2008 წლის აგვისტოში საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პიჯაკზე წვდა. სარკოზი-ლავროვის ურთიერთობის ეს დეტალი „ვიკილიქსმა“ გახადა საჯარო.
ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, „სარკოზიმ ლავროვს დამსახურებულად უპასუხა“. სოსო ცინცაძე კი ამბობს, რომ „სარკოზი ლავროვმა მოატყუა და სხვა დოკუმენტზე მოაწერინა ხელი“.
გამოცემა „თაიმსის“ ცნობით, ემოციური მოლაპრაკებების დროს, რომელიც საქართველოში ოკუპაციის შეწყვეტას ეხებოდა, სარკოზი ლავროვს პიჯაკში წვდა და დაუყვირა.
შეტყობინება ამ ფაქტის შესახებ ვაშინგტონში ამერიკელმა დიპლომატმა ჯონ ბაიერლიმ გააგზავნა. დიპლომატიური დეპეშის მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტმა რუს მინისტრს მატყუარა უწოდა, რომელიც მის დანაპირებს ჯარების გაყვანის შესახებ არ ასრულებდა.
„თაიმსის“ სტატიის ავტორის, ტონი ჰელპინის ცნობით, ამის შესახებ ამერიკელ დიპლომატს ფრანგმა კოლეგამ ფილიპ ლეფორმა უამბო. ფრანგი დიპლომატის ცნობით, სარკოზი რუსეთის პირველ დიპლომატს „ულტიმატუმის ტონით და კონფლიქტური მანერებით“ ესაუბრებოდა.
„აშშ სამხრეთ ოსეთის ომის დროს სარკოზის ქმედებებით უკმაყოფილო იყო“, - ამ სათაურით სტატიას უკვე ფრანგული „Le Monde“-ი, ინტერნეტ-გვერდ „ვიკილიქსის“ მიერ გარცელებულ საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში ყოველთვის აფასებენ, როგორც სარკოზის გმირობას, მან გამოიწვია შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირების კრიტიკა, თუმცა ვაშინგტონის ეს პოზიცია საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, რადგან მოსკოვის თვალში დასავლეთის ერთობლიობა შენარჩუნებულიყო“, - წერს „Le Monde -ი“.
უფრო კონკრეტულად, სტატიის თანახმად, შეერტებული შტატები სარკოზი-მედვედევის შეთანხმების ტექსტის ფორმულირებით იყო უკმაყოფილო, რადგან მისი ორაზროვნება რუსეთს გარკვეული პუნქტების სათავისოდ ინტერპრეტირების საშუალებას აძლევდა.
„აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდილიზა რაისის მიერ 2008 წლის 23 აგვისტოს ამერიკული საელჩოებისთვის გაგზავნილ დეპეშაში წერია, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულებაში ბევრი უზუსტობა იყო, რაც რუსეთს გარკვეული პუნქტების სათავისოდ ინტერპრეტირების საშუალებას აძლევდა და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები არც გაუყვანია.
შედეგად რაისი ელისეის სასახლეს ახალი დოკუმენტის მიღების თაობაზე მოელაპარაკა, თუმცა რუსეთმა ის აღარ სცნო“, - ნათქვამია სტატიაში, რომელშიც ასევე განმარტებულია, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შეჩერებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით „ამ დიპლომატიური ინიციატივის საფრანგეთისთვის მინდობა თავად ბუშის ადმინისტრაციის იდეა იყო, რითაც სურდა საკითხის გადაჭრაში ევროკავშირს პირველხარისხოვანი როლი შეესრულებინა, რაც ხელს შეუშლიდა კრიზისის გადაქცევას რუსეთ-ამერიკის დაპირისპირებად პოსტსაბჭოთა სივრცეში“.
გარდა ამისა, სტატია ერთ-ერთი ფრანგი დიპლომატის მონათხრობსაც მოიცავს, რომელიც სარკოზი-მედვედევის შეთანხმების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს ესწრებოდა და აღნიშნულია, რომ მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებებზე საკმაოდ დაძაბული ატმოსფერო სუფევდა.
„ერთ მომენტში სარკოზი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს პიჯაკის სახელოში წვდა და მას მატყუარა უწოდა. ნათქვამია ერთ-ერთ ტელეგრამაში. როგორც ჩანს, სარკოზიმ რუსეთი გააფრთხილა იმის თაობაზე, რომ მის იმიჯს სერიოზული ზიანი მიაყენა ვალდებულებების შეუსრულებლობამ“, - აღნიშნულია სტატიაში.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტ-გვერდმა „ვიკილიქსმა“ 250–ზე მეტი აშშ-ის საიდუმლო დიპლომატიური მასალა გამოაქვეყნა.
საგარეო საკითხებში ექსპერტის ირაკლი მენაღარიშვილის განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნება ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას იქონიებს, ამერიკის პარტნიორების მისამართით იყო გაკეთებული.
როგორც მენაღარიშვილმა „პირWელს“ განუცხადა, მედვედევი გულისხმობდა, რომ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, პარტნიორები ამერიკას კონფიდენციალური ინფორმაციის დაუცველობაში დაადანაშაულებენ და სიფრთხილეს გამოიჩენენ.
„მედვედევის ამ განცხადების მიხედვით, ამერიკის პარტნიორებს სულ ექნებათ იმის განცდა, რომ კონფიდენციალური ინფორმაციები შესაძლოა დაუცველობის საგანი გახდეს“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.
რაც შეეხება სარკოზი–ლავროვს შორის გახმაურებულ ინციდენტს, „პირWელთან“ საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა ამ ფაქტს ლავროვის მისამართით „დამსახურებული“ უწოდა.
„ის, რომ რუსეთმა არ შეასრულა სარკოზი-მედვედევის შეთანხმების პუნქტები და შეთანხმების გაფორმების შემდეგაც გააგრძელა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, მწვავე რეაქციას იმსახურებდა. თუმცა როგორი იქნებოდა ეს რეაქცია ამ შემთხვევაში მოპასუხე მხარის, ნიკოლა სარკოზის გადასაწყვეტი იყო. სარკოზიმ ლავროვს ამ ფორმით უსაყვედურა“, - აცხადებს მენაღარიშვილი.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, „ვიკილიქსის“ ინფორმაცია, რომლის მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ემოციურ ფონზე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს სერგეი ლავროვს პიჯაკი ჩამოქაჩა და მატყუარა უწოდა, უჩვეულო არ არის.
როგორც ცინცაძემ „პირWელს“ განუცხადა, სარკოზის აღშფოთება იმ მომენტისათვის ლოგიკური იყო, რადგან ლავროვმა იგი მართლაც მოატყუა და სხვა დოკუმენტზე მოაწერინა ხელი.
„სარკოზის მოუხდა არასასიამოვნო განმარტებები მიეცა ბუშისთვის, რადგან ამერიკა უფრო მკაცრ დოკუმენტს ელოდებოდა, ის დოკუმენტი კი, რომელსაც სარკოზი-მედვედევმა მოაწერა ხელი, ვაშინგტონისთვის მიუღებელი იყო. ლავროვი პუტინის კაცად ითვლება და ხელშეკრულებას პუტინი აკეთებდა, ამიტომ სარკოზის მედვედევზე მეტად ამ მომენტისთვის ლავროვი აღიზიანებდა“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, რომლებსაც დეტალურად და გულწრფელად ავუხსენით ჩვენი პოზიცია ყველაფერი გაიგეს, იმიტომ რომ სხვა გზა არ არსებობს“, – აცხადებს უკვე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და კვლავ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის უტყუარობის“ დაზუსტებას ცდილობს.
„ის რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია აღიარებულია იმ ფაქტშიც, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლებშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ერთად თანასწორუფლებიან წევრებად მონაწილეობენ. რუსეთი აშშ, ევროკავშირი, გაერო და ეუთო კი შუამავლები არიან. ჩვენ აქტიურად ვუჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს“, – აცხადებს ლავროვი.
მისივე „განმარტებით“, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები უნდა ეძღვნებოდეს ორ მთავარ საკითხს, რომლებზეც პრეზიდენტებმა დიმიტრი მედვედევმა და ნიკოლა სარკოზიმ მოილაპარაკეს 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბერში.
„პირველი საკითხი - სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფაა. მეორე საკითხი კი დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებისათვის პირობების შექმნა, საერთაშორისო სამართლისა იმ პრაქტიკის გათვალისწინებით რომელიც არსებობს პოსტკონფლიქტური მსოფლიო მშენებლობის ფარგლებში სხვა სიტუაციებში. სულ ეს არის ის, რაზეც მიდის საუბარი“, – აცხადებს ლავროვი და აღნიშნავს, რომ რუსეთი ვერ დაეთანხმება იმას, რომ ეს დისკუსიები „საქართველოს კონფლიქტებთანაა“ დაკავშირებული, „როგორც ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვთავაზობენ“.
„ყველაფერი დეტალურად აგიხსენით და დავიმოწმე კიდეც ის შეფასებები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა. იმედი მაქვს ჩვენმა პარტნიორებმა, რომლებმაც უკიდურესად დეტალური და უკიდურესად გულწრფელი პასუხები მიიღეს გაიგონეს ჩვენი პოზიცია. სხვა გზა არ არსებობს“, – აცხადებს სერგეი ლავროვი.
შეგახსენებთ, რომ ასტანის ეუთოს სამიტი მთავარი პოლიტიკური დოკუმენტის მიღების გარეშე დასრულდა, რომელიც კონფლიქტების მოწესრიგების შესახებ სამოქმედო გეგმის მიღებას ისახავდა მიზნად. დოკუმენტის მიღება რუსეთის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა.