„იმედი მაქვს, „ოცნების“ მთავრობა დაადასტურებს, რომ ეკონომიკური ზრდა მარტო მდიდრების ჯიბეებისკენ არ მიდის“

„იმედი მაქვს, „ოცნების“ მთავრობა დაადასტურებს, რომ ეკონომიკური ზრდა მარტო მდიდრების ჯიბეებისკენ არ მიდის“

როგორ შეიცვალა მსოფლიო უხილავი მტრის, კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ? რამდენად დაბნეულნი შეხვდნენ ადამიანები ვირუსის შემოჭრას? რას ნიშნავს მძიმე პროგნოზი, რომ შესაძლოა, ეს ვირუსი დიდი დეპრესიის საწინდარი გახდეს და მეორე მსოფლიო ომით მიყენებულ ზარალს გადააჭარბოს?

ამის შესახებ For.ge-ს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.

თქვენი, როგორც ანალიტიკოსისა და მოქალაქის მოსაზრება როგორია კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით? რამდენად მომზადებული აღმოჩნდა მსოფლიო და, კონკრეტულად, საქართველო ამ ვირუსის წინაშე და რას ნიშნავს საშიში პროგნოზი, რომ ამ ვირუსით გამოწვეულმა ზარალმა, შესაძლოა, მეორე მსოფლიო ომის შედეგებს გადააჭარბოს?

- ეს გამორიცხულია, მსოფლიოს და, განსაკუთრებით, ევროპას ვირუსებთან ბრძოლის ძალიან დიდი ისტორია აქვს. ამ მხრივ შავი ჭირის ისტორია უნიკალურია, ევროპაში ყველაზე მძიმე შედეგი ჰქონდა ე.წ. ისპანკას, ესპანურ გრიპს, რომელმაც 1918-20 წლებში 40 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა, ვიდრე პირველმა მსოფლიო ომმა. ამ დაავადებას ისპანკა ერქვა, მაგრამ ესპანეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. აშკარად, მაშინაც კორონავირუსი მძვინვარებდა, უბრალოდ, იმ დროს ამის დადასტურების ლაბორატორიული საშუალებები არ არსებობდა. როცა მსოფლიოს ახსოვს ბუნებრივად განვითარებული ეპიდემია და პანდემიის შედეგად მიღებული 40-მილიონიანი მსხვერპლი, ამ ფონზე ის, რაც დღეს ხდება, მსოფლიო მედიცინის გამაოგნებელი წარმატებაა. ასეთი დადებითი გამოცდილება კაცობრიობას არასდროს ჰქონია. პირადად მე ევროპის ისტორია მაინტერებს, კარგად ვიცი შავი ჭირის ისტორიაც და ამ გამოცდილების ფონზე ასეთი კარგი შედეგი არც კი წარმომედგინა. შეიძლება, კიდევ უფრო უკეთესი შედეგი ყოფილიყო, ორი კვირით ადრე რომ დაეწყო მსოფლიოს ამ ვირუსზე რეაგირება, მნიშვნელოვნად ნაკლები მსხვერპლი იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, ყოველ წელს ჭლექით (რომელიც, ასევე, ვირუსით ვრცელდება და გადამდები დაავადებაა) ყოველ წელს დედამიწის ზურგზე მილიონობით ადამიანი იღუპება. ამ ფონზე კორონავირუსით გამოწვეული მსხვერპლი დაბალია და დასრულდება, როგორც იქნება. დარწმუნებული ვარ, მაის-ივნისში გვექნება დასრულებისკენ მიმავალი პროცესი და ვნახავთ, რომ კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 %-ს. შესაბამისად, ჩემი აზრით, ეს იქნება სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ვირუსული გამოწვევების მიმართულებით.

დადებითად ვაფასებ არა მხოლოდ მსოფლიო გამოცდილებას, არამედ კიდევ უფრო აღტაცებული ვარ ქართული მედიცინის შედეგებით. ინფექციური საავადმყოფოების მიმართულებით როგორ უცებ გამოცხადდა მობილიზაცია. პრაქტიკულად, ჯერჯერობით 40 ადამიანის გარშემო ტრიალებს ეს ვირუსი. ალბათ, მომავალში გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, მთავარია, მოსახლეობა მობილიზებული, ყურადღებიანი იყოს და დაიცვას ის წესები, რასაც საქართველოს სამედიცინო სამსახური სთავაზობს.

ზოგიერთს არასწორად ესმის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, კორონავირუსის თემა რატომღაც გმირობის დამტკიცებას გაუტოლდა. გვესმის ხოლმე, „კორონა მომერევა“? ასეთ დროს ავიწყდებათ, რომ ამ „გმირობას“ შესაძლოა იმუნიტეტდაქვეითებული სხვა ადამიანი ემსხვერპლოს და ვირუსი მოხუცებსა და ბავშვებს გადაედოთ. რამდენად ადეკვატურია კორონას კონტექსტში გმირობაზე საუბარი?

- ეს უგუნურება და სირეგვენეა. გმირობა იქნება სახლში ჯდომა და გარეთ გაუსვლელობა; თუ გრძნობ სიმპტომებს, მაშინვე ექიმთან მისვლა. ეს არის გმირობა. გმირობაა ისიც, როცა ჩაერთვები პროცესებში და, როგორც მოხალისე, დაეხმარები სახელმწიფო და სამედიცინო სტრუქტურებს. თუ გინდა გვერდში ამოუდგე სახელმწიფოს, მაშინ დარჩი სახლში და რეგულარულად დაიბანე ხელები. ერთიც და მეორეც მარტივად გასაკეთებელია. გარეთ ჰაერზე გასვლა შეიძლება აუცილებელიც იყოს, მაგრამ მოერიდე საზოგადოების თავშეყრის ადგილებს და, განსაკუთრებით, თავიდან აიცილე უცხო ადამიანებთან კონტაქტი. შენი ახლობლების მიმართ ყურადღებიანი გახდი, რათა ბინძური ხელებით არ შეიტანო ინფექცია ოჯახში, მით უმეტეს, თუკი იქ მოხუცები არიან. ეს თავხედური, ამბიციური და უტიფარი „ვაჟკაცობა“ მხოლოდ აფუჭებს საქმეს.

გიორგი გახარია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, შუქის ჩაქრობა და ასე ლოდინი მარტივია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ დასრულდება, ჩვენი ეკონომიკა სად იქნება?

- ამ შემთხვევაში, გახარიას ვეთანხმები. კორონავირუსის გამო ორი გამოწვევა შეიქმნა - ერთია სამედიცინო გამოწვევა და მეორეა ეკონომიკური გამოწვევა. აღტაცებული ვარ ჩვენი მედიკოსებით, მაგრამ სულაც არ ვარ აღტაცებული ჩვენი ეკონომიკით და მესმის ის გამოწვევები, რასაც შეიძლება ვერ გაუმკლავდეს საქართველოს ხელისუფლება. მთელ მსოფლიოში, თუნდაც იმავე აშშ-ში, საფრანგეთში, იტალიაში ვხედავთ, როგორ ზრუნავს სახელმწიფო, გადაარჩინოს თავისი საშუალო და მცირე ბიზნესი. კორონავირუსით გამოწვეული ზარალი ყველაზე მეტად დაარტყამს საშუალო და წვრილ ბიზნესს, მსხვილი ბიზნესი კი მეტ-ნაკლებად გადარჩება. საქართველოში მსხვილი ბიზნესი პრაქტიკულად არ არსებობს, ყველა ბიზნესი საშუალო ან მცირეა. ამიტომ საჭიროა, სახელმწიფომ მედიცინაზე მეტად საშუალო და მცირე ბიზნესს მიხედოს, მედიკოსები თავის თავს როგორმე მიხედავენ, მედიკოსები აშკარად აკონტროლებენ სიტუაციას. მე მგონი, ახლა სახელმწიფომ ყველაზე მეტად უნდა ილაპარაკოს ეკონომიკურ საკითხებზე, თუ როგორ დაიცვას უმუშევრად დარჩენილი ადამიანები.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, მართლაც ამა თუ იმ ფორმით უკვე მუშაობს საგანგებო მდგომარეობა - სკოლები დახურულია, უმაღლესები დახურულია. ტრანსპორტის მუშაობა შეზღუდულია, ყველა ინფიცირებულის ისტორია ვიცით, ეს არის უნიკალური შედეგი. ამ ფონზე საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ პანიკას გამოიწვევს. მეტი რაღა უნდა გაკეთდეს? ერთადერთ საგანგებო მდგომარეობად რჩება ქუჩაში გასვლის კონტროლი, რომ პოლიცია იდგეს ქუჩაში და ამოწმებდეს ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას. ამ წუთში ადამიანები გარეთ გადიან, მაგრამ არა მგონია, ეს საგანგებო მდგომარეობა დღეს საჭირო იყოს.

ბევრი ქართველი ემიგრანტი სამშობლოში ბრუნდება. ემიგრანტების დაბრუნება ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ ასეთ ვითარებაში, როცა ხალხს უხელფასო შვებულებაში უშვებენ, ემიგრანტებიც ტვირთად ხომ არ დააწვება ჩვენს ეკონომიკას? ცალკეული სახელმწიფოები ყოვლთვიურ თანხას გამოყოფენ საკუთარ მოსახლეობაზე, რომ იზოლირების დროს მათ თავი გაიტანონ. ჩვენთვის რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ უმუშევარ ადამიანებს დაეხმაროს, რომელთათვისაც უკვე სულ ერთია, კორონა მოკლავს, თუ სახლში გამომწყვდევის დროს შიმშილი?

- ამასთან დაკავშირებით თავისი პროგრამა უნდა ჩამოაყალიბოს სახელმწიფომ. როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, იმ პერიოდში ითქვა, ერთი წელი იქნება პრობლემები, მომდევნო წელი იქნება უკეთესი, შემდეგი წელი უფრო კარგიო. ხშირად თავს იწონებს ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა, რომ ჩვენთან არის ეკონომიკური ზრდა, რომ გამოკვლევებში თურმე კარგად ვჩანვართ ეკონომიკურად. ეკონომიკური წარმატება კი ნიშნავს, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გარკვეული ვალდებულებებიც და კრიტიკულ სიტუაციაზე ზემოქმედების საშუალება. ამიტომ უნდა გამოჩნდეს, რამდენად გააჩნია რეზერვები სახელმწიფოს, რომ კრიტიკულ სიტუაციაში მოემსახუროს თავის მოსახლეობას. ალბათ, უახლოეს ხანში საქართველოს მთავრობამ უნდა გამოაქვეყნოს ეკონომიკური პროგრამა.

ეკონომიკური გადარჩენის ერთ-ერთ საშუალებად განიხილება, რომ საქართველოს მოსახლეობა მიეჩვიოს სოფელთან კონტაქტს და კორონავირუსის „ხათრით“ მაინც დაუბრუნდეს თავის სოფელს. ეს რამდენად მოსახერხებელია ახლა, როცა ღარიბი მოსახლეობისთვის ერთადერთი გადასაადგილებელი საშუალება რაიონებისკენ მიმავალი მიკროავტობუსები აიკრძალა?

- სახნავად ვინც უნდა წასულიყო, წესით, აქამდე წასულები უნდა იყვნენ, რადგან გაზაფხული ძალიან ადრე დადგა საქართველოში, თოვლიც კი არ ყოფილა ნორმალურად. არ ვარ სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, მაგრამ, რაც მე ვიცი ახლობლებისგან, ყველამ უკვე დაასრულა მიწების მოხვნა. ახლა უკვე გვიანია, აყვავებულია ხეხილი. ამიტომ არა მგონია, ამ შეზღუდვებმა ხელი შეუშალოს მათ, ვისაც მიწაზე მუშაობა უნდა. თუმცა სახელმწიფომ უნდა გადახედოს ფინანსურ და ეკონომიკურ რესურსებს, რათა დაეხმაროს ხალხს, თუნდაც მათ, ვისაც შეიძლება ჩაუვარდეს წლევანდელი მოსავალი. სწორედ ახლა უნდა გამოჩნდეს ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე, რასაც ლაპარაკობს „ქართული ოცნება“. მაინც იმედი მაქვს, „ოცნების“ მთავრობა დაადასტურებს, რომ ეკონომიკური ზრდა მარტო მდიდრების ჯიბეებისკენ არ მიდის და ეკონომიკური ზრდის სიკეთე გადანაწილდება საქართველოს მთელ მოსახლეობაზე.