სემეკი კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების შესახებ მთავრობასთან ერთად იმსჯელებს. მოსახლეობა უკვე უმძიმეს ვითარებაშია. სახლებში გამომწყვდეულ ხალხს არც საარსებო სახსარი აქვს და არც არავინ ეხმარება თუნდაც დენისა და გაზის გადასახადის დაფარვაში.
მარეგულირებელი კომისია შეღავათების საკითხს კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე განიხილავს. მოსახლეობის ნაწილი ვირუსის გამო, უსამსახუროდ დარჩა, ტურისტული ობიექტების დიდი ნაწილი კი დაკეტილია და მათ შემოსავალი არ უფიქსირდებათ. სწორედ ამიტომ, ბიზნესი უკვე საუბრობს იმის შესახებ, რომ საჭიროა გადასახადების გადავადება, რადგან მათ დღეს თანხები არ გააჩნიათ.
„ამ ეტაპზე კომისიაში მიმდინარეობს მომხმარებელზე დარიცხული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და უახლოეს დღეებში კომისია მიიღებს გარკვეულ ზომებს, რათა ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე მოხდეს ადეკვატური რეაგირება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების ანალიზი და ამის საფუძველზე კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას. მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, რომ ერთი მხრივ, უნდა მოხდეს მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება, რომლებიც ამ მდგომარეობის გამო დაზარალდნენ, მეორე მხრივ, გათვალისწინებული უნდა იყოს განაწილების ლიცენზიანტების ინტერესებიც. ამასთან, პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ენერგიით უწყვეტად და საიმედოდ მომარაგება, რისი პრობლემაც დღის წესრიგში არ დგას“, - აცხადებენ სემეკში.
რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, როგორც სემეკში განმარტავენ, მოწყვლადი ჯგუფებისათვის შესაძლოა, ამოქმდდეს გარკვეული შეღავათები. ამის თაობაზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა სემეკსა და მთავრობას შორის.
იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს შეუძლია გადასახადისგან გაათავისუფლოს ის ფიზიკური თუ ირიდიული პირი, რომლებიც ვერ ასრულებენ საგადასახადო ვალდებულებას.
„ბოლო დღეებში არა მხოლოდ მოქალაქეებისთვის, არამედ ბიზნესისთვისაც კომუნალურ შეღავათებზე მიდის ბევრი საუბარი. აქ შეგვიძლია ორი მიდგომა განვიხილოთ. ენერგია არის პროდუქტი, რომელისაც ყიდის ბიზნესი. ეს ბიზნესი არის მკაცრ კონტროლ ქვეშ და მის სატარიფო პოლიტიკას სახელმწიფო არგულირებს, ანუ სემეკი ადგენს ტარიფებს.
მთავრობას ერთადერთი ბერკეტი აქვს, რომ მოახდინოს სუბსიდირება, რაც, რა თქმა უნდა, იქნება ტვირთი. ჩვეულებრივ პირობებში ხელისუფლება ისედაც იყენებს ამ ინსტრუმენტს. სოციალურად დაუცველ პირებს უხდის დენისა თუ ბუნებრივი აირის გადასახადებს. ასე რომ, ამ მიმართულებით მთვრობას დიდი ბერკეტი არ გააჩნია. აქ ყველაფერი დამოკიდებულია კომპანიების მზაობას და მათი განაცხადის შესაბამისად სემეკის გადაწვეტილებაზე.
ბუნებრივი აირის ტარიფი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი არის ტრანსპორტირება. თუკი ტრანსპორტირების კომპანია, რომელიც არის სახელმწიფო კონტროლქვეშ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში ტრანსპორტირების კომპონენტისგან ტარიფს გაათავისუფლებს, ეს კომპანიებისთვის შეღავათი იქნება და ისინიც მთავრობასთან ერთად იფიქრებენ შეღავათებზე“, - განაცხადა ალაფიშვილმა.
რაღაც სახის შეღავათი რომ იქნება, ამას ეკონომიკის მინისტრიც ადასტურებს. ნათია თურნავა ამბობს, რომ შეღავათებზე მუშაობა დაწყებულია და მთავრობა შესაბამის წინადადებას რამდენიმე დღეში წარმოადგენს. ჯერჯერობით კონკრეტული დეტალები მთავრობის მხრიდან არ გაჟღერებულა, არადა რეგიონებში დენისა და გაზის იძულებით გათიშვა უკვე დაიწყო.