საქართველოს ახალი უცნაური პრობლემა შეექმნა. დისკუსია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელიც ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს. სააკაშვილის მოწინააღმდეგეები არასოდეს მოუსმენენ «ნაციონალურ მოძრაობას», მისი წარსულიდან და დღევანდელი მოქმედებიდან გამომდინარე, და მისგან ახალი მთავრობის კრიტიკას არ მიიღებენ, ხოლო სხვა ოპოზიციური პარტიები თავს იკავებენ მთავრობასთან სერიოზულ პოლემიკაში შესვლისგან, რათა უნებლიეთ წყალი «ნაციონალების» წისქვილზე არ დაასხან. ეს ძნელად შესამჩნევი, თუმცა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რომელმაც შეიძლება ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს. საზოგადოებასა და ოპოზიციას («ნაციონალების» გამოკლებით), მთავრობასთან სასაუბრო ბევრი აქვს და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ეტაპზე, ცვლილებების პროცესში, როდესაც ახალი სისტემა «ჩაბეტონებული» ჯერ არ არის, მაგრამ ყოფილი მმართველი პარტიის მიზეზით, ეს დისკუსია სათანადო ფორმებს ვერ პოულობს, მეტიც, რეალურად არც მიმდინარეობს, რაც არაჯანსაღ, დემოკრატიისთვის საზიანო ვითარებას ქმნის.
როდის დასრულდება გარდამავალი პერიოდი?
«ნაციონალური მოძრაობის» დღევანდელ ტაქტიკას პირობითად შეიძლება «ვაი უშველებელი» ეწოდოს. მისი წარმომადგენლები ცდილობენ სახელმწიფოს ტოტალური ნგრევის აპოკალიფტური სურათი დახატონ. სოციალურ ქსელებში ჩამოყალიბდა «პროფესიონალი მოვიშვიშეების» კასტა, რომელიც, ნეგატიური ფაქტების შეგროვება-ინერპრეტაცია-გავრცელების გარდა, სხვას არაფერს აკეთებს; მეტიც, ცდილობს, საქმე ისე წარმოაჩინოს, რომ ყოველივე ცუდი მათ თვალწინ ხდება. ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ მათგანს დღეში ხუთჯერ აყაჩაღებენ, სამჯერ კლავენ და მინიმუმ ერთხელ აუპატიურებენ; თანაც ყოველივე ეს, როგორც წესი, უწყლობისა და უშუქობის ფონზე «ემართებათ». იმავეს, ცხადია, უფრო დახვეწილი ფორმით «ნაციონალური მოძრაობის» მაღალი რანგის წარმომადგენლები და მათ კონტროლქვეშ დარჩენილი მედიასაშუალებები აკეთებენ. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ილაპარაკონ ის, რაც მოესურვებათ, ჩვენთან (იდეაში) დემოკრატიაა, მაგრამ არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ოპონენტები დასცინიან მათ და, პოლემიკაში შესვლის გარეშე, თავიდან იცილებენ. ამას, ერთის მხრივ, სავსებით გასაგები, ლოგიკური ახსნა აქვს, თუმცა მეორე მხრივ, ამ პრაქტიკის გამოყენება რამდენადმე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კარგს არაფერს მოიტანს. ოპონენტის იგნორირება ჩვევაში არ უნდა გადავიდეს; ხვალ, როდესაც ხელისუფლებას დასაბუთებული კრიტიკით, ახალი («არანაციონალი») ოპონენტები მიადგებიან, ის ადეკვატურად უნდა გაესაუბროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, «ნაცმოძრაობის» მთავარ შეცდომას გაიმეორებს.
პენსია, დაზღვევა, სოციალური დახმარება, განათლების დაფინანსება, ენერგეტიკა და ტარიფების შემცირების საკითხი, სოფლის მეურნეობასთან და ინვესტორების მოზიდვასთან დაკავშირებული პრობლემები, საგარეო და საკადრო პოლიტიკა, კონფლიქტების მოგვარება და ა. შ. _ რაც მალე დავიწყებთ საუბარს ყოველივე ამაზე, მით უკეთესი. მთავრობას ასეთი გეგმა აქვს? კი, ბატონო, მაგრამ იქნებ სხვანაირად, აი ასე გავაკეთოთ? იქნებ მთავრობა ცდება? მოდით, პრობლემის მოგვარების სხვა სტრატეგია ავირჩიოთ. არ გვეთანხმებიან? ვეკამათოთ, გავაკრიტიკოთ და დავარწმუნოთ! დაახლოებით ასე, რეპლიკებად თუ დავშლით, გამოიყურება საზოგადოების ხელისუფლებასთან ურთიერთობის ნორმალური პრაქტიკა, მაგრამ დღეს ჯერ კიდევ გრძელდება პოლიტიკური ომი სააკაშვილის რეჟიმთან (უფრო სწორად, იმასთან, რაც მისგან დარჩა), ხოლო სანგრებში, როგორც ცნობილია, მსგავსი დისკუსიების გამართვა მიღებული არ არის. ვითარება 1945 წლის აპრილს მოგვაგონებს _ ყველაფერი გადაწყვეტილია, მაგრამ მოწინააღმდეგეს კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და, შესაბამისად, ომი გრძელდება. აქედან გამომდინარე, მთელი კრიტიკა და აზრთა სხვაობა ბრძოლის წარმოების ნიუანსებამდე დადის: «ნაღმსატყორცნები არ კმარა, ჰაუბიცები აამოქმედე და ბარემ ავიაცია გამოიძახე!»
ფაქტია, საზოგადოების დიდი ნაწილი «ნაცმოძრაობას» წარსულისა და დღევანდელი დესტრუქციული პოზიციის გამო, სრულუფლებიანი ოპოზიციური ძალის სტატუსზე უარს ეუბნება, მთელ რიგ ეპიზოდებში აშკარა საბოტაჟში ადანაშაულებს და არ უსმენს მას. ეს, სხვა ფაქტორებთან ერთად, უნიკალურ ვითარებას ქმნის: ერთის მხრივ _ ხელისუფლება, მეორე მხრივ (ჯერაც მოლოდინის რეჟიმში მყოფი) _ ოპოზიცია, «მესამე მხრივ» კი _ «ნაციონალური მოძრაობა», არც ხელისუფლება, არც ოპოზიცია, მოკლედ, კაცმა არ იცის რა. ცხადია, დიდხანს ასე არ გაგრძელდება, ადრე თუ გვიან სისტემა ბუნებრივ, გაწონასწორებულ მდგომარეობამდე მივა (სახეცვლილი «ნაცმოძრაობის» ინტეგრირების თუ პოლიტიკისგან მისი იზოლირების შედეგად, ამ კონტექსტში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს; თუ ამ მომენტისთვის გამოკვეთილი ტენდენციების მიხედვით ვიმსჯელებთ, უფრო სავარაუდო მეორე ვარიანტი ჩანს). მთავარია, ეს გარდამავალი პერიოდი, მალე და შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ დასრულდეს, რაც მხოლოდ «ნაცმოძრაობის» საბოლოო სტატუსისა და როლის (ან მათი არარსებობის) დაფიქსირების შემდეგ მოხდება.
ჯერჯერობით კი ისევ იმ პრობლემებზე საუბარი მოგვიწევს, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია ახალი და ძველი ხელისუფლების ბრძოლის და არა ქვეყნის განვითარების კონტექსტში, მათ შორის იმიტომ, რომ ყველაზე მეტად დღეს საზოგადოებას ეს აინტერესებს.
კარგ გამგონს კარგი მთქმელი უნდა
ახალი მთავრობა ცოტა ხნის წინ დამტკიცდა, თუმცა უკვე აშკარაა, რომ, საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, გარკვეული სირთულეები აქვს. საუბარია საზოგადოებამდე ძირითადი გზავნილების მიტანაზე _ იქ, სადაც სიცხადე უნდა სუფევდეს, ხშირად სრული ბუნდოვანებაა.
მაგალითად, გადაწყვეტილება უმაღლესი განათლების დაფინანსების გაორმაგების შესახებ, აუდიტორიამდე ისე მიიტანეს, რომ მისმა ნაწილმა ჩათვალა, რომ სწავლის საფასური გაორმაგდება. ამ გაურკვევლობის წარმოქმნას ხელი «ნაციონალების» პროპაგანდისტულმა მანქანამაც შეუწყო, თუმცა ეს ხელისუფლების შეცდომას არ ამართლებს, მან მოკლე და კონკრეტული საუბარი, ძირითადის და მეორეხარისხოვანის ერთმანეთისგან გამიჯვნა უნდა ისწავლოს (ყველაზე მეტად თქმული, ალბათ, ნოდარ ხადურსა და გიორგი მარგველაშვილს ეხება; ორივე კარგი ლექტორი და მოსაუბრეა, თუმცა ამჯერად მათ წინაშე ცოტა სხვა სახის ამოცანები დგას). ამასთანავე, რაც უფრო იშვიათად იტყვიან პრემიერი და მინისტრები «არ ვიცი»-ს, მით უკეთესი; აქ საუბარი იმაზე როდია, რომ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებივით ყოვლისმცოდნეობაზე უსაფუძვლო პრეტენზია ჰქონდეთ, მაგრამ გაურკვევლობის დოზა, სასურველია, შემცირდეს. ეს, როგორც მთავრობის, ისე საზოგადოების ინტერესებში შედის.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მომიჯნავე სფეროს ეხება, სალომე ზურაბიშვილმა («ფეისბუკზე») აღწერა, მას შემდეგ ფრანგულ პრესაში რამდენიმე ახალი ხელისუფლების იმიჯისთვის საზიანო წერილი გამოქვეყნდა: «ალბათ, დროა მიხედვისა... «ნაცებს» სხვა საქმე არ აქვთ და ამ საქმეს გულმოდგინებით ეკიდებიან _ ახლახან ახალი ლობისტური ფირმა შექმნეს თუ დაიქირავეს... ამაზე, ცხადია, საელჩო არც რეაქციას იძლევა, არც თბილისს ატყობინებს... შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ ეს უმნიშვნელოა, მაგრამ ეს უარყოფითი სურათის შექმნაა, რომელიც საქართველოსთვის უფრო საყურადღებოა, ვიდრე სტრასბურგში ცეკვა-თამაში... ანუ ჩვენი ქვეყნისა და ახალი მთავრობის დემოკრატიულობის ეჭვის ქვეშ დაყენება... იგივე მიმდინარეობს ყველგან. სააკაშვილს ემსახურებიან ადგილზე დღეს კიდევ მყოფი ელჩები და ახალი თუ ძველი ლობისტები და ახალ ხელისუფლებას კი არავინ არც იცავს...
უცხო პრესას ყურადღებასაც არ ვაქცევთ, ვითომც არ არსებობდეს, როცა ესენი (ნაცები) მთელ ენერგიას აქეთ ხარჯავენ... რატომ არავინ უხსნის ივანიშვილს, რომ ძველი ელჩები ახლავე მოსაშორებელია და უცხოეთში მისი პიროვნება და პოლიტიკა წარმოსაჩენია?
ეს უცოდინარობაა თუ დივერსია?»
თუ დიპლომატები მართლაც «ნაციონალური მოძრაობის» დაკვეთას ასრულებენ და უცხოეთში საკუთარი ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ მოქმედებენ, ეს შეუწყნარებელი სიტუაციაა, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს, თუმცა ყოფილი მინისტრის განცხადებას კიდევ ერთ ნაკლებად შესამჩნევ პრობლემამდე მივყავართ. ცხადია, ვერავინ აუკრძალავს სააკაშვილს, დაიქირავოს ლობისტები და ბეჭდოს უცხოურ მედიაში ის, რაც მოეხასიათება (იმ შემთხვევაში, თუ ამას ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე არ გააკეთებს), მაგრამ, თუ «ქართული ოცნება» (ან ვინმე სხვა, მაგრამ არა უშუალოდ მთავრობა) არ იმოქმედებს უცხო ქვეყნების ლობისტურ და მედიასივრცეში ისევე აქტიურად, როგორც ამას არჩევნებამდე აკეთებდა, ეს უდავოდ აისახება საქართველოსა და მისი პარტნიორი სახელმწიფოების ურთიერთობაზე და არა მხოლოდ (და არა იმდენად) იმიტომ, რომ უცხოელები ჩვენი ქვეყნის შესახებ ცუდ ინფორმაციას წაიკითხავენ ან ეს პოტენციურ ინვესტორებს დააფრთხობს. მთავარი პრობლემა ქართული საზოგადოების განწყობასა და მოსალოდნელ რეაქციაშია. საქმე ისაა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უცხოელ პარტნიორებს ლაქიასავით ესაუბრებოდა და ეს (სხვა ყველაფერთან ერთად) მის ოპონენტებს აღიზიანებდა. ამ სტილიდან გამომდინარე, ზოგიერთი უცხოელი ვერ გრძნობდა ზღვარს, სადაც მთავრდება რჩევა და იწყება საშინაო საქმეებში ჩარევა, და საკუთარი დიდაქტიკური მონოლოგებით ქართველებს კიდევ უფრო მეტად აღიზიანებდა, რომელიც დაახლოებით ასეთი ფორმით გამოიხატებოდა: «საკუთარ თავს და მსუბუქი ყოფაქცევის მამიდას მიხედონ». თუ ასე გაგრძელდა (და «ნაციონალების» საინფორმაციო კამპანია უცხოეთში ამას ხელს უწყობს), საქმე სრულ გაუცხოებამდე და, საბოლოოდ, ურთიერთობების გაფუჭებამდე მივა, რის ფუფუნებაც საქართველოს, როგორც სუსტ სახელმწიფოს, არ აქვს. ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში გაცილებით ღირსეული ტონალობა აირჩია, ვიდრე სააკაშვილმა თავის დროზე, მისი მხარდამჭერები და საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამას, სავარაუდოდ, მიესალმება, მაგრამ უცხო ქვეყნებში ლობისტებთან და მედიასთან იმ მუშაობის გარეშე, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ურთიერთობებში უცხოელ პარტნიორებთან დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი სირთულე გაჩნდება. ისე, რა კარგია, რომ შუა საუკუნეებში არ ვცხოვრობთ, თორემ ხელისუფლების დასაბრუნებლად მიხეილ სააკაშვილი, ალბათ, არა ფრანგულ გაზეთებს, არამედ მონღოლურ ურდოებს გამოიყენებდა.
არის სხვა მსგავსი სირთულეებიც, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა კომუნიკაციისა და პრეზენტაციის პრობლემებამდე დაიყვანება.
კადრები ყველაფერს როდი წყვეტენ
საზოგადოებაში გაჩნდა რიგი ეჭვნარევი კითხვები ახალი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ამ თემაზე საუბარს კი საინტერესო კითხვამდე მივყავართ: ვის უნდა შევადაროთ ეს კადრები? ცხვირმოუხოცავ უვიც სადისტებს, რომელთაც საკვანძო თანამდებობებზე «ნაციონალები» ნიშნავდნენ, შევარდნაძის, გამსახურდიას თუ კომუნისტების დროინდელ ჩინოვნიკებს უარყოფითი თვისებების მთელი ბუკეტით, თუ ვიღაც იდეალურ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც მეტწილად ჩვენს წარმოსახვაში არსებობენ. რა მივიღოთ მხედველობაში, უპირველეს ყოვლისა, ბიოგრაფია, ცალკეული გამონათქვამები («ნაციონალები», პრინციპში, ამ გზით წასვლას გვთავაზობენ) თუ საქმე, რომლის კეთება სულ ახლახან დაიწყეს? ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დღევანდელი საკადრო გადაწყვეტილებების არცთუ მცირე ნაწილი ნაკარნახევია არა მშვიდი აღმშენებლობის, არამედ გააფთრებული ბრძოლის ლოგიკით, რომელიც «ნაციონალურ მოძრაობასა» და «ქართულ ოცნებას» შორის ჯერ კიდევ გრძელდება.
ცუდი ჩინოვნიკის პრობლემა საქართველოში იარსებებს მანამ, სანამ საზოგადოება მათ გაწვრთნას არ დაიწყებს ისეთივე ხისტი მეთოდებით, როგორითაც ცირკში ძნელად მოსათვინიერებელ მტაცებელ ცხოველებს წვრთნიან. ვერც ივანიშვილი, ვერც მამაზეციერი ვერაფერს გახდება, თუ საზოგადოება საკუთარ თავზე არ აიღებს იმ მისიას, რომლის შესრულება მხოლოდ მას შეუძლია, და მისი თითოეული წევრი, როგორც ინსპექტორი, ყურადღებით არ დააკვირდება იმ ჩინოვნიკების ქცევას, რომლებიც მისი თვალთახედვის არეში მოხვდებიან. გადაიქცევიან «ახალი კადრები» მეტ-ნაკლებად (იდეალური ამქვეყნად არაფერია) კარგ ჩინოვნიკებად თუ ბანალურად გაღორდებიან, უპირველესად, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მომთხოვნი და (კარგი გაგებით) დაუნდობლები ვიქნებით მათთან ურთიერთობაში. ახლა კარგი მომენტია იმისთვის, რომ პროცესი «სუფთა ფურცლიდან» დაიწყოს.
საკადრო საკითხის კონტექსტში დგება სააკაშვილის დროინდელი (მეტწილად საშუალო რგოლის) ჩინოვნიკების პრობლემაც. მთავარია არა მათი კვალიფიკაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფრიად ფარდობითია, არამედ ის, რომ მათ გამოცდილება იმ პირობებში დააგროვეს, როდესაც სახელმწიფო მანქანა უსიტყვოდ ასრულებდა მმართველი ჯგუფის პოლიტიკურ დაკვეთებს, რაც ხშირ შემთხვევაში კანონის მიჯნაზე, მეტის მის მიღმა მოქმედებას უკავშირდებოდა. ხომ არ გადაიქცნენ ამ პერიოდში ეს ადამიანები «მონობის ვირუსის» მატარებლებად და მოახდენენ თუ არა უარყოფით გავლენას მთელ სისტემაზე, ზემდგომებთან ბატონყმური, ხოლო მოსახლეობასთან მონათმფლობელური ურთიერთობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით? ფაქტია, პრობლემა არსებობს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ადამიანების მასობრივი გამოყრა სახელმწიფო სამსახურიდან, მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ იქ სააკაშვილის მმართველობის წლებში მუშაობდნენ, არ შეიძლება. ალბათ, მათ უნდა მიეცეთ გარკვეული დრო იმისთვის, რომ ახალ რეალობაში ცხოვრება და მუშაობა ისწავლონ, ეს არა მხოლოდ ჰუმანური, არამედ რაციონალური გადაწყვეტილება იქნება, რომელიც, ცხადია, მათ, ისევე როგორც სხვა ჩინოვნიკების, მოქმედებაზე საზოგადოებრივი კონტროლის შერბილებას სულაც არ გულისხმობს.