„ხალხს ელემენტარულად სჭირდება საკვები. მშიერი ადამიანი კი, რომელსაც ასევე ოჯახი ჰყავს მშიერი, ყველაფერზე წამსვლელია. ამიტომ ხალხი შიმშილით რომ არ დაგვეხოცოს, კრიმინოგენური ვითარება რომ არ გაუარესდეს და, საბოლოო ჯამში, უმართავი პროცესები არ წარიმართოს, სახელმწიფომ დროულად უნდა მიიღოს ზომები“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე.
დღეს, როცა პოლიტიკოსების ნაცვლად დღის წესრიგს ქმნის კორონავირუსი, უამრავი სპეკულაცია გვესმის იმის თაობაზე, ვინ შეიძლება „იხეიროს“ ამ ვირუსით, თუკი ამას ხეირი ჰქვია და ვის ინტერესშია ვირუსის გავრცელება, თუკი ის მართლაც ხელოვნურადაა გამოწვეული? თუ კორონავირუსის ხელოვნურად გავრცელების ვერსიას ვირწმუნებთ, მაშინ, გამოდის, კაცობრიობა საკუთარი თავის ჰარაკირზე მიდის?
- ისევე, როგორც ხანძარი ამაზონის ჯუნგლებში და ავსტრალიაში, კორონავირუსიც ხელოვნურად გავრცელებული მგონია, თუ რატომ მოხდა ეს: მოსახლეობის დეპოპულაციისთვის; ტოტალური კონტროლისთვის; მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შესაქმნელად; მოსახლეობის და სახელმწიფოების ახალ ვალებში გასახლართად; ნაღდი ფულის გასაუქმებლად; სხვადასხვა აქციებზე ფასების დასაცემად; ქაოსის გამოსაწვევად და შიშის დასათესად; მედიკამენტების ბიზნესისთვის თუ რელიგიების დასამორჩილებლად, ამას მომავალი გვიჩვენებს. კორონას ვირუსმა ნათლად დაგვანახა, რომ თანამედროვე ლიბერალიზმი და მისი იდეები უსუსურია კრიზისების დროს, ომიანობა იქნება ეს, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისი თუ სხვა კატაკლიზმები, რომელთა მოგვარებაც საჭიროებენ ეფექტურ და ძლიერ მმართველობას და მთელი რიგი უფლებების შეზღუდვას. აღარავის ახსოვს საზღვრების ღიაობა, თავისუფალი ბაზრის პრინციპები, მულტიკულტურალიზმი და სხვა.
ამ კუთხით საქართველოს შემთხვევაშიც კორონამ ბევრი ნაკლოვანები წარმოაჩინა, არ შეიძლება ვიყოთ სხვა ქვეყნების იმედად, არ შეიძლება ვიყოთ ფულადი გზავნილების და ტურიზმის იმედად. უნდა ვიყოთ მწარმოებელი და არა მომხმარებელი სახელმწიფო. უარყოფითის გარდა, კორონას ვირუსმა დადებითიც დაგვანახა, მსოფლიოში წარმოჩინდნენ ჩვენი მედიცინის მუშაკები, წარმოჩინდა საქართველო და ჩვენი სახელმწიფოს მიერ გადადგმული დროული ნაბიჯები უსაფრთხოების კუთხით.
მომაკვდინებელი ვირუსის გადამკიდე, ჩვენი ხელისუფლების მიმართ კრიტიკამ იკლო. ეს იმით ხომ არ აიხსნება, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებში ჯერჯერობით არაადეკვატურობა არ ჩანს და ასე თანმიმდევრულნი ჩვენი ხელისუფალნი არც არასდროს ყოფილან?
- ხალხს რაც დღეს მოეწონა გახარიას ქმედებებში, სწორედ ეს არის ძლიერი უფლების მქონე სახელისუფლებო მმართველობა, რაზეც ხშირად დამიწერია და რაც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია არა მხოლოდ ეპიდემიის დროს. დღეს ამის საშუალება პრემიერს შექმნილმა სიტუაციამ და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ მისცა. თუ გვინდა გვქონდეს ჭაობიდან ამოსვლის შანსი, საპარლამენტო მმართველობა გასაუქმებელია და აღსადგენია ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტი! დღეს არსებული ვითომ საპარლამენტო მოდელი სინამდვილეში არის აჯაფსანდალი და ამ მოდელით პრეზიდენტის ინსტიტუტი იმდენად დასუსტებულია, მის არსებობას საერთოდ აღარ აქვს აზრი. მაგრამ კი არ უნდა გაუქმდეს, არამედ პირიქით - აღდგეს ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტი. ხშირად ამბობენ, რომ ჩვენთან პრეზიდენტის ინსტიტუტმა არ გაამართლა, ასეთი მიდგომა არასწორია. მაგალითად, თამადა, რომელიც არ ვარგა, არ ნიშნავს, რომ თამადობის ინსტიტუტი ცუდია და სუფრა კოლექტიურად უნდა იმართებოდეს. ან კომპანიის ხელმძღვანელები თუ არ ამართლებდნენ, არ ნიშნავს რომ კომპანიას ხელმძღვანელობა არ უნდა ჰყავდეს. მე არ ვამბობ, რომ პირველივე პრეზიდენტი იქნება კარგი და ქვეყანას აღმშენებლობის გზაზე დააყენებს, მაგრამ საპრეზიდენტო მოდელის შემთხვევაში კრიზისიდან გამოსვლის შანსი გვაქვს, საპარლამენტოში დარჩენით კი არა. ისტორიიდანაც ცნობილია უამრავი ფაქტი, სადაც ქვეყნების კრიზისიდან გამოყვანა ერთპიროვნული მმართველობის დროს მოხდა და არა კოლექტიური, გაუაზრებელი მმართველობის შედეგად. აქ სხვა ფაქტორიც არის, აუცილებელია ქვეყანას ჰყავდეს პასუხისმგებელი პირი! არა დანიშნული, არამედ ხალხისგან არჩეული. ანუ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე სუბიექტი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება ხალხთან, დანიშნული კი, პირველ რიგში, ვალდებულია დამნიშვნელთან.
ეპიდემიის პირველი ტალღა შეკავებულია, მაგრამ ეპიდემიის მეორე ტალღას საგანგებო მდგომარეობით შევხვდით. გაამართლებს ასეთი შეზღუდვები?
- საგანგებო მდგომარეობის შემოღება განპირობებული იყო შექმნილი სიტუაციით და მისი შემოღება აუცილებელი იყო არა მხოლოდ უსაფრთხოების კუთხით, არამედ სამართლებრივად გამართლებულიყო მთელი რიგი ის შეზღუდვები, რომლებიც ისედაც წესდებოდა მის გამოცხადებამდე. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ გამოცემული სხვადასხვა სამართლებრივი აქტები გაცილებით მარტივად და სწარაფად აღსრულებადია. 2016 წლის დეკემბერში „საკონსტიტუციო კომისიას“ შევთავაზე ჩემს მიერ დაწერილი 4 საკონსტიტუციო ცვლილება, მათ შორის, ერთი საკითხი ეხებოდა საგანგებო და საომარი სიტუაციების გამოცხადების ვადების ცვლილებას.
კერძოდ, პრეზიდენტი ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფის და ეპიდემიის დროს, აცხადებდა საგანგებო მდგომარეობას და ამ გადაწყვეტილებას არა უგვიანეს 48 საათისა წარუდგენდა პარლამენტს დასამტკიცებლად. პარლამენტსაც დასამტკიცებლად 48 საათი ჰქონდა. გაუგებარი იყო, თუ რაში სჭირდებოდათ ან პრეზიდენტს ან პარლამენტს 48–48 საათი? როდესაც ჩვენს მეზობელ ოთხივე ქვეყანას ანალოგიური შემთხვევის დროს ეწერა სიტყვა: დაუყოვნებლივ! სწორედ ამ სიტუაციის გამოსასწორებლად მივმართე „საკონსტიტუციო კომისიას“ კანონპროექტით და ახალ კონსტიტუციაში წერია სიტყვა: დაუყოვნებლივ! თუმცა როგორც ჩემი საზოგადოებრივი საქმიანობის უმრავლეს შემთხვევაში მოხდა, ამ ცვლილების ავტორობა სხვას, ამჯერად საკონსტიტუციო კომისიას დაეწერა...
ნებისმიერმა ქრისტიანმა იცის, რომ უაზრო თავგანწირვა ფუჭია. ალბათ, ამითაც არის განპირობებული ცალკეული სასულიერო პირების გადაწყვეტილება, სახლში მივიდნენ და აზიარონ მრევლი. როგორ ფიქრობთ, რით აიხსნება ჩვენი ეკლესიის პრინციპული დამოკიდებულება ზიარების წესის უცვლელობასთან დაკავშირებით?
- წინააღმდეგი ვიყავი და ვარ წირვა-ლოცვის აკრძალვის და ზიარების წესის შეცვლისა, თუნდაც ფორმის და არა არსის, რადგან ეს საიდუმლოებაში ეჭვის შეტანა და მისი დაკნინება იქნებოდა! ამავდროულად, დღეს არსებული უმძიმესი მდგომარეობის ფონზე ყველას მინდა მოვუწოდო, დავრჩეთ სახლში და დავემორჩილოთ სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებს. არა შიშის გამო, არამედ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. თუ დროებით ვერ დავესწრებით წირვა-ლოცვას, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ეს არ იქნება არც ურწმუნოების და არც სისუსტის გამოვლინება, პირიქით, მოყვასზე (ერზე) ზრუნვა ქრისტიანის უპირველესი ვალდებულებაა. ნურავის მივცემთ საშუალებას საქართველოში ვირუსის შესაძლო გავრცელება ეკლესიას დაუკავშიროს, მივცეთ „კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა“.
ალბათ, გახსოვთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადება, სადაც ჰიგიენური მოსაზრებით ეკლესიას მრევლის ერთჯერადი კოვზებით ზიარება ურჩია. ეს განცხადება მან 1-ელ თებერვალს გააკეთა და იმ დროს საქართველოში არანაირი კორონავირუსის საფრთხე არ იყო. პირველი კორანავირუსის შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. მოგვიანებით, კორონავირუსის საფრთხისგან დაცვის მომიზეზებით, იგივე მოითხოვეს სხვადასხვა ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლმა ცნობადმა სახეებმაც! მუკ-ის (მებრძოლ უღმერთოთა კავშირი) წევრებმა სახელმწიფოსგან ტაძრების დახურვა და წირვა-ლოცვის შეწყვეტა მოითხოვეს. როგორც სხვა მავნებლობების შემთხვევაში, ამჯერადაც, რა თქმა უნდა, კეთილშობილური მიზნით-უსაფრთხოების მომიზეზებით!
მათი მთავარი მიზანი, ყოველთვის მართლმადიდებელი ეკლესიის დასუსტება იყო. მათთვის მტერი არა უღირსი სასულიერო პირები, არამედ მართლმადიდებლური ეკლესია და მისი მოძღვრებაა. როგორც წმ. კიპრიანე კართაგენელი ბრძანებს, „ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა, მისთვის ვერც ღმერთი იქნება მამა“.
ზიარება ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი საიდუმლოა და მასზე დგას სწორედ მთელი რელიგიის არსი. მრევლის ზიარების შემდეგ ბარძიმს მთლიანად იღებს სასულიერო პირი, ახლა წარმოვიდგინოთ, რამდენი სნეული (ტუბერკულოზი, ცე ჰეპატიტი...) იღებს ზიარებას და ამის შემდეგ მაზიარებელი სასულიერო პირები ხომ დასნეულებულები უნდა იყვნენ? ხომ საინტერესოა, რატომ წამოვიდა „მუკელებისგან“ მთავარი იერიში ზიარებაზე? განა ცნობილი არ არის, რომ კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებია და ტაძარში მდგომებმაც შეიძლება გადასცენ ერთმანეთს ზიარების გარეშე?
რაც შეეხება წირვა-ლოცვის შეჩერებას, ისტორიის მანძილზე, არც ერთი დამპყრობლის შემოსევის დროს და არც ერთი ჭირის გავრცელებისას, ეკლესიას წირვა-ლოცვა არ შეუწყვეტია. ყოფილა შემთხვევები, როდესაც გარკვეულ ლოკაციაზე წირვა-ლოცვა შეუძლებელი გამხდარა, მაგრამ მისი შეჩერება-გაუქმება მთელი ქვეყნის მასშტაბით არ მომხდარა. კორონავირუსმა ნათლად დაგვანახა ადამიანის უსუსურობა და სისუსტე, ჰოდა, დავფიქრდეთ, თუ ამ ყველაფერს ღმერთსაც გამოვაცლით, კარგს რას უნდა ველოდოთ? როგორც წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ბრძანებს: „უმჯობესია ომი, ვიდრე მშვიდობა, რომელიც ღმერთს განგვაშორებს“.
რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ თავიდან ავირიდოთ შიმშილი?
- მდგომარეობა რთულია და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია. ჩვენ, როგორც იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანას, დიდი ალბათობით, წინ სერიოზული გამოწვევები გველოდება. ვისურვოთ, რომ კორონავირუსს მალე დავამარცხებთ, მაგრამ ვალდებული ვართ, ვემზადოთ უარესისთვის. ვირუსული ინფექციების გარდა, მსოფლიოში მოსალოდნელია კლიმატური კატაკლიზმები, ომიანობა, ეკონომიკური კრიზისი და სხვა. ეკონომიკურ სარგებელს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც მხოლოდ უსაფრთხოების გამო, ჩვენ უნდა გავხდეთ თვითკმარი სახელმწიფო! მინიმუმ 5 წელია ვამბობდი და ვაფრთხილებდი ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ უნდა ვყოფილიყავით მხოლოდ ტურიზმის და ემიგრანტების გზავნილების იმედად, ჩვენ უნდა გავმხდარიყავით მწარმოებელი და არა მომხმარებელი სახელმწიფო. უნდა შეგვექმნა სასურსათო უსაფრთხოება, მაგრამ არავინ დამიჯერა, სანამ ურემი არ გადაბრუნდა, ახლა ყველა ამაზე საუბრობს. მე კი არა, არ დაუჯერეს ნიკო ნიკოლაძეს, ქართველ პროფესორებს პაატა კოღუაშვილს და მიხეილ ჯიბუტს, ბრიტანელ პროფესორს რობერტ უეიდს, გერმანელ ეკონომისტს ფრიდრიხ ლისტს, ამერიკელ პოლიტოლოგს ჩალმერს ჯონსონს, ამერიკელ ეკონომისტს იოზეფ შტიგლიცს, ნორვეგიელ ეკონომისტს ერიკ რეინკერტს და სხვებს. ახლა მაინც ვთქვათ უარი ლიბერალურ „თავისუფალ ბაზარზე“, სახელმწიფო აქტიურად ჩაერიოს ეკონომიკაში პროტექციონიზმის და პრეფერენციების მეშვეობით. მიიღონ კანონი „სასურსათო უსაფრთხოებაზე“. სურსათს, როგორც სასიცოცხლო უზრუნველყოფის მთავარ კომპონენტს, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან სურსათი მიეკუთვნება ადამიანის პირველ სასიცოცხლო საჭიროებას, სასურსათო უსაფრთხოება პრაქტიკულად უტოლდება ფიზიკურ უსაფრთხოებას, განსაკუთრებით, მსოფლიოში დღეს არსებული სიტუაციის ფონზე. საქართველოს აქვს შესაბამისი ბიოკლიმატური პირობები, აგრარული პოტენციალი და სხვა კომპონენტები, რომლებიც აუცილებელია მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფისთვის. გარდა ამისა, აქ ადამიანის კვებისთვის აუცილებელი თითქმის ყველა სახეობის პროდუქტის წარმოების შესაძლებლობა გაგვაჩნია. მადლობა ღმერთს, ამირან გამყრელიძის მსგავსი პროფესიონალები ეკონომიკაშიც მრავლად გვყავს. ხელისუფლება უნდა დაელაპარაკოს ჩვენს ღვაწლმოსილ მეცნიერებს, პროფესორებს და ერთობლივად დაგეგმონ გასატარებელი ღონისძიებები. მთელი ფინანსური რესურსი უნდა იქნას მიმართული „სასურსათო უსაფრთხოების“ შესაქმენლად. დაითვალოს, თუ რომელ კულტურას და რამდენ ტონას მოვიხმართ ერთი წლის განმავლობაში. ახლა გაზაფხულია, უნდა დამუშავდეს მიწები მთელი საქართველოს მასშტაბით. განა შეიძლება, ხორბლის სამშობლო გვერქვას, მსოფლიოში არსებული 23 სახეობის ხორბლის ჯიშიდან 14 ქართული ჯიში იყოს და ხორბლის რუსეთიდან ექსპორტზე ვიყოთ დამოკიდებული? უნდა შეიქმნას საქონლის ფერმები. ძალიან კარგია, რომ წელს მიღებული იქნა 200 კილოგრამზე ზევით ცოცხალი საქონლის გატანის აკრძალვა, მაგრამ ეს მაშინ გააკეთეს, როდესაც ურემი გადაბრუნდა, ქვეყანაში ცოცხალი საქონელი ფაქტიურად აღარ დარჩა და საქონლის ფასი თითქმის 30 ლარამდე ავიდა. სამწუხაროდ, ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ისევ საუბარი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობაზე და პროგრამებზე მიმდინარეობს და არა ეკონომიკაში სახელმწიფოს აქტიურ ჩარევაზე.
რას შეცვლის კორონავირუსი ადამიანის ფსიქიკაში? გადარჩენისთვის ბრძოლის ველური ინსტინქტები ხომ არ ჩაირთვება?
- არ მეშინია კორონავირუსის, მაგრამ მაშინებს კორონავირუსის შედეგად დამდგარი ვითარება და მის შედეგად განვითარებული მოვლენები. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ლუკმა-პურს ყოველდღიური შრომით შოულობდა და თავი გაჰქონდა, ახლა სახლშია და ვეღარ მუშაობს. ამიტომ სახელმწიფომ დროულად უნდა აამოქმედოს სოციალური პაკეტი. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. როდესაც ყველაფერი გაჩერებულია და ხალხი სახლშია გამოკეტილი, აუცილებლად მოსალოდნელია სოციალური კრიზისი, ხალხს ელემენტარულად სჭირდება საკვები. მშიერი ადამიანი კი, რომელსაც ასევე ოჯახი ჰყავს მშიერი, ყველაფერზე წამსვლელია. ამიტომ ხალხი შიმშილით რომ არ დაგვეხოცოს, კრიმინოგენური ვითარება რომ არ გაუარესდეს და საბოლოო ჯამში უმართავი პროცესები არ წარიმართოს, სახელმწიფომ დროულად უნდა მიიღოს ზომები.
ჩვენს გარდა ხელისუფლებაში მყოფები თუ კითხულუბენ და ითვალისწინებენ ასეთ უდაოდ საინტერესო, ქვეყნის და სახელმწიფოსათვის საჭირო აუცილებელ შემოთავაზებებს!