ორშაბათიდან შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები საგადასახადო ადმინისტრირების გასაძლიერებლად საკონტროლო შესყიდვას გააქტიურებენ. ეს ნიშნავს, რომ თუკი რომელიმე მეწარმეს სალარაო აპარატის გამოუყენლობაზე წაასწრებენ 500-ლარიან ჯარიმას მყისვე გაუფორმებენ. ბიზნესმენები ამბობენ, რომ ფინანსთა სამინისტრომ ბოლოს და ბოლოს ჩასაფრების პოლიტიკა უნდა შეცვალოს.
შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, საკონტროლო შეზღუდვები ნაღდი ანგარიშსწორების პირობებში სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის გასაკონტროლებლად გამოიყენება.
საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო სალარო აპარატის გარეშე მუშაობა, საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობა ან „ჩეკში“ გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებამდე არ გაამჟღავნოს თავისი სამსახურებრივი მიზანი და იყოს ფსევდო-მომხმარებლის როლში და იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდა სალარო აპარატის გამოუყენებლობის, ან მომხმარებელზე ამობეჭდილი ქვითრის წარუდგენლობის ფაქტი, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ერთსა და იმავე ობიექტში სისტემატურად.
მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ მეწარმე ვალდებულია, საქონლის რეალიზაციის ან მომსახურების გაწევის დროს მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოიყენოს საკონტროლო სალარო აპარატი.
„მეწარმის მიერ ქვითრის გაცემა უნდა მოხდეს ნაღდი ფულის გადახდისთანავე, ან მის მიერ ხურდის დაბრუნებასთან ერთად. საკონტროლო სალარო აპარატის გაუმართაობის შემთხვევაში, მეწარმე ვალდებულია გამორთოს სალარო აპარატი და შეწყვიტოს მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის ალექსანდრე კვიტაშვილის განმარტებით, არსებობს სამი სახის დარღვევა: პირველი - როდესაც მეწარმეს საერთოდ არ აქვს სალარო აპარატი, მეორე - როდესაც აქვს, მაგრამ არ იყენებს მას და მესამე - როდესაც აქვს სალარო აპარატი, მაგრამ ის ფაქტობრივზე ნაკლებ თანხას აჩვენებს. სამივე სახის დარღვევაზე ჯარიმის ოდენობა 500 ლარს შეადგენს.
შემოსავლების სამსახური მეწარმეებს მოუწოდებს გამოიყენონ სალარო აპარატები, რათა პრობლემები თავიდან აიცილონ. აქვე აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით, ჯარიმის ოდენობის შემცირება არ იგეგმება.
ფინანსთა სამისტროს ამგვარ გააქტიურებას მაინცდამაინც არ იწონებენ ბიზნესმენები. ირაკლი იაშვილის განმარტებით, მაღალი ჯარიმის დაკისრებამ თავისი ფუნქცია შეასრულა და ეს თანხა უკვე შესამცირებელია. რაც შეეხება საკონტროლო შესყიდვების გააქტიურებას, პროცესი მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, თუმცა მხოლოდ კანონის დაცვით.
„საგადასახადო ადმინისტრირებით ქვეყანაში ფინანსური წესრიგი მეტ-ნაკლებად დამყარდა. ეს ფაქტია და უნდა ვაღიაროთ. ახლა მოდუნება არ შეიძლება, მაგრამ პროცესი არ უნდა ხორციელდებოდეს ზღვარდაგადასული სიმკაცრით. ადმინისტრირება კანონის ფარგლებშია განსახორციელებელი. ეს პრევენციაა იმისთვის, რომ არ მოხდეს გადასახადის დამალვა.
რაც შეეხება ჯარიმის მოცულობას, სასურველია, შემცირდეს. თავის დროზე მან გარკვეული ფუნქცია შეასრულა და ახლა ისევ მაღალი ჯარიმის დაკისრება არ იქნება მიზანშეწონილი.
საგადასახადო აგენტი არ უნდა იყოს ჩასაფრებულ პოზიციაში. მიდგომაა შესაცვლელი, რომ არ ხდებოდეს კანონდამრღვევის დანაშაულში გამოჭერა და შემდეგ დაჯარიმება. ასეთი წნეხი მეწარმეებმა საკმაოდ მწარედ იწვნიეს. ახლა მთავარია, საკონტროლი შესყიდვები კანონის ჩარჩოებში მოექცეს, ცხადია, პროვოცირების გარეშე“, - აცხადებს ირაკლი იაშვილი.