„ოპოზიცია თავისუფალია პასუხისმგებლობისგან - სჯობს, ასი ლარის ნაცვლად ათასი მივცეთ გაჭირვებულ ადამიანს, მაგრამ ამის საშუალება უნდა ჰქონდეს ბიუჯეტს“

„ოპოზიცია თავისუფალია პასუხისმგებლობისგან - სჯობს, ასი ლარის ნაცვლად ათასი მივცეთ გაჭირვებულ ადამიანს, მაგრამ ამის საშუალება უნდა ჰქონდეს ბიუჯეტს“

ეს არ არის კომენდანტის საათივით მკაცრი აკრძალვა, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ კონკრეტული შეზღუდვები დაუწესა ჩვენს მოქალაქეებს. მართალია, არ იზღუდება საზოგადოების თავისუფალი და სატრანსპორტო გადაადგილება, ფუნქციონირებს აფთიაქები, სურსათის მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები, მაგრამ აღარ მუშაობს დაწესებულებები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები, დახურულ სივრცეში ათ ადამიანზე მეტს შესვლის უფლება არ ეძლევა. სანქციის რეჟიმის დამრღვევი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3 ათასი ლარით, იურიდიული პირი კი-15 ათასი ლარით.

როგორ აისახება საგანგებო მდგომარეობა ჩვენს მოსახლეობაზე, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.

ჯერჯერობით ტოტალურ აკრძალვებამდე საქმე არ მისულა, მაგრამ უკვე გვესმის განსხვავებული შეფასებები, რომ ბევრად ადრე უნდა გამოცხადებულიყო საგანგებო მდგომარეობა, ან სულაც არ უნდა გამოცხადებულიყო, თუკი მოსახლეობას მშიერს დავტოვებდით. თქვენ რას ფიქრობთ?

- ხელისუფლებამ ნამდვილად ღირსეულად გაართვა თავი ამ პრობლემას, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც. ხელისუფლება მეთოდურად მიდიოდა იქითკენ, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა. პრემიერიც და სხვებიც ხშირად აღნიშნავდნენ, თუ საჭირო იქნება, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთო. ახლა ვხედავთ, არა მარტო ჩვენთან, ზოგადად მსოფლიოშიც რა სურათია, ვინ როგორ მოქმედებს და რას აკეთებს. ჩვენი ხელისუფლება რეკომენდაციებით ცდილობდა სიტუაცია კონტროლქვეშ ჰქონოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე რეკომენდაციები აღარ შველის. მით უმეტეს, რომ თვითიზოლაციასა და კარანტინს ბევრი არღვევდა, თითქოს იზოლაციაში იყვნენ და ზოგი სად მირბოდა, ზოგი სად. ღვთის წყალობით, დღემდე ჩვენ არ გვაქვს შიდა გადაცემის შემთხვევები. ამიტომ, თუ რამეს უნდა გავუფრთხილდეთ, როგორი მძიმე ვითარებაც არ უნდა იყოს, უნდა შევძლოთ და იქნებ, კორონავირუსის შიდა გადაცემამდე საქმე არ მივიდეს. თუ ამას შევძლებთ, მაშინ ერთ თვეში მართლაც მოვახერხებთ მთლიანად დავძლიოთ ეს ვირუსი იმ პირობებში, როდესაც ფრენები შეწყვეტილია, საზღვრები ჩაკეტილია, საზღვარგარეთიდან შემოსული ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე აუცილებელ კარანტინს ექვემდებარება. ეს გადაწყვეტილება რთულია.

ახლა შენიშვნით არ ვამბობ, მე არ მაქვს დეტალური ინფორმაცია და არ ვიცი, რა ხდებოდა შიდა სამზარეულოში, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თუ საგანგებო მდგომარეობა 23 მარტიდან, ანუ ორშაბათიდან შევიდოდა ძალაში, რადგან შაბათ-კვირას ქელეხები და ათასი რამეა. ადამიანს დღეს რომ გამოუცხადებ საგანგებო მდგომარეობას და ხვალ ქელეხი აქვს, რთულია მისთვის. ხალხი არ უნდა ჩავაყენოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ ირიბად დაიწყონ კანონის დარღვევა, ან მისთვის გვერდის ავლა. ამიტომ ერთი დღე თუ არაფერს წყვეტდა, ორშაბათიდან ჯობდა გამოცხადებულიყო საგანგებო მდგომარეობა. ხაზგასასმელია, რომ საგანგებო მდგომარეობა კი ცხადდება, მაგრამ არასრულმასშტაბიანი.

რასაც ხელისუფლება დღემდე გვეუბნებოდა რეკომენდაციების სახით, ხვალ ის იქნება უკვე კანონის სახით მიღებული. დღეს თუ ამ რეკომენდაციის გათვალისწინება ცალკეული პიროვნების თვითშეგნებაზე იყო დამოკიდებული, უკვე თვითშეგნება მეორე პლანზე გადადის და იწყებს მუშაობას კანონი. როგორც ჩანს, ჩვენდა სამწუხაროდ, უამრავმა ადამიანმა დაარღვია თვითიზოლაციის პროცედურაც და კარანტინიც, ჩვენივე საზოგადოების ბრალია, რომ აქამდე მივედით, თორემ დარღვევები რომ არ ყოფილიყო, ალბათ, არც გამოაცხადებდნენ საგანგებო მდგომარეობას.

თუმცა ეს არ ნიშნავს კომენდანტის საათს.

- დიახ, არც კომენდანტის საათია, არც კარანტინია, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ ქელეხი იქნება, ქორწილი თუ დაბადების დღე, არ შეიძლება დიდი რაოდენობით ხალხის შეკრება. თქვენ წარმოგიდგენიათ, ას კაცში ერთიც რომ აღმოჩნდეს ინფიცირებული, ამ ასი კაცის კონტაქტების დადგენას ეხუმრებით?

გიორგი გახარია ეკონომიკური კრიზისების მართვის გეგმის წარდგენას დაგვპირდა. ოპოზიცია უკვე ითხოვს 100-ლარიანი ვაუჩერის დარიგებას ყველა პენსიონერისთვის, რეკომენდაციები მრავალგვარია, მაგრამ რამდენად შესწევს ჩვენს ბიუჯეტს იმის უნარი, ეს ყველაფერი „ასწიოს?“ ვის უნდა მიეცეს დახმარება- გაჭირვებულ და სამსახურიდან დათხოვნილ ადამიანებს, სრულიად უმუშევარ კატეგორიას, რომელსაც არ დაუკარგავს სამსახური იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც არასდროს ჰქონია?

- ოპოზიცია თავისუფალია პასუხისმგებლობისგან. გახარიას ნათქვამი, რომ ხელისუფლება ფიქრობს სოციალური და ეკონომიკური გაჭირვების მოსაგვარებლად ნაბიჯების გადადგმას, ნიშნავს იმას, რომ ამ მიმართულებით რაღაც გეგმა მუშავდება. ცხადია, სჯობს, ასი ლარის ნაცვლად ათასი მივცეთ გაჭირვებულ ადამიანს, მაგრამ ამის საშუალება უნდა ჰქონდეს ბიუჯეტს. ოპოზიციისთვის ამის თქმა ადვილია, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები. სხვათა შორის, პრემიერმა ახსენა ბიუჯეტის კორექტირება. ბიუჯეტის კორექტირება იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას და ქვეყანას დამატებითი ხარჯები ექნება, ბიუჯეტის ხარჯების გადანაწილება, გადაჯგუფება მოხდება, ზოგიერთი მიმართულებით ხარჯები შემცირდება, სხვა მიმართულებით, სოციალური კუთხით ხარჯები გაიზრდება. ამას ყველაფერს აკეთებს და უნდა აკეთებდეს კიდეც მთავრობა. ჩვენ რა რეკომენდაცია შეიძლება მივცეთ? ერთ-ერთი ყველაზე მარტივი რეკომენდაციაა, რომ, რა თქმა უნდა, არსებობს სოციალურად გაჭირვებული ადამიანები და, პირველ რიგში, მათ უნდა მივხედოთ. გარდა ამისა, ალბათ, უნდა შემუშავდეს მინიმალური დახმარება, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა ბიუჯეტი.

ბევრი რამ უკვე გაკეთდა, თუნდაც იგივე საბანკო გადავადებები. მესმის, რომ ყველა გადასახადის გადავადება ვერ მოხერხდება, მაშინ ბიუჯეტი საერთოდ დაცარიელდება, მაგრამ აქაც მანევრირებაა საჭირო. ტურიზმის სექტორი ჩავარდა, მაგრამ წარმოებასაც ხელი უნდა შეეწყოს. კარგია, რომ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება და არ გაჩერდება. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა რაღაც დონეზე შენარჩუნდება და ამ კრიზისის შემდეგ ისევ ყველაფერი თავიდან იქნება დასაწყები. მინიმალური დანაკარგებით უნდა გამოვიდეთ, კონკრეტული გეგმა ხელისუფლებამ უნდა შესთავაზოს მოსახლეობას, ჩვენ არ ვიცით, რა რესურსები გააჩნია ხელისუფლებას, იქნება ეს საერთაშორისო დახმარებები თუ სხვა რამ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ ვიცით, ეს კრიზისი როდის მთავრდება. ამიტომ რესურსები რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ. პირველადი მოხმარების პროდუქტების შესყიდვის უნარი უნდა ჰქონდეს ყველა მოქალაქეს. ეს მინიმალურია, რათა ადამიანმა თავი გაიტანოს. როდესაც ლაპარაკია კომუნალურ გადასახადებზე, ეს გადასახადები ან უნდა შეჩერდეს, ან გადავადდეს, ან გარკვეული ნაწილის ბიუჯეტიდან დაფარვა მოხერხდეს. ეს ყველაფერი დათვლადია, რაც ხელისუფლებამ უნდა დათვალოს და შესაძლებლობის ფარგლებში განახორციელოს. სხვა რეკომენდაციების მიცემა უბრალოდ პოპულიზმია.

როგორ ფიქრობთ, „დარჩი სახლში“ კამპანია დეპრესიულ ფონს გამოიწვევს ჩვენს მოსახლეობაში?

- ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს, იჯდე სახლში და არ გახვიდე გარეთ, მაგრამ ადამიანებმა უნდა შეძლონ ამ ერთი თვის დაგეგმვა. უფრო ცხადი უნდა გახდეს, რა ხდება განათლების სისტემაში, რა ხდება ჯანდაცვის მიმართულებით, რა ხდება სამსახურების მიმართულებით, როგორი იქნება გადაადგილება. ვისაც საშუალება აქვს, ოთახში კი არ უნდა იყოს გამოკეტილი, არამედ აგარაკს, ან სოფელს მიაშუროს. ფაქტობრივად, ძნელია ცხოვრება მათთვის, ვინც თბილისშია და იძულებულია, თვითიზოლაციაში იმყოფებოდეს, დახურულ რეჟიმში გამოკეტვა საკმაოდ რთულია. საკმაოდ დეპრესიულია ამის განცდა. ამ შემთხვევაში, ალბათ, დიდი მნიშვნელობა ექნება მედიას და, განსაკუთრებით, ტელევიზიას, რომ ხალხს არა მარტო ინფორმაცია მიაწოდოს, არამედ დეპრესიული ფონიც გაითვალისწინოს და პროგრამები მოარგოს ადამიანთა გახალისებას.