ოპერაცია „კოჭოიას“ ფარდა უნდა აეხადოს

ოპერაცია „კოჭოიას“ ფარდა უნდა აეხადოს

2011 წლის თებერვალში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავა რუსეთის ფედერაციის აგენტები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტებს ახორციელებდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, ესენი იყვნენ გოგიტა არქანია და მერაბ ყოლბაია, მეტსახელად „კოჭოია“. ოფიციალური ინფორმაციით, ორივე მათგანმა სამართალდამცველებს აღიარებითი ჩვენებები მისცეს, რის საფუძველზეც კიდევ რამდენიმე პირი იქნა დაკავებული.

მიმდინარე წლის 12 აპრილს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მერაბ ყოლბაიამ განაცხადა, რომ რაც კი აქამდე ჩვენებები ჰქონდა მიცემული, ყველაფერი იყო ტყუილი, რადგან ეს ჩვენებები ზეწოლის შედეგად იყო მიღებული. „კოჭოიას“ განცხადებით, როდესაც იგი დაიჭირეს, ფეხებში რვა ტყვია ესროლეს, შემდეგ საწერი კალამი გაუტარეს ამ ნატყვიარებში, ასე აწამებდნენ და არც კი იცის რაზე მოაწერინეს ხელი.

დღეს ამ საქმეზე მსჯავრდებული პირები პოლიტპატიმრების იმ სიაში არიან შეყვანილები, რომელსაც ამჟამად პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი იხილავს. დაცვის მხარემ საკუთარი არგუმენტები პარლამენტს უკვე წარუდგინა და ახლა უკვე საკანონმდებლო ორგანოს პრეროგატივაა, ე.წ. „ტერორისტებს“ სცნობს თუ არა პოლიტპატიმრებად.

მერაბ ყოლბაიას ადვოკატი, მათე ხარჭამაძე აცხადებს, რომ თუ პარლამენტი კანონიერად მოიქცევა, ამ ადამიანებს აუცილებლად პოლიტპატიმრების სტატუსი უნდა მიენიჭოთ. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, ეს ადამიანები ციხიდან უნდა გამოუშვან და მათი საქმის როგორც გამოძიება, ასევე სასამართლოში განხილვა თავიდან უნდა მოხდეს.

მათე ხარჭამაძე: „ჩვენ, დაცვის მხარე ყველა ღონეს ვხმარობთ იმისთვის, რომ სიმართლე სააშკარაოზე გამოვიტანოთ და ყველამ გაიგოს, რა ხდებოდა 2009-2010 წლებში ამ აფეთქებებთან დაკავშირებით, ვინ დაგეგმა ეს ყველაფერი, ვინ შერაცხა ეს ადამიანები ტეროტისტებად და ა.შ. ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია, რაში აწყობდა წინა ხელისუფლებას ასეთი, ვითომდა, ტერორისტული დაჯგუფებების გამოვლენა. საერთოდ, ეს აფეთქებები ისეთ ადგილებში ხდებოდა, სადაც ადამიანები არ მოძრაობდნენ. გამონაკლისი იყო მხოლოდ ლეიბორისტების ოფისთან მომხდარი აფეთქება, სადაც ქალბატონი დაიღუპა. ლეიბორისტებმა ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს და ამ ორგანიზაციების მხრიდან გამოხმაურების შემდეგ უკვე დაპატიმრებები დაიწყო. დაკავებულები კი ტერორისტებად და უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურების თანამშრომლებად შერაცხეს. ეს საქმე ძალიან საინტერესოა და საინტერესოა ისიც, თუ ვინ აწყობდა ამ აფეთქებებს. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებამ ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღოს.

თქვენს ხელთ არსებული მასალებით ვისი ბრალეულობა შეიძლება ამ საქმეზე გამოიკვეთოს?

- ამ საქმით პროკურატურა დაინტერესდება, ჩვენ და მსჯავრდებულები პროკურატურასთან ვითანამშრომლებთ და ალბათ, სწორედ პროკურატურა გამოააშკარავებს დამნაშავეებს.

გამოძიების ხელახლა ჩატარებას მტკიცებულებები სჭირდება და რა იქნება ის ძირითადი მტკიცებულებები, რაც მერაბ ყოლბაიასა და სხვების საქმეზე სიმართლის დადგენას უზრუნველყოფს?

- ამ ადამიანების უდანაშაულობა, პირველ რიგში, თავად საქმეშივე არსებული მტკიცებულებებით დასტურდება. კერძოდ, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება მსჯავრდებულების აფეთქებებში მონაწილეობას არ ადასტურებს. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც აფეთქებებთან ამ ადამიანების, თუნდაც რაიმე სახის, კავშირს ადასტურებს. არის აღიარებითი და განთქმითი ჩვენებები, რომლებიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ამიტომ, ეს ძალიან რთული საქმეა. მოგეხსენებათ, მერაბ ყოლბაიამ გამოძიების ეტაპზე მის მიმართ განხორციელებულ წამებაზე ისაუბრა. მისი თქმით, იგივე მოხდა სხვა მსჯავრდებულების შემთხვევაშიც. მართალია, ყოლბაიას ამასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემის საშუალება არ მისცეს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, საზოგადოებამ იხილა ციხეში შექმნილი ვითარების ამსახველი საშინელი კადრები. აქედან გამომდინარე, ძნელი დასაჯერებელი ნამდვილად არ არის, რომ ამ საქმეზე მსჯავრდებულები წამების მსხვერპლნი იყვნენ.

რამდენადაც ცნობილია, ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე ყოლბაიამ მოყვა ამ წამების შესახებ, მაგრამ შემდეგ ჩვენება ისევ შეცვალა. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- კი არ გადათქვა, მას პროკურატურამ არ მისცა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ჩვენება სასამართლოსთვის მიეცა. ამ მიზნით, მან სასამართლო პროცესის გადადება მოითხოვა. მოსამართლემ, რა თქმა უნდა, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პატიმრები ციხეზე წაიყვანეს, ხოლო როდესაც შემდეგ პროცესზე მათ ჩვენების მიცემა დააპირეს, პროცესი ისევ გადადეს და ა.შ. მოკლედ, მსჯავრდებულებს საშინელ პირობებში უწევდათ ყოფნა, რის გამოც არჩიეს წამებასთან დაკავშირებით ხმა აღარ ამოეღოთ. ისინი წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას სრულად ეთანხმებოდნენ, თუმცა ისიც კი არ იცოდნენ, ამ ჩვენებებში რა ეწერა. როდესაც მსჯავრდებულებს თითქოსდა მათ მიერ წინასწარ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები გავაცანი, ისინი გაგიჟდნენ და კატეგორიულად განაცხადეს, რომ ეს სრული სიცრუე იყო. მერაბ ყოლბაიამ მითხრა, - ამაზე, ალბათ, ხელი მაშინ მომაწერინეს, როდესაც მცემდნენ და დაჭრილ ფეხში პასტას მირჭობდნენო.

წამების ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს მაშინდელი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სახელზე საჩივარი შევიტანეთ და ამ ფაქტების გამოძიებას ვითხოვდით, თუმცა, ჩვენს საჩივარს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მხოლოდ მერაბ ყოლბაია გამოიკითხა, დაკითხვაც კი არ ჩატარებულა, მასთან გასაუბრება ხუთ წუთში დასრულდა. ეს ყველაფერი აპელაციის ეტაპზე ხდებოდა. ამის შემდეგ კასაციაც მოვიარეთ და უზენაესმა სასამართლომ ეს საქმე წარმოებაშიც კი არ მიიღო.

დღეს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, იმედი გვაქვს, რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდება. ჩვენც ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან და ჭეშმარიტების დადგენაში ყველანაირად დავეხმარებით.