სიახლე ყველგან და ყველაფერში - გამონაკლისი არც ტურიზმის სფერო იქნება. შესაძლოა, მალე ქართულ ბაზარზე მოქმედ ტურისტულ კომპანიებს ლიცენზიების აღება მოუწიოთ. ტუროპერატორების ლიცენზირებას ტურიზმის მრჩეველთა საბჭო განიხილავს.
ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზეა და განხორციელებამდე საჭირო იქნება მსჯელობა. თუმცა, უწყების წარმომადგენელთა განცხადებითვე, არ არის გამორიცხული ლიცენზირების საჭიროება საერთოდ არ დადგეს. როდის დაიწყებს მუშაობას მრჩეველთა საბჭო, ჯერ ცნობილი არ არის. ასევე უცნობია როდის დარეგულირდება ტურიზმის სფეროში წამოჭრილი სხვა ბევრი საკითხი.
ტურისტულ კომპანია „გეორგიკა თრეველში“ ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივას ნაადრევს უწოდებენ. კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ ლიცენზირებამდე ქვეყანაში სატრანსპორტო კომპანიების და გიდების ლიცენზირების პროცესი უნდა დაიწყოს. თუმცა, მნიშვნელოვანია იმ კრიტერიუმთა ჩამონათვალიც, რომლის მიხედვითაც ტურისტულ კომპანიებს ლიცენზიები უნდა მიენიჭოთ.
„მოგზაურთა კლუბშიც“ მხოლოდ ტუროპერატორების ლიცენზირებას არაეფექტურად აფასებენ. კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, რომ ტურიზმის სფერო ერთიანი ჯაჭვია და უმჯობესი იქნება ლიცენზირება აღნიშნულ სექტორში მომუშავე ყველა კომპანიას შეეხოს. აგრეთვე ყურადღებითაა შესასწავლი სალიცენზიო კრიტერიუმებიც.
არადა ბოლო დროს ტურიზმის სფეროში ნამდვილად მომრავლდა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ტურისტების მიმართ. მომხმარებლები მუდმივად უკმაყოფილონი არიან ადგილობრივი ტუროპერატორების მომსახურებით.
ბოლო სკანდალი ამ რამდენიმე კვირის წინათ მოხდა, როდესაც კომპანია «ენ ტურს» ერთბაშად 100 კაცზე მეტი აუმხედრდა. საქმე ის იყო, რომ თურქეთში წასულმა ქართველმა დამსვენებლებმა «ენ ტურს» მოგზაურობისათვის საჭირო თანხა სრულად გადაუხადეს. ქალაქ ქემერში ჩასვლისას კი, აღმოაჩინეს, რომ სასტუმროში ნომრები მათ სახელზე დაჯავშნული იყო, თუმცა კომპანიას თანხა გადარიცხული არ ჰქონდა, რის გამოც სასტუმროებმა მომსახურებაზე უარი თქვეს. ტურისტების ინფორმაციით, მათმა ნაწილმა ნომრის ღირებულება თავიდან გადაიხადა.
2-დღიანი გარჩევების შემდეგ ტუროპერატორმა «ენ ტურმა» ქართველ ტურისტებთან დაკავშირებით ფინანსური გაურკვევლობა დაადასტურა და განმარტა, რომ პრობლემების მოგვარება თანმიმდევრობით მოხდებოდა.
ცოტა მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია ,,ენ ტურის“ გაკოტრების შესახებ. სხვათა შორის, კომპანიამ ფინანსური პრობლემები აღიარა, თუმცა გაკოტრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ დაეთანხმა. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ განაცხადა, კომპანიაში ფინანსური პრობლემები ნამდვილად დგას, თუმცა „ენ ტური“ ბაზარზე ოპერირებას და მომხმარებლის მომსახურებას დღემდე განაგრძობს. ,,მაშინდელი პრობლემა სასტუმროს მხრიდან ნომრების მიღებაზე იყო და კომპანია «ენ ტურმა» ის ერთ დღეში მოაგვარა“, – აცხადებს შენგელია.
სხვათაშორის, მან სწორედ ლიცენზირების საკითხზე ისაუბრა. «ტურიზმს რომ მსგავსი პრობლემები აღარ შეექმნას, ქვეყანაში ლიცენზირების სისტემა უნდა მოგვარდეს, რომელიც ტურ ოპერატორების გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს», - აღნიშნა შენგელიამ.
როგორც ჩანს, ამ მიმართულებით, პრობლემები მართლაც არსებობს. მისი მოგვარების აუცილებლობაზე მთავრობას და ტურისტულ კომპანიებს ერთად მოუწევთ მუშაობა.