ხელმოკლე ადამიანებისთვის მედიკამენტების შეძენა გართულდა

ხელმოკლე ადამიანებისთვის მედიკამენტების შეძენა გართულდა

მედიკამენტების ცალობით გაყიდვის აკრძალვამ მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ჯერჯერობით წამლის ფირფიტით შეძენა კვლავ შესაძლებელია, თუმცა, შესაძლოა, სულ მალე ესეც შეზღუდონ. ასეთ შემთხვევაში უამრავი ადამიანი, უბრალოდ, ვეღარ შეძლებს სასურველი მედიკამენტის ყიდვას და მკურნალობის კურსის ჩატარებას.

სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტების ცალობით გაყიდვა აკრძალვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ „პეესპესა“ და „ავერსის“ აფთიაქებში. ფარმაცევტების თქმით, „იყო რაღაც ინციდენტი“, რის გამოც აფთიაქები დაჯარიმდნენ და გადაწყვეტილებაც ამ ფაქტს უკავშირდება.

აღნიშნულმა ცვლილებამ კლიენტების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, ყველას არ აქვს შესაძლებლობა, წამლის მთლიანი შეფუთვა ან ფირფიტა შეიძინოს. ცვლილებას უარყოფითად შეხვდნენ თავად ფარმაცევტებიც, რომლებიც ამბობენ, რომ აღნიშნულის გამო ხალხი უკმაყოფილებას მათთან ჩხუბით გამოხატავს.

მომხმარებელს მიაჩნია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უაზრო შეზღუდვების დაწესებით არის დაკავებული. ადამიანები წამალს ცალობით იმიტომ ყიდულობენ, რომ მათ მთლიანი შეფუთვის შესაძენად ფული არ გააჩნიათ. სერგეენკოს უწყებას კი ურჩევენ, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მედიკამენტების გაიაფებიდან დაიწყოს.

თავდაპირველად აკრძალვის არსში ბოლომდე ვერც ფარმაცევტები გაერკვნენ. მაგალითად, კომპანია „ავერსში“ მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აკრძალვა მედიკამენტების ცალობით გაყიდვის შესახებ მხოლოდ ერთი დღით იყო ძალაში. როგორც ფარმაცევტული კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლალი ბრეგვაძემ განაცხადა, მედიკამენტების ცალობით გაყიდვის შესახებ აკრძალვაც და დაშვებაც ჯანდაცვის სამინისტროდან მოხდა.

„გუშინ გვითხრეს, რომ უნდა აგვეკრძალა, მაგრამ დღეს დილით მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ჩვეულებრივ უნდა გაიცეს, როგორც ადრე იყიდებოდა. აკრძალვა მომხმარებლის სერიოზულ განაწყენებას გამოიწვევს, რადგან ყველას არ აქვს საშუალება, მთლიანი შეფუთვა შეიძინოს. რასაც სახელმწიფო იტყვის და კანონი დაგვავალდებულებს, იმას გავაკეთებთ“, - აღნიშნა ლალი ბრეგვაძემ. მოგვიანებით მან მედიასთან გაკეთებული კომენტარი კერძო მოსაზრებად მონათლა და აღნიშნა, რომ ეს არ იყო „ავერსის“ ოფიციალური პოზიცია.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აკრძალვის არსი ვერაფრით გაშიფრეს, ბოლოს და ბოლოს კომენტარის გაკეთება ჩინოვნიკებმაც იკადრეს.

„წამლის ცალობით გაყიდვაზე აკრძალვა იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის პირველადი შეფუთვა ირღვევა და იცვლება“, - განმარტა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა, დავით მაჭარაშვილმა.

სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, აქედან გამომდინარე, მომხმარებელს ფირფიტებზე დატანილი წამლის ცალობით შეძენა შეეძლება, ხოლო კოლოფში მოთავსებული წამლების - არა.

მისივე თქმით, მთელი რიგი ფარმაცევტული კომპანიები პროდუქტზე პირველადი შეფუთვის ცვლილებას ახორციელებენ და მათ შეცვლილი პირველადი შეფუთვით გაცემენ. აქედან გამომდინარე, მაჭარაშვილის განმარტებით, მთელი რიგი რისკფაქტორები იკვეთება.

„ფარმაცევტული პროდუქტის სტაბილურობა შესწავლილია მწარმოებლის მიერ იმ პირველად შეფუთვაში, რა ფორმითაც არის დარეგისტრირებული საქართველოში. პირველადი შეფუთვის ცვლილება იწვევს და კითხვის ქვეშ აყენებს ფარმაცევტული პროდუქტის ვარგისობას, რაც მწარმოებელს აქვს მითითებული. ასევე, აღნიშნულ ფარმაცევტულ პროდუქტზე, სრულად ვერ იქნება დატანილი ის ინფორმაცია, რაც დარეგისტრირებულ ფორმაზე არის და საზოგადოება შეიძლება მოხვდეს ინფორმაციულ ვაკუუმში“, - განმარტა მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ამან სხვა ფარმაცევტულ პროდუქტში აღრევა გამოიწვიოს და მოსახლეობამ, ნაცვლად ერთი ფარმაცევტული პროდუქტისა, სხვა მიიღოს.