ავტომობილების ბიზნესმა შედარებით ამოისუნთქა. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივოს.
ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ 2020 წლის 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილის რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღეში, თუ ამ ავტომობილის რეექსპორტი ან მის საბაჟო პროცედურებში მოქცევა მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბრამდე განხორციელდება.
შეღავათი შეეხება, დაახლოებით, 38 ათასამდე მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 50 მილიონ ლარს. ამით საკმაო შეღავათი მიეცემა იმ დილერებს, რომლებიც კორონავირუსისა და საქართველოს საზღვრების ჩაკეტვის გამო, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
უკვე ორი კვირაა, ფაქტობრივად, გაჩერებულია რუსთავის ავტობაზრობა. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაში არიან ის მეწარმეები, ვისაც მანქანები რეექსპორტზე, ძირითადად, სომხეთში ან აზერბაიჯანში გასაყვანად ჩამოჰყავდათ. იმპორტიორები, სახელმწიფოსაგან შეღავათებს ითხოვენ.
მოქმედი კანონმდებლობით, მანქანის საქართველოში შემოყვანის შემდეგ, 2 თვის განმავლობაში ავტო დილერები დღეში მხოლოდ 1 ლარს იხდიდნენ, მესამე თვეს კი ვალდებულნი არიან დღეში 5 ლარი შეიტანონ ბიუჯეტში, 3 თვის მერე კი ჩამოყვანილი მანქანები ან უნდა განაბაჟონ ან ჯარიმა დაეკისრებათ.
არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ავტოდილერების დიდი ნაწილი, ხელისუფლებისგან საბაჟო პერიოდის გადავადებას რამდენიმე დღეა ყოველდღიურად ითხოვს.
„ახლა გაჩერებულები ვართ, ხომ ხედავთ ბაზარზე თავისუფალი ადგილიც კი არაა, სულ გადავსებულია მანქანებით. ამას თან საბაჟო პერიოდის გასვლაც დაემატება და მერე დამატებით თანხის გადახდა მოგვიწევს, რომ ეს მანქანები აქ დავტოვოთ“, - აცხადებდნენ ავტომობილების ბიზნესით დაკავებული ადამიანები.
ავტოდილერებისათვის შეღავათის დაწესება, ნორმალურ მოვლენად მიაჩნია, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელს დავით მესხიშვილს. სპეციალისტი იმ ფაქტებს იხსენებს, როცა ბიზნესი გაკოტრების პირას იყო და საკუთარი რესურსით გადარჩენა მოახერხა.
„ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნესია საქართველოში, რომელსაც თან ახლავს რყევა. ერთ მშვენიერ დღეს ყაზახეთი შევიდა ევრაზიულ კავშირში, აზერბაიჯანმა დააწესა „ევრო 4“ სტანდარტი, ახლა სომხეთმა შემოიღო რეგულაცია. მოკლედ, ვისაც ჩვენგან მიჰყავს ავტომობილები, ისინიც ცვლიან თავიანთ კანონმდებლობას. დაძაბულობა არის ყოველ წელს, მაგრამ ჩვენი იმპორტიორები და რეექსპორტიორები მაინც სწრაფად ახერხებენ ადაპტირებას გარემოში.
თუმცა არის მომენტები, როცა პრობლემა გლობალურია და ბიზნესს უჭირს თვითგადარჩენა. სწორედ ახლა საჭიროა ამ ბიზნესის მხარდაჭერა. რეალურად ახლა არავის სცალია ავტომობილისათვის, როცა ხალხი სახლიდან არ გამოდის და მხოლოდ საკვების მომარაგებაზეა ორიენტირებული. სავარაუდოდ, ასეთი ვითარება ერთი თვე მაინც გაგრძელდება და მათთვის შეღავათის დაწესება, ნამდვილად მიზანშეწონილია“, - განაცხადა მესხიშვილმა.
ქუთაისიდან ახლობელი დამიკავშირდა, მთხოვა თბს ბანკის კრედიტთან დაკავშირებით დახმარება, ბიზნესი გაუჩერდა კოეონა ვირუსთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა დავეხმარები...
გამახსენდა და ვეკითხები, თბს ბამნკმა ხომ გადაავადა კრედიტორების დავალიანებათქო?!
პასუხი: კი გადაავადა, მაგრამ გადავადებულ თითოეულ თვეზე პროცენტები დააწესაო!
ვეკითხები, კი მაგრამ ყაჩაღი ბანკირი ხაზარაძე როგორც ვიცი გაუშვეს და მოაბრუნეს მეთქი?!
ეტყობა დარჩა, მობრუნება ამ გასაჭირში ჩვენ გვჭირდებაო...