ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ორი მოდელია და ოთხი სცენარი, საიდანაც გამოდის, რომ, თუ წარუმატებელი იყო ის ზომები, რომლებიც მიიღო სახელმწიფომ, ვირუსის შენელების კუთხით, მაშინ პიკი გვექნება ერთი თვის განმავლობაში და ეს პიკი წალეკავს სისტემას, თუმცა ამას ნაკლებ სავარაუდოდ თვლის, რადგან ადამიანები ქუჩაში ნაკლებად დადიან. გარდა ამისა, იგი მიიჩნევს, მნიშვნელოვანია, ადამიანები, იმ შემთხვევების გამო, რომელთა მართვაც შესაძლებელი იქნება, ბინაზე დარჩნენ, ისარგებლონ ოჯახის ექიმის სერვისით და არ გადატვირთონ კლინიკები.
for.ge აკაკი ზოიძეს ესაუბრა.
სპეციალისტების განცხადებით, სწრაფი ტესტების გაკეთების საჭიროება დგება მაშინ, როდესაც ქვეყანაში იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად და წყაროების დადგენა არ არის ადვილი. თუ მოიმატებს საქართველოში მკვეთრად შემთხვევები, მაშინ დადგება საჭიროება მოხდეს ტესტის ჩატარება და ამ დროს აპრობირებულია სწრაფი ტესტის ჩატარება, მაგრამ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტესტირების ჩატარება მასიურად შეუძლია ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს. ბატონო აკაკი, მასიური ტესტირება რას ნიშნავს, ადამიანს შეუძლია მივიდეს და მოითხოვს ტესტის ჩატარება?
აკაკი ზოიძე: არა, რა თქმა უნდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ექიმის დანიშნულება. ტესტირება გამოიყენება სამი მიზნისთვის: პირველი – შევამციროთ ვირუსის გავრცელება, ანუ გავაკეთოთ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოთავსდნე იზოლაციაში, ან კარანტინში. ანუ, რეალურად ისინი, ვინც ინფიცირებული არიან. მეორე – გავაკონტროლოთ რამდენად ეფექტიანია ის ზომები, რასაც ვიღებთ. კერძოდ, საგანგებო მდგომარეობა; ტრანსპორტის შეზღუდვა; ფიზიკური დისტანცირება; სასწავლო პროცესის შეწყვეტა და ა.შ. რამდენად გვაძლევს იმ ეფექტს, რაც არის. მასობრივად აუცილებლად ჩატარდება ტესტირება, ოღონდ კონკრეტულ რისკჯგუფებზე, მას ვისაც გადაწყვეტს ექიმი.
ამ შემთხვევაში რისკჯგუფი ვინ შეიძლება იყოს?
– მაგალითად, უკვე ეს არის მარნეული და ბოლნისის მთლიანი მოსახლეობა. ამ რაიონის მაცხოვრებლებიდან ვინმეს თუ ექნება რამე სიმპტომი, მას აღარ დასჭირდება როგორც აქამდე იყო მოგზაურობის ისტორია დამატებით კრიტერიუმად. ამ შემთხვევაში ის ექვემდებარება სწრაფ ტესტირებას. თუ დადასტურდება, ასეთ შემთხვევაში, გადამოწმებას ჩაუტარებენ ლუგარის ლაბორატორიაში.
ამის გარდა, რისკჯგუფებს მიეკუთვნება ყველა ის პერსონალი, რომელსაც გადაუდებელ და საგანგებო სიტუაციის პერიოდში პოტენციურად მაინც ჰქონდა შეხება. პირველ რიგში, ეს არის სამედიცინო პერსონალი, რომელთაც ყოველდღიურად უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება. ასევე არიან: - პოლიცია; საგენგებო სიტუაციის მართვის დეპარტამენტი და კორესპონდენტები.
მესამე – რჩება იგივე ჩვენებები. აქამდე 1000–ზე მეტი ტესტი არის ჩატარებული ყველა იმ შესაძლო საეჭვო შემთხვევის შემთხვევაში, რომელსაც უკვე ჰქონდა სხვა ისტორია. 6 ათასი ადამიანი, რომელიც 14 დღის განმავლობაში, უნდა იყოს კარანტინში და იზოლაციაში, თი ტესტის ჩატარებიდან მეოთხე ან მეხუთე დღეს აჩვენებს უარყოფით პასუხს, არ უნდა გამოვიდეს გარეთ და ჩაითვალოს, რომ მას ვირუსი არ აქვს, რადგან ეს არის საფრთხე, რადგან უკვე გვაქვს შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, მესამე და მეოთხე დღეს არ ჰქონდათ, მაგრამ გამოუვიდათ მხოლოდ მეცამეტე დღეს. ჩვენ ასეთი ადამიანი გვყავს ინფექციურ საავადმყოფოში. ამიტომ, პირიქით, ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან, ამან გააჩინა ეს მოლოდინი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტესტი გამოყენებული იქნას მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და არავითარ შემთხვევაში თვითნებურად.
რაც შეეხება კერძო ტესტებს, რომელიც უკვე არის ბაზარზე და არ ვართ დაზღვეული, რომ ადამიანი თვითნებურად გაიკეთებენ, ვინ გააკონტროლებს როგორც ამ ტესტების ხარისხს და ასევე ფასებს?
– ხარისხს, ისევე როგორც ფასს გააკონტროლებს სახელმწიფო, მაგრამ თუ ადამიანს სიმპტომები არ აქვს, რეკომენდირებული არ არის ტესტის გაკეთება. არავითარი აზრი არ აქვს. შეიძლება დღეს არ ჰქონდეს სიმპტომი, ან ინფექცია და შეიძლება სამი დღის შემდეგ გამოაჩნდეს. ალერგიის სეზონია, გრიპის სეზონია, მცირე სიცხე გექნებათ თუ ცემინება, ეს არ ნიშნავს, რომ უკვე ვირუსია. მხოლოდ და მხოლოდ ექიმთან კონსულტაციით უნდა დაადგინოთ გჭირდებათ თუ არა ტესტი.
იტალიაში, ჩინეთში მოხდა ზუსტად ეს. შეშინებული ხალხი მიაწყდა საავადმყოფოებს და დიდი ნაწილი დაავადდა ამ რიგებში, იმიტომ რომ ახლო–ახლო კორიდორებში მოხდა ადამიანების დიდი ხნით გაჩერება და იდეალური პირობები შეიქმნა ვირუსის გავრცელებისთვის. ამ შემთხვევაში კი, როდესაც ტესტირებას დაუნიშნავს ექიმი, ისეთ დროს მოხდება დაბარება, რომ არ იქნება რიგები და მოხდება კონტროლი, რომ ინფექციის დამატებით გავრცელების რისკი არ იყოს.
პროგნოზების გაკეთება უმადური საქმეა, მით უმეტეს ამ შემთხვევაში, მაგრამ ადამიანს უკვე არ აინტერესებს რა ხდებოდა გუშინ და დღეს, არამედ ელოდება იმას, რა იქნება ხვალ და ზეგ. გავრცელების თვალსაზრისით, რამდენად გვაქვს პრობლემა ხვალ და ზეგ?
– პირდაპირ გეტყვით – ჩვენზეა დამოკიდებული. ტესტები არ არის პანაცეა. ტესტები გვეხმარება იმაში, რომ მოვახდინოთ იმ ადანიანების აღრიცხვა, რომლებიც იზოლაციაში უნდა გადავიდნენ. იზოლაცია არის ერთადერთი საშუალება, რომ შევამციროთ ვირუსის გავრცელება და ყველა ამას გვირჩევს. ტესტირებაც ამიტომ არის, რომ გავიგოთ და მოვახდინოთ იდენტიფიცირება. ფაქტი, რომ ინფიცირებული ხარ, ამის ცოდნა არაფერს გაძლევს, მაშინვე იზოლაციაში უნდა გადახვიდე, ისევე როგორც შენთან კონტაქტში ყველა პირი და ამისთვის არის სწრაფი ტესტი. ამიტომ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ დავიცავთ იზოლაციის წესებს, თუ უკიდურესად შევამცირებთ კონტაქტებს სასიცოცხლო აუცილებლობის გარდა – ეს არის აუცილებელი. დანარჩენი დამოკიდებულია მოქალაქეების თვითშეგნებაზე. მაგრამ დამრღვევი ადამიანები რისკს უქმნიან მოქალაქეებს და პლუს თავისი ოჯახის წევრებს. პირველ რიგში, ეს არის გასაკეთებელი, თორემ რამდენიმე სცენარის მოდელირება არსებობს - სისტემის მზაობა, გეგმები, ეს ყველაფერი დევს, მაგრამ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დავიცავთ წესებს. საგანგებო მდგომარეობა, ჯარის გამოყვანა ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ინდივიდუალური ადამიანის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ დაიცვას ეს წესები, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ზომა, რაც შეიძლება მიიღო.
არის ასეთი მოლოდინი, რომ აპრილის ბოლოდან შეიძლება კლებისკენ წავიდეს პროცესი. კლიმატური პერიოდულობა ახასიათებს ამ ვირუსს?
– დიდი იმედი მაქვს, მაგრამ პირიქით, რეალურად ჩვენ ახლა დაგვეწყება ზრდა. სამი თვე არის გამოსაცდელი პერიოდი. აპრილის 17–18–დან მეტ-ნაკლებად გვეცოდინება კლიმატური პერიოდულობა ახასიათებს თუ არა კონკრეტულად ამ ვირუსის პანდემიას. თბილი ამიდების დადგომის გამო დაიკლებს თუ არა დაინფიცირებულთა რიცხვი ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ჩვენთან, როგორც სხვა ვირუსებს ახასიათებს, ამას დღეს ვერავინ ვერ იტყვის და თუ ვინმე ამის პროგნოზს აკეთებს, აკეთებს საკუთარი რწმენის შესაბამისად.
ერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ ეს უფრო ბროლის ბურთში ყურებას გავს. შეიძლება 50–50–ზე იყოს, შეიძლება სხვა განაწილება იყოს. რა თქმა უნდა, ყოველთვის უკეთესის მოლოდინში უნდა ვიყოთ, მაგრამ მზადება უნდა იყოს უარესისთვის, სისტემა მზად უნდა იყოს უარესისთვის. არ დაგვემართოს ის, რაც დაემართა იტალიას, ესპანეთს და ბევრს ჩვენზე უფრო განვითარებულ ქვეყანას. ასე რომ, რაც შეიძლება ნელი ზრდის ტემპი უნდა შევინარჩუნოთ. ეს არის ჩვენი ამოცანა შემდგომი სამი თვის განმავლობაში, თუ კლიმატური ცვალებადობა და შემცირება არ მოხდება.
მძიმე ვითარებაა ევროპის ქვეყნებში, პრაქტიკულად, შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება. რა პერიოდში უნდა ველოდოთ ევროპისკენ დადებით პროგნოზებს?
– ამისთვის გვაქვს ჩინეთის გამოცდილება, სადაც მასობრივად იყო ეს პროცესი. მაგრამ ჩინეთმა სამ თვეში მოახერხა კლება. დეკემბერში გამოჩნდა პირველი შემთხვევები და სადღაც თებერვლის ბოლოსკენ დაიწყო კლება და დღესდღეობით კონტროლქვეშ არის პროცესი. თუ არის პრობლემა, ისიც ძირითადად, გარედან შეტანილი და არა შიდა გადაცემით. კი, თავიდან გაექცათ პროცესი, მაგრამ მიიღო საკმაოდ მკაცრი ზომები, ჯარიც გამოიყვანეს და ლამისაა კომენდატის საათი იყო უხამის პროვინციაში.
იტალიის და ესპანეთის შემთხვევაშიც იგივე პერიოდი უნდა ვიფიქროთ, ვირუსის გავრცელება მოხდა ჩქარა. შესაბამისად, შენელებაც უფრო დიდ დროს დაიკავებს და ალბათ, ამათაც დასჭირდებათ სამ თვეზე უფრო მეტიც, რომ კლებისკენ წავიდეს სიტუაცია. იტალიამ უკვე ბოლოსკენ ძალიან მკაცრი ზომები მიიღო. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მიიღებენ მკაცრ ზომებს და რამდენად მოახერხებენ ამ ზომების დაცვას და შენარჩუნებას. იმიტომ, რომ ამას მერე ეკონომიკური განზომილება აქვს. რაც უფრო მკაცრ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ზომებს იღებ, მით უფრო დიდია ეფექტი ეკონომიკაზე.
რაც გვაჩვენა ეპიდემიის ამ გაკვეთილებმა არის მაქსიმალურად ადეკვატური ზომები სწორ დროს, სწორი დოზით და სწორ კონტიგენტზე. მთავრობის როლია სწორი ზომების მიღება, ჩვენი მეცნიერების როლი იმაში მდგომარეობს, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იმას, შესაბამისი დოზით და სიმკაცრით სწორ დროს იყოს ზომები მიღებული. როცა საჭიროა შერბილდეს და როცა საჭიროა გამკაცრდეს. ამისათვის არის საჭირო ვაკონტროლოთ ეპიდემია, გამოვიყენოთ ტესტები, რომ ვიცოდეთ რამდენად მოაქვს ეფექტი ჩვენს ზომებზე.
ევროპაშიც ანალოგიური მიდგომაა. ამას აკეთებს ყველა დიდი ქვეყანა. გერმანია ჯერჯერობით უფრო წარმატებით ართმევს თავს, იატალიასა და ესპანეთში ნაკლები აღმოჩნდა, საფრანგეთსაც უჭირს, ისევე როგორც ინგლისს. თუ ბუნებრივი კლება არ იქნა სეზონური, ალბათ, სამი თვის განმავლობაში გარკვეული დოზით მოგვიწევს ამა თუ იმ ზომების შენარჩუნება. შეიძლება უფრო ადრე მოვრჩეთ, იმიტომ, რომ უფრო ეფქტურები აღმოვჩნდით.
პატარა ქვეყანა ვართ, აქამდე ძალიან კარგად მივდიოდით. მთავარი გზავნილია, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს უარესისთვის. ოპტიმისტი ვარ, მხნედ უნდა ვიყოთ, რაც დამატებით სტიმულს გვაძლევს. რაც უფრო მხნედ არიან ადამიანები, მით უფრო ადვილად უმკლავდებიან დაავადებებს, ესეც ცნობილია, მეცნიერული ფაქტია.