შეეხება თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპი ყველა დასაქმებულს?

შეეხება თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპი ყველა დასაქმებულს?

დაუბეგრავ მინიმუმთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები გაჩნდა. ჯერ საკითხი დეტალურად არც განუხილავთ და უკვე სხვადასხვა ინტერპრეტაციები წარმოიშვა.

ქართული ბეჭდურ მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპი პირველ ეტაპზე მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებზე გავრცელდება, მოგვიანებით კი ის ყველა სექტორს შეეხება. ამის მიზეზად პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი ადმინისტრირების სირთულეს ასახელებს.

ამგვარი ინფორმაციის გავრცელებამ გაურკვევლობა გამოიწვია ერთი მხრივ სპეციალისტებში და იმავდროულად დასაქმებულებში. გაჩნდა ეჭვი, რომ მთავრობას კარგი გადაანგარიშების შემდეგ დასაბრუნებელი თანხები გაბერილად მოეჩვენა.

მაგრამ საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვი მალევე გააქარწყლა ფინანსთა სამინიტრომ და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაუბეგრავი მინიმუმის პრინციპი საწყის ეტაპზევე ყველა სექტორზე გავრცელდება და არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებზე. ასეთ ფორმულირებას დაეთანხმა დავით ონოფრიშვილიც, რომელიც ორიოდე დღის წინათ სულ სხვაგვარად საუბრობდა.

როგორც ცნობილია, 2013 წლიდან ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას შემოღებული იქნება დაუბეგრავი მინიმუმის ცნება. აღნიშნული შეღავათით ისარგებლებენ ის პირები, ვისი ხელფასიც თვეში 500 ლარზე ნაკლებია. როგორც «კომერსანტს» ფინანსთა სამინისტროში განუმარტეს, დაუბეგრავი მინიმუმი  ყველა დაქირავებულ პირზე გავრცელდება, რომელიც ხელფასს იღებს.

ონოფრიშვილის თქმით, დაუბეგრავი მინიმუმით სარგებლობას ყველა დაქირავებული პირი შეძლებს – იქნება ის სახელმწიფო თუ  კერძო სექტორში დასაქმებული. ამ ადამიანებს წლის  ბოლოს  უკან 360 ლარი დაუბრუნდებათ, ვინაიდან მათი ხელფასიდან 150 ლარი, ანუ საარსებო მინიმუმი აღარ დაიბეგრება.

საერთოდ კი საინტერესოა, რატომ თქვა უარი მთავრობამ საშემოსავლო გადასახადის შემცირებაზე და რატომ შემოდის დაუბეგრავი მინიმუმის ცნება?

ფინანსთა მინისტრმა ამ საკითხზე განმარტებები რადიოეთერში გააკეთა.  ნოდარ ხადურის განცხადებით, დაუბეგრავი მინიმუმის ინიციატივა სოციალური ხასიათისაა და მცირე შემოსავლის მქონე მოქალაქეებს მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე საშემოსავლო გადასახადის შემცირება. მისივე მტკიცებით, ბიზნეს წრეებში საშემოსავლო გადასახადის შემცირების ნაცვლად, დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებას კრიტიკული შეფასებები არ მოჰყოლია და კერძო სექტორი ამ ინიციატივას არ აპროტესტებს.

მინისტრისგან განსხვავებული შეხედულება აქვთ ბიზნესმენებს. „ისთ გეით ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი აცხადებს, რომ მაკროეკონომიკური კუთხით საშემოსავლო გადასახადის შემცირებაზე უარის თქმა ცუდია. მისი განმარტებითვე, ეკონომიკას განვითარება სჭირდება და საშემოსავლო გადასახადის შემცირება მოთხოვნის ზრდას იწვევს, რადგან მოქალაქეს რჩება ფული, რომელიც სამომხმარებლო ბაზარზე უნდა გამოჩნდეს. ეს ეკონომიკისთვის სტიმულია და ასეთ შემთხვევავში მთავრობამ უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, როგორ აპირებს ეკონომიკის სტიმულირებას.