ბიზნესი, რომელმაც პანდემიის დროს ფრთები გაშალა

ბიზნესი, რომელმაც პანდემიის დროს ფრთები გაშალა

ქვეყნაში ყველა ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაშია, მაგრამ არის 2-3 ისეთი მიმართულებას, რომელსაც ახლა ოქროს ხანა უდგას. პირველ რიგში ეს არის ახლადამოქმედებული პირბადეების შეკერვა-დამზადება და მეორე - ადგილზე მიტანის სერვისი. ორივე სახის საქმიანობა იმდენად მოთხოვნადი და პოპულარული გახდა, რომ თავბრუდამხვევ ტემპში ბიზნესი გაფართოებას ვერ ასწრებს.

საქმეში უკვე მთავრობაა ჩართული. საქართველოს მთავრობის დავალებით, კომპანია „საქართველოს ფოსტის“ კურიერებმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, რომლებიც ჩართული არიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამთავრობო პროგრამაში, კუთვნილი მედიკამენტების სახლში მიტანის სერვისი დაიწყეს. მედიკამენტებთან ერთად პენსიონერებმა ასევე მიიღეს ადგილობრივი წარმოების პირბადეები, რომლებიც მთავრობის დაკვეთით კერძო სამკერვალო საწარმოებმა დაამზადეს და ამით თავისი წვლილი შეიტანეს ამ დეფიციტური ჰიგიენური პროდუქტით ქვეყნის მომარაგებაში.

ჯანდაცვის სამინისტრომ „საქართველოს ფოსტას“ გადასცა ინდივიდუალური დანიშნულება ელექტრონული რეცეპტის სახით, ხოლო ფოსტის კურიერებმა ბინაზე მედიკამენტების მიწოდება დაიწყეს.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ყურადღება პროექტის სოციალურ დატვირთვაზე გაამახვილა. პენსიონერები, რომლებსაც დღეიდან ფოსტა ემსახურება და მათთვის მედიკამენტები და პირბადეები მიაქვს, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფებს განეკუთვნებიან და არიან მოწყვლადები კორონავირუსის მიმართ.

„ამდენად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ისინი ზედმეტად სახლიდან არ გამოვიდნენ და ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ გარეშე პირებთან. ჩვენი ვალია, მოვუფრთხილდეთ მათ, „საქართველოს ფოსტის“ კურიერები კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მათ კუთვნილ მედიკამენტებს სახლში მიუტანენ“, - განაცხადა თურნავამ.

ადგილზე მიტანის სერვისმა ბოლო 2 კვირაა არნახული შეკვეთები მიიღო. მომსახურებაზე მოთხოვნა მკვთერად გაიზარდა და კერძო კომპანიებმა, რომელებიც ამ საქმიანობას ეწევიან თავიანთი ბიზნესი საგრძნობლად გააფართოვეს. „გლოვოს“ მარკეტინგის ანალიტიკოსი ნათია ლიპარტელიანი აღნიშნავს, განსაკუთრებით ხილ-ბოსტნეულსა და იმუნიტეტის გამაძლიერებელ მედიკამენტებს ითხოვენ.

„მოცემულმა ვითარებამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი სამუშაო გარემო. მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, თუმცა ამისთვის მზად აღმოვჩნდით. გაზრდილია მოთხოვნა სურსათზე, მათ შორის ხილ-ბოსტნეულზე და მედიკამენტებზე, ძირითადად, იმუნიტეტის გამაძლიერებლებსა და სადეზინფექციო საშუალებებზე. რაც შეეხება ჩვენს პარტნიორ კვების ობიექტებს, ვცდილობთ მათაც შევუწყოთ ხელი და სიაში უფრო მეტი რესტორანი დავამატოთ. გარდა ამისა, ვიყენებთ უკონტაქტო მიტანის სერვისს და ყველანაირად ვცდილობთ დავიცვათ კურიერების და მომხმარებლების უსაფრთხოება“, -განაცხადა ლიპარტელიანმა.

ადგილზე მიტანის სერვისის სარგებლობის მსურველთა რაოდენობის მატებაზე საუბრობს „კომერსანტთან“ „ვოლტის“ გენერალური მენეჯერი ნატალია ხიზანიშვილიც.

„ადგილზე მიწოდების სერვისზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება უპრობლემოდ შევძელით და მზად ვართ კიდევ უფრო დიდი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ თუ ამის საჭიროება იქნა. გვსურს, მიტანის მომსახურება სუპერმარკეტებიდანაც დავამატოთ, ასევე ახალი რესტორნების მიმართულებითაც გვაქვს მოლაპარაკებები, რადგან ბევრი მათგანი იკეტება და აქედან გამომდინარე, გვინდა, რომ ჩვენს სისტემაში მაქიმალურად ყველა ჩავრთოთ. გარდა ამისა, დავნერგეთ უკონტაქტო მიტანის სერვისიც, რაც დამატებითი უსაფრთხოების გარანტიაა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე კურიერისთვის“, - განაცხადა ნატალია ხიზანიშვილმა.