ახალი კორონავირუსის აფეთქებამ მთელი მსოფლიო მოიცვა, რის გამოც გლობალური ეკონომიკური რეცესიის წინაპირობები უკვე შეიმჩნევა. მძიმე ვითარებაა საქართველოში, სადაც ეპიდემიას თან ერთვის არანორმალური დევალვაცია, რომელიც ამ მომენტისთვის მსოფლიოში ყველაზე მაღალია.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოთვლებით, 2020 წელს საქართველოს საბაზისო მშპ-ის ზრდა ვირუსის შედეგად შეიძლება 4.2 პროცენტული პუნქტით შემცირდეს. ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მხრიდან როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული სახით არ იქნა ამ გამოწვევაზე პასუხი გაცემული, მაშინ კრიზისმა ისტორიულ მასშტაბებსაც მიაღწიოს.
საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირებამ შეიძლება ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში 0.8%-ით, პესიმისტური სცენარის შემთხევაში კი 5.4%-ით შეამციროს მშპ. ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, ფულადი გზავნილები შეიძლება 114 მლნ დოლარით შემცირდეს, პესიმისტური სცენარის შემთხვევაში კი ამ რიცხვმა შეიძლება 629 მლნ დოლარს მიაღწიოს.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ დროულად და ეფექტიანად უპასუხა პანდემიას, თუმცა კრიზისის მასშტაბი სწრაფად იზრდება და მალე დამატებითი ზომების მიღება გახდება საჭირო. ამ კუთხით საქართველომ უნდა გაითვალისწინოს სხვა ქვეყნების გამოცდილება და გაატაროს ფისკალური სტიმულირების უფრო ძლიერი ზომები, რათა ეფექტურად დაუკავშირდეს მოსახლეობის იმ ჯგუფებს, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან კრიზისის გამო: აუცილებელია დაბალი პროცენტის მქონე სესხების უზრუნველყოფა დაზარალებული პირებისთვის ან პირდაპირი ფულადი სახსრების გამოყოფა დაზარალებული ოჯახებისთვის, განსაკუთრებით იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ხანდაზმულები და ბავშვები ჰყავთ; ფულადი ტრანსფერები იმ ოჯახებისთვის, რომელთა შემოსავალიც გარკვეულ ზღვარს ქვემოთაა; სახელმწიფო სუბსიდიების საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისთვის საჭირო ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა; კომპანიების წახალისება კრიზისის მომდევნო თვეებში დასაქმების დონის შენარჩუნების პირობით.
თავის მხრივ, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია შეამციროს უცხოური ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე არსებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები. ეს გაუფასურებისა და ინფლაციის მოლოდინის წარმოქმნის გარეშე გამოიწვევს უცხოურ ვალუტაში სესხებისა და ეკონომიკური აქტივობების სტიმულირებას“, - ნათქვამია ISET-ის შეფასებაში.
ასეთ მოსაზრებას ეთანხმებიან ბიზნესმენებიც.
თემურ ჭყონიას აზრით, ყველა მინისტრი, რომელიც დღესაა, აგვარებს მიმდინარე პრობლემებს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ხალხი, ვინც როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა, ამის პროგრამას წარმოადგენს.
„გადაცემებში სულ ერთი და იგივე კადრებია და ყველა ჰყვება მარნეული-ბოლნისზე, არავინ ლაპარაკობს ეკონომიკაზე... დავუთმოთ ჩვენი გადაცემების 70% ეკონომიკას და 30% - კორონავირუსს.
ეს დღეები ბევრი ისეთი ექიმი გამოჩნდა, ვინც საზღვარგარეთ წარმატებით საქმიანობს. ახლა დავიწყოთ ეკონომისტების ძებნა. ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ მსოფლიოში კარგი ეკონომისტები არ გვყავს და მივმართოთ მათ, რომ დაგვიწერონ ანტიკრიზისული გეგმა... თქვენ გგონიათ, ახლა ვინმემ კარგი პროგრამა, რომ მიუტანოს გახარიას, უარს იტყვის?! გამორიცხულია, არ იტყვის უარს. უბრალოდ, დღევანდელი მდგომარეობთ, რაც ხელში აქვს, იმას მართავს, რა ქნას ახლა სხვა“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ და დასძინა, რომ ახლა გვჭირდება ეკონომიკის ამირან გამყრელიძე.
ამასობაში კი საინვესტიციო ბანკმა „გალტ ენდ თაგარტ“-მა კორონავირუსისა და გლობალურად ნავთობის ფასების ვარდნისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის საქართველოზე ზეგავლენის შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა. ორგანიზაციამ კორონავირუსის მიერ საქართველოს ეკონომიკაზე ზემოქმედების მასშტაბის სამი სხვადასხვა სცენარი - ოპტიმისტური; შუალედური და პესიმისტური განიხილა. პირველი სცენარის მიხედვით, მაისში ვითარება გაუმჯობესდება და კონტროლის მექანიზმები შერბილდება. მარტი-მაისის პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა იქნება, ივნისიდან კი ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდება. ამ შემთხვევაში 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა განახევრდება და ის 2.1% იქნება. ოპტიმისტური სცენარის განვითარების ალბათობად „გალტ ენდ თაგარტ“-ს მხოლოდ 10% აქვს მითითებული.
რაც შეეხება ვირუსის გავრცელების მეორე „შუალედურ“ სცენარს, მისი მიხედვით, უახლოეს თვეებში ვირუსის გავრცელება შეჩერდება, შემოდგომაზე კი მისი ხელახალი ტალღაა მოსალოდნელი. ამ პროგნოზის ალბათობა 40%-ია და მისი დადგომის შემთხვევაში ქვეყანაში რეცესია და 2.7%-იანი ეკონომიკური ვარდნა არის მოსალოდნელი.
მესამე და ყველაზე მძიმე სცენარით, 2020 წლის ბოლომდე ვითარება არ გაუმჯობესდება. ამ შემთხვევაში ქვეყანაში 6%-იანი ეკონომიკური ვარდნა არის მოსალოდნელი.
სამივე ეკონომიკური სცენარის პირობებში საქართველოს საგადასახდელო ბალანსი ზეწოლის ქვეშ ექცევა, მოსალოდნელი წლიური დანაკლისი პირველი სცენარით - 1.7 მილიარდი დოლარი, მეორე სცენარით 3.1 მილიარდი დოლარი, მეოთხე სცენარით კი 4.4 მილიარდი დოლარი იქნება.
საინვესტიციო ბანკი არსებულ ვითარებაში სახელმწიფოს აქტიური ფისკალური და მონეტარული ზომების გატარებისკენ მოუწოდებს. მათ შორისაა საპენსიო შენატანების დროებით შეჩერება, რეგულაციების შერბილება, მოსახლეობისთვის სოციალური ვაუჩერების დარიგება, საბანკო რეგულაციების გამარტივება და სხვა.