რუსეთში ხორბალზე ფასი რეკორდულად გაიზარდა და მან ნავთობის ღირებულებასაც გადააჭარბა. ამ დროს საქართველო, ძირითადად, მეზობელი ქვეყნის მარცვლეულზეა დამოკიდებული. არის თუ არა პურპროდუქტების გაძვირების საფრთხე?
რუსული მედიის ინფორმაციით, ერთი ტონა ხორბალი 170,5 დოლარამდე გაძვირდა მაშინ, როცა ერთი ტონა რუსული ნავთობი 164 დოლარი ღირს. აქამდე რუსულ ბაზარზე ერთი ტონა ხორბალი 155 დოლარი ღირდა.
რუსული ხორბლის ფასის მკვეთრი მატების მიზეზად პროდუქტზე გლობალური მოთხოვნის ზრდა და რუბლის შესუსტება სახელდება. მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულზე მოთხოვნა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 6-7%-ით გაიზარდა.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, სასოფლო-სამეურნეო წარმოება გაორმაგდა, მაგრამ ფასი მაინც მატულობს. რუსეთი ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში და საქართველოშიც მარცვეულის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნიდან შემოდის. საინტერესოა რა მოცულობის ხორბლის მარაგი აქვს საქართველოს და რა მოხდება მისი ამოწურვის შემდეგ. როგორ აისახება რუსული ხორბლის გაძვირება ადგილობრივ ბაზარზე, მოიმატებს თუ არა პურპროდუქტების ფასი?
მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აღნიშნავს, რომ ამჟამად ქვეყანაში დაახლოებით 2 თვეზე მეტი სამყოფი ხორბლის მარაგია. რაც შეეხება რუსეთის ბაზარზე ფასების ზრდას, იქ პროდუქტი მართლაც გაძვირდა.
„მართლაც გაძვირდა, მაგრამ აქ ორი კომპონენტია, რომელიც ვითარებას დაარეგულირებს. ერთი - ფასი გაიზარდა, ამის ერთ-ერთი მიზეზია აჟიოტაჟი კორონავირუსის გამო, თუმცა ივნისში რუსეთში მოსავლის პერიოდი იწყება. შესაბამისად, ცოტა ხანში ეს აჟიოტაჟი ჩაცხრება, რასაც საკმაოდ კარგი მოსავლის პერიოდი დაემატება და ვფიქრობთ, რომ სიტუაცია დასტაბილურდება.
რაც შეეხება მეორე ფაქტორს, ეს უკავშირდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას. ცნობილია, რომ მთავრობამ 9 დასახელების სურსათზე მიიღო სავალუტო გადაზღვევის მექანიზმი. 1 დოლარის ღირებულების პროდუქტი 3 ლარის ღირებულებად შეგვიძლია შევიძინოთ. შესაბამისად, ეს გარკვეული დაზღვევა იქნება იმისა, რომ ამ კალათაში შემადგენელ პროდუქტებზე: ხორბალზე, ბრინჯზე, წიწიბურაზე, რძის პროდუქტებზე და ა.შ. ფასები დაბალანსდეს“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ სილაგავამ.
მართლაც, ცოტა ხნის წინ მთავრობამ 9 პროდუქტი 3.0-იან კურსზე დაასუბსიდირა. ეს ნიშნავს, რომ ამ ნიშნულის მაღლა ხარჯთა სხვაობას კომპანიებს მთავრობა დაუფარავს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ლარი დოლართან მიმართებით თითქმის 3,50-ზეა, გაძვირება მოსალოდნელი არ არის.
რამდენიმე დღის წინ „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დადგენილება პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ. პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია და მისი ამოქმედების შედეგად, მთავრობის მიერ შერჩეულ 9 დასახელების სასურსათო პროდუქტზე ფასები სუბსიდირების გზით უცვლელად შენარჩუნდება.
ეს პროდუქტებია: ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი და რძის ფხვნილი.
„დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსებისათვის „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებიდან გამოიყოს 10 000 000 ლარი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს 2020 წლის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება“, - აღნიშნულია დადგენილებაში.