„იმდენი წველადი ძროხა არ გვყავს საქართველოში, რამდენი პროდუქციაც ჩვენს ბაზრებზე იყიდება - რძის პროდუქციაში ფხვნილია გამოყენებული“

„იმდენი წველადი ძროხა არ გვყავს საქართველოში, რამდენი პროდუქციაც ჩვენს ბაზრებზე იყიდება - რძის პროდუქციაში ფხვნილია გამოყენებული“

ნედლი რძისგან დამზადებულ პროდუქციაზე შესაბამისი ნიშანი გაჩნდება. მომხმარებელმა ამ ნიშნით შეიძლება გაარჩიოს, რას ყიდულობს - ნედლი რძისგან დამზადებულ პროდუქტს, თუ რძის ფხვნილის, ან სოიოსგან დამზადებულ ნაწარმს, რომელსაც ქართველი მეწარმეები ნედლი რძისგან დამზადებულად ასაღებენ.

საქართველოში რძის პროდუქტების წარმოებაში რძის ფხვნილის წილი დაახლოებით 80%-ს შეადგენს. გარდა ამისა, პრობლემას მცენარეული ცხიმი წარმოადგენს, რომელსაც რძეს, ხაჭოს, არაჟანს, თუ სხვა ნაწარმს ცხიმიანობის გასაზრდელად უმატებენ. ეს მაშინ, როცა მცენარეული ცხიმი შეიცავს ტრანსიზომერებს, ანუ ტრანსცხიმებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს. წესით, 100 გრამ პროდუქციაში ტრანსცხიმების გამოყენება 2 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.

რას ვყიდულობთ რძის ნაწარმის ნაცვლად, ამის შესახებ For.ge-ს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ეტიკის“ ხელმძღვანელი ამირან შენგელია ესაუბრა.

საქართველოში ფურების დაბალპროდუქტიულობის გამო რძის ფხვნილის იმპორტი მუდმივად მზარდია და წარმოებაშიც ხშირად გამოიყენება. რძის ფხვნილი შეამოაქვთ უკრაინიდან, ლიტვიდან, ირანიდან, ბელგიიდან. განსაკუთრებით, ვითარება გაართულა ბოლო პერიოდში ირანიდან გაყინული სახით პასტერიზებული, მაღალცხიმიანი რძის შემოტანამ, რამაც ქართული ნედლი რძე ჩაანაცვლა. ნედლი რძისგან დამზადებულ პროდუქციაზე შესაბამისი ნიშნის გაჩენა ფალსიფიცირების შემთხვევებს შეამცირებს?

- ჩვენთან საერთოდ ასეთი წესია, სანამ ვინმეს არ დასჯიან, მანამ არაფერი გამოსწორდება. როდესაც მივლენ, შეამოწმებენ და გამოავლენენ ყალბად წარწერილ „ნედლ რძეს“, ის მეწარმე უნდა დაისაჯოს. ნედლი რძისგან დამზადებული ყველი თუ ღირს, სიტყვაზე, 15 ლარი, რძის ფხვნილისგან დამზადებული ყველი უნდა ღირდეს 9-10 ლარი. ჯანმრთელობისთვის მავნე არ არის რძის ფხვნილისგან დამზადებული ყველი, მაგრამ მასში არ არის ვიტამინები, მისი მსყიდველობითი ღირებულება ნაკლებია, ვიდრე ნატურალური რძისგან დამზადებულში. ამიტომ დააწერონ ეტიკეტზე რეალობა. რაც შეეხება სოიოს ყველს, ეს მცენარეული ყველია, სოიოსგან ყველის დამზადება მიღებული ფორმაა და ცოტა ძვირი სიამოვნებაა. ეს სამარხვო ყველია და სოიოს რძისგან მზადდება ყველიც, მაწონიც, არაჟანიც. ნებისმიერი „რძის“ პროდუქტი მზადდება სოიოს რძისგან, მაგრამ ეტიკეტზე უნდა ეწეროს, რომ სოიოს ნაწარმია. სხვათა შორის, სამეგრელოში ბებიას დათესილი ჰქონდა სოიო, რომელსაც მოწველის წინ აჭმევდა ძროხას, ამის გამო უფრო მეტი წველადობა ჰქონდა ძროხას. მთავარია, გენმოდიფიცირებული სოიო არ იყოს.

როგორ განვასხვავოთ ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქცია რძის ფხვნილისგან დამზადებულისგან?

- ამის მინიშნება ეტიკეტზე უნდა იყოს. ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ეტიკეტის გარეშე ყიდის პროდუქტს. სურსათის უვნებლობამ მაღაზიები და ბაზრის მიმდებარედ რძის პროდუქციის გამსაღებელი ობიექტები 500 ლარით რომ დააჯარიმონ ეტიკეტირების დარღვევისთვის, მერე ვეღარ გაბედავენ ფალსიფიკაციას. მეცოდებიან მოვაჭრეები, მაგრამ ჩვენს ხარჯზე რატომ უნდა აცხოვრონ თავიანთი ოჯახები?

ბაზარზე გამოტანილია ბოგდანოვკის ქარხნული წესით დამზადებული ყველი, სომხური ყველი, იმერული ყველი. ნედლი რძისგან არის ეს ნაწარმი დამზადებული, თუ ფხვნილისგან?

- სურსათის უვნებლობას იმის საშუალება აქვს, შეამოწმოს ყველი და, თუ არ არის ნედლი რძისგან დამზადებული და ეტიკეტზეც ეს არასწორადაა მითითებული, პრუდუქციაც ჩამოართვან და დააჯარიმონ კიდეც. ცოტა დიდი ჯარიმები უნდა იყოს. ჩვენთან რატომღაც თავიდან იწყებენ ხმაურით, მაგრამ მერე არავის სჯიან. სანამ ადამიანს დაუსჯელობის სინდრომი ექნება, არაფერს გამოასწორებს. ეტიკეტზე უნდა ეწეროს, ეს არის ბოგდანოვკის, ეს კი ახალქალაქის ყველი. სომხური ყველი, ოღონდ უშუალოდ სომხეთში რომ იყიდება, კარგი ყველია, მაგრამ საქართველოში სომხური ყველის ხარისხი ისეთი არ არის. სურსათის უვნებლობამ დაიწყო ყველის საამქროების შემოწმება და მერე გაჩერდნენ. არ უნდა გავჩერდეთ.

ამდენი რძე არ იწარმოება საქართველოში, არადა, ჩვენს ბაზრებზე რძის პროდუქცია უზომო რაოდენობით იყიდება.

- ჩახედეთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, იქ ნათლად წერია, რამდენი წველადი ძროხა გვყავს საქართველოში, რამდენ რძესა და ყველს აწარმოებს საქართველო. ათი ლიტრი რძისგან გამოდის ერთი კილო ყველი, ამიტომ ლოგიკური კითხვა ჩნდება, ყოფნის კი ჩვენს ბაზრებზე გამოტანილი ამდენი ყველის წარმოებას ასე მცირე რაოდენობის რძე? თავისთავად, არ ყოფნის და ეს ნიშნავს, რომ ფხვნილია გამოყენებული. ჩვენც საბოლოოდ მივდივართ ვაჭართან, მოგვწონს მისი დამაჯერებელი საუბარი, ისიც ირწმუნება, თითქოს ნატურალურ პროდუქციას ყიდის. ჩვენც ვითომ მისი მუდმივი მყიდველი ვხდებით, სინამდვილეში, ვაჭარი ვაჭარია. ვაჭარი ყველას არ ატყუებს, მას სხვადასხვანაირი ყველი აქვს, ვიღაცას მისცემს ნამდვილ ნაწარმს და ის ვიღაც ხალხს ეუბნება, ამ გამყიდველისგან ვიყიდე კარგი პროდუქტიო, მაგრამ სხვა კლიენტს ის გამყიდველი იმავე კარგ პროდუქციას მისცემს?

თუკი ეტიკეტირების პრობლემა არ მოგვარდა, სად უნდა ვიყიდოთ რძის ნაწარმი-სოფლად?

- ამდენი მატყუარა გამყიდველის გადამკიდე, ხუმრობით რომ ვთქვათ, ყველაზე კარგი გამოსავალია, ძროხა თავად გავიჩინოთ. მქონდა ასეთი შემთხვევა, გამყიდველს ვკითხე, რატომ მატყუებ-თქო. პირდაპირ მიპასუხა, იცით, მიჭირსო. ამ დროს მყიდველს არ უჭირს? გამოდის, გამყიდველი ერევა ისევ იმას, ვისაც უჭირს და არა ვინმე ბობოლას, რომელიც ერთ კილო ყველში 20 ლარს იძლევა. ერთხელ პატარა რეიდივით იყო, მივედი კონკრეტულ ადგილას და ნაცვლად იმისა, მომხმარებელს ჩვენი მხარე დაეჭირა, კიდევ გამყიდველი გაამართლა, უჭირსო. ვუთხარი, თუ გამყიდველს უჭირს, მაშინ ჭამე, რასაც ყიდის, ამ პროდუქციაში, იცი, რამდენი ნაგავია-თქო?

ცხვრის ყველის გაყალბება რამდენად შესაძლებელია? ზოგიერთი მათგანი მომწვანო შეფერილობისაა, ზოგი- მოლურჯო.

 - ეგ ცხვრის ყველი არ არის. ეგ არის სპეციფიკური სომხური ყველი, რომელშიც ტარხუნაა არეული, პიტნაა გადაგლესილი. ეს კარგი ყველია, საქართველოში ამას ახალციხელი სომხები ამზადებენ. ათ ლიტრ რძეში ორი ლიტრი ცხვრის რძე რომ აურიოთ, ცხვრის სუნს აიღებს და ცხვრის ყველად გაასაღებენ, მაგრამ ნატურალურ ცხვრის ყველს მაინცდამაინც ცხვრის სუნი არ აქვს. ცხადია, თუშურ ყველს აქვს ფასი, მაგრამ თუშურ ყველს შენახვის პირობები უნდა. რომელია ნატურალი და რომელი რძის ფხვნილისგან დამზადებული, ამის გარჩევა ძალიან ძნელია. ამას სპეციალური ექსპერტი სჭირდება. ასეთი ექსპერტი ჩემი სიმამრი გახლდათ. მახსოვს, ერთხელ დეზერტირების ბაზარში წავიყვანე ცხვრის ყველის საყიდლად და გამყიდველს უთხრა, თუ გინდა, ახლავე გეტყვი, რამდენ ლიტრ რძეში რამდენი ლიტრი ცხვრის რძე გაქვს არეულიო და ამ სიტყვებთან ერთად გამყიდველი გაგვშორდა. ვისაც შეხება აქვს ყველთან, მან იცის, როგორ უნდა განასხვავოს ნატურალური ყველი. ჩვენს შემთხვევაში კი ამას ლაბორატორიები სჭირდება. არის ჩვენთან ასეთი ლაბორატორიები. ისე, ნებისმიერ ბაზარში რომ გაიაროთ, ლაბორატორია არ აქვთ, მოწვეული ჰყავთ საერთო ვეტექიმი, რომელმაც უნდა შეამოწმოს ხორციც, კიტრიც, პომიდორიც... აბა, ჰკითხეთ, რომელიმე მათგანს აქვს ვეტერინარის ცნობა? უბრალოდ, ეს ცნობა თავად აქვთ გაცემული. ამ დროს თითო გამყიდველს ქირის ფულად დღეში 10-15 და 30-50 ლარს ახდევინებენ ადგილზე. 30 ლარს თუ იხდის ერთი გამყიდველი ქირის ფულს, თვეში გამოდის 900 ლარი. თვითონაც 900 ლარი ხომ უნდა დარჩეს მოგება? და რას ყიდიან იმდენს? ე.ი. ჩვენ გვატყუებენ. ყველა გამყიდველმა დაიწყო მოტყუება. შესამოწმებლად რომ შევდივართ, თუნდაც ზერელე შემოწმებისთვის, ოთხი კაცი დაგვდევს, დირექციის წარმომადგენლები და აინტერესებთ, რას ვაკეთებთ. რატომ დევს მაგიდაზე გასაყიდ ვაშლებთან ერთად გაფუჭებული ვაშლი? იმიტომ, რომ შენ თუ იქით გაიხედე, ჩაგიგდებენ პარკში. ის ვაჭარი შეიძლება პიროვნულად კარგია, მაგრამ ყიდვა-გაყიდვაში მაინც მატყუარები არიან. 5 თეთრით მეტი რომ მივცე, მიანებებს კლიენტს თავს და ჩემთან წამოვა. შეიძლება იყოს რომელიმე პატიოსანი ვაჭარი, მაგრამ ძირითადად მაინც ჩარჩები, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილები არიან. ვაჭრობა ტყუილის გარეშე არ გამოდის. ვაჭარი დიდ გულზეა, როცა ხალხშია და პოლიცია გვერდით უდგას, ყიდულობს პოლიციასაც, თორემ ცალკე მათ „გმირობას“ ვერ მოვთხოვთ.

ახლა უკვე დასრულდა მანდარინის სეზონი, მაგრამ მანდარინს ფასს მაინც არ უკლებენ, არც იმას ცდილობენ, მოიცილონ ძველი საქონელი. თუ გაიყიდება, ხომ კარგი, თუ არადა, მეორე დღეს გამოიტანენ გაფუჭებულ პროდუქციას გასაყიდად. ახლა ვაშლიც ფუჭდება, ახალი ვაშლი ჯერ არ შემოსულა, მაგრამ ძველ გაფუჭებულ ვაშლის ფასს მაინც არ აკლებენ. კიტრი 7-8 ლარი ღირს.

***

რძის ნაწარმის ფალსიფიკაციის შესახებ ჩვენ ენდოკრინოლოგ, მედიცინის დოქტორ ლაშა უჩავასაც ვესაუბრეთ. მან აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ჩვენს ბაზრებზე რძის ნაწარმი ბევრად მეტია, ვიდრე მოიპოვება ჩვენს ქვეყანაში. ამდენად, ძალიან მაღალია ეჭვი იმისა, რომ აღნიშნული პროდუქტი, ხშირ შემთხვევაში, ან რძის ფხვნილისგან, ან სოიოს რძისგან მზადდება. ამის კონტროლი უნდა მოხდეს სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ. ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე ზიანის მომტანია ეს პროდუქცია ჩვენი ორგანიზმისთვის, უბრალოდ, პროდუქტის შეძენისას აუცილებლად ინფორმირებული უნდა იყოს ადამიანი, რისგან არის აღნიშნული პროდუქტი დამზადებული და ეტიკეტზე უნდა ეწეროს „დამზადებულია ნედლი რძისგან“.