„ვარდების რევოლუციის“ პერიოდში, თითქმის, ყველაფერი პიარზე იყო აგებული - შელამაზებული ფასადები, შიგნით რომ გულს უხეთქავდა ადამიანს; დასაქმებული და, უფრო სწორად, დაუსაქმებელი მუშახელი, რომელიც სახელდახელოდ მიტანილი სტენდებისა და პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროსაც ვერ „აუდიოდა“ მუშაობას; პრეზიდენტის დასახვედრად რეგიონიდან რეგიონში ყვითელი ავტობუსებით გადაადგილებული ნაცმოძრაობის აქტივისტების ყიჟინა და შეძახილები „მიშა-მიშა“ და სხვა. როგორც აღმოჩნდა, ამ პიარმა ხანგრძლივვადიანად უცხოელებზე უფრო იმუშავა, ვიდრე ქართველ ამომრჩეველზე. ამდენად, ევროპელებისთვის გაუგებარია, რატომ დევნის ეს უცნაური ხალხი - ქართველი ერი დემოკრატიის აღმშენებელ მაღალჩინოსნებს საქართველოში?! ყველაფერ ამის ფონზე გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ უფრო აქტიური მუშაობა მართებს საკუთარ პიარზე და ლობისტებზე, რადგან, სამწუხაროდ, 21-ე საუკუნე პიარის ხელოვნებას ეფუძნება.
„ქართული ოცნების“ პიარზე და ლობისტურ კომპანიებთან არასაკმარისი მუშაობის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ უკვე მრავალი წელია, რაც ძველი ხელისუფლება, ანუ დღევანდელი უმცირესობა ურთიერთობს საერთაშორისო ლობისტურ კომპანიებთან. ამავდროულად, ისინი სარეკლამო გვერდებით სარგებლობენ სხვადასხვა გავლენიან გაზეთებში. მათ კარგად აქვთ გაკაფული ეს გზა და აწყობილი აქვთ სერიოზული მექანიზმი საკუთარი პროპაგანდირების მიზნით დასავლეთში. ამის ფონზე კი, მათთან შედარებით, ახლად ჩამოყალიბებულმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ ახლა დაიწყო ლობისტების მომსახურებით სარგებლობა და ახალ კონტაქტებს აყალიბებს საერთაშორისო ორგანიზაციების ჩინოვნიკებთან, რაც, ბუნებრივია, არაეფექტურია.
კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ლობისტური ჯგუფები იმდენად სერიოზულად მუშაობდნენ მიხეილ სააკაშვილის პარტიის პროპაგანდისთვის, რომ ეს პირდაპირ ჩანდა კიდეც. კერძოდ, როდესაც საქართველოში მასობრივი დაპატიმრებები მიმდინარეობდა და ადამიანებს აწამებდნენ, როდესაც საქართველო პირველ ადგილზე გავიდა ევროპაში პატიმრების რაოდენობით, სასამართლო არ არსებობდა და გამამართლებელი განაჩენების რაოდენობით პროცენტულად საბჭოთა კავშირსაც კი ჩამორჩებოდა, ამას ვერ ხედავდა დასავლეთი.
უფრო მეტიც, სააკაშვილს ყველაფერი ეპატიებოდა ზუსტად ამ კონტაქტებისა და იმიჯის საფუძველზე, რომელიც მან დაიმკვიდრა, - თითქოსდა, მას ძალიან ცუდი მემკვიდრეობა ერგო და სხვა საშუალება არ ჰქონდა ნაცმოძრაობას, რომ არ განეხორციელებინა თუნდაც ასეთი მკაცრი პოლიტიკა. ყოველ შემთვევაში, ამით იმართლებდა თავს სააკაშვილი.
„დღესაც დასავლეთის ზოგიერთი ექსპერტი საუბრობს, რომ, მართალია, ძველი ხელისუფლების დროს ცალკეული გადაჭარბება მომხდარა, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურების, ასევე, არაობიექტური სასამართლოს მხრივ, მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს... და აქ იწყებენ ჩამოთვლას, თუ რა ცუდი მემკვიდრეობა ხვდა წილად სააკაშვილს. „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც არ არის ფინანსურად ისეთი არაძლიერი ორგანიზაცია, რომ უცბად უარი თქვას ლობისტურ მომსახურებაზე. ამდენად, დღესაც საუკეთესო ლობისტური კომპანიები ჰყავთ დაქირავებული, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ სხვადასხვა ჩინოვნიკთან, რაც უკვე წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდათ და პიროვნულ ურთიერთობებშიც გადაიზარდა. ამიტომ, ჯერჯერობით, ეს გავლენა იგრძნობა“, - აცხადებს კახა კახიშვილი.
მისი თქმით, ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ ჯერჯერობით ვერ უზრუნველყოფს ნორმალური კამპანიების მომსახურებით სარგებლობას. ეს მით უფრო სამწუხაროა, რომ საერთაშორისო პოლიტიკა ძირითადად უკვე ლობისტებზეა დამოკიდებული.
კახა კახიშვილის განმარტებით, ლობისტებისადმი დამოკიდებულება ევროპასა და ამერიკაში უკვე განსხვავებულია. მაგალითად, ამერიკაში სერიოზულად დაფიქრდნენ ლობისტური კომპანიების მუშაობაზე, რადგან უკვე აღარ ჩანს, სად გადის ზღვარი ლობისტურ საქმიანობასა და პოლიტიკურ კორუფციას შორის. თუმცა, რეალობაა, რომ ლობისტური კომპანიების გარეშე შეუძლებელი იქნება სერიოზული შეხვედრების დანიშვნა და ჩატარება. სწორედ ასეთ რეჟიმში უწევს დღეს „ქართულ ოცნებას“ მუშაობა. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამას ემატება ელჩების საქმიანობაც, რომელთა ფუნქციაც, წესით, სახელმწიფოს ინტერესთა დაცვა უნდა იყოს. თუმცა, წლების მანძილზე ისინი თანამდებობაზე მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ინიშნებოდნენ და კვლავაც ამ სტილში აგრძელებენ მუშაობას.
„დღესაც ეს ელჩები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებენ სხვადასხვა ქვეყანაში. რა სახის ინფორმაციას აწვდიან, ეს ჯერ კიდევ საკითხავია, რადგან ერთია, რომ ლობისტური კომპანია გარკვეულ გეგმას შეიმუშავებს და ინფორმაციას მიაწვდის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეორეა, რომ ამ ინფორმაციას კიდევ ემთხვევა ოფიციალური ელჩის პოზიცია. აქ კი ისეთი თანხვედრაა, რომ საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებები უცნაურ დასკვნებს აკეთებენ და ასეთ უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ საქართველოს ახალ ხელისუფლებას“, - აცხადებს კახა კახიშვილი.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს 21-ე საუკუნის პოლიტიკა პიარის გარეშე არ წარმოუდგენია. ამდენად, ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც ამბობდნენ, „საქმემან შენმან წარმოგაჩინოს შენ“. პოლიტოლოგის აზრით, ყოველ ახალ ხელისუფლებას პიარი სჭირდება და ტალეირანი და ბისმარკიც ჩვენი თანამედროვეები რომ ყოფილიყვნენ, მათაც დასჭირდებოდათ პიარი.
ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე კარგად აწყობილი პროპაგანდისტული მანქანა ჰქონდა, ამ აზრს სოსო ცინცაძე იზიარებს. იგი მიიჩნევს, რომ ამ სფეროში სააკაშვილი დიდი წარმატებით მუშაობდა, რაშიც მას ძალზე ეხმარებოდა მისი ლინგვისტური ნიჭი, ენების ცოდნა, პირადი ქარიზმა, უცხოეთში მისი რეპუტაცია.
„სხვათა შორის, მსოფლიოში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც პიარის დახმარებით უცხოეთში უფრო პოპულარულები ხდებიან, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში. სააკაშვილიც მათ რიცხვს ეკუთვნის. რაც უნდა უცნაური იყოს, ცხონებული ჯონ კენედიც ასე იქცეოდა. კენედი ძალიან პოპულარული გახლდათ ევროპაშიც, აზიაშიც, მაგრამ ამერიკაში აბსოლუტურად არანაირი პოპულარობა არ ჰქონია. როცა მოკლეს, ევროპელები გაოცებულნიც კი იყვნენ, რომ ამერიკულმა პრესამ ამას მხოლოდ რამდენიმე სტატია მიუძღვნა და ამერიკაში არ ყოფილა ისეთი დიდი აჟიოტაჟი ამტყდარი, ეს რა კარგი კაცი დავკარგეთო“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
რაც შეეხება „ვაშინგტონ პოსტში“ ივანიშვილის მთავრობის საწინააღმდეგოდ დაბეჭდილ სტატიას, პოლიტოლოგის აზრით, ამაში ერთნაირად მიუძღვის ბრალი ახალი ხელისუფლების პიარის უქონლობასაც და გამოუცდელობასაც. ამასთან, პოლიტოლოგი ეთანხმება ერთ-ერთ ექსპერტს, რომელმაც აღნიშნა - მე რომ ივანიშვილი ვიყო, კარისკენ მივუთითებდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი ვიზიტი მოამზადა ბრიუსელში.
„ცხადია, ცუდად იყო ვიზიტი მომზადებული. ეს არ არის დიდი ტრაგედია, დრო გავა და ეს გამოსწორდება. თუმცა ძნელია, როდესაც კურსი აღებულია არაპროდუქტიულ ხარჯებზე. იმ ათეულ მილიონობით დოლართან მიმართებით, რაც უკანასკნელ ცხრა წელიწადში იხარჯებოდა, არა მგონია, ახალმა ხელისუფლებამაც ასეთი ხელგაშლილობა გამოიჩინოს. მით უმეტეს, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, პარლამენტს გაცილებით მეტი ბერკეტები გააჩნია“, - მიიჩნევს სოსო ცინცაძე.
ჩვენ დავინტერსდით, რატომ არ ზრუნავს „ქართული ოცნება“ საკუთარ პიარზე და ამ მიზნით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს ვიქტორ დოლიძეს მივმართეთ.
მან დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ იმით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომ პიარსა და ლობისტებზე კი არ ხარჯავს თანხებს, არამედ - ხალხის საკეთილდღეოდ. მისი თქმით, 740 მილიონი ლარი მომავალი წლის ბიუჯეტში მარტო იმისთვის არის გადადებული, რომ რთულ სიტუაციებში ხალხი ყურადღების გარეშე არ დატოვონ და ინდივიდუალური დახმარება გაუწიონ, 2 მილიარდ ლარზე მეტი კი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზე.
„ამ თანხებს სააკაშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია პიარისთვის ხარჯავდნენ, ჩვენ კი ვხარჯავთ ხალხისთვის. არ მესწავლება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ლობისტური მუშაობა შიდა თუ გარე პოლიტიკური საკითხებისთვის, ამიტომ, გაათმაგებული ძალისხმევით უნდა დავიწყოთ მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რომ რასაც ვაკეთებთ, მათთვის უფრო თვალსაჩინო გახდეს, გავაგებინოთ, რეალურად, რა გეგმები გვაქვს, რათა აღარ განმეორდეს იგივე საგაზეთო სტატიები, იგივე განცხადებები, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ამიტომ, ამის პრევენციას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ მუშაობ შენს ლობისტურ კომპანიებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან“, - გვითხრა ვიქტორ დოლიძემ.
მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ლობისტურ კომპანიებს მაინცდამაინც 200 ათასი და მილიონი უნდა გადაუხადონ წელიწადში, ისევე, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, მაგრამ „ქართული ოცნება“ საკუთარი დიპლომატიური რესურსის გამოყენებას ნამდვილად აპირებს.
„პირდაპირ გეტყვით, ჩვენ არ ვაპირებთ ბევრი ფულის ხარჯვას ამაში - საბიუჯეტო სახსრები იქნება, ლობისტური თუ ნებისმიერი სხვა სახსრები, ჩვენ ვაპირებთ სახსრების გამოყოფას ხალხის მცირედი შეწევნისა და სოციალური და ჯანდაცვის საკითხებისთვის. თქვენ ნახავთ, რომ საყოველთაო დაზღვევა იქნება. ეს არ არის პატარა საქმე, ამას დიდი თანხა სჭირდება. სოციალური შეღავათები, საცხოვრისის თემა, მარჩენალდაკარგულები, მიწისძვრით დაზარალებულებულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - ეს კატეგორიებია ჩვენთვის მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.