რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკურმა გუნდმა, covid 19-ის გავრცელების გამო მოსალოდნელი კრიზისის თავიდან ასარიდებლად ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა.
მთავრობის მიერ წარმოდგენილი 6-პუნქტიანი გეგმა მოიცავს გადასახადების გადავადებას, დღგ-ს დაბრუნებას და სასტუმროებისთვის 6%-ან თანადაფინანსებას. გეგმამ ჯამურად მილიარდზე მეტი ფინანსური რესურსი უნდა გააჩინოს. კაპიტალურ ხარჯებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში კი, დამატებით, წლის ბოლომდე 300 მილიონი ლარი იქნება ინვესტირებული. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიცია მთავობის მიერ შემუშავებული გეგმით უკმაყოფილო დარჩა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მთავრობის მიდგომა კრიზისისადმი, ფუნდამენტურად მცდარია. ასევე, ორად გაიყო ექსპერტთა აზრიც. ნაწილი თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ხარჯებს გაზრდის, ავტომატურად გადასახადებიც გაიზრდება, რაც მოცემულ მომენტში მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მძიმე ტვირთი იქნება. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას დადებითად აფასებს და თვლის, რომ შექმნილ სიტუაციას საქართველოს მთავრობა მომზადებული შეხვდა:
- მთავრობა საკმაოდ მობილიზებულია და ეს კარგია. ცხადია, სიტუაცია არაორდინალურია და ტრადიციული მიდგომებისგან განსხვავებული მიდგომებია საჭირო. მთავარია, რომ ქვეყნის ეკონომიკა გადაურჩეს სერიოზულ კრიზისს. ეკონომიკურ სუბიექტებს სხვა დახმარებები სჭირდებათ, როგორც ამას აკეთებენ ევროპასა და შეერთებულ შტატებში. მიმაჩნია, რომ პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ვხედავთ, რომ მობილიზაცია საკმაოდ კარგია.
ოპოზიციას თავისი შენიშვნები აქვს და ამბობენ, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა ვერ პასუხობს მთავარ გამოწვევებს, რომ მთავრობა საკითხს არასწორად უდგება..
- ოპოზიციის შენიშვნებს გავეცანი და აბსოლუტურად სხვადასხვა აქცენტებზეა საუბარი. ახლა არის საგანგებო მდგომარეობა. როგორც არ უნდა შეამცირო გადასახადი, ეს არ არის მთავარი, მთავარი ის არის, რომ ეკონომიკის ფუნქციონირება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ფერხდება, ბიზნესს სხვანაირად უნდა გადარჩენა. ნახეთ, როგორი დახმარებებია მსოფლიოში ბიზნესზე, ნეოლიბერალური კონტექსტით საუბარი საგანგებო სიტუაციებში, უბრალოდ, არასწორია. არ ვფიქრობ, რომ მთავრობა რაიმე შეცდომას უშვებს, პირიქით, ერთადერთი, რაც არის, ეროვნულმა ბანკმა არ უნდა დაუშვას სპეკულაციური ოპერაციები ამ მძიმე მდგომარეობაში. კერძო სექტორს და საბანკო სექტორს ვერ გაამტყუნებ, მათ თავისი ბიზნესი აქვთ საბაზრო ეკონომიკის პირობებში. მათთვის სპეკულაციური ოპერაციების გაკეთება ჩვეულებრივია, მთავარია, ეს შეიზღუდოს და არსებული მძიმე სიტუაცია არ იქნას გამოყენებული გარკვეული ჯგუფების სასარგებლოდ, სიმკაცრე აუცილებელია.
მე არ მესმის, რატომ არ ცვლის ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს. შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა გაანულა მთავარი საპროცენტო განაკვეთი, ჩვენთან ჯერჯერობით ძვრა არ არის. ამიტომ, ამ სიტუაციებში მთავრობის და ეროვნული ბანკის ღონისძიებები ერთმანეთს უნდა ავსებდეს, თორემ მთავრობის ცალკე კარგი ღონისძიებები და ეროვნული ბანკის უმოქმედობა და მხოლოდ ინფლაციის დაკავებაზე ფიქრი, კარგ შედეგს არ იძლევა. მე ვფიქრობ, რომ აქ კოორდინაცია ნაკლებია. რაც შეეხება ოპოზიციის ტრადიციულ მოთხოვნებს, ამ წუთში ეს აქტუალური არ არის იმიტომ, რომ თუ უამრავი ბიზნესი დაიხურება გადამხდელიც არავინ აღარ იქნება. ამიტომ, დღეს მთავარია რესტრუქტურიზაციები, ბიზნეს სუბიექტების და ოჯახების გადარჩენა. ამერიკის მთავარმა ბანკმა განაცხადა, რომ მთავარია გადარჩნენ ეკონომიკური სუბიექტები, შიდა მეურნეობები, ანუ ოჯახები და ამისთვის ისინი ყველაფერს გააკეთებენ. ამერიკის მთავრობა ამას ამბობს და ჩვენ იმ პოზიციაზე უნდა დავრჩეთ, რომ ბაზარი არეგულირებს ყველაფერსო? არ მუშაობს ეს.
ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ამ შემთხვევაში აქცენტი მოკლევადიან გეგმებზე უნდა გაკეთდეს?
- დიახ, მე ვსაუბრობ მოკლევადიან გეგმებზე და ეს გეგმები სიტუაციის მიხედვით დაიგეგმება გრძელ ვადებზე. ეს სიტუაცია ერთ და ორ თვეში არ ჩაწყნარდება, რადგანაც პიკის გავლას ელოდებიან ივლის-აგვისტოში. ბუნებრივია, ეს ქართული ეკონომიკისთვის საკმაოდ მძიმე პერიოდი იქნება, ამიტომ, აქ სხვა მიდგომებია საჭირო და ამ შემთხვევაში ოპოზიციის მიდგომები არ არის ადეკვატური შექმნილ სიტუაციაში. მთავრობა მობილიზებულად მოქმედებს, მაგრამ არ მომწონს ის შემხვედრი ღონისძიებები, რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს. კრიზისულ სიტუაციაში ვერ მოიგონებ ვერაფერს ახალს, გარდა იმისა რასაც აკეთებს ამერიკა და ევროპის ცენტრალური ბანკი.
კრიზისის დასასრულს ახალი რეალობა გველოდება, მსოფლიო ეკონომიკაში მთავარ მოთამაშეებად უკვე მოიაზრება რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები...
- ის, რომ ეს სერიოზული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის, უკვე სადავო არ არის. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ეკონომიკაზე და არც არის გასაკვირი. ეს კრიზისი არ იქნება მოკლევადიანი, მთავარია პიკი იქნას გადალახული და ეკონომიკა მძიმედ, მაგრამ მაინც წავა ნორმალიზებისკენ. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რამდენად კოორდინირებულად იქნებიან მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები. მე ვფიქრობ, ყველაზე ცუდი ის არის, რომ მთავარ მოთამაშეებთან ნავთობის ომია და ამიტომ, ყველაფერი ნეგატიურ კონტექსტში არის კონცენტრირებული, რაც კარგს არაფერს მოიტანს.