ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრობლემების შესახებ არაერთი სტატია გამოქვეყნდა, სადაც სხვადასხვა თემებზე იყო საუბარი. პროფესორ-მასწავლებლების განცხადებით, პრობლემის არსი ის არის, რომ ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, მთლიანად საკუთარ თავზე მოერგო ყველა ის სიკეთე, რაც ამ კონკრეტული ორგანიზაციისგან შეიძლებოდა მიეღოთ. ეს უფლება მათ ხელისუფლებასთან სიახლოვემ მისცა, ხელისუფლება კი ძალაუფლების დათმობას უახლოესი 30 წელი მაინც არ აპირებდა. სხვაგვარად შეუძლებელია იმ ყველაფრის ახსნა, რაც თსუ-ში ხდება.
ჩვენ ვსაუბრობდით ტენდენციურად ჩატარებულ კონკურსებზეც, სადაც მონაწილეთა უმეტესობა „კონკურენციას ვერ უძლებდა“, თუმცა საბოლოოდ, მიწვეული პროფესორ-მასწავლებლების სტატუსით მაინც უნივერსიტეტში რჩებოდა და ისევ ჩვეულებრივ ატარებდა ლექციებს, მაგრამ თითქმის უხელფასოდ, მინიმალური ანაზღაურებით.
სამაგიეროდ, უნივერსიტეტის მთელი ფინანსები იმ მმართველ ჯგუფზე ნაწილდებოდა, ვინც ყოფილი ხელისუფლებისთვის მისაღებ გუნდად ითვლებოდა. ასეთ ადამიანებს თსუ-ში ორი და სამი თანამდებობა მაინც ჰქონდათ შეთავსებული. სრული პროფესორისთვის თანამდებობების შეთავსების შემთხვევაში ხელფასი - 4400 ლარი გამოდის, ასოცირებული პროფესორისთვის - 3180 ლარი, ხოლო ასისტენტ-პროფესორისთვის - 1820 ლარი.
თსუ-ს პროფესორები კი აცხადებენ, რომ რამდენიმე თანამდებობის ერთმანეთთან შეთავსება და იმ ფუნქციების სრულყოფილად შესრულება რასაც ეს თანამდებობები ითვალისწინებს, შეუძლებელია.
მიმდინარე წლის დასაწყისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების პირობები შეიცვალა. 8 თებერვლის დადგენილებით ( დადგენილება №7/2012) აკადემიური პერსონალის სახელფასო დანამატები გაიზარდა.
დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის იმ აკადემიური პერსონალის დანამატი, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (სრული პროფესორისათვის კვირაში არანაკლებ სავალდებულო 16-საათიან - 8 საათი სააუდიტორიო, 8-საათი საკონსულტაციო ყოველკვირეულ დატვირთვას; ასოცირებული პროფესორისათვის – არანაკლებ სავალდებულო 22-საათიან - 10 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო ყოველკვირეულ დატვირთვას; ასისტენტ პროფესორისათვის – არანაკლებ სავალდებულო 24-საათიან - 12 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო ყოველკვირეულ დატვირთვას), შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო – კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ნებადართულია არასაუნივერსიტეტო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა) და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას, განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: სრული პროფესორი - თვეში 2400 ლარი; ასოცირებული პროფესორი - თვეში 1780 ლარი; ასისტენტ-პროფესორი - თვეში 960 ლარი.
აქ საუბარია მხოლოდ ახალი ვალდებულების - საკონსულტაციო ყოველკვირეული დატვირთვის ანაზღაურებაზე. იმავე დადგენილების პირველ პუნქტში ხელფასის ოდენობაც არის განსაზღვრული და საქართველოს პირობების კვალობაზე არც თუ ურიგოდ გამოიყურება.
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის იმ აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგო, ვინც ასრულებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და აკადემიური პერსონალის მინიმალურ სავალდებულო დატვირთვას სრული პროფესორისათვის კვირაში არანაკლებ 4 საათი, ასოცირებული პროფესორისათვის – არანაკლებ 6 საათი, ასისტენტ პროფესორისათვის – არანაკლებ 8 საათი და ეწევა სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას, განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: სრული პროფესორი - თვეში 1000 ლარი; ასოცირებული პროფესორი - თვეში 800 ლარი; ასისტენტ პროფესორი - თვეში 600 ლარი.
მეორე პუნქტში კი სადაც სახელფასო დანამატებზეა საუბარი, ვკითხულობთ, რომ „წინამდებარე დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თანამდებობრივ
სარგოზე დანამატი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: სრული პროფესორი - თვეში 900 ლარი; ასოცირებული პროფესორი - თვეში 680 ლარი; ასისტენტ-პროფესორი - თვეში 260 ლარი“.
შრომითი ხელშეკრულების და ამ დადგენილების შემდგომი პუნქტების მიხედვითაც აკადემიური პერსონალი მოვალეა, შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდეს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და დადგენილებითაც ცხადად ჩანს, რომ პროფესორებს არ აქვთ უფლება „ა“ კატეგორიის კონტრაქტის შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულება გააფორმონ სხვა ორგანიზაციასთან.
ნატალია ხარაძე, თსუ ასოცირებული პროფესორი, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი: „შთაბეჭდილება მრჩება, როდესაც აკადემიური საბჭოს წევრები, ამ ორ საკითხს ერთდროულად ამტკიცებდნენ, არც ერთი არ წაკითხეს? მე პრეტენზია არ მაქვს სხვა ფაკულტეტის წარმომადგენლებთან, მაგრამ ეკონომისტების თვალს და გულს ეს არ უნდა გამოპარვოდა.
აღნიშნული დადგენილების თანახმად თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს საგრძნობლად გაეზარდათ ხელფასი, მაგრამ ეს ზრდა არ მომხდარა წაკითხული საათების გაზრდის ხარჯზე. არამედ, „ოსტატურად“ დაიმატეს ე. წ. საკონსულტაციო საათები, რითაც ფაქტობრივად, უკანონობა დაიკანონეს.
მკითხველისთვის უკეთ გასაგები რომ იყოს, შეგიძლიათ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს საკონსულტაციო საათები?
- აღნიშნული საკონსულტაციო საათები ფორმალურ ხასიათს ატარებს. მონიტორინგის სამსახურისათვის არ არის ცნობილი თუ ვის კომპეტენციაში შედის ე.წ. საკონსულტაციო საათების აღრიცხვა. უფრო მეტიც, ფაკულტეტის დეკანისაგან შევიტყვე, რომ ამ საათების მონიტორინგს ვინმე „უხილავი“ პირი ამოწმებს, რომლის არც სახელი და არც გვარი არ დაასახელა. დეკანმა განმიმარტა, რომ არ არის საჭირო ეს ყველამ იცოდესო.
ბაზარს რომ უხილავი ხელი მართავდა ვიცოდი, მაგრამ ფაკულტეტის მათვაშიც თუ „უხილავი“ ხელი იყო გარეული, ნამდვილად ინოვაციაა.
ის, რომ საკონსულტაციო საათები ფორმალობაა, ამის შესახებ ერთი მარტივი მაგალითიდანაც ჩანს. თუ კონკრეტული პიროვნება პირნათლად ასრულებს „ა“ კონტრაქტის ვალდებულებებს, მაშინ იგი ყოველდღიურად საშუალოდ, 5 საათს მუშაობს, ანუ დილის 9 საათიდან 4 საათამდე. ამას თუ საკონსულტაციო საათებსაც დავუმატებთ, გამოდის, დავუშვათ, ასისტენტმა „ა“ კონტრაქტის პირობებში 24 საათი უნდა დაჰყოს თსუ-ში.
ისიც საინტერესოა, იგივე აკადემიურმა საბჭომ როგორ დაუშვა რომ , „ა“ კატეგორიის კონტრაქტით დაკავებულებს უფლება მისცა ემუშავათ სხვა თანამდებობაზეც - ხარისხის სამსახურში, სასწავლო დეპარტამენტში და ა.შ.
გარდა ამისა, საინტერესოა აღნიშნული თანამდებობისათვის განკუთვნილ უფლება- მოვალეობებს დროის რომელ მონაკვეთში ასრულებენ კოლეგები?
როგორც ჩანს, ფიზიკურად ვერ მოესწრება ორივე მოვალეობის შესრულება...
- სწორედაც რომ ვერ ასრულებენ, იქნებ ესეც არის მიზეზი იმ აბსურდული პრობლემებისა, რომელიც მუდმივად ისმის სტუდენტთა მხრიდან. კონკრეტული პროფესორები, რომლებიც ერთდროულად არიან „ა“ კატეგორიის კონტრაქტზე და ამავდროულად ასრულებენ რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულთან დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც ასევე თსუ-ში 9 დან 6 საათამდე ყოფნას ითვალისწინებს, საინტერესოა, რომელ კონტრაქტს არღვევენ კოლეგები?
ვინ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი?
- ვერც ამ და ვერც სხვა უამრავ სხვა კითხვაზე რატომღაც პასუხს ვერავისგან ვღებულობ. ერთადერთი პასუხი რაც მივიღე, არის ის, რომ თურმე ამას კანონი არ კრძალავს. სხვა აღარაფერი დამრჩენია, მინდა მივმართო შესაბამის უწყებას (თუ ასეთი არსებობს), რომ გამოიყოს კომისია და გულდასმით შეისწავლონ ყველა ის დადგენილება, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოიცა.
მაია გიორგობიანი თსუ-ს მოწვეული პროფესორი, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი: ჩვენს ფაკულტეტზე ყველა სასწავლო წელს დაახლოებით 150 მოწვეული პროფესორი მუშაობს, რომლის საათობრივი ანაზღაურება 25 ლარია დაბეგვრის შემდეგ კი ხელზე 20 ლარს იღებენ. ავიღოთ, კვირაში 4-საათიანი დატვირთვა - ეს თვეში დაახლოებით 400 ლარი გამოდის. საათების რაოდენობაც იმაზეა დამოკიდებული, ვის რა სიახლოვე აქვს ადმინისტრაციასთან. ზოგს - 18 საათს აძლევენ კვირაში, ზოგსაც 2-ს ან 4-საათს. საათების განაწილება მხოლოდ ადმინისტრაციის სურვილზეა დამოკიდებული.
ვინ არიან ის ადამიანები ვინც რამდენიმე თანამდებობაზე ერთდროულად მუშაობენ, შეგიძლიათ დაგვისახელოთ?
- მაგალითად, თსუ-ს ადმინისტრაციის უფროსის თანაშემწე გიორგი გაფრინდაშვილი, იგი ამავე დროს ასისტენტ-პროფესორიც არის. ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე ვალერი არღოთაშვილი. ესენი იყვნენ თვითმმართველობის წევრები. მაგალითად, არღოთაშვილი ყოფილ გუბერნატორთან, ლადო ვარძელაშვილთან მუშაობდა. როცა ვარძელაშვილი მინისტრად დანიშნეს, არღოთაშვილი ჩვენთან მოვიდა ფაკულტეტზე და დეკანის მოადგილედ დაიწყო მუშაობა. შემდეგ კონკურსშიც გაიმარჯვა და ასისტენტ-პროფესორის ვაკანსიაზე. თან „ა“ კონტრაქტით მუშაობს და პარალელურად, დეკანის თანაშემწეც არის.
ასევე ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ეკა ლეკაშვილი, უფროსი სპეციალისტები, ია ნაცვლიშვილი, ნინო პაპაჩაშვილი, „ა“ კონტრაქტითაც მუშაობენ და ხარისხის მართვის სამსახურში თანამდებობებიც უკავიათ. ძალიან ბევრი ფაქტია ასეთი, თითქმის ყველა, ვინც ადმინისტრაციაში მუშაობს, კონკურსში გამარჯვებულია და „ა“ კონტრაქტით მუშაობენ პარალელურად.
ბალანსი რომ დაცული ყოფილიყო იყო თუ არა შესაძლებელი?
- როგორ არა, მაშინ „ბ“ კონტრაქტით უნდა ემუშავათ, ანუ სახელფასო დანამატების გარეშე. ასეთ შემთხვევაში თავისუფლად შეეძლოთ ადმინისტრაციაში მუშაობაც შეეთავსებინათ. მაგალითად, თუ ლექციებსაც ატარებ და საკონსულტაციო საათებიც გაქვს, მაშინ ადმინისტრაციულ სამსახურში მუშაობაც რომ მოახერხო ფიზიკურად ყველგან ყოფნა შეუძლებელია. მგონია, რომ მხოლოდ ლექციებს კითხულობენ და სხვა მოვალეობებს უბრალოდ, არ ასრულებენ.
უფრო საინტერესო ფაქტსაც გეტყვით, ადმინისტრაციის უფროსი არის დავით ჩომახიძე. ხომ იცოდა თავის თანაშემწეს „ა“ კონტრაქტს რომ უფორმებდა, თანაშემწის მოვალეობას ვეღარ შეასრულებდა.
ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იციან, მაგრამ იმისთვის გაკეთდა, რომ რექტორატისა და დეკანატის ადმინისტრაცია ყოფილიყო კმაყოფილი. ძირითადად, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხმარებოდნენ. ჩვენი ადმინისტრაციის უფროსის CV რომ ნახოთ, უფრო მარტივად მიხვდებით, რაშიც არის საქმე. 2004 წელს დავით ჩომახიძე იყო საბურთალოს №3 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 2006 წელს ცესკოს კონსულტანტი, 2007 წლიდან სემეკის დრექტორის მოადგილეა, ხოლო 2010 წელს განათლების სამინისტროში გადაიყვანეს აკრედიტაციის ცენტრის უფროსის მოადგილედ, 5 თვეში კი თსუ-ს ადმინისტრაციის უფროსად დანიშნეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივად მიჩნდება ეჭვი, რომ ყველაფერი პარტიული დამსახურებებით წყდებოდა.