ხვალ ორშაბათია, მძიმე დღე. მსურს რომ მომავალ კვირას ამაღლებულ განწყობილებაზე შეხვდეთ. დღეს ქართველი პოლიტიკოსების მორიგ „სახალისო“ თავგადასავლებს შემოგთავაზებთ.
„თავგადასავლები“ ვახსენე და დღევანდელი წერილის პირველი გმირი ქალბატონი ელენე თვდორაძე ბრძანდება. „ელენე დეიდას“ ქართულად მეტყველება ცოტა არ იყოს უჭირს. ამ მიზეზის გამო კურიოზზულ მდგომარეობაში არაერთხელ ჩავარდნილა.
ქალბატონი ელენეს გარდა, დღვანდელ წერილში რამდენიმე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსის მოგონებებსაც შემოგთავაზებთ:
ელენე თევდორაძე (ისტორია პირველი)
„როცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ ვმუშაობდი, მრავალი უცნაური განცხადება შემოდიოდა ჩემს სახელზე. ერთი ასეთი განცხადება ვაზისუბნის დასახლებიდან მოვიდა, რომელსაც ხელს აწერდა იქ მცხოვრები მამაკაცი.
როგორც ჩანს, მის მეზობელს უყიდია მამალი, რომელიც, ყოველდღე, უფრო სწორად გათენებისას, დილის 5 საათზე იღვიძებდა და ყივილით აღვიძებდა ყველას და ამ კაცსაც. განცხადება ასე მთავრდებოდა: „რადგანაც ჩემი, როგორც ადამიანის უფლებები ირღვევა მეზობლის მამლის მიერ, თანაც ყოველდღიურად, გთხოვთ ამ მამალს თავი მოაჭრათ“.
ისტორია მეორე:
„ეს ის პერიოდია, როცა აკაკი ელიავა ტყეში იყო გასული და მისი 42 თანამებრძოლი ქუთაისის ციხეში გამოამწყვდიეს. პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს და მე მათთან მომიწია ჩასვლა. შევხვდი მოშიმშილეებს, ვისაუბრეთ... და იქ გავიგე, რომ ელიავასთან ტყეში იმყოფება მისი ერთ–ერთი თანამოაზრე, რომელსაც მეტსახელად კინ–კონგი ჰქვია.
ჩამოვედი თბილისში, სესია გვაქვს. ვითხოვ სიტყვას. ვდგები მიკროფონთან და ვაცხადებ:
- მე მინდა აღშფოთება გამოვთქვა იმის გამო, რომ ელიავა და კონკია...
ვინ მაცალა სიტყვის დამთავრება. ამ დროს ვხედავ, რომ მთელი დარბაზი „დაწვა“ სიცილისგან. მე, მართალი რომ გითხრათ, ვერ გავიგე, რაში იყო საქმე. ძალიან გავბრაზდი და ვამბობ:
- თუ შეიძლება, მომეცით საშუალება, რომ გავათავო და მერე გაშალეთ ხელები!...
დარბაზი ისევ „დაიწვა“ სიცილისაგან....
როგორც იქნა, კი მივხვდი, პირველად რამ გააცინათ (კინკონგის ნაცვლად კონკია ვთქვი), მაგრამ მეორედ...
ლაშა ნაცვლიშვილი:
„ჩემს შტაბში, რომელიც კინოთეატრის დარბაზში იყო განთავსებული, ყოველ წუთს უამრავი ხალხი ირეოდა, გიჟის ადგილიც იქაა, სადაც ხალხმრავლობაა, მით უმეტეს, იქ ხაჭაპური მოდის, სასმელი მოდის. გარეთ პლაკატებია გაკრული, ხმა მიეცით ლაშა ნაცვლიშვილს, ჩვენს გენერალს, ჩვენს უკანასკნელ იმედს.
შეხვედრა მაქვს ლაგოდეხის ინტელიგენციასთან. დარბაზი სერიოზული ხალხით გაივსო. დაიწყო პოლემიკა, მე ჩემსას ვამბობ, ისინი თავისას, ვკამათობთ, საკმაოდ დაძაბული ატმოსფეროა. ვგრძნობ, ცოტაც, მთელი ინტელიგენცია გადაბირებული მეყოლება და ამ დროს კარი იღება, გიჟმა შემოყო თავი და ხმამაღლა იყვირა: „ბევრს ნუ ატრაკუნებთ, ლაშას მიეცით ხმა“. ყველა გაჩუმდა და ერთმა პედაგოგმა ამოიოხრა: „რას ვიზამთ, კიდევ ერთხელ მოგვიწევს გიჟის ჭკუაზე გავლა...“
გოჩა ჯოჯუა:
„აფხაზეთის ომია, ოჩამჩირესთან მიდის პოზიციური ბრძოლა.
„რაციაში“ დეტალური საუბარი არ შეიძლება და კოდურ სახელებს ვიყენებდით. მაგალითად, ტყვია „კონსერვი“ იყო, ნაღმსატყორცნი - „სტაფილო“, ავტომატი - „ჩურჩხელა“, ტანკი - ”მოზვერი“, ხოლო ბენზინი - „წყალი“.
წინა ხაზზე ვართ, ძალიან შემოგვიტიეს, რადისტი არ იყო და ვიღაც რაციას ეცა:
- არიქა, გვიშველეთ, გვიტევენ!
- გამაგრდით, ერთი მოზვერი გამოშვებულია, - აცნობეს შტაბიდან.
- რა მოზვერი, კაცო? - გაგიჟდა, - მოზვერი რა ჯანდაბად გვინდა, ვიღუპებით.
- კარგი, მეორე მოზვერსაც ვუშვებთ, წყალს ასმევენ.
- ეხლა მასხრობის დროა? - დასაბმელი გახდა, - დახმარება გვჭირდება. მტერი გვიტევს.
მოკლედ, კაი 15 წუთი ეჩხუბებოდა და ბოლოს რაციაში ნერვებმოშლილი აფხაზის ხმა მოესმა:
- კრეტინ, იდიოტ, „მოზვერი“ ეტა ტანკ, ზატკნის!...“
ვალერი გელაშვილი:
„არჩევნების წინ სერიოზული კონკურენტები მყავდა და, ბუნებრივია, ყველა თავისებურად ვცდილობდით ამომრჩეველთა გულის მოგებას. თუმცა კანონი განსაზღვრავს, რისი გაკეთების უფლება აქვს მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატს და რისი - არა.
შტაბში, ჩემს ოთახში ვზივარ, სამოქმედო გეგმებს ვამუშავებ და უცებ ერთ - ერთი აგიტატორი აქოშინებული შემოვარდა:
- ბატონო ვალერი, ახლახან ხალხის ლაპარაკს მოვკარი ყური - „დემოკრატები“ „ცოცხალს“ არიგებენო.
ხაშურში „ცოცხალი“ არავის უკვირს, დიდი რაოდენობით იჭერენ, მაგრამ დარიგება, კაცო?!
- რას ამბობს, ტყუილი იქნება, - არ დავუჯერე.
- იქნებ გადაგემოწმებინათ? -წამოაყენა იდეა.
მაშინვე ჩემი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს დავურეკე:
- „დემოკრატები“ ცოცხალს მართლა არიგებენ?
- კი, არიგებენ, მეც შემხვდა, აგერ მიდევს მაგიდაზე.
- მერე, სირცხვილით მაგას როგორ მეუბნები ბიჭო? - გამოვედი მოთმინებიდან.
- ბატონო ვალერი, ხომ უნდა გავიგო, რა მეთოდებით იბრძვიან? - დაიბნა.
- თუ არ შეჭამე, ისე ვერ გაიგებ?
- შეჭმა რა შუაშია, - ჩაფიქრდა და სიცილი დაიწყო, - გეშლებათ, „ცოცხალი“ თევზი კი არა, „დემოკრატების“ გამოშვებული გაზეთის სახელია...“