„პრეზიდენტის შენახვა დღეში 140 000 ლარი გვიჯდება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში შესაძლოა, პატარა ცვლილებები კვლავ შევიდეს, თუმცა მთავარია, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტი ხარისხობრივად განსხვავებული იქნება.
კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ისევ ძალაში რჩება პრეზიდენტის, ქალაქის სამშენებლო და სხვა გაურკვეველი ხარჯების შემცირების საკითხი. პრემიერის თქმით, ამ ხარჯების შემცირებით, ახალმა ხელისუფლებამ იმხელა ეკონომია გასწია, რომ ამის ხარჯზე სერიოზულად მოხერხდება სოციალური სფეროს დაფინანსება.
„პრეზიდენტის შენახვა დღეში ქვეყანას 140 000 ლარი უჯდება. მხოლოდ კანცელარიის მაგალითზეც რომ გითხრათ, თუკი თვეში აქ 48 ტონა საწვავი მოიხმარებოდა, ახლა ჩვენ გვჭირდება მხოლოდ 7,5 ტონა. თითქმის ხუთჯერ შემცირდა ხარჯები სხვა კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაშიც“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ თვით ბუკინგემის სასახლეში ბევრ ადგილას შეხვდებით ტაბლოს, რომელზეც მომსახურე პერსონალს ელექტროენერგიის ეკონომიასთან დაკავაშირებით აფრთხილებენ, დედოფალი ელისაბედ მეორე კი დადის და ნათურებს აქრობს, გასაგებია, რომ საქართველოში ასეთი ნებაყოფლობითი ჟესტი უცნაური იქნებოდა.
პრეზიდენტის ხარჯების არამართლზომიერებაზე საუბრობენ ექსპერტებიც და ვერ იხსენებენ ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნების პრეზიდენტების მაგალითს, რომლებიც თავს ასეთი ფუფუნების უფლებას მისცემდნენ.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ ყოველდღიურად 140 ათასის დახარჯვა ზოგისთვის მართლაც ბევრია, ზოგისთვის კი - უმნიშვნელო. მაგალითად, საუდის არაბეთის მეფისთვის ეს მხოლოდ კაპიკებია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საუდის არაბეთის მეფის ოჯახის წევრების პრესტიჟი იმით იზომება, რომ აუცილებლად მონტე კარლოში ან ლას ვეგასში უნდა ჩავიდნენ და ერთი მილიონი დოლარი უნდა წააგონ კაზინოში, რადგან იქ იწერება, თუ ვინ წააგო მილიონზე მეტი და ამას ოქროს დაფას ეძახიან. ამდენად, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის ყველა პრინცი, როგორც წესი, მოღვაწეობას იმით იწყებს, რომ მილიონს აგებს მონტე კარლოს კაზინოში.
თუმცა სოსო ცინცაძის აზრით, საქართველოსთანა ქვეყანაში, სადაც ლტოლვილებს 30 ლარი შემწეობა ეძლევათ და უმწეობის ზღვარს მიღმა მყოფი უამრავი ადამიანი დახმარებას ითხოვს, პრეზიდენტის ყოველდღიური „ბიუჯეტი“ ცინიზმია.
„დღეს მარტო ცარიელი პური რომ ჭამოს ადამიანმა, 30 ლარი ამისთვისაც არ ეყოფა. არ ვიცი, რაში ხარჯავს სააკაშვილი ამდენ თანხას. ჯერჯერობით, ეს, როგორც ჩანს, „მადრიდის კარის საიდუმლოებაა“. ვერ წარმომიდგენია, 140 ათასი რაში უნდა იხარჯებოდეს, ჩემთვის ეს ზღაპრული თანხაა. იქნებ, სასახლის განათებაში, გათბობაში, გადაფრენაში, მოძრაობაში? იქნებ, ელექტრომობილით გადაადგილდება? თუმცა ფაქტია, რომ საქართველოსთვის ეს თანხა ძალიან დიდია“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
მისივე თქმით, ინგლისის დედოფლის ელისაბედ მეორის წლიურ ცივილურ ბარათზე (ასე ეწოდება ამ ბარათს - „ცივილნი ლისტ“) ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხა, დღიურად რომ გადავიანგარიშოთ, ამდენი ნამდვილად არ გამოდის. უფრო მეტიც, ნაპოლეონი, რომელსაც ყველა ომის შემდეგ 200, 300, 400 და 500 მილიონი ფრანკი შეჰქონდა ბიუჯეტში, რადგან ის, როგორც გამარჯვებული, ხარკსა და რეპარაციებს (ფულადი ან ნატურალური გადასახადი, რომელსაც ომში დამარცხებული ქვეყანა გამარჯვებულს უხდის) აწერდა დამარცხებულ ქვეყნებს, მასაც არ ჰქონია ამდენი თანხის განკარგვის საშუალება. არადა, ნაპოლეონიც ცივილური ქაღალდით იღებდა ხელფასს.
„სააკაშვილისთვის ყოველდღიურად გაწეული ხარჯი თუ 140 ათასია, ეს რომ გადავიანგარიშოთ დოლარებზე, სადღაც 80 ათასი დოლარი გამოდის, ელისაბედის და ნაპოლეონის ხარჯები კი ამდენი არ გამოვა. ამდენად, ვერ წარმომიდგენია, რაში ხარჯავს სააკაშვილი ამდენ ფულს?!“ - კითხულობს პოლიტოლოგი.
ყოფილი ფინანსთა მინისტრი დავით იაკობიძე მიიჩნევს, რომ ყოველდღიურად 140 000 ლარად პრეზიდენტის შენახვა ჩვენი ქვეყნისთვის აურაცხელი თანხაა. უფრო მეტიც, არსად მსოფლიოში პრეზიდენტის შენახვა ასე ძვირი არ ჯდება.
„ამ 140 ათასი ლარის მიღმა ბიძინა ივანიშვილმა იგულისხმა პრეზიდენტის სამუშაო ადგილი. სწორედ მისი შენახვა ჯდება ამხელა თანხა, მისი სასახლე, სასახლის მომსახურე პერსონალი, ავტომობილი, თვითმფრინავები, ბენზინი და ის განუკითხაობა, რომელიც იქ არის. მაგალითად, ბუღალტრები ბენზინის 100 ტონას ჩამოწერენ და კაციშვილი არ არის გამკითხავი, სინამდვილეში, რამდენი დაიხარჯა. ეს ადგილი კორუფციის ბუდეა“, - აცხადებს დავით იაკობიძე For.ge-სთან კომენტირებისას.
მანვე გაიხსენა ყველაზე ღარიბი პრეზიდენტის შესახებ სულ ახლახანს ინტერნეტით გავრცელებული კადრები, სადაც ურუგვაის პრეზიდენტი ხოსე მუხიკა თითქმის მთელ ხელფასს ქველმოქმედებას სწირავს და 12 500 დოლარიდან მხოლოდ 1250 დოლარს იტოვებს თავისთვის.
„ეს ადამიანი თავისი ხელფასის მხოლოდ ერთ მეცხრედს იღებს და ცხრა მეათედს სწირავს უპატრონო ბავშვებს. მოკრძალებულ სახლში ცხოვრობს და ძველი ავტომობილით გადაადგილდება. სხვა ქვეყნებშიც პრეზიდენტები ცდილობენ, რაც შეიძლება, ნაკლები მიიღონ თვითონ და ხალხს გაუნაწილონ“.
დავით იაკობიძის განმარტებით, ჩვენი პრეზიდენტის სამუშაო ადგილის ღირებულება ერთი საკითხია და მეორე საკითხია - უშუალოდ პრეზიდენტის ხარჯები. ეს მაშინ, როცა პირადად პრეზიდენტმა დღეში შეიძლება დახარჯოს, ყველაზე მაქსიმუმ - ასი ლარი. ამ დროს კი მომავალ ბიუჯეტში 9 მილიონია გამოყოფილი მარტო პრეზიდენტის აპარატისა და პრეზიდენტის შესანახად წელიწადში. ძველი ბიუჯეტის მიხედვით კი, მისთვის ყოველდღიურად 140 ათასი იხარჯებოდა, რაც 365-ზე რომ გავამრავლოთ, სოლიდურ თანხას შეადგენს ბიუჯეტისთვის.
ამდენად, დავით იაკობიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტისთვის შეიძლება, დასაშვები იყოს არაუმეტეს 3-4 მილიონამდე წელიწადში.