თრთოლა თბილისში

თრთოლა თბილისში

არჩევნებში გამარჯვებულები თბილისში უნდა მოერიდონ უკანონობას, რომელსაც ერთ დროს თავად უპირისპირდებოდნენ.

ექსსაბჭოთა სახელმწიფოებში, სადაც დემოკრატია ნაზი ყვავილია, საქართველო თითქოს მისასალმებელი გამონაკლისი იყო, ოქტომბრის არჩევნები და ძალაუფლების გადაცემა, რომელიც მას მოჰყვა, თითქოს სხვებისთვის ქმნიდა ნიმუშს. მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისი ლიდერის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასაკვირად, წააგო მთლიანობაში სამართლიანად ჩატარებული არჩევნები. მას სწამდა, რომ მისი პარტიის დამსახურება ეკონომიკური მოდერნიზაციის სფეროში, გამარჯვებას მოუტანდა. ხელისუფლებაში ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება” მოვიდა, ასევე მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გასაკვირად: მილიარდერი ბიზნესმენი სულ იმას ამბობდა, რომ არჩევნებს გაუყალბებდნენ.

ახლა საქმე ცუდად მიდის. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ ძალაუფლება გაყოფილია: ივანიშვილი პრემიერმინისტრი გახდა, ხოლო სააკაშვილი 2012 წლის ოქტომბრამდე (ის კენჭს ვეღარ იყრის) პრეზიდენტად რჩება.

დარტყმა უფრო პრემიერმინისტრზე მოდის – მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პარტიებმა ერთმანეთთან თანამშრომლობის პირობა დადეს, „ქართული ოცნება” ახლა ძალაუფლებას აგრესიულად იყენებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოცამდე ბობოლა დააპატიმრეს, მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი და თბილისის ვიცემერი. მათ წაუყენეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, არაკანონიერი დაპატიმრებებისა და წამების ბრალდებები. ივანიშვილის მთავრობა აგრეთვე ცდილობს გაათავისუფლოს საპატიმროებიდან ადამიანები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და ტერორიზმის გამო (ასეთი იყო, მაგალითად, თბილისში ამერიკის საელჩოს დაბომბვა) დაისაჯნენ გასულ წლებში.

ამერიკამ, ნატომ და ევროპის კავშირმა მკაცრად ფორმულირებული განცხადებები გაავრცელეს. მიმდინარე კვირას ევროკავშირიდან ქეთრინ ეშტონი და რეგიონზე პასუხისმგებელი მაღალი რანგის ამერიკელი ჩინოვნიკი ეწვივნენ თბილისს. მათ შეშფოთებისთვის სერიოზული მიზეზი ჰქონდათ. საქართველო არა მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფანია, რომელზეც გადის დასავლეთ ევროპაში მიმავალი მილსადენები ცენტრალური აზიიდან და კასპიის ზღვიდან, არამედ იშვიათი საჩვენებელი მაგალითი პოსტსაბჭოთა სივრცეში. ქვეყანა ენერგიულად ატარებს ეკონომიკისა და საჯარო ადმინისტრაციის რეფორმას, ცდილობს შექმნას დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ინსტიტუტები. ის ცნობილია იმით, რომ კავშირები აქვს ევროპასთან და ამერიკასთან და ამ კავშირების განმტკიცება სურს.

„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ კუდიანებზე ნადირობის მსხვერპლია. რაც არ არის მართალი. პარტიამ არჩევნებში იმიტომ წააგო, რომ ხალხი აღშფოთებული იყო თავის მმართველებზე, რომლებიც დაუსჯელად მოქმედებდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო ცხადი მანდატით – მან უნდა გამოასწოროს წარსული უსამართლობა. ბოლო წლები ცხადყოფს, რომ ეს შეიძლება ეხებოდეს ელიტურ კორუფციას, დაშინებას და სხვა სახის დანაშაულს. (ვიდეომ, რომელზეც ასახული იყო, როგორ აწამებენ ტუსაღებს ციხეში, ხელი შეუწყო „ნაციონალური მოძრაობის დამარცხებას).

უცხოელებმა, რომლებიც მოხიბლულნი არიან სააკაშვილით და თვალი დახუჭეს მის დანაშაულებებზე, უნდა მიიღონ ის ფაქტი, რომ დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მოვალეობაა დასაჯოს დამნაშავეები, ისინიც კი, ვინც დასავლეთისადმი ლოიალურნი არიან. ეჭვმიტანილები, რომლებიც შეიძლება გაიქცნენ საზღვარგარეთ, უნდა დააკავონ. თუ სასამართლო დაადგენს მათ ბრალეულობას, ისინი უნდა დააპატიმრონ. თუ ეს ასე არ მოხდა, ეს იქნება იმ ღირებულებების ღალატი, რომელთაც დასავლეთი საქართველოში ამკვიდრებდა.

ტალახის სროლა

მაგრამ გარკვეულწილად, პოსტსაარჩევნო ანგარიშსწორება, ალბათ, გარდაუვალია, ივანიშვილის ბანაკი იქცევა ისევე ცუდად, როგორც მათი მტკიცებით, სააკაშვილი იქცეოდა. ნადირობა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ მმართველებზე და ახალი, მყვირალა სასახლიდან პრეზიდენტის გამოსახლების მცდელობა იმ არგუმენტით, რომ ის ძალიან ძვირია, შურისძიებაა. „ქართული ოცნების“ რიტორიკა, „ნაციონალური მოძრაობის“ შედარება ომისშემდგომ ნაცისტურ პარტიასთან გერმანიაში, ხშირად ძალიან გადაჭარბებულია. ასეთივეა მისი განცხადება იმის შესახებ, რომ რაღაც ძალები ცდილობენ შეუნარჩუნონ ძალაუფლება სააკაშვილს.

„ქართული ოცნების“, როგორც სამთავრობო პარტიის, მთავარი პასუხისმგებლობა ქვეყნის პოლიტიკის სისუფთავის და კანონიერების დაცვაა. იმის ნაცვლად, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშალოს და ამ სურვილის არსებობის შემაშფოთებელ ნიშნებს ის ავლენს, მან კონცენტრირება უნდა მოახდინოს მმართველობაზე. მან უნდა მართოს ისე კარგად, რომ ამომრჩევლებმა საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებში მას მიანიჭონ გამარჯვება. უკრაინის მაგალითი იმის დასტურია, თუ რით შეიძლება დაამთავროს ქვეყანამ, თუ მთავრობა მის გზას გაჰყვება. იქ, უკრაინაში, ოპოზიციის ლიდერი, იულია ტიმოშენკო ციხეში ზის მას შემდეგ, რაც მას კორუფციაში (შეიძლება უსამართლოდ) დასდეს ბრალი. კიევის მოუქნელი პოლიტიკის გამო, ევროკავშირმა მასთან ურთიერთობა გაყინა. ინვესტორების ნდობაც ქრება.

სააკაშვილის მემკვიდრეობაში შედის არა მხოლოდ სიცოცხლისუნარიანი კონსტიტუცია, არამედ ევროკავშირში ინტეგრაციის ნათელი პერსპექტივა და დიდი კეთილგანწყობა, ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგანაც. ივანიშვილმა უნდა მოუაროს ამ ყველაფერს და არ გაფლანგოს.
foreignpress.ge