უკანასკნელ წლებში საქართველოში ლეგენდები დადიოდა იმაზე, თუ რა თანხებს ხარჯავდა სააკაშვილი უცხოელი ლობისტების მომსახურებაზე. ცნობილია, რომ წინა ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან სარგებლობს უცხოური ლობისტური კომპანიების მომსახურებით. მაგალითად, სენატორ ჯონ მაკკეინის ყოფილი მრჩევლის, რენდი შუნემენომის მიერ დაარსებული კომპანია „Orion Strategy“ სააკაშვილის ხელისუფლებას ლობირებას 2004 წლიდან ეწევა. ასევე ხშირად სარგებლობდა წინა ხელისუფლება ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ ლობისტური კომპანია „Podesta Group“-ის მომსახურებით.
საერთო ჯამში 2004-დან 2011 წლის ჩათვლით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლობისტების მომსახურებაზე ხუთ მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, მაგრამ როგორც ჩანს, 2012 წელს, ანუ იმ წელს, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში წყალგამყოფის ფუნქცია შეასრულა, სააკაშვილის ხელისუფლებას ლობისტების მომსახურება უფრო სჭირდებოდა და შესაბამისად, ბევრად მეტის გაღებაც უღირდა. ამიტომ, წინა ხელისუფლების მიერ უკანასკნელი წლის განმავლობაში უცხოელ ლობისტებზე დახარჯულმა თანხამ ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. კერძოდ, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს ბიუჯეტიდან საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე 16 მილიონია დახარჯული.
„ამ ხარჯებს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, ამიტომ ვერ გამოვაქვეყნებთ, მაგრამ მიმდინარე წელს 16 მილიონი დახარჯულია საკონსულტაციო მომსახურეობის შესყიდვაზე. ხვდებით ალბათ, რაზეც არის საუბარი. ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ხადურმა.
მისივე თქმით, წლევანდელი 24 მილიონის ნაცვლად, მომავალ წელს უშიშროების საბჭოს ბიუჯეტი მილიონ რვაასი ათასი ლარი იქნება.
ამ თემას „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც შეეხო.
„სააკაშვილი ცდილობს, არასწორი ინფორმაცია გაიტანოს საზღვარგარეთ. გიგა ბოკერიას სამსახურს ბიუჯეტიდან 16 000 000 ლარი აქვს დახარჯული, თუმცა ამ ინფორმაციის „გახსნა“ ვერ მოვახერხეთ, მას გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ინფორმაცია გამოითხოვა ფინანსთა მინისტრმა, თუმცა მასაც არ აძლევენ. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში შევძლებთ სიმართლის დადგენას, თუმცა დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ბიუჯეტიდან ამ თანხებით ფინანსდებოდა პასკვილები, რაც უცხოურ პრესაში იბეჭდებოდა“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ასეთი სტატიები ქართული სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობას ვერ შეაფერხებენ.
„ჩვენ ვიწყებთ სამართლიანობის აღდგენას. დაკავებების პროცესი მალე ჩამთავრდება და ჩვენ მოვახერხებთ, საერთაშორისო მედიასაც გავაცნოთ მათი რეალური სახე. არ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ რა იწერება საზღვარგარეთ. ჩვენ ვართ საქართველოს მთავრობა და ძალიან კარგად ვფლობთ სიტუაციას, ვიცით, რაც ხდება ქვეყანაში“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ზოგადად, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ლობისტებზე დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის, თუმცა გარკვეული ინფორმაციები ქართული საზოგადოებისთვის მაინც ცნობილი ხდება ხოლმე. მაგალითად, გავრცელებული ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოს ხელისუფლებამ „Podesta Group“-ს 600 000 აშშ დოლარი გადაუხადა. იმავე წელს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ Gephardt Group Government Affairs-ს მომსახურებითაც ისარგებლა და ამაში 436 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა.
ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის მიერ პიარზე საკუთარი სარეზერვო ფონდიდან უზარმაზარი თანხის ხარჯვას, არის 2012 წლის 6 ივნისის განკარგულება, რომლითაც სარეკლამო მასალის დასაბეჭდად 102 450 ლარი არის გამოყოფილი.
„BRAND NEW GEORGIA“-ს შესახებ საქართველოს მოსახლეობისა და საქართველოში ჩამოსული ინვესტორების ინფორმირების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ამსახველი სარეკლამო ზედაპირების (შენობების შესაფუთი პლაკატების) დამზადების და საქართველოს მასშტაბით განთავსებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 102 450 ლარი“, - ნათქვამია განკარგულებაში.
ეს ზღვაში წვეთია იმასთან დაკავშირებით, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის გარეთ, მსხვილ ლობისტურ კომპანიებზე ხარჯავდა. აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ცნობილი უცხოური ლობისტური კომპანიების მომსახურებით ბიძინა ივანიშვილიც სარგებლობდა და ამაში სოლიდურ თანხებსაც იხდიდა, თუმცა სხვაობა მასა და სააკაშვილის მიერ გაწეულ ხარჯებს შორის ის იყო, რომ ივანიშვილი ლობისტებს საკუთარ ფულს უხდიდა, სააკაშვილი კი ამაში სახელმწიფო ბიუჯეტის, ანი ჩვენს ფულს ხარჯავდა.
მიუხედავად ამისა, ლობისტური კომპანიების ქართულ პოლიტიკაში ასეთმა გააქტიურებამ მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთება გამოიწვია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ სპეციალური განცხადებაც კი გააკეთა, რომლითაც როგორც ხელისუფლებას, ასევე ბიძინა ივანიშვილს ამ საქმიანობის მეტი საჯაროობისკენ მოუწოდა.
„ვფიქრობთ, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ისე ბიძინა ივანიშვილმა, საჯარო უნდა გახადონ ლობისტურ კომპანიებთან დადებული ყველა ხელშეკრულება და გამოაქვეყნონ დამატებითი ინფორმაცია დაქირავებული ლობისტების საქმიანობის მიზნებისა და საქმიანობის შესახებ, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ აღნიშნული კონტრაქტებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა არ ეწინააღმდეგება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. აგრეთვე, მიგვაჩნია, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ისე ბიძინა ივანიშვილმა არ უნდა დაუშვან, რომ აღნიშნულმა საქმიანობამ გადაჭარბებული გავლენა მოახდინოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე“, - ნათქვამი იყო ორგანიზაციის მიერ 2012 წლის 6 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უკანასკნელ დღეებში ნათელი ხდება, რომ სააკაშვილის უცხოური ლობის საქმიანობა მართლაც გადაჭარბებულ გავლენას ახდენს საქართველოში შექმნილი პოლიტიკურ სიტუაციაზე. ახალმა მთავრობამ კი, ან გადაწყვიტა, რომ უცხოეთში პიარი აღარ სჭირდება, ან უბრალოდ ამისთვის ჯერ ვერ მოიცალა. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ევროპასა და ამერიკას აჩვენონ, რომ ქვეყანაში მიმდინარე მაღალჩინოსნების დაპატიმრებები ახალი ხელისუფლების მხრიდან ოპონენტებზე პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და მეტი არაფერი. ივანიშვილი კი აცხადებს, რომ უცხოელებმა რაც არ უნდა თქვან, საქართველოში სამართლის აღდგენაზე ეს ვერანაირ გავლენას მოახდენს.
„ჩვენ არ ვაპირებთ ვიმოქმედოთ რომელიმე იმ განცხადების მიხედვით, რომელიც საზღვარგარეთ კეთდება. ჩვენ ვართ საქართველოს მთავრობა და ძალიან კარგად ვფლობთ სიტუაციას. ძალიან კარგად ვიცით რა ხდება საქართველოში და ამის შესახებ ძალიან კარგად არის ინფრომირებული ქართული საზოგადოება. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ამის საშუალებას კანონი გვაძლევს. ასეთი სტატიები ვერ შეაჩერებენ და ვერ შეაფერხებენ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებას. ჩვენ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენს ვიწყებთ“ - განაცხადა ივანიშვილმა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებისგან, რომლის მთელი საგარეო პოლიტიკაც მხოლოდ პიარზე, ანუ დასავლეთში ფასადური, ვირტუალური სურათის შექმნაზე იყო აგებული, გასაკვირი არ არის ლობისტურ კომპანიებზე ამხელა თანხების დახარჯვა.
„სამწუხაროდ ეს 16 მილიონი დაიხარჯა არა სახელმწიფოებრივ ამოცანებზე და სახელმწიფოებრივ ასე ვთქვათ, „პრომოუშენზე“, არამედ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის, მე ვიტყოდი რეჟიმის რეალური სახის შენიღბვაზე. ამას ჰქვია არამიზნობრივი ხარჯები და თანამდებობის ბოროტად გამოყენება“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
იგი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პიარზე მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს, რადგან ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ოპოზიციაში მყოფი ძალა უცხოეთში „თავისი საცეცებით“ საკმაოდ წარმატებულ მუშაობას ახერხებს. ექსპერტი ამბობს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ორგანიზაციულად ჯერ ამისთვის არაფერი დაუპირისპირებია, რაც ძალიან სამწუხაროა. ამ დროს კი ეს სერიოზული სამუშაოა და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რადგან საბოლოო ჯამში სახელმწიფო ინტერესი ზიანდება.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენ მორალს ვეღარ წავუკითხავთ, მაგრამ ამის პრევენცია და ნეიტრალიზება, რა თქმა უნდა, აუცილებელია. ეს მექანიზმი უნდა ამუშავდეს. ფულის დახარჯვას რაც შეეხება, არ არის აუცილებელი, რომ ამაში მაინცდამაინც დიდი ფული დახარჯო“, - აღნიშნავს ექსპერტი.
მისი თქმით, ამის გაკეთება შესაძლოა დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით, მეგობრების მეშვეობით, ასევე დიასპორული ორგანიზაციების მეშვეობით, როგორებიც თითქმის ყველა ქვეყანაში გვყავს. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ უნდა მოხდეს რეალური პოლიტიკური ვითარების ახსნა ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის, თუ სხვა დაინტერესებული პირებისთვის. აქვე იგი დასძენს, რომ ვინაიდან ახლა გარდამავალი პერიოდია, ახალ ხელისუფლებას ბევრი ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხი აქვს მოსაგვარებელი და ერთ თვეში ამდენი რამის მოგვარება ნამდვილად რთულია. ამასთანავე, მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფ დიპლომატიურ კორპუსს ჯერჯერობით ბოლომდე ვერ აკონტროლებს. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს ობიექტური პროცესია, მაგრამ ეს სუბიექტური და ობიექტური ბარიერები რაც შეიძლება მალე უნდა გადაილახოს.
იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ სახელმწიფო სახსრებზე საიდუმლო გრიფის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს, რაშია ეს თანხები დახარჯული. მისი თქმით, შეიძლება ანგარიში ძალიან დეტალური არ იყოს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვისგან მივიღეთ საკონსულტაციო მომსახურება და ზოგადად რას მოიცავდა იგი, ისე რომ დეტალები არ იყოს დაკონკრეტებული. ამასთანავე, მუხაშავრია ახალ მთავრობას ურჩევს, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის თანახმად, ამ ხარჯების განსაიდუმლოება მოახდინოს.
„არსებობს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონი, რომელიც განსაიდუმლოების პროცედურას ითვალისწინებს. მე რომ მთავრობა ვიყო, ამ პროცედურას გამოვიყენებდი და ამ ხარჯების განსაიდუმლოების სასამართლო წესით მოვითხოვდი. საზოგადოებას ამ საკითხის მიმართ აქვს მომეტებული ინტერესი. მთავრობას აქვს ვალდებულება და ჩვენ შეიძლება ვთხოვოთ მთავრობას, წავიდეს სასამართლოში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოითხოვოს ამ ინფორმაციის განსაიდუმლოება, რაც სწორედ სასამართლოს პრეროგატივაა“, - აღნიშნავს იურისტი.