გიორგი ბარათელს, შესაძლოა, პატიმრობა 6 წლით გაუხანგრძლივონ

გიორგი ბარათელს, შესაძლოა, პატიმრობა 6 წლით გაუხანგრძლივონ

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების ნაცვლად, ძიება აკრძალული საგნის შენახვისა და სხეულის დაზიანების ფაქტზე დაიწყო - გიორგი ბარათელს პატიმრობა, შესაძლოა, 6 წლით გაუხანგრძლივონ.

21 ნოემბერს  მასმედიით (მეცხრე არხი, for.ge) ინფორმაცია გავრცელდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ადვოკატი მამუკა ნოზაძე თავისი დაცვის ქვეშ მყოფ გიორგი ბარათელს მომდევნო კვირაში იმ ახალ მტკიცებულებას წარუდგენდა, რომელიც მე, ნინო მიქიაშვილმა პროკურატურაში ჩავაბარე. ანუ, ბარათელს უნდა ამოეცნო პოლიციელთაგან ერთ-ერთი (კაკო გაფრინდაშვილი), რომელიც 2007 წლის 20 მაისს, მისი დაკავების მომენტში ფოტოზეა ასახული.

მამუკა ნოზაძე დღეს, 29 ნოემბერს ორთაჭალის N1 საპყრობილეში ბარათელთან შესახვედრად მივიდა, მაგრამ პატიმარი იქ არ დახვდა. საპყრობილის დირექტორის მოადგილემ, ლევან სიხარულიძემ მამუკა ნოზაძეს განუცხადა, რომ ბარათელმა კბილის ჯაგრისზე დამაგრებული ლურსმანი პატიმარს შეურჭო, რის გამოც სასჯელაღსრულების საგამოძიებო დეპარტამენტმა ძიება დაიწყო, ხოლო ბარათელი გლდანის N8 საპყრობილეში გადაიყვანეს. მამუკა ნოზაძე ლუსრმანშერჭობილი პატიმრის ვინაობით დაინტერესდა, მაგრამ ორთაჭალის N1 საპყრობილის დირექტორის მოადგილემ ადვოკატს განუცხადა, რომ პატიმრის გვარი არ იცოდა.

კბილის ჯაგრისზე დამაგრებული ლურსმნის შერჭობის ამბის დეტალების გასარკვევად მამუკა ნოზაძესთან ერთად  სასჯელღსრულების საგამოძიებო დეპარტამენტში გახლდით. იქ განგვიმარტეს, რომ ლურსმნის ამბავი 27 ნოემბერს მომხდარა, ხოლო ბარათელი ორთაჭალიდან 28-ში გადაუყვანიათ. საქმე აღძრულია 378-ე მეორე პრიმა (აკრძალული საგნის ქონა) და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი სხეულის დაზიანება). ეს მუხლები 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალიწინებს. საქმეს გამომძიებელი ვასილ გოგიშვილი იძიებს. ბარათელი ჯერ დაკითხული არ არის. გამომძიებელმა განგვიცხადა, რომ ბარათელს მხოლოდ გაესაუბრა.

ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ საგამოძიებო დეპარტამენტის კანცელარიაში ორდერთან ერთად ჩააბარა განცხადება, რომელშიც ითხოვს, რომ მის გარეშე გიორგი ბარათელი არანაირი სტატუსით არ დაკითხონ.

თითქმის ექვსი წელი სრულდება, რაც გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელობის ბრალდებით სასჯელს იხდის. გურამ შარაძის მკვლელობიდან მოყოლებული დღემდე აკადემიკოსის ქალიშვილი რუსუდან შარაძე გარკვეულ მტკიცებულებებზე და მოწმეებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მამამისი გიორგი ბარათელს არ მოუკლავს.

მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ მასმედიით განცხადება გააკეთა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულ გიორგი ჩიხრაძეს დათა ახალაია საკუთარ კაბინეტში ასე დაემუქრა - ისე გაგასაღებ, როგორც გურამ შარაძის მკვლელობა დავგეგმე და გავასაღეო. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ნათლული და ამავდროულად, პირადი მძღოლი გიორგი ჩიხლაძე მზადაა გამოძიებას ეს ამბავი ჩვენების სახით დაუდასტუროს. ამის შესახებ მან გლდანის N8 საპყრობილეში ადვოკატ მამუკა ნოზაძეს განუცხადა.

გიორგი ბარათელი 2012 წლის 18 ოქტომბრამდე ჩუმად იყო. ახლა, როცა მან მთავარ პროკურატურას მიმართა და საქმის ხელახალი ძიების დაწყება მოითხოვა (რასაც თან ერთვის გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ახლადაღმოჩენილი გარემოებები), საპასუხოდ საკანში ლურსმანი აღმოაჩნდა. გიორგი ბარათელს დეტალურად უნდა აღეწერა თავისი დაკავების და პატიმრობის დეტალები. სპეციალურად ამისთვის მას ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ სუფთა ფურცლები 2012 წლის 22 ოქტომბერს, შეხვედრის დროს დაუტოვა.

მამუკა ნოზაძე მიიჩნევს, რომ ეს არის პროვოკაცია და, რომ ყოფილი ხელისუფლების ნარჩენები სიმართლესთან ბრძოლას ჯერჯერობით, ისევ ძველი მეთოდებით აგრძელებენ, რისი ერთ-ერთი მაგალითიც ლურსმნის შერჭობის ამბავი გახლავთ.

რას იტყვის ახლა გიორგი ბარათელი პოლიციელ კაკო გაფრინდაშვილზე და კბილის ჯაგრისზე დამაგრებულ ლურსმანზე, ამას უახლოეს დღეებში, მამუკა ნოზაძისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის შეხვედრის შემდეგ შეგატყობინებთ.