აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილმა რუსუდან შარაძემ, რომელიც ამჟამად ჟენევაში იმყოფება, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლითაც საქართველოს იუტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს სთხოვს გიორგი ბარათელის სასწრაფოდ დაკითხვას. უცვლელად გთავაზობთ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებას:
„საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს,
საქართველოს მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს - გიორგი ბარათელის სიცოცხლე საფრთხეშია!
ბადრი კოჭლამაზიშვილის სასამართლომ დაზარალებულადაც არ მცნო და ამ ეტაპზე, სხვა არაფერი შემიძლია, გარდა იმისა, რომ ამ ფორმით მოგმართოთ.
ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ ახალ ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა ერგო. სულსწრაფობას ნამდვილად არ გამოვიჩენდი, მიუხედავად იმისა, რომ საქმე გურამ შარაძეს ეხება, მაგრამ საფრთხეშია უდანაშაულო ადამიანის, მამაჩემის მკვლელობის საქმეში მთავარი მოწმის - გიორგი ბარათელის სიცოცხლე. დღეს, 30 ნოემბერს, ციხიდან გამომზავნილი მისი წერილიც ამის დადასტურებაა.
ძალიან ვშიშობ, არ მოხდეს ისე, რომ მკვლელი სააკაშვილის რეჟიმს გადარჩენილი ბარათელი, დღეს ამ რეჟიმის ნარჩენებმა იმსხვერპლონ.
უმორჩილესად გთხოვთ, რაც შეიძლება სასწრაფოდ დაიკითხოს გიორგი ბარათელი.
გიორგი ბარათელის ჩვენება თითქმის გახსნის გურამ შარაძის მკვლელობას.
უღრმესი პატივისცემით
რუსუდან შარაძე
ჟენევა, 30 ნოემბერი, 2012“