ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა დაუბრუნდა და ისტორიული ნაგებობა უკვე პარლამენტის ბალანსზე ირიცხება. წინა მთავრობის გადაწყვეტილებით, თავდაპირველად შენობა ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებარა, რომელმაც მოგვიანებით, შენობა აქტებით „საპარტნიორო ფონდს“ გადასცა. თავის დროზე, ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ისტორიული შენობის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემასთან დაკავშირებით, ბურუსით მოცულ განცხადებებს აკეთებდნენ, ამ პროცესში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავდნენ და მედიისთვის გზა-კვალის აბნევას ცდილობდნენ, მაგრამ ნათელი იყო, რომ შენობის გადაცემა მხოლოდ ერთი მიზეზით მოხდა - ძველ მთავრობას ისტორიული შენობის გასხვისება სურდა, რაც ვერ ან არ მოესწრო.
ერთი მხრივ, შენობის გაყიდვის საკითხს წერტილი 1-ელი ოქტომბრის არჩევნებმა დაუსვა, მეორე მხრივ კი, შენობას ინვესტორები იწუნებდნენ. კერძოდ, for.ge-ს ინფორმაციით, ისტორიულ ნაგებობას ხშირად - ბერძენი, ჩინელი და არაბი ბიზნესმენები სტუმრობდნენ და შენობას დიდი დაკვირვებით ათვალიერებდნენ. უნდა ითქვას, რომ ჩინელ ინვესტორებს შენობაში მეგზურობა ჩინეთში საქართველოს ელჩმა, მამუკა გამყრელიძემაც გაუწია, თუმცა, უშედეგოდ, რადგან ინვესტორებმა შენობა კვლავ დაიწუნეს. ამ კონკრეტული დღის შემდეგ, გამყრელიძე და სხვა ელჩები პარლამენტში აღარავის უნახავს, რადგან აგვისტოდან დაწყებული სექტემბრის შუა რიცხვებამდე, პარლამენტში სამი დარბაზის დემონტაჟი და შენობიდან ინვენტარის დაჩქარებული წესით გადატანა ხდებოდა. აპარატის თანამშრომლებს კი, გამოუცხადეს, რომ სამსახურში აღარ ევლოთ და 2 ოქტომბერს, ქუთაისში იმ პარლამენტის 360 მლნ ლარიან გამჭირვალე შენობაში გამოცხადებულიყვნენ, რომელიც კერძო სამართლის იურიდიულ პირს - შ.პ.ს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ეკუთვნის. ანუ, ქვეყნის უმაღლესი ორგანო ამ დრომდე, სხვის კუთვნილ ქონებას განკარგავდა და სულ რაღაც ორი დღის წინ დაიბრუნა.
მართალია, უწყებამ კუთვნილი ისტორიული შენობა დაიბრუნა, მაგრამ პარლამენტის თბილისში უკან გადატანას მხოლოდ შენობა როდი უშლის ხელს, არამედ კონსტუტიციაში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფლად ქუთაისია მითითებული. ამ ჩანაწერის შეცვლას კი, საპარლამენტო უმრავლესობა შეეცდება, რომელიც კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილსამყოფელის განმსაზღვრელი მუხლის ამოღებაზე მუშაობს.
ორშაბათის ბიუროს სხდომაზე, დაახლოებით 80 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო ინიციატივა შევა, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციიდან ამოღებული იქნება 48-ე მუხლი, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელს განსაზღვრავს.
ცვლილებების ავტორის, კობა დავითაშვილის განმარტებით, კონსტიტუციაში მითითებული აღარ იქნება - თუ სად უნდა იყოს პარლამენტი. მისი თქმით, პარლამენტის ადგილსამყოფელი კონსტიტუციის რეგულირების სფერო არ არის და ეს შეიძლება კანონით მოწესრიგდეს.
„ქუთაისის ამოღება და პირიქით, თბილისის ჩაწერა არ იგეგმება. დავუშვათ, სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა, რომ სხდომა თელავში, ბათუმში, ან ახალციხეში ჩატარდეს. რატომ არ უნდა შეიძლებოდეს, რომ ეს სხდომები სხვადასხვა ქალაქში ჩატარდეს?“, - აცხადებს დავითაშვილი.
უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით, ახალი მთავრობის გადაწყვეტილებას უმრავლესობა დადებითად აფასებს, ოპოზიცია კი, ჩვეულ სტილში - უარყოფითად.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის უპირველეს ორგანოს მის ბალანსზე, საკუთარი შენობა უნდა ჰქონდეს და შენობის დაბრუნება სამართლებლივად სწორია.
„ეს უბრალოდ აბსურდია, როდესაც ჩვენ იმ შენობაში ვიმყოფებით, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის. შენობის დაბრუნება არის საფუძველი იმისა, რომ რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა გარემონტდეს და სრულყოფილ მდგომარეობაში მოვიდეს, რათა პარლამენტი დედაქალაქში დაბრუნდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა შენობა იყო, რადგან სად ვბრუნდებოდით, არ ვიცოდით“, - განუცხადა for.ge-ს კობახიძემ.
საკითხზე საუბრისას, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ცაგარეიშვილი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, ცვლილება შესაძლოა ორგანულ კანონში ან რეგლამენტში შევიდეს.
„ინიციატივას 80 კაცი ხელს აწერს და კონსტიტუციიდან 48-ე მუხლი ამოვა. შესაძლოა, ეს საკითხი ორგანული კანონით ან რეგლამენტით განსაზღვროს. ამ ინიაცივით, იმ ინოვაციებს დაესმევა წერტილი, რომელიც რეგიონის ფსევდო განვითარებასთან იყო დაკავშირებული. ხშირად, ქუთაისში ვერცერთ ნაციონალს ვერ იპოვით. როგორც ჩანს, მათთვის ქუთაისის პარლამენტი გაიგივებული ხელისუფლებაში დარჩენასთან იყო, რადგან ფაქტია, რომ მათ აქ გაჩერება არ უნდათ. ყურები რომ გამოგვიჭედეს - დეცენტრალიზაციაო, სად არიან? რეგიონალიზმი მხოლოდ უმრავლესობაში ყოფნის დროს ესმით?“, - განუცხადა for.ge-ს ცაგარეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობისგან განსხვავებით, უმცირესობა პარლამენტის შენობის გადაცემა-გადმოცემის პროცესში პრობლემურს ვერაფერს ხედავს, ხოლო უწყების ადგილსამყოფელთან დაკავშირებით ცვლილებების მომზადებას - „ჯინიანობას“ უკავშირებს.
როგორც from.ge-ს ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, დეპუტატმა, გიორგი კარბელაშვილმა განუცხადა, პარლამენტის შენობა ვიღაცას კი არ აჩუქეს, როგორც ამას „ენგურჰესზე“ ამბობდნენ, არამედ სხვა უწყებას გადაეცა.
„ეს შენობა არავისთვის მიუყიდიათ და ჭორებს ავრცელებენ. მთავარი იცით რა არის? - ის, რომ პარლამენტის შენობა სახელმწიფოს ხელში იყო. თუმცა, იმაზე მსჯელობდნენ მისი პრივატიზება მოხდებოდა, გასხვისება თუ - რა. „საპარტნიორო ფონდში“ რკინიგზის აქციებიც იყო და ეს ფონდი იმიტომ შეიქმნა, რომ მენეჯმენტი ერთი ყოფილიყო. რაც შეეხება ცვლილებას, თბილისში პარლამენტის გადატანა დიდი უზნეობაა, რადგან ამ შემთხვევაში, ჯინიანობაზეა საუბარი. ამით ქვეყანა რა სარგებელს ნახავს? ფაქტია, რომ დღეს ქუთაისში პარლამენტს სხვა დატვირთვა აქვს და ქალაქი მეორე პოლიტიკურ ცენტრად იქცა“, - აცხადებს კანონმდებელი.
უნდა ითქვას, რომ თუ უმრავლესობა პარლამენტის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მოამზადებს და ამ ჩანაწერის გაკეთებას რეგლამენტში განიზრახავს, ან ორგანულ კანონში, ეს მათი ლოგიკური სვლა იქნება, რადგან შესაძლოა, მათ ცვლილებების დამტკიცების შანსი გაუჩნდეთ. კერძოდ, პარლამენტში კანონის მისაღებად საკმარისია 50 დეპუტატის ხმა, ორგანული კანონისთვის - 76, ხოლო კონსტიტუციური კანონისთვის - 100 ხმა. რადგანაც „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, ის უმცირესობის თანხმობის გარეშე კონსტიტუციურ ცვლილებებს ვერ განახორციელებს. შესაბამისად, ინიციატივა-ინიციატივისთვის რომ არ დარჩეს და პროექტმა შედეგი გამოიღოს, უმრავლესობამ საკუთარი შანსები უნდა გაითვალისწინოს.
სანამ, პარლამენტი ცვლილებებს განიხილავს და ცნობილი გახდება კონსტიტუციიდან 48-ე მუხლი ამოვა თუ არა, მანამდე 2011 წლის ივნისში დაფუძნებული „საპარტნიორო ფონდი“ რუსთაველის გამზირზე არსებულ შენობაში საქმიანობას კვლავ განაგრძობს, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ მისი დირექტორი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის ნაცვლად, ირაკლი კოვზანაძეა.