საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ტარიფებთან დაკავშირებით, საერთო სურათი მომავალი კვირიდან გახდება ცნობილი. დაახლოებით ერთ კვირაში ჩამოყალიბდება სამინისტროს ხედვა ტარიფებთან დაკავშირებით. თუმცა, უკვე წინასწარ შეიძლება ითქვას რა მასშტაბები აქვს აღებული კალაძის უწყებას. ელექტრონერგია 3 თეთრით გაიაფდება, მაგრამ შენარჩუნდება საფეხურებრივი ტარიფი. შესაბამისად, ყველა „საფეხურს“ პროპორციულად 3-3 თეთრი ჩამოაკლდება.
„ელექტროენერგია, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე გაიაფდება, ყოველდღიურად ისმის, რომ შესაძლოა, ტარიფის განახევრდეს და საზოგადოებაში ეს ძალიან ცუდად აღიქმება. თითქოს, შესაძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება და ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ გამორიცხულია და წარმოუდგენელია ტარიფების განახევრება. შემცირებას რაც შეეხება, ეს ნამდვილად შესაძლებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით გამართული მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ.
გუშინ ენერგეტიკის სამინისტროში დიდი შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ საქართველოს ენერგეტიკოსთა კავშირი, სემეკი, კოალიცია „ქართული ოცნების“ თემატური ჯგუფის წარმომადგენლები და მეცნიერ-ენერგეტიკოსები. გარდა ამისა, სამინისტროში ცალკე საუბარი შედგა ვიზიტად მყოფ „ინტერ რაოს“ წარმომადგენლებთანაც დღეს, ხვალ და ზეგ კი იგეგმება შეხვედრა „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან, ასევე, მოლაპარაკებები იქნება კახეთის ენერგოდისტრიბუციასთან.
„კახეთის ენერგოდისტრიბუცია გაკოტრების პირასაა და სახელმწიფო ამ კომპანიის მიმართ სუბსიდირებას განახორციელებს, რომ ერთ კონტექსტში მოვიდეს ტარიფი მთელი ქვეყნის მოსახლეობასთან“, - განაცხადა კალაძემ. მან იქვე დასძინა, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის საფასური ზამთარში შესაძლოა, შემცირდეს.
„როგორც მოგეხსენებათ, ზამთარში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს ვანხორციელებთ, ამიტომ იანვრიდან „ინტერ რაოსთან“ ახალი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, რომელიც მარტის ჩათვლით იმპორტს ითვალისწინებს და შესაძლებელია რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის საფასური შემცირდეს“, - აღნიშნა მინისტრმა.
გაზისა და ელექტროენერგიაზე ტარიფების შემცირება კი, შესაძლოა, გამანაწილებელი კომპანიების მიერ სახელმწიფოს მიმართ არსებული ვალდებულებების სანაცვლოდ განხორციელდეს.
როგორც აღმოჩნდა, ტარიფების დაწევის თაობაზე მოლაპარაკების პროცესში საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ჯერჯერობით უშუალოდ ჩართული არ არის. ეს დაადასტურა შეხვედრაზე მყოფმა სემეკის წარმომადგენელმა გოჩა შონიამ.
„დღევანდელ შეხვედრაზე საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო. გამოიკვეთა საინტერესო საკითხები. ეს ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს და, რა თქმა უნდა, შედეგიც იქნება. რაც შეეხება ტარიფების შემცირებას, ჩემთვის ჯერ რთულია ამაზე საუბარი, ვინაიდან მიმდინარეობს მუშაობა. შემცირება, ალბათ, იქნება, მაგრამ რამდენით, მოლაპარაკების შემდეგ გაირკვევა“, - აღნიშნა შონიამ.
რაც შეეხება სემეკის ბერკეტს, „ყაზსტრანსგაზსა“ და „თელასს“ ტარიფის ხელახალი კალკულაცია მოსთხოვოს, შონიას თქმით, ეს პროცედურა დიდი დროს მოითხოვს.
„ჩვენ ამაზე 5 თვე უნდა გვემუშავა, მაგრამ თუ კომპანია იტყვის, რომ ისინი ტარიფს შეამცირებენ, ეს საჭირო აღარ იქნება. ვნახოთ, რამდენად მიიღწევა სამინისტროსა და გამანაწილებელ კომპანიებს შორის შეთანხმება. ეს არის მოლაპარაკების საგანი.
კომპანიებს სახელმწიფოს მიმართ გარკვეული ვალდებულებები ჰქონდათ და თუ ისინი იტყვიან, რომ ამ ვალდებულებებს არ შეგვასრულებინებთ, ტარიფებს დავწევთო, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ტარიფები შემცირდეს.
ამდენად, ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათთან საუბარი ენერგეტიკის სამინისტრომ დაიწყო და შედეგი უახლოეს მომავალში იქნება, თუმცა თავად სემეკი მოლაპარაკებების პროცესში ჯერჯერობით უშუალოდ ჩართული არ არის“, - განაცხადა შონიამ.
სააგენტო „პირველის“ კითხვაზე, იყო თუ არა ტარიფები ხელოვნურად გაზრდილი, რაზეც წინასაარჩენო კამპანიის დროს ოპოზიცია აქტიურად აპელირებდა, შონიამ ეს მოსაზრება უარყო და აღნიშნა, რომ „სიმართლეს არ შეესაბამება“.
„შევწყვიტოთ ამაზე საუბარი, ტარიფები ხელოვნურად არ იყო გაზრდილი და არავინ არაფრის წილში არ იჯდა“, - აღნიშნა შონიამ.
საქართველოს ენერგეტიკოსთა საზოგადოების თავმჯდომარის მირონ ფირცხელანის შეფასებით, ტარიფების ერთბაშად შემცირება ბუნებრივია, არ იქნება, მაგრამ ტარიფების დაწევისთვის რეზერვები არსებობს.
„ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით, ფრთხილი მოპყრობაა საჭირო, რადგან ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზამთრის ყველაზე დეფიციტურ პერიოდში. მიგვაჩნია, რომ შემცირება შესაძლებლია თუკი მარეგულირებელი კომისიის და გამანაწილებელი კომპანიების კეთილი ნება იქნება. სწორედ ამაზე სასაუბროდ შევიკრიბეთ თითქმის ყველა ენერგეტიკული ორგანო. შევხედავთ ყველა მხრიდან, გავაანალიზებთ მდგომარეობას. ამასთან, ვაფრთხილებთ ყველა ენერგეტიკულ ოგანიზაციას, რომ ეს საკითხი ყოველგვარი პოლიტიკური მიდგომების გარეშე ხალხის სასარგებლოდ გადაწყდეს“, - განაცხადა ფირცხელანმა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ერთბაშად ტარიფების შემცირება არ იქნება.
„ჩვენ ასევე ყურადღებას გავამახვილებთ სეზონურ ტარიფებთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს გაცილებით ნაკლები გადაიხადოს“, - აღნიშნა ფირცხელანმა.