3-თვიანი საბანკო შეღავათი ნიშნავს სამომავლოდ უფრო მეტის გადახდას

3-თვიანი საბანკო შეღავათი ნიშნავს სამომავლოდ უფრო მეტის გადახდას

მომდევნო 3 თვის განმავლობაში საქართველოს ბევრ მოქალაქეს შეუძლია სესხი არ გადაიხადოს. ბანკების განცხადებით, დეტალური გეგმა თითოეულ მსესხებელს ინდივიდუალურად დაეგზავნება. მოქალაქეებს ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ რა პირობებზე დათანხმება უწევთ და სამომავლოდ გაეზრდებათ თუ არა გადასახდელი თანხის მოცულობა.

„საზოგადოება და ბანკების“ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა ანი ალიბეგაშვილმა განმარტა, რა ვითარებასთან გვაქვს ახლა საქმე. თუ, მაგალითად, ადამიანს აქვს ერთი წლით (12 თვე) აღებული 10 000 ლარის სესხი, რომელსაც ერიცხება 12%, ანუ მთლიანობაში 1200 ლარი, გამოდის, რომ ჯამში 11200 ლარის გადახდა უწვეს, რაც თითო თვეზე დაახლოებით 888 ლარის ტოლია, საიდანაც დაახლოებით 100 ლარი არის პროცენტი. ვინც შეღავათით ისარგებლებს, ეს პროცენტი 3 თვის განმავლობაში დაერიცხებათ და ეს 300 ლარი გადანაწილდება დარჩენილ პერიოდზე. საბოლოოდ, გამოდის რომ, 3 თვის გასვლის შემდეგ მსესხებელს 888 ლარის ნაცვლად, ყოველთვიურად 913 ლარის (დამატებით 25 ლარის) გადახდა მოუწევს.

„კომერციული საბანკო სექტორის არსებული ინიციატივა თითქმის ყველა მსესხებელს ეხება. ეს არის დაახლოებით 16.5 მლრდ. მოცულობის სასესხო პორტფელი, რომელიც დღეს არის აქტიური და 3 მლნ-ზე მეტ ხელშეკრულებას მოიცავს, რომელიც 3 თვის ვადით გადავადდება. მსესხებლებს შეექმნათ მოლოდინი, რომ ამხელა მოცულობის თანხას კომერციული საბანკო სექტორი შეძლებდა, რომ ჩვენთვის უპროცენტოდ გადაევადებინა, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მოსახლეობაში ფინანსური განათლების დონე დაბალია.

ამ პერიოდის განმავლობაში სესხზე პროცენტის დარიცხვა ხდება, რაც გულისხმობს, რომ ვთქვათ, მე თუ დღეს მაქვს აღებული სესხი და ხელშეკრულების თანახმად 12 თვის განმავლობაში უნდა დამეფარა, საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ სესხის დასაფარად ისევ ის 12 თვიანი ვადა მექნება, ხოლო ამ 3 თვის პერიოდში სესხის ძირ თანხაზე დამერიცხება პროცენტი, რომელიც ამ დროის გასვლის შემდეგ იმ 12 თვეზე გადანაწილდება - ეს იქნება სწორედ ის თანხა რამდენითაც მათ საშეღავათო პერიოდის გამოყენებისთვის სესხი გაუძვირდებათ“, - განუცხადა „კომერსანტს“ ალიბეგაშვილმა.

საფინანსო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ სესხების სამთვიანი გადავადებით სარგებლობა ნებაყოფლობითია, ანუ მსესხებელს შეუძლია დათანხმდეს ბანკის პირობებს და ისარგებლოს გადავადებით ან არ დათანხმდეს. თუ მსესხებელი დარწმუნებულია, რომ ამ პერიოდში სესხის გადახდა არ გაუჭირდება, რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ გრაფიკის მიხედვით დაფაროს და ის თუნდაც შედარებით მცირე დანახარჯიც თავიდან აირიდოს.

კრედიტებისთვის დასაფარი თანხა რომ ნამდვილად გაიზრდება ადასტურებენ ბანკების ხელმძღვანელებიც. „თიბისი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ვახტანგ ბუცხრიკიძეს პირობითი მაგალითი მოჰყავს და აცხადებს, რომ აბსოლუტურ მოცულობაში მომხმარებლებს სესხის მომსახურება უძვირდებათ.

„ჩვენ ყველა ადამიანს 3 თვით ვაძლევთ შესაძლებლობას გადახდა არ აწარმოონ. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს ყოველთვიური გადასახადი 100 ლარი, მათ შეუძლიათ ეს 100 ლარი ყოველთვიურად სამი თვის განმავლობაში არ გადაიხადონ. იმ შემთხვეაში, თუ აქვს 60-თვიანი სესხი, შეუძლია აირჩიოს, რომ დაიმატოს 3 თვე. ასეთ შემთხვევაში არამატერიალურად, მაგრამ ყოველთვიური სახდელი მეოთხე თვიდან დაემატება“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

აქედან გამომდინარე, კითხვაზე ეზრდება თუ არა მსესხებელს გადასახდელი მთლიანობაში, ბანკის პასუხი ნათელია:

„აბსოლუტურ მოცულობაში არითმეტიკულად თუ შევაჯამებთ, მეტი იქნება გადასახდელი, მაგრამ ეს გამოწვეულია იმით, რომ 3 თვის განმავლობაში არ ვახდევინებთ. 100 ლარიდან 95 ლარი შეიძლება იყოს ძირი თანხა, 5 ლარი შეიძლება იყოს პროცენტი. უბრალოდ ამ სამი თვის განმავლობაში, ვისაც სურვილი გააჩნდა, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას არ გადაიხადოს ეს 95 ლარი ძირი და 5 ლარი პროცენტი. უბრალოდ მომავალში აუცილებლად გადასახდელი იქნება. თუ უნდა ზუსტად იგივე ვადაში ჩაჯდეს, მაშინ 100 ლარის მაგივრად მაგალითისთვის შეძლება 102 ლარი გაუხდეს ყოველთვიური სახდელი ან ალტერნატიულად თუ უნდა 100 ლარი ჰქონდეს სახდელი, მაშინ 63 თვის მაგივრად შეიძლება მოუწიოს 64 ან 65 თვე გადახდა“, - განმარტა ბუცხრიკიძემ.გ