მარტვილელები გოროზიასა და დანელიას მიწების გასხვისებაში ადანაშაულებენ

მარტვილელები გოროზიასა და დანელიას მიწების გასხვისებაში ადანაშაულებენ

უკვე მეოთხე დღეა, მარტვილის გამგეობა და საკრებულო პარალიზებულია. კვლავაც უცვლელი რჩება მარტვილელთა მოთხოვნა - გადადგეს ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზია (სამეგრელოს გუბერნატორის ზაზა გოროზიას ძმა) და გამგებელი მამუკა დანელია, რომლებმაც მათი მიწები გაასხვისეს. მარტვილელები პროკურატურისგან ამ ადამიანების საქმიანობის შესწავლას მოითხოვენ და ამავე მოთხოვნით შიმშილობას აგრძელებენ. მათი თქმით, მანამდე არ შეუშვებენ თანამშრომლებს შენობაში, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. საგაფიცვო კომიტეტს თანადგომა გამოუცხადეს ზუგდიდელებმა, ჩხოროწყუელებმა, სენაკელებმა და ხონელებმა.

რა ხდება მარტვილის, წალკის, ბათუმის, თეთრიწყაროსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში?! რატომ უპირისპირდება ხალხი თვითმმართველობის ხელმძღვანელობას? ამის შესახებ For.ge-ს ადგილზე მყოფი ადამიანები ესაუბრებიან.

თეთრიწყაროში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მოძრაობა „ეროვნულების“ ერთ-ერთი ლიდერი, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იხსენებს, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შეჭრა არ მომხდარა. უბრალოდ, იქაური გამგებელი დაჰპირდა მოსახლეობას, რომ სოფლის რწმუნებულებს შეცვლიდა და დანიშნავდა ხალხის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურებს, მაგრამ მოატყუა და ამის გამო შეიკრიბა ხალხი საკრებულოს წინ. ამის შემდეგ ბეჟუაშვილმა იქ პროვოკაცია მოაწყო, ჩაიყვანა პალიკო კუბლაშვილი, ხაჩიძე და სხვა დეპუტატები. მათ ხალხის მისამართით დაიწყეს პროვოკაციული გამონათქვამები, თითქოს ისინი „ქართული ოცნებიდან“ იყვნენ, ამ დროს კი იქ ჩვეულებრივი მოსახლეობა იყო შეკრებილი, რამდენიმე ადამიანი საერთოდ ნაცმოძრაობაში იყო გაწევრიანებული.

„მათ პროვოკაცია მოუწყეს, ხელითაც შეეხო კუბლაშვილი ერთ-ერთ მოქალაქეს, გია ჟორჟოლიანს. კიდევ კარგი, საქმეში პოლიცია ჩაერია და განიმუხტა სიტუაცია. რაიონებში მოსახლეობა ყველგან ითხოვს, რომ არ უნდათ „ნაციონალური მოძრაობა“, არაფრის გამკეთებლები ესენი არ არიან. აგური აგურზე დადებული კი არა, დანგრეული და განადგურებულია მთელი რაიონები. თუმცა, ნაციონალები ამ დაპირისპირებას „ქართულ ოცნებას“ აბრალებენ. სად არის აქ „ქართული ოცნება“, მათი სახელით რატომ აპელირებენ? არჩევნებში ხომ იღებდნენ მონაწილეობას, ნახონ, იქიდან რომელია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი?! არცერთი მათგანი იქ არ ფიგურირებს. ოფისები დაშლილია აქვს „ქართულ ოცნებას“, არჩევნების შემდეგ კოალიციის ოფისები ყველა რაიონში დაიკეტა,“ - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

მისივე ინფორმაციით, მარტვილშიც მსგავსი სიტუაციაა, იქაურების მიწები გაყიდულია. უფრო ზუსტად კი, უკანონოდ ჩამოართვეს ხალხს მათ კანონიერ მფლობელობაში არსებული მიწები გოროზიებმა და ცრუმაგიერი ფირმები შექმნეს, თითქოს უცხოელებს აქვთ ნაყიდი ეს მიწები.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სინამდვილეში, გოროზიების ხელშია ყველაფერი და ეს იციან იქაურებმა. უკვე სამი-ოთხი წელიწადია, დაობენ ამ საკითხზე, რაზეც მან შარშანწინ ბრიფინგიც გამართა. მაშინ მარტვილიდან ავტობუსებით ჩამოვიდა ხალხი და საჩივარი შეიტანეს პროკურატურაში.

ადვოკატს წარმოუდგენლად მიაჩნია, გლეხი მიწის გარეშე იყოს. მისივე თქმით, მართალია, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ეს ხალხი რაიმე პროვოკაციას არ წამოეგოს, მაგრამ რა გასაკვირია, მოსახლეობას აღარ უნდა ნაცმოძრაობის ნარჩენების ხილვა.

მოძრაობა „ეროვნულების“ მარტვილის რეგიონის თავმჯდომარე ზურაბ ბიგვავა აცხადებს, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. შეფები - გოროზია და დანელია თავიანთ ხალხთან ვერ მიდიან და ვერ ელაპარაკებიან. უფრო მეტიც, ზურაბ ბიგვავას თქმით, მუნიციპალიტეტის შენობაში არავითარი შეჭრა ან შუშის დამტვევა არ მომხდარა და ეს ყველაფერი ტყუილია. უბრალოდ, გოროზიამ თვითონვე მოინდომა დალაპარაკებოდა ხალხს და ხალხიც შევიდა შენობაში. რატომღაც გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს აქაურები ნასვამები იყვნენ, სინამდვილეში, ნასვამი არავინ ყოფილა. პირიქით, იქ მშიერი ხალხი იდგა.

რაც შეეხება შუშის ჩამტვრევას, ზურაბ ბიგვავას თქმით, შუშას შემთხვევით დაარტყა მისივე მდივანმა ხათუნა ჯანჯღავამ, კარი ძლიერად მიხურა და შუშა გაბზარა. ამის ვიდეო მტკიცებულება კი არსებობს. ამის შემდეგ პოლიციამ ხალხს სთხოვა, გარეთ გასულიყვნენ, ისინიც გავიდნენ გარეთ და მშვიდობიანი მიტინგი ჩაატარეს.

„სრული აბსურდია, თითქოსდა, „ქართული ოცნება“ მართავს ამ აქციას. „ქართული ოცნებიდან“ დღემდე არავის დაურეკავს. ეს რომ „ქართული ოცნებიდან“ იყოს მართული, სადმე ისტორიას ახსოვს, რომ გამარჯვებული მხარე შიმშილობდეს?! ეს არის უბრალო ხალხი, რომლებმაც სამართალი ვერ ნახეს. ეს ის ხალხია, რომელთაც მიწები წაართვეს და ეგონათ, რაიმე შეიცვლებოდა და სამართალს ახლა მაინც იპოვიდნენ. ეს ადამიანები ხედავენ, რომ ისინი, ვინც მათი მიწები დაიტაცა, ისევ ხელისუფლებაში არიან. ამას ემატება ისიც, რომ ოცი წელიასამეგრელოს ამონებენ, შევარდნაძიდან დაწყებული, სააკაშვილით, ახალაიათი, კოდუებით და გოროზიებით დამთავრებული, ამიტომაც ხალხში ამან ამოხეთქა. ვფიქრობ, ეს გადაედება მთლიან საქართველოს“, - აღნიშნა ზურაბ ბიგვავამ.

მისი თქმით, 300 ჰექტარი მიწა თვითონ გოროზიებს მარტვილის განაპირა სოფლებში აქვთ ნაყიდი. არავინ ამის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ აქ არის ისეთი ხალხი, ვისაც მათ წაართვეს მიწები და ამ ადამიანების საქმეები დღემდე პროკურატურის თაროზე დევს. ეს თავისუფალი მიწები არასდროს ყოფილა. ეს მიწები გააერთიანეს და ე.წ. იტალიურ ფირმას გადასცეს. სინამდვილეში, ზურაბ ბიგვავას თქმით, მის წილში არიან ყოფილი ხელისუფალნი, რადგან, როცა ხალხი აპროტესტებდა, მათ სპეცნაზი და ჩაფხუტიანი ადამიანები ჩაიყვანეს და სცემდნენ ადგილობრივებს.

„ეს ხდებოდა 2010-2011 წლებში. ამას მიემატნენ ყოფილი ზვიადისტები, ეროვნული მოძრაობის წევრები. ისინი ამბობენ, ნაცმოძრაობა ხალხს აშინებს, ჩვენ დავბრუნდებით და შურს ვიძიებთო, ამიტომ ჩვენ აღარ დავუშვებთ 1992 წელს და ბოლომდე ამოვუდგებით მხარში ახალ ხელისუფლებას. ისე არ უნდა მოხდეს, როგორც ზვიადი შეიწირეს, ისე ბიძინას არ შევაწირინებთო“.

ზურაბ ბიგვავას თქმით, მუნიციპალიტეტებში მოკალათებულ ნაციონალებს თვითონვე სურთ წასვლა, მაგრამ არ მიდიან, რადგან ზემოდან ნაციონალი პარლამენტარები ავალებენ, რომ ბოლომდე ჩაყვნენ ნაცმოძრაობას. მათ ემუქრებიან, თუ ასე არ მოიქცევიან, პროკურატურას თავადვე მიაწვდიან მათ მიერ ჩადენილ საქმეებს. ამ ადამიანებსაც ჩაძირვის ეშინიათ, რადგან ყველანი ერთად „აშენებდნენ“ ამ სისტემას. ამასთან, ზურაბ ბიგვავა აცხადებს, რომ საპროტესტოდ გამოსული მარტვილელები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემოწმებასაც ითხოვენ, რადგან ეჭვი აქვთ ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, სულ ახლახანს სამასამდე ადგილობრივმა ერთმანეთს შეჰფიცა, რომ ბოლომდე ერთად იდგებიან და ყველაფერს გააკეთებენ, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. ამასთან, ზურაბ ბიგვავას მიაჩნია, რომ სამეგრელოში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან სამეგრელოში ტოტალური გაყალბება, დაშინება მიმდინარეობდა.

არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის კახა კახიშვილისთვის ცოტა უცნაურია, გოკა გაბაშვილი თვითმმართველობების ზეწოლაზე რომ საუბრობს, მაშინ, როდესაც საქართველოში თვითმმართველობა რეალურად არც არსებობდა. ერთი კაცის ხასიათზე იყო აწყობილი როგორც თვითმმართველობა, ისე აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ასე უნდა დარჩეს და თვითმმართველობა დამოუკიდებელი არ იყოს.

კახა კახიშვილის თქმით, თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები სულ სხვა დონის არჩევნებია და ერთი-მეორესთან არანაირ პოლიტიკურ კავშირში არ არის. ამიტომაც, დღეს საუბარი იმაზე, რაკი საპარლამენტო არჩევნები წააგე, აუცილებლად თვითმმართველობიდან უნდა გადადგე, არასწორია.

„თვითმმართველობის არჩევნები 2014 წელსაა, ამ დრომდე არანაირი ზეწოლა თვითმმართველობაზე არ უნდა განხორციელდეს. მალე ვიხილავთ, რომ თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები გადავლენ „ქართული ოცნების“ ფრაქციაში არა იმიტომ, რომ მათ ვინმე აიძულებს, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში ასე ხდება, რომელი პარტიიდანაც უფრო ადვილად დაინიშნები რომელიმე სამსახურში, იმ პარტიაში წევრიანდები. ის ძირითადი ბირთვი, რომელიც ჰყავდა ნაცმოძრაობას, არ ყოფილან იდეოლოგიურად დაკომპლექტებულები. ისინი იყვნენ თანამდებობების მოსაპოვებლად“, - მიიჩნევს კახა კახიშვილი.

მისივე თქმით, რეალურად ხალხი დაიღალა ნაცმოძრაობის სახეებით, როგორც პარლამენტში, ისე საკრებულოში და ახლა გაღიზიანებას ვერ მალავენ, რადგან ფიქრობენ, ამათ წააგეს არჩევნები და მაინც აქ სხედან და ტვინს გვიჭამენ. თუმცა, ისიც რეალობაა, რომ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციებიც მოლოდინში არიან, რომ ჩამოშლილი სისტემა ბოლომდე ჩამოიშალოს. ამის მიუხედავად, კახა კახიშვილის აზრით, დემოკრატიული პროცესები აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, რათა რეალურად ნორმალური ქვეყანა ავაშენოთ.