2004 წლის 24 მარტს მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულმა აფრასიძეების ოჯახმა, ადვოკატების დახმარებით, მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანა საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით. შმაგი აფრასიძე, მართალია, იმ დღეს სიკვდილს გადარჩა, სასამართლომ მას სამართალდამცველებისათვის წინააღმდეგობის გაწევისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გამოყენებისთვის 17 წლით აღუკვეთა თავისუფლება და ახლა ის სასჯელს N6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ძმასთან - გოჩასთან ერთად იხდის.
- შმაგი, როგორ ხართ, როგორ გექცევიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში?
- როგორ ვიქნები 9 წლის განმავლობაში სააკაშვილისა და მისი დამქაშების ხელში? იმდენი დაავადება "შევიძინე", არც კი ვიცი, თუ განვიკურნები. ადმინისტრაცია ამჟამად უკეთ გვეპყრობა, მაგრამ აქამდე მე და ჩემმა ძმამ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. ჩემი ოთხი შვილი იმ დღის შემდეგ აღარ მინახავს...
- იქნებ გაიხსენოთ სპეცოპერაციის დეტალები, თქვენთან ერთად დაზარალდა თქვენი მეუღლეც, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა, ბავშვები როგორ გადაურჩნენ სიკვდილს?
- სპეცოპერაცია ჩვენი ოჯახის წევრების გასანადგურებლად ჩატარდა. ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო ის, რომ ტყვიების წვიმასა და ცეცხლწაკიდებულ სახლში ქალები და ბავშვები იმყოფებოდნენ. შემზარა, როცა შევიტყვე, რომ ჩემს 12 წლის ბიჭს შარვალში ტყვიამფრქვევის ტყვიებმა გაუარა, ბეწვზე გადარჩა. ჩემი მეუღლე კი ჯერაც არ გამოჯანმრთელებულა. ჩემი შვილები უსახლკაროდ დარჩნენ პენსიონერი ქალის, დედაჩემის ამარა. აღარც მინდა იმ საშინელების გახსენება. ბავშვები მხოლოდ ღვთის წყალობით გადარჩნენ.
- სად აღმოჩნდით სპეცოპერაციის შემდეგ?
- სპეცოპერაციის შემდეგ ვერტმფრენით ჩამოგვიყვანეს ქუთაისში, აეროპორტში პირისპირ შემხვდა გიორგი ბარამიძე და ცინიკურად მითხრა: შენ ცოცხალი არ უნდა იყო, მაგრამ არა უშავს, მთელ ცხოვრებას ციხეში გაატარებო. მე არ დავჭრილვარ, გოჩა იყო დანით დაჭრილი. სასამართლოში მას პირზე დაადგნენ, იარაღს რომ გვესროდი, მაშინ დაიჭერიო, არადა, შებორკილი მიწაზე ეგდო, როცა "შტიკნოჟი" გაუყარეს ფილტვში. ქუთაისში ავტომანქანა "ნივაში" ჩამსვეს, რომლის საჭესთანაც კირკიტაძე იჯდა და გამეცნო კიდეც, მე დათო ვარ, კირკიტაძეო. შემდეგ გადმომიყვანეს თბილისში, შს სამინისტროში და დაიწყეს ჩემი დაკითხვა, უფრო სწორად - წამება. ამაზე საუბარი არც მსიამოვნებს და არც დრო მეყოფა. ყველაფერს დაწვრილებით სხვა დროს მოვყვები.
- სასამართლომ დაადგინა, შმაგი აფრასიძე საზენიტო დანადგარიდან ისროდაო და ამის გამოც მოგისაჯათ 18 წელი...
- ამ უკანონო ბრალდებების ავტორები სააკაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი სამხარეო პროკურორი როლანდ ახალაია არიან. სწორედ მათი დაკვეთით არის შეთითხნილი ის ცრუ ბრალდებები, რომელთა საფუძველზეც უკანონოდ გაგვასამართლეს. რომელი საზენიტო დანადგარიდან უნდა გვესროლა, როცა მძინარე ხალხს გაგვიხსნეს ცეცხლი. ან - თუ ვისროდი, სად წავიდა ამხელა დანადგარი?! საქმეში ხომ უნდა იყოს ნივთმტკიცება?
- მოგვიყევით, რა მოხდა ქუთაისის ახალ ციხეში თქვენი გადაყვანისას.
- ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო. საათობით ვეგდე უგონოდ და ჩემამდე ექიმებს არ უშვებდნენ, რომ არ ეშველათ. თითქმის ყველა ძვალი - მოტეხილი, ორგანო კი მძიმედ დაზიანებული მქონდა. ვინ იცის, ამათ კიდევ რამდენი ადამიანი მოსპეს და გაანადგურეს?!.
- დედათქვენმა ამ სისასტიკეში ბრალი არა მარტო სააკაშვილსა და ბარამიძეს, ადეიშვილსა და მერაბიშვილსაც დასდო. თქვენ რას იტყვით, ვის კისერზეა თქვენი ოჯახის ტრაგედია?
- სააკაშვილმა დიდი სიამაყით განაცხადა, მე გავეცი აფრასიძეების ოჯახის განადგურების ბრძანებაო. მისი ბრძანება კი პირნათლად შეასრულეს იმჟამინდელმა ძალოვნებმა - როგორც მაღალი თანამდებობის პირებმა, ისე მათმა ხელქვეითებმა. ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" ერთობლივი გეგმა, რომელიც ხალხის დაშინებას ემსახურებოდა. სვანმა ხალხმა დაისვენა აფრასიძეებისგანო, თქვა მიშამ, მაგრამ ხალხი მაშინ დაისვენებს, როდესაც თვითონ ისინი ჩასხდებიან ციხეში.
- თქვენმა ძმამ, გოჩამ თქვა, რომ ომეხმა არაფერი იცოდა ლევან კალაძის ადგილსამყოფელის შესახებ, თუმცა, ზოგიერთი ამ სპეცოპერაციას და თქვენზე თავდასხმას სწორედ ამას უკავშირებს. ნოდარ გვიჩიანმა, რომელმაც კალაძეების ოჯახს 200 000 გამოართვა, თქვა, რომ თანხის დიდი ნაწილი ომეხს გადასცა. რა ურთიერთობა ჰქონდა თქვენს ძმას ამ ადამიანთან და შეესაბამება თუ არა მისი ნაამბობი სიმართლეს?
- ამ თემაზე არაფერი ვიცი. მე ჩემი ცხოვრება მქონდა, ჩემი საქმე და სახლშიც იშვიათად ვიყავი, რადგან სატვირთო მანქანაზე ვმუშაობდი დღედაღამ. ეს ყველაფერი რომ აბსურდი იყო, ისედაც ყველამ დაინახა. თვალით არ მინახავს და არც ვიცოდი, ვინ იყო გვიჩიანი, ეს ყველაფერი დაჭერის შემდეგ შევიტყვე გაზეთებიდან. ომეხი აპირებდა სამართალდამცველებს ჩაბარებოდა - როდემდე უნდა ვიყო ძებნილიო. ვახტანგ ჯაფარიძესთან მოლაპარაკებული იყო, მაგრამ ვიდრე ამას გააკეთებდა, თავს დაგვესხნენ. დანარჩენი კითხვები ბარამიძეს და სააკაშვილს უნდა დაუსვან.
- პროკურატურა აფრასიძეების საქმის გადახედვას აპირებს და, ალბათ, მტყუან-მართალიც გაირკვევა. გათავისუფლების შემთხვევაში, სად და როგორ აპირებთ შვილებთან ერთად ცხოვრებას?
- კარგი იქნება, დროულად დაიწყოს გამოძიება. გაირკვეს, ვის რა დანაშაული მიუძღვის. ბარამიძეს თავი მამა აბრამის ბატკნად მოაქვს, მაგრამ წყნარად და მშვიდად ვერ იცხოვრებს და ილაპარაკებს. როგორც ჩანს, ამათ კიდევ აქვთ გავლენები. გათავისუფლების შემდეგ ჩემი საქართველოში დარჩენა შეუძლებელი იქნება, რადგან ჩემს ოჯახს სააკაშვილი და მისი დამქაშები ემტერებიან. ბარამიძე დღესაც გვემუქრება, რა უნდა, ვეღარ გაძღა ჩვენი სისხლით?! მე და ჩემი ოჯახი ამ ქვეყანაში უსაფრთხოდ ვერ ვიქნებით, ვიდრე ესენი კიდევ იბოგინებენ, ჩვენი სიცოცხლე საფრთხეში იქნება. ალბათ, პოლიტიკურ თავშესაფარს მოვითხოვ. სათხოვარი მაქვს ჟურნალისტებთან, იქნებ ახვიდეთ ჩვენს სოფელში, გადაიღოთ ჩვენი და ახლომდებარე სახლები, ნახოთ, არის თუ არა კოშკი, რომელზეც სააკაშვილი წუხდა, აფეთქდაო, ჩაატაროთ გამოძიება. ამ სპეცოპერაციის შედეგად დაზარალდა მეზობლების სახლებიც. გამოკითხეთ მეზობლები, თანასოფლელები, როგორი ოჯახი გვქონდა, წარმოვადგენდით თუ არა ვინმესთვის საფრთხეს, რა მითიც ამათ შექმნეს და გაავრცელეს. მერე კი მოვითხოვთ სამართლის აღსრულებას.