გიორგი ბარათელმა ციხიდან წერილი გამოგზავნა

გიორგი ბარათელმა ციხიდან წერილი გამოგზავნა

გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული გიორგი ბარათელი ციხიდან წერილს გზავნის, რომლითაც საზოგადოებას მის მიმართ განხორციელებული პროვოკაციების შესახებ აწვდის ინფორმაციას. ამასთანავე, მსჯავრდებული აცხადებს, რომ სხვა პატიმრების მეშვეობით მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება ხდებოდა იმ მიზნით, რომ წინა ხელისუფლებას რეჟისორ გოგა ხაინდრავას დაპატიმრებაში დახმარებოდა. გიორგი ბარათელი ციხეში უფლებადამცველმა დიმიტრი ლორქიფანიძემაც ინახულა, რომელმაც აღნიშნა, რომ პატიმარი საკუთარი სურვილით იმყოფება სამარტოო საკანში და მის მიმართ განხორციელებულ პროვოკაციებზე საუბრობს. აქვე ლორთქიფანიძემ განმარტა, რომ დეტალებზე ბარათელის ადვოკატი მამუკა ნოზაძე ისაუბრებდა. სწორედ ადვოკატმა გამოიტანა ციხიდან ბარათელის წერილი და ექსკლუზიურად for.ge-ს გადასცა გამოსაქვეყნებლად.

გიორგი ბარათელის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

„მასმედიის ყველა საშუალებას;

არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქართველ საზოგადოებას.

სასჯელაღსრულების N 8 დაწესებულებაში მყოფი უკანონო პატიმრის, გიორგი ბარათელის განცხადება:

„2007 წლის 20 მაისიდან ვიმყოფები უკანონო პატიმრობაში, არჩადენილი დანაშაულისთვის.  ყოფილი ხელისუფლების პირობებში სამართალდამცავმა ორგანოებმა იძულებული გამხადეს, რომ მეღიარებინა ბატონ გურამ შარაძის მკვლელობა, რომელიც არ ჩამიდენია. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს სურდათ, რეალურად დაეფარათ გურამ შარაძის მკვლელი ან მკვლელები და უდანაშაულო ადამიანი გამომამწყვდიეს ხანგრძლივი ვადით საპყრობილეში, იმ იმედით, რომ სიმართლე არასოდეს გაირკვეოდა. როგორც ზემოთ ავღნიშნე, მე მხოლოდ იმის გამო ვაღიარე, თითქოსდა ბატონ გურამ შარაძის მკვლელობა ჩავიდინე, რომ ჩემი სიცოცხლე და უსაფრთხოება არ იყო დაცული.

საქართველოში არჩევნების შედეგად მთავრობის შეცვლის შემდეგ, მომეცა იმედი რომ სიმართლე გაირკვეოდა და ჩემი სიცოცხლეც დაცული იქნებოდა და ამიტომ გავბედე მეთქვა სიმართლე იმის თაობაზე, რომ ბატონი გურამ შარაძე მე არ მომიკლავს. აღნიშნული ქმედებით, ბუნებრივია, საზოგადოებას მივაწვდინე ხმა, რომ გურამ შარაძის მკვლელობა არასრულყოფილად იქნა გამოძიებული და რეალური მკვლელები არ იყვნენ დასჯილი და გამოვხატე მზადყოფნა, რომ მიმეცა დეტალური ჩვენება, თუ რა უკანონობა განხორციელდა ჩემს თავს და 2012 წლის 22 ოქტომბერს განცხადებით მივმართე საქართველოს მთავარ პროკურორს, რომ დავეკითხე. ამავდროულად, ჩემთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩემი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ბატონმა მამუკა ნოზაძემ არაერთხელ მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს, ჩემი დაკითხვისა და ბატონ გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიების თაობაზე, რასაც დღემდე არ მოჰყოლია არანაირი შედეგი და ჩემი ხმა დარჩა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. მე კარგად ვაცნობიერებ, რომ საქართველოს პროკურატურას არ აქვს საკმარისი რესურსი და დაკავებულია სხვა საქმეებით, მაგრამ როდესაც საქმე უდანაშაულო ადამიანის, საზოგადო მოღვაწის, ბატონ გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიებას ეხება, უფრო ადეკვატური გამოხატულება უნდა იქნეს გამოხატული პროკურატურის მხრიდან და არ უნდა მოხდეს მიზანმიმართული გაჭიანურება გამოძიების დაწყებისა, პოლიტკორექტულობის და შერჩევითი პრინციპიდან გამომდინარე.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მთელი ჩემი პატიმრობის მანძილზე მუდმივად ვიყავი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ და ვკონტროლდებოდი პატიმრების მხრიდან, რომ სიმართლე არ მეთქვა გურამ შარაძის მკვლელობის თაობაზე. 2011 წელს მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, თვითდაზიანებებიც კი მივიყენე, რის თაობაზეც დავიკითხე კიდეც. მას შემდგომ, რაც გავაჟღერე ჩემი უდანაშაულობის თაობაზე, გაძლიერდა ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ არ მეთქვა სიმართლე და ძველი ჩვენება არ გადამეთქვა, რის გამოც არ დავყევი ჩემდამი მოგზავნილ პატიმარს, ზურაბ ჭონიაშვილს. მომიწყვეს პროვოკაცია და ცდილობენ შეთითხნონ სისხლის სამართლის საქმე, თითქოსდა მე დავჭერი ლურსმნით აღნიშნული პიროვნება და მე გამაჩნდა ლურსმანი, რაც სინამდვილეს არ შეეფერება, რადგან ვერ მექნებოდა ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხდება საკნის შემოწმება ადმინისტრაციის მხრიდან. რაიმე ნივთი რომ მქონოდა ბუნებრივია ამოღებულ იქნებოდა მათ მიერ.

მიმაჩნია, რომ ზურაბ ჭონიაშვილი ჩემთან მოგზავნილი იქნა იმ პირების მიერ, ვისაც არ აწყობს სიმართლის გარკვევა და გურამ შარაძის მკვლელობის გახსნა და მათ დაავალეს ჩემზე ზეწოლა და მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ყოფნა, რადგან თავად ადმინისტრაცია საქართველოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ გაბედავდა აშკარა ზეწოლას და ამიტომ გამოყენებული იქნა პატიმარი, რაც აპრობირებული მეთოდია მათთვის არასასურველი პატიმრებისადმი დევნის განსახორციელებლად. ხაზს ვუსვამ, რომ მე არანაირი ჭრილობა არ მიმიყენებია ჭონიაშვილისათვის და არც არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ მქონია. აქვე აღვნიშნავ, რომ მე ვნახე ფოტო, რომელიც წარადგინა ქალბატონმა ნინო მიქიაშვილმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში და მთავარ პროკურატურაში და ვადასტურებ, რომ მასზე გამოსახულმა პოლიციელებმა მე მომაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ძველი თბილისის პოლიციაში. ამასთანავე, ერთ-ერთი, როგორც ადვოკატისაგან გავიგე, კაკო გაფრინდაშვილი მიტარებდა ინსტრუქციებს, თუ რა ჩვენება უნდა მიმეცა და მათ შორის ჩართული იქნა ჩამწერი და მიმითითეს მეთქვა, თუ როგორ ვიხმარდით ნარკოტიკებს შვეიცარიაში მე და გიორგი შარაძე და თუ როგორ მოხდა ჩვენს შორის კონფლიქტი, რაც სიმართლეს არ შეეფერება.

ჩემი პატიმრობის განმავლობაში მუდმივად „ნასედკა“ პატიმრების გარემოცვაში ვიმყოფებოდი. ე.წ. „ბალნიჩკაზე“ ყოფნისას ბათუმელმა პატიმარმა, ვინმე ხვიჩამ შემომთავაზა, რომ შემოიტანდა ე.წ. „ჟუჩოკს“, ანუ ჩამწერს (დეპარტამენტის მეშვეობით) და უნდა მეთქვა, რომ ოპოზიციონერმა გოგა ხაინდრავამ მთხოვა, რომ მომეკლა გურამ შარაძე, რაზეც არ დავთანხმდი და შემომთავაზა მეორე ვერსია, თითქოსდა „რუსმა ქილერმა მოკლა გურამ შარაძე და აიღე შენს თავზე იმის გამო, რომ გოგა ხაინდრავა არის რუსეთთან დაახლოებული“. ბათუმელ ხვიჩას, რომლის გვარიც არ ვიცი და იყო ინვალიდი, სურდა, რომ ვითომდა გურამ შარაძის მკვლელობა გახსნა და ამით მიიღებდა თავისუფლებას და მეც დამეხმარებოდა გათავისუფლებაში. ამასთანავე, განხორციელდებოდა ანგარიშსწორება გოგა ხაინდრავას მიმართ, რომლის დაჭერაც ხელისუფლებას სურდა.

მე თანახმა ვარ და ჩემი სურვილია, რომ შევხვდე რუსიკო შარაძეს და გთხოვთ დამეხმაროთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩემი თხოვნა დაკმაყოფილებული იქნეს. უმორჩილესად გთხოვთ, რომ თითოეული თქვენგანი, რომელთათვისაც ჩემი პოზიცია იქნება ცნობილი, დამეხმაროთ სამართლიანობისათვის ბრძოლაში და არ გაჩუმდეთ უკანონობაზე, რომელიც ჩემს მიმართ განხორციელდა და ამჟამად კვლავ ცდილობენ პროვოცირების შედეგად დამიმძიმონ ბრალი“.

გიორგი ბარათელი

30 ნოემბერი, 2012 წელი