობს აზერბაიჯანის დაშინებას ყარაბაღის დამოუკიდებელი რესპუბლიკით. “მაგრამ ჩვენ ეს არ გვაშინებს და ეს ფაქტორი ჩვენს პოლიტიკაში არაფერს ცვლის. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებამაც ამ რეგიონებისთვის თითქმის არაფერი შეცვალა და ერევნის ამბიციები უსაფუძვლოა, რადგანაც არც ერთი ქვეყანა არ დადგება სომხეთის გვერდით. სომხეთის გვერდით არ დადგებიან ყოფილი თურქული კოლონიებიც კი - სერბეთი, ბულგარეთი, კვიპროსი და საბერძნეთი“, – აცხადებს ახმედოღლუ.
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლებლობის შესახებ განცხადება სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ასტანის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
სარგსიანმა სამიტზე განაცხადა, რომ „აზერბაიჯანის მცდელობები, გამოჰგლიჯოს ცალმხრივი დათმობები, იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ აზერბაიჯანი არ არის დაინტერესებული მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებით და მისი ერთადერთი მიზანი სომხეთისთვის მაქსიმალური ზიანის მოტანაა“.
ამასთან, სომხეთს პრეზიდენტმა ასტანის სამიტზე აღნიშნა, რომ სომხეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია საბრძოლო მოქმედებების განახლება მთიან ყარაბაღში. მაგრამ „აზერბაჯანის მიერ სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში, სომხეთს არ ექნება გამოსავალი, გარდა იმისა, რომ დე-იურე აღიაროს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა და გააკეთოს ყველაფერი არცახის ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
ამ ფონზე ცხადი ხდება ოფიციალური ბაქოს მზარდი უკმაყოფილება მოსკოვის, როგორც „მომრიგებელ–მოსამართლის მიმართ“. სკანდალურ საიტ „WikiLeaks“-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თვლის, რომ მისი რუსი კოლეგა დიმიტრი მედვედევი სინამდვილეში საკუთარ გარემოცვას ვერ მართავს.
ამ ინფორმაციას „WikiLeaks“-ის მიერ გარცელებულ საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით „როსბალტი“ ავრცელებს. „თავად ვხედავდი, რომ მედვედევის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მუდმივად შემდგომი მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, რომლის მიღება პრემიერ-მინისტრის ოფისში იყო აუცილებელი. ბევრი მაღალჩინოსანი მედვედევის ლიდერობას არ აღიარებს“, - განაცხადა, „WikiLeaks“-ის მტკიცებით, ალიევმა, რომლის აზრით, „მედვედევი ამავდროულად ახალი თაობის ინტელექტია“.
საიტის მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო მასალებში ალიევი მედვედევისა და პუტინის ჯგუფებს შორის დაპირისპირებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს უთანხმოება ჯერჯერობით ღიად არ ჩანს. „Wikileaks“-ისვე ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრს, ანატოლი სერდიუკოვს ორმა ბოთლმა არაყმა თავგზა ისე აუბნია, რომ როგორ მოამარაგა რუსეთმა სომხეთი იარაღით სულ წვრილ-წვრილად დაფქვა.
როგორც „The Guardian“ „Wikileaks“-ის საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით წერს, ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა ელჩმა აზერბაიჯანში ენ დერსიმ შეიტყო.
„ენ დერისი 2009 წლის მარტით დათარიღებულ გზავნილში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან საფარ აბიევთან შეხვედრის თაობაზე იუწყება. საფარ აბიევმა ელჩს გაანდო, რომ მოსკოვში, არაფორმალურ შეხვედრაზე ანატოლი სერდიუკოვი ორი ბოთლი არყით ისე დათვრა, რომ სიფხიზლე დაკარგა და აღიარა: „რუსეთი სომხეთს იარაღს აწვდის... თქვენ ერთ პრეზიდენტს ემორჩილებით, მე კი - ორს“, - ნათქვამია სტატიაში.
ცნობისთვის: მთიანი ყარაბაღი ფორმალურად აზერბაიჯანის ნაწილია, თუმცა 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი ომის შემდეგ ოლქზე კონტროლს ეთნკური სომხები ინარჩუნებენ. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც ძირითადად სომხებით დასახლებულმა მათიანმა ყარაბახმა აზერბაიჯანის სსრ-დან გამოსვლის შესახებ განაცხადა.
1991 წელს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შეჩერება მხოლოდ 1994 წლის 12 მაისს მოხერხდა - მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა შეთანხმებას მშვიდობის შესახებ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია, მათ შორის - არც სომხეთს. რამდენიმეწლიანი ომის განმავლობაში 30 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი კი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გამო, დღემდე რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ს მონაწილეობით წარუმატებელი სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.