სასამართლო დევნა საქართველოში ყოფილ ჩინოვნიკებს უმიზნებს

სასამართლო დევნა საქართველოში ყოფილ ჩინოვნიკებს უმიზნებს

თბილისი, საქართველო – დღეს, როდესაც საქართველოს პროკურორის ოფისი იღება, ადამიანები რიგში დგებიან. მათ ხელში დოკუმენტებით სავსე საქაღალდეები უჭირავთ. ერთიმეორის მიყოლებით ისინი თავიანთ საქმეებს წარმოადგენენ: პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ მათ რაღაც წაართვა – სახელმწიფო სამსახური, მიწის ნაკვეთი, ბინა. მათ უმეტესობას უნდა, რომ ვინმე დაისაჯოს.

დაპირებამ, რომ ჩინოვნიკები დაისჯებიან, მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და იმ პოლიტიკოსების თანამდებობიდან გადაყენება განაპირობა, ვინც ცხრა წლის მანძილზე აკონტროლებდა საქართველოს. სააკაშვილმა აღიარა დამარცხება, ოპოზიციაში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა და პირველად პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლება კანონიერად შეიცვალა.

დაახლოებით ორი თვის შემდეგ, ქართული ექსპერიმენტი, რომელიც ბევრისთვის დასავლეთში პირქუშ პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე დემოკრატიის აშენების ბოლო იმედი იყო, ბეწვზე დაეკიდა.

ივანიშვილმა ყოფილი ჩინოვნიკების სასამართლო დევნა უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ამას ვინმე ელოდა და განაცხადა, რომ ვერ უგულებელყოფდა ხალხის მოთხოვნას სამართლიანობაზე. მაგრამ საქმეთა უმეტესობა მიზანში პოლიტიკურ ოპონენტებს იღებს, იმ დროს, როდესაც მომავალი წლის ოქტომბრამდე სააკაშვილი პრეზიდენტად რჩება. ხელისუფლებამ სააკაშვილის მთავრობის 23 ჩინოვნიკს უკვე წაუყენა ბრალი ისეთ დანაშაულში, როგორიცაა კორუფცია და წამება. შეიძლება ბრალი წაუყენონ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსაც, რომელიც ამავე დროს პარლამენტის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერია.

ალექსანდრე რონდელი, პოლიტოლოგი, ამბობს, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკურ ტრადიციას მისდევს – გამარჯვებული იღებს ყველაფერს.

„საქართველოში პოლიტიკური მტერი მტერია. არა მგონია, ეს ძალიან კარგ იმიჯს უქმნიდეს ქვეყანას, მაგრამ ასეთია ჩვენი კულტურა“, ამბობს რონდელი, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის პრეზიდენტი. „ახლა უკვე ცხადია, რომ ახალ პოლიტიკურ ძალას ძველის განადგურება სურს. ეს სრულიად ცხადია. ეს დემოკრატიას არ ჰგავს, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ კანონის უზენაესობა უფრო მაღლა დგას“.

ცხადი იყო, თუ მიხეილ სააკაშვილი ძალაუფლებას დაკარგავდა, გარკვეული სამართლებრივი ანგარიშსწორება შედგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავრობა შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ისე იყო მიღებული, როგორც პროდასავლური, შინ პრეტენზიები მატულობდა, განსაკუთრებით ეხებოდა ეს პოლიციის სისასტიკეს და სასამართლო სისტემაში სამართლებრივი პროცესების დეფიციტს.

ამ შემოდგომაზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ სცემენ და აუპატიურებენ ციხის მცველები პატიმრებს. ამას საზოგადოების მრისხანების დიდი ტალღა მოჰყვა. უფლებადამცველები დიდი ხანია აცხადებდნენ, რომ ჩინოვნიკები დაუსჯელად მოქმედებდნენ ისეთ მძიმე საქმეებში, როგორიც იყო ბანკის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობა – ის სამართალდამცავი სამსახურების ოფიცრებმა 2006 წელს, ჩხუბის შემდეგ გაიტაცეს.

კანდიდატად ყოფნისას, ივანიშვილმა პირობა დადო, რომ მალე აღადგენს სამართლიანობას. ის აცხადებდა, რომ დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას წელიწადზე ნაკლებ დროში შექმნიდა. როდესაც ჰკითხეს, როგორ გააკეთებდა ამას, მან „ფორბსს“ უპასუხა, „უნდა დააპატიმრო ერთი მინისტრი, მაქსიმუმ, ორი, რათა ყველამ დაინახოს, პატიება არ იქნება. უნდა აჩვენო, რომ აქ, ზევით არსებობს პოლიტიკური ნება, და ყველაფერი მალე მოვა წესრიგში“.

საქართველოს ახალი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი ამბობს, რომ გასული თვის განმავლობაში ყოფილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ 3,000-ზე მეტი საჩივარია შესული, ამიტომ ის იმ განყოფილებაში, რომელიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას იძიებს, გამომძიებლების რაოდენობას გაასამმაგებს. თუ მის მიმართ რაიმე კრიტიკა გაისმის, ეს ის არის, რომ ქართველთა უმრავლესობის აზრით, ის ნელა მოქმედებს.

მაგალითად მას ბაჩო ახალაიას საქმე მოჰყავს, ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრის, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინოდათ და რომელიც არჩევნების შემდეგ, როგორც ჩანს, დაპატიმრების შიშით ქვეყნიდან გაიქცა. როდესაც გაირკვა, რომ ახალაია დაბრუნდა, ამბობს კბილაშვილი, თანამდებობაზე სულ ხუთი დღის დანიშნული იყო, მაგრამ წალეკა „უამრავმა, უამრავმა სატელეფონო ზარმა“. მას ეკითხებოდნენ, რატომ არ გასცემს ახალაიას დაპატიმრების ბრძანებას.

„ვეუბნებოდი, რომ არა მაქვს მტკიცებულებები, რომ ის ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეა“, ჰყვება კბილაშვილი. მაგრამ მეორე დღეს ახალაია მაინც დააპატიმრეს შედარებით მსუბუქი ბრალდებით – სერჟანტს დანის ტარი ჩაარტყა და ჯარისკაცებს საჯაროდ სცემდა. ამის შემდეგ უამრავი განცხადების შემოდინება დაიწყო მოქალაქეებისგან, რომლებმაც „როგორღაც გაბედეს“ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, ამბობს კბილაშვილი.

ორმა ცნობილმა უფლებადამცველმა ჯგუფმა უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ივანიშვილი სამართლიანობის საკითხს ძალიან ნაჩქარევად უდგება. თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, განაცხადა, რომ დატოვა გასათავისუფლებელი პოლიტიკური პატიმრების ნუსხის დამდგენი საპარლამენტო ჯგუფი, რადგან ორკვირიანი ვადა „შეუძლებელს ხდიდა თითოეული საქმის დეტალურად შესწავლას“.

„ჩვენ დავინახეთ, რომ ისინი რეალურად ჩქარობენ, ცდილობენ ძალიან მალე გააკეთონ საქმე“, განაცხადა მან. „მესმის, რომ ამომრჩევლებთან პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრიათ, მაგრამ ვფიქრობ, არასწორად იქცევიან“. მისი თქმით, ჯერ ადრეა იმის შესაფასებლად, ტარდებოდა თუ არა ყოფილი ჩინოვნიკების პროცესები სამართლებრივად, მაგრამ განაცხადა „რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სამართლიანი პროცესის მოწმენი გავხდეთ და მტკიცებულებები შეესაბამებოდეს მაღალ სტანდარტს“.

მიმდინარე კვირას, როგორც ჩანს, გამოძიება სააკაშვილის გარემოცვის მაღალი რანგის ფიგურებისკენ წავიდა. დაიწყო გირგვლიანისა და ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას საქმეების გამოძიება. ჟვანიას გარდაცვალება კარბონის მონოქსიდით მოწამვლისგან დიდი ხანია ჭორების საგანია.

კამპანია დაჩქარდა და დასავლელმა ლიდერებმა ჩარევა გადაწყვიტეს. ისინი აფრთხილებენ ივანიშვილს იმაზე, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების ფაქტებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს სვლას ნატოსკენ. მაგრამ ეს გაფრთხილებები აშფოთებს ივანიშვილის მხარდამჭრებს, მათი თქმით, დასავლელ მთავრობებს სააკაშვილთან თბილი ურთიერთობები ჰქონდათ და თვალს ხუჭავენ მისი მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე.

„მშვენივრად გვესმის, რომ არსებობდა გარკვეული კლიშე, თითქოს საქართველოში ყველაფერი ჩინებულად იყო და ამ არჩევნების შედეგებმა გააოცა საერთაშორისო საზოგადოება“, გვითხრა კბილაშვილმა, როდესაც დასავლეთიდან წამოსულ გაფრთხილებებზე ვკითხეთ. ივანიშვილი თავად აშკარად აღაშფოთა კრიტიკულმა სარედაქციო სტატიამ, რომელიც „ვაშინგტონ პოსტში“ ოთხშაბათს გამოქვეყნდა. მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს სააკაშვილის ლობისტების საქმიანობის შედეგია.

ეს კვირა სააკაშვილის გუნდის წევრებისთვის დაძაბული გამოდგა. ყოველ დილით იღვიძებდნენ და მეგობრების დაპატიმრების შესახებ ინფორმაციას ელოდებოდნენ. ვანო მერაბიშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ელოდა იმას, რომ პროკურორი დაურეკავდა და გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მცირედი ბრალდებით დაკითხავდა. საუბარში, რომელიც წყდებოდა სუსტი სიცილით, ის ამბობდა, რომ დაბრუნდება პოლიტიკაში, თუნდაც ციხეში მოხვდეს. „მე საკმაოდ ახალგაზრდა ვარ და შემიძლია დავიცადო 15-20 წელი“, განაცხადა მან. „20 წლის შემდეგ რომ გავთავისუფლდე, 65 წლის ვიქნები“.

თბილისში ძნელად მოძებნი მოქალაქეს, რომელიც არ უჭერს მხარს მიმავალი მთავრობის ჩინოვნიკების გასამართლებას. 31 წლის მაკა მუჯერიშვილი იშვიათი გამონაკლისია. ის ამბობს, რომ ეშინია კამპანია კონტროლიდან არ გამოვიდეს. „ისინი ახლა იმას იმეორებენ, რასაც თავად ებრძოდნენ“, განაცხადა მან ივანიშვილის გუნდზე. „მგონია, რომ ჩვენი საზოგადოება შეცდომას უშვებს. ისინი რევანშის აღებას ცდილობენ. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს უკან დაგვხევს“.

მექანიკოსი ნიკოლოზ ბეჟანიშვილი, რომელიც სამშაბათს გამოჩნდა პროკურორის ოფისში, დედაქალაქში თავისი სოფლიდან ჩამოტანილ ქაღალდებს ასწორებს. ამ დოკუმენტებში ჩანს, რომ მიწის გრძელი, ვიწრო ნაკვეთი მას სააკაშვილის პარტიასთან დაკავშირებულმა ჩინოვნიკმა წაართვა.

აი, ამიტომ მისცა ხმა ივანიშვილს, ამბობს ის და დასძენს: „სიმართლე აღდგება“. როდესაც ვეკითხებით, რა მოხდება თუ მიწას არ დაუბრუნებენ, ის პირქუშად შემოგვყურებს და ამბობს: „ე.ი. საქართველოში არავითარი იმედი არ რჩება და ჯობია ქვეყანას საბოლოოდ გაეცალო“.foreignpress.ge